სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, პრეზიდენტს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა და სამართლებრივი გარემოებების განხილვა შესთავაზა. მისივე თქმით, გვარამიას განაჩენი დაუსაბუთებელია.
„წლების განმავლობაში ვიყავი პრეზიდენტის შეწყალების კომისიის წევრი და იქ წარმოვადგენდი ჩემს პოზიციებს სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, ბოლო წლებში განხილული განაჩენებიდან, ეს საქმე, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად დაუსაბუთებელია. ამ საქმეს ასევე გამოარჩევს ის, რომ რეალურად, ადამიანის მიმართ განაჩენი დადგა იმ ქმედებების გამო, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, საერთოდ დანაშაულს არ წარმოადგენს. აქ საუბარი არ არის თუნდაც იმაზე, რომ მეტად დასაბუთებულია თუ ნაკლებად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ განაჩენი დანაშაულის გარეშე დადგა. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა. ამიტომ, საჯაროდ, პირველად მივმართე საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, თუმცა, ზოგადად, აპარატს ვიცი, რომ წარსულში აქვს მსგავსი გამოცდილება“, - განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. „პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა „მთავარი არხის“ დირექტორს. გვარამიას გარდა, საქართველოს უამრავი პატიმარი ჰყავს... ვინც დანაშაულს სჩადის, ყველა დამნაშავეა“, - განაცხადა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით კი ომბუდსმენი „ნაცების“ სახალხო დამცველად გადაიქცა.
„ლომჯარია ჩვენი არჩეულია, მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ და მისი განშტოებები ძალიან ლობირებდნენ, ვიფიქრეთ, რომ კარგი, დავუშვათ ეს ე.წ. კვოტა და ეს ადამიანი თავს ზევით ძალას იპოვის და შეეცდება იყოს ნეიტრალური. მაგრამ ვერ ქნა. რაც შეეხება შეწყალებას, არ შეიძლება ამის მოლოდინზე ვისაუბრო, წარმოუდგენელია. ადამიანი უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს, პრეზიდენტს რომ პირადად აყენებდა, ეს კიდევ მეორე საკითხია, ამიტომ პრეზიდენტის ინსტიტუტიდან შეწყალების მოლოდინი მთლად ლოგიკური არ მგონია. მაგრამ, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ჯერ უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებიც არა მილიონებისთვის, არამედ რამდენიმე ათასი ლარის ზიანისთვის სხედან ციხეში, თუ შესაწყალებელია, დაიწყოს იქიდან და მერე გადავიდეს მილიონების გამფლანგველზე, მიმთვისებელზე, არასწორად განმკარგავზე თუ მილიონებით დამზიანებელზე“, - განაცხადა მდინარაძემ.
გადაიქცა თუ არა სახალხო დამცველი ოპოზიციის ომბუდსმენად, ანალიტიკოსებს სწორედ ამ კითხვით მივმართეთ. მათი თქმით, ნინო ლომჯარია უკვე დიდი ხანია „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის დამცველია.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველი სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღებული თანხით ოპოზიციის დამცველი გახდა.
