„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის დატოვების შესაძლებლობაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, ეს ნაბიჯი დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრთან ერთად, შეთანხმებულად უნდა გადაიდგას. მისი თქმით, აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან, ხშირად გაუმართვს კონსულტაციები.
„ეს საკითხი განიხილება, თუ პარლამენტიდან გამოსვლას აზრი ექნება. ინჯიას პარტია დარჩეს, დანარჩენი ოპოზიცია თუ გამოდის, „ქართულ ოცნებას“ ექმნება დისკომფორტი. აქედან გამომდინარე, ჩნდება შიდა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც იწვევს ვადამდელ არჩევნებს.
ამ საქმისთვის (პარლამენტიდან) გამოსვლა, რა თქმა უნდა, კარგია, პროცესებს დააჩქარებს, არჩევნები ჩატარდება და „ოცნება“ დამარცხდება ვადამდელ არჩევნებში, მაგრამ მარტო ჩვენ გამოვიდეთ და ყველა სხვა დარჩეს, ამით პირიქით, დამატებით კომფორტს შევუქმნით „ქართულ ოცნებას“. ხშირად ყოფილა ამაზე კონსულტაციები, კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე არავინ მისულა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ასეთი გადაწყვეტილება გვახსოვს ორი წლის წინაც, როდესაც მათი ბოიკოტი რამდენიმე თვე გაგრძელდა, თუმცა ამას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია და ხელისუფლებას არ დაუნიშნავს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მოიტანს ეს შედეგს, პირიქით, - ამით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
ექსპერტთა წრეებში საუბრობენ, რომ დღეს, როდესაც საქართველო ევროკავშირისგან ელოდება პასუხს, მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, მსგავსი ტიპის განცხადებები და მით უმეტეს ნაბიჯები, ქვეყნის ინტერესს აზიანებს, რადგან დასავლელი პარტნიორებისთვის მიუღებელია ასეთი გადაწყვეტილების მიღება.
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვება „ქართულ ოცნებას“ ვერ აზარალებს და უმრავლესობა მარტო არ დარჩება საკანონმდებლო ორგანოში, რადგან ამ აზრს მხარდაჭერა არ აქვს დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მხრიდან.
„ასეთი პრეცენდენტი იყო 2019 წელს, ბოიკოტი გამოაცხადეს და მაშინ ბევრად დიდი წარმომადგენლობა ჰყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში. რაიმე დაეტყო მაშინდელ პროცესს? - არა! ახლაც სრული აბსურდია და ამ გადაწყვეტილებას თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ აქვს ერთსულოვნება, არიან დეპუტატები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ასეთ გადაწყვეტილებას. თუ პარლამენტს დატოვებენ, ამით არაფერი დაშავდება, რადგან „ქართულ ოცნებას“ მარტო ვერ დატოვებენ პარლამენტში. ეს მათთვისვე იქნება უარესი და საბოლოოდ, მათი იზოლაცია მოხდება. ამ პარლამენტს ვადის ნახევარი მალე გალეული ექნება და როდისღა უნდა დანიშნონ, რომ გამოცხადდეს ვადამდელი არჩევნები? ამას რამდენიმე თვე სჭირდება. მათი ბელადი ციხეში არის გამოკეტილი, რომელიც იქიდან ისტერიკას აწყობს და მოქმედებისკენ მოუწოდებს. რამდენიმე კლოუნიც რაღაც სისულელეებს აჟღერებს. 2024 წელიც მალე მოვა და კიდევ ერთხელ განადგურდებიან არჩევნებში“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ეს ნაბიჯი სასარგებლოა თავად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნებისთვის“, თუმცა ძალიან წამგებიანია წვრილი პარტიებისთვის, რადგან ეს გადაწყვეტილება ემსახურება „შუას გაკრეფვას“. მისი თქმით, დღეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნის წამოყენებას აზრი არ აქვს და ეს უშედეგო იქნება.
„პარლამენტის დატოვებამ არ მგონია ოპოზიციას რაიმე სიკეთე მოუტანოს, არც ის მგონია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია დატოვებს პარლამენტს და „ნაცმოძრაობას“ გაჰყვება. ეს ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასარგებლოა, რადგან ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, ყველა ოპოზიცია ისევ „ნაცმოძრაობის“ სატელიტად გამოაცხადოს და ერთ ბლოკში ჩასვას, პიარის თვალსაზრისით.
„ნაციონალური მოძრაობის“ ამ მოწოდებით წვრილი პარტიები კარგავენ თავიანთ იდენტობას და შანსს, თუნდაც ერთპროცენტიანი ბარიერის შემთხვევაში, 2024 წელს რაიმე შედეგს მიაღწიონ. „ნაცმოძრაობის“ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვისაც საკმაოდ მომგებიანია. ასეთი გადაწყვეტილება მიმართულია შუას გაკრეფვისკენ.
ისინი ამ პროცესში იყვნენ 7 თვე, მაშინ, როდესაც ამ ვადამდელ არჩევნების მოთხოვნას აზრიც ჰქონდა და მსოფლიოშიც სხვა პოლიტიკური ვითარება იყო. დღეს, როდესაც ამას ლაპარაკობს „ნაციონალური მოძრაობა“ ეს ნიშნავს, რომ არჩევნებამდე აღარაფერი რჩება და მაშინ თუ არ დანიშნა, ახლა რატომ დანიშნავს „ქართული ოცნება“ ვადამდელ არჩევნებს?!
თუ მაშინ ამ ნაბიჯს დასავლელი პარტიორები კრიტიკულად ხვდებოდნენ, დღეს რატომ დაიჭერენ მათ მხარეს?!
როდესაც ვსაუბრობთ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე, რომლებიც თურმე ხელს უშლის ჩვენს დასავლურ ორიენტაციას, ეს განცხადება მისაღებია ჩვენი დასავლელი პარტიორებისთვის?! „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ანგრევენ ამ ქვეყანას, რადგან ორივეს თავისი პოლიტიკური მიზნები აწუხებს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.