იქნება თუ არა აღიარებული საქართველოს ლეგიტიმური ევროპული მისწარფებები, ეს ინვისის ბოლოს გაირკვევა. ევროკომისიის საბოლოო შეფასებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ასოცირებულ ტრიოში საქართველო ყველა კრიტერიუმით პირველ ადგილზეა. ქვეყანა ახლა გადაწყვეტილების მოლოდინშია. ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს.
ევროპარლამენტი ევროკავშირს რეკომენდაციას აძლევს, მიანიჭოს უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. რეკომენდაციას მხარი დაუჭირა 438-მა ევროდეპუტატმა, 65 წინააღმდეგი იყო, 94-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტი რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის საბჭოს, დათანხმდეს, რომ „ვერსალის დეკლარაცია აღიარებს უკრაინის ევროპულ მისწრაფებას და მის განაცხადს ევროკავშირის წევრობის შესახებ.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ამჟამინდელ რეზოლუციაში ასევე საუბარია მოლდოვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებებზე. აღნიშნულმა ქვეყნებმა, როგორც ცნობილია, თავისი განაცხადები უკრაინის შემდეგ გააკეთეს. გამოცემის თანახმად, რეზოლუციაში ასევე ნახსენებია, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ და 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ადეკვატური რეაქციის არარსებობამ რუსეთს აგრესიული სამხედრო და პოლიტიკური კამპანიების გაგრძელებისკენ უბიძგა, მათ შორის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისკენ.
ევროპარლამენტის თავმჯდომარის რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროპარლამენტის პოზიციაა, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს. მეცოლას თქმით, ევროკავშირის გზავნილი ეხება ყველა ქვეყანას, რომელმაც შეიტანა განაცხადი წევრობაზე.
„ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს თუ ჰკითხავთ, ისინი ახსენებენ ქვეყნებს, რომლებიც ელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩემთვის ეს პოზიცია არის მკაფიო. ამ თვეში, მოგვიანებით ევროპული საბჭოს სხდომაზე წავიღებ ევროპარლამენტის ურყევ გზავნილს. დღეს მე დავადასტურე, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და ჩვენ მას მივესალმებით, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს შეუძლია, დაადასტუროს რეგიონისადმი გრძელვადიანი ინტერესი და შეზღუდოს საქართველოს არაკეთილმოსურნეთა შესაძლებლობები.
„დღეს, საქართველოს ისტორიულ პროცესში ყოფნის დროს, როდესაც 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, მისასალმებელია, რომ ევროკავშირმა მოკლე ვადებში მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადების განხილვასა და პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. საქართველომ ერთ თვეში შეძლო 2669 შეკითხვაზე პასუხის გაცემა და ევროკომისიისთვის დაბრუნება. 3 600-გვერდიან ნაშრომზე, რომელიც 9 ტომისგან შედგება, რამდენიმე ასეული საჯარო მოხელე მუშაობდა.
ამჟამად ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ, აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზების კუთხით. რეფორმების განხორციელებაში საქართველოს განვლილი წლებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი პოზიტიურად უპასუხებს ჩვენი ქვეყნის ძალისხმევას და ჩვენი ხალხის მტკიცე სურვილს. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირს შეუძლია, დაადასტუროს ჩვენი რეგიონისადმი გრძელვადიანი ინტერესი და შეზღუდოს საქართველოს არაკეთილმოსურნეთა შესაძლებლობები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს და ის ამ სტატუსის ალტერნატივას არ მიიღებს.
„კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ, უკრაინა, არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსის სუროგატულ ვერსიას ან ალტერნატივას ევროკავშირის წევრობისთვის, როგორი ვარდისფერიც არ უნდა იყოს ისინი. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - არა კანდიდატის კანდიდატის, არა პოტენციური კანდიდატის ან სხვა სუროგატი. ჩვენ უბრალო, მოკრძალებული ხალხი ვართ, რომელიც დაკმაყოფილდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ჩვეული სტანდარტული სტატუსით, არ გვჭირდება რაიმე განსაკუთრებულის მოფიქრება. უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და აკმაყოფილებდა მისი მოპოვებისთვის საჭირო კრიტერიუმებს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.