„ნინო ლომჯარია დიდი ხანია ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველია. უბრალოდ, ახლა ისეთ სტადიაზე გადავიდა, როდესაც აღარ მალავს. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, ამას აკეთებს სახელმწიფო ბიუჯეტით, საიდანაც უზარმაზარ თანხას იღებს. მას ჰყავს საკმაოდ ძვირადღირებული თანამშრომლების სტაფი, ქალაქის ცენტრში უზარმაზარი ოფისი აქვს - ყველაფერი ეს ხდება ჩვენი გადამხდელების გადასახადებიდან. ნინო ლომჯარია ამ გადასახადების ხარჯზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს რომ იცავდეს, ასეთი ფაქტი არ მახსენდება. არ მახსენდება კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - როდესაც ქართული ციხეები პოლიტპატიმრებით გადავსებული იყო, როდესაც სტრასბურგის სასამართლო ვერ ასწრებდა ასობით საჩივრის გადახედვას, ამ დროს ლომჯარიას წინამორბედი, ყოველ ჯერზე, როდესაც ჟურნალისტები სვამდნენ შეკითხვას პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, ამ შეკითხვას არასდროს პასუხობდა. პირიქით, ამბობდა, რომ კანონის თანახმად პოლიტპატიმრების საკითხი სახალხო დამცველის კომპეტენციაში არ შედისო. როგორც კი, ლომჯარია დაინიშნა სახალხო დამცველად, სიტყვა პოლიტპატიმარი მისთვის მთავარი ცნება გახდა, გნებავთ უგულავასთან, გნებავთ ოქრუაშვილთან თუ რურუასთან მიმართებაში. ახლა დაუფარავად იბრძვის ქართული მართლმსაჯულების მიერ გამოტანილი განაჩენის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ ფარული დესანტი თუ სპეცრაზმი გახდა. უბრალოდ, უბედურება ის არის, რომ ამ ყველაფერს სახელწიფო ბიუჯეტის ხარჯზე აკეთებს“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.
ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ სახალხო დამცველმა პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაც სთხოვოს.
„მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, რომ ლომჯარიამ სააკაშვილის შეწყალებაც ითხოვოს. აქ უკვე პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან გვექნება საქმე. სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მხრიდან ექს-პრეზიდენტის შეწყალება გამოყენებული არ იქნება. არ ვიცი, ვნახოთ“, - განუცხადა for.ge-ს დავით ქართველიშვილმა.
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ომბუდსმენი რომ ოპოზიციის დამცველია, ამის ნიშნები უკვე დიდი ხანია არის.
„სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის ოპოზიციის დამცველია. ეს ნიშნები მას დიდი ხანია აქვს. ლომჯარია გვარამიას შეწყალებას მედიამენეჯერობით ხსნის. ამას რატომ ვამბობ, შეიძლება ეს დასავლეთის გარკვეული წრეების თვალში წარჩინების სურვილი იყოს. მოგეხსენებათ, მედიის მიმართ ყველამ და ყველაფერმა უკან უნდა დაიხიოს. ეს ხაზი დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანაში ძალიან ხშირად ფიგურირებს. აღნიშნული თემა ბიზნესი არაა, რადგან მედია დემოკრატიის დარაჯად ითვლება. მისი ხელყოფა დემოკრატიის ხელყოფად ითვლება ხოლმე. ამ ლოგიკით, ყველა კრიტიკულად უყურებს მედიის წინააღმდეგ წარმართულ პროცესს - პოლიტიკური ინტერესი ხომ არ არის. ომბუდსმენს უცხოელი შემფასებლების მხრიდან ამ ტალღაზე სურს დივიდენდების მოპოვება“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსმა for.ge-თან საუბრისას განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ომბუდსმენმა ყოფილი პოლიტიკოსების შეწყალების საკითხიც წამოწიოს.
„შეიძლება გასაკვირი იყოს, რომ აქამდე არ არის დასმული მკვეთრად ეს საკითხი, თუმცა გამორიცხული არაა. პრინციპში, გააჩნია, ზოგადი კლიმატი როგორი იქნება. თუ შევამჩნევთ, გვარამიას საკითხი წამოწია ომბუდსმენმა იმ ფონზე, როდესაც დასავლეთში საქართველოს მედიის თავისუფლების საკითხი განიხილება. ამ კლიმატმა ომბუდსმნეს სტიმული მისცა, რომ აღნიშნული საკითხი წამოეწია. დასავლეთში ანალოგიური პროცესი თუ იქნა ყოფილი პოლიტიკური ფიგურების დაპატიმრებასთან დაკავშირებით, გამორიცხული არაა, სახალხო დამცველმა ასეთი ინიციატივა გამოავლინოს“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.