ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის მსოფლიოს ცხელ წერტილებში გაყიდვის შესახებ. როგორც წესი, ასეთი რამ ნებისმიერი ომის დროს ხდება და შესაძლოა, ამ მხრივ არც უკრაინაა გამონაკლისი. სამხედრო ეშელონებში მოკალათებული არაკეთილსინდისიერი ადამიანები არ ერიდებიან დახმარების მიზნით მათი ქვეყნისთვის გადაცემული შეიარაღების გაყიდვით ხელის მოთბობას.
უფრო მეტიც, საქართველოს ახსოვს ის შემთხვევები, როცა რუსეთის მხრიდან წამოწყებული ომების დროს რუსი გენერალიტეტი ცდილობდა, რაც შეიძლება, მეტი ხნით გაეჭიანურებინა ომი ზუსტად იმის ხათრით, რომ იარაღი სარფიან ფასად გაეყიდა. რუსები იარაღს აწვდიდნენ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს და მოწინააღმდეგე მხარეებს ერთმანეთის კვლისკენ აქეზებდნენ.
ომი, როგორც ბიზნესი, სწორედ ადამიანური ტრაგედიების ხარჯზეა წარმატებული. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის შემსწავლელმა ინსტიტუტმა დაასკვნა, რომ მსოფლიო უმსხვილესი იარაღის მწარმოებელმა 100 კომპანიამ მარტო 2013 წელს 402 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გაყიდა, რაც