უკვე ცნობილია, რომ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებს. რაც შეეხება საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებას, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თვლის, რომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს ევროკავშირმა, რომ საქართველო მიიღოს დიდ ოჯახში. მისი თქმით, თუ საუბარია ევროკავშირის მიერ შემუშავებულ თამაშის წესებზე, საერთაშორისო სტანდარტებზე და ევროკავშირის ძალიან რთულ გზაზე, საქართველომ იგივე უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, ყველა საფეხური წარმატებულად ჩააბარა.
„თუ ევროკავშირი საკუთარ პრინციპებს არ გადაუხვევს, თავისივე დაწესებული საერთაშორისო სტანდარტების ერთგული დარჩება, მაშინ არანაიარი კითხვა, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, არ უნდა არსებობდეს. თუ ამ პრინციპებიდან ნებისმიერი ტიპის გადახვევას ექნება ადგილი, ერთადერთი, რაც შეიძლება დავასკვნათ, სამწუხაროდ, ეს პროცედურა ემსგავსება ევროვიზიის კონკურსის დროს გამარჯვებულის შერჩევის პროცედურას, რომელიც აბსოლუტურად სუბიექტურია და არ ითვალისწინებს მომღერლის არც ხმას, არ ლირიკას და არც მუსიკას. მიიღება უცნაური ფსევდო პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, ეს უფრო ევროკავშირისთვის არის გამოცდა, ვიდრე საქართველოსთვის.
„საქართველო ამ გამოცდას აბარებს 1989 წლის 9 აპრილიდან. ნებისმიერ ეტაპზე ამ გამოცდის ჩაბარების შედეგი მძიედ დაგვეტყო - გენებავთ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის თვალსაზრისით, ათეულ ათასობოთ გაწეული მსხვერპლით, უსახლკარო მოსახლეობით და გნებავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა. ამიტომ, ეს არის ევროკავშირისთვის ჩასაბარებელი გამოცდა. მესმის, რომ მძიმეა. იმიტომ, რომ გარეკვეულწილად, ის ევროკაშვირი ლიბერალური იდეოლოგიის მძევლობაშია და აი, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ამ მძევლობისაგან ნაწილობრივ მაინც განთავისუფლდა თუ, პრიქით ამ მძევლობაშია სერიოზულად ჩარჩენილი. ამიტომ, დაველოდოთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის შეფასებით, რადგან საკითხი დგას ისე, რომ რუსეთს რაც არ უნდა ის გაკეთდეს და, გარკვეული თვალსაზრისით, პოლიტიკური დაცვა იყოს ესა თუ ის მოვლენა, გარდა სამხედრო დაცვისა, რაც ნატოს ფუნქცია არის, ასეთი პოლიტიკური დაცვისთვის სამივე ქვეყანას აწყობს ევროკავშირთან მაქსიმალურად ახლოს მისვლა.
„ეს პოლიტიკური დაცვა როგორ სურათს მიიღებს კანდიდატის შემთხვევაში, ამას აჩვენებს ცხოვრება. ერთი რამ ცხადია - კანდიდატის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა იქნება უფრო მკაფიო და ცალსახა, ლამის სავალდებულოც კი, ვიდრე დღევანდელ მდგომარეობაშია, ამიტომ არის პრინციპში ამდენი ლაპარაკი ამ ევროკავშირის წევრობაზე და კანდიდატობაზე. ეკონომიკური სანქციები, რაც რუსეთთან ბრძოლის ძირითადი იარაღი გახდა, სწორედ ევროპული ქვეყნების მხარდაჭერის შედეგია და არა სამხედრო ნაბიჯების. ფაქტობრივად, ევროპული ერთობა იძენს სამხედრო ძალას და ეს გვინდა ჩვენც“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.