საქართველოში ახალი საკრედიტო ხვრელს მიაგნეს. ეს არის ევროობლიგაციები, რომლის მეშვეობითაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის შოვნა კი შეიძლება, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი გასტუმრება წელში გაგვწყვეტს.
რამდენიმე წლის წინათ საქართველოს მაშინდელმა პრემიერმა ლადო გურგენიძემ მთელ ქვეყანას 500-მილიონიანი ტვირთი ერთხელ უკვე აჰკიდა. ეს თანხა ისე გაქრა, მის ასავალ-დასავალს ვერავინ მიაგნო. ახლა კი ვალებს სახელმწიფო კომპანიები იღებენ. “საქართველოს რკინიგზამ” 5-წლიანი ობლიგაიცები უკვე განათავსა.
შპს “საქართველოს რკინიგზამ” საერთაშორისო ბაზარზე 250 მლნ დოლარის ღირებულების ობლიგაციები განათავსა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსის ნიკო მჭედლიშვილის თქმით, წინა კვირის ბოლოს “საქართველოს რკინიგზამ” ლიდ-მენეჯერის საინვესტიციო ბანკების “ბანკ ოფ ამერიკა”, “მერილ ლინჩისა” და “ჯი-პი მორგანის” მეშვეობით საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე 250 მლნ დოლარის ღირებულების ობლიგაციები 5-წლიანი ვადით განათავსა.
თავდაპირველად, ინვესტორებისათვის საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთად ეს ბანკები ასახელებდნენ წლიურ 10 პროცენტს, თუმცა ამ ობლიგაციებზე მოთხოვნის გათვალისწინებით საპროცენტო განაკვეთმა ოდნავ ნაკლები 9.875 პროცენტი შეადგინა, ხოლო კუპონის გადახდა ყოველ ექვს თვეში ერთხელ მოხდება.
“საქართველოს რკინიგზის” ობლიგაციების ნომინალი 1000-დან იწყება 100 ათას დოლარამდე შეადგენს. ობლიგაციების განთავსებას წინ უსწრებდა როუდ შოუ საფინანსო ცენტრებში შვეიცარიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, სინგაპურში და ჰონგ-კონგში.
როუდ შოუსთან დაკავშირებით ლონდონში ივლისის დასაწყისში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური. როგორც მჭედლიშვილმა აღნიშნა, “საქართველოს რკინიგზა” მოზიდულ თანხას გამოიყენებს თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისათვის და მოდერნიზაციის პროექტების დასაფინანსებლად.
სანამ მოზიდული თანხების მიზნობრიობა გაირკვევა, მანამდე სპეციალისტებს ერთი კითხვა არ ასვენებს. მოახერხებს თუ არა რკინიგზა 5 წლის შემდეგ ვალის უკან დაბრუნებას? თუ ეს სესხი გახდება მიზეზი იმისა, რომ რკინიგზის აქციების ნაწილი ვალში გაიყიდოს?
ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრში კი აცხადებენ, რომ რკინიგზის აქციების ლონდონის ბირჟაზე განთავსება, შესაძლოა, მისი გაყიდვის წინაპირობა გახდეს. ცენტრის ექსპერტების თქმით, ლონდონის ბირჟისათვის აღნიშნული პროცენტი მაღალი განაკვეთია, ამიტომ აქციებს ძალიან ბევრი მსურველი გამოუჩნდება.
მათივე ვარაუდით, რკინიგზამ 5-7 წლის შემდეგ, შესაძლოა, თანხის უკან დაბრუნება ვერ შეძლოს და დღის წესრიგში მისი გასხვისების საკითხი დადგეს. მით უმეტეს, რომ 2 წლის წინათ საქართველოს რკინიგზა არასაპრივატიზაციო ობიექტთა სიიდან ამოიღეს.
ამასთან, ექსპერტთა აზრით, ლონდონის ბირჟაზე თანხის ძირითადი მსესხებელი, სავარაუდოდ, რუსეთი იქნება, რომელიც “საქართველოს რკინიგზით” დიდი ხანია დაინტერესებულია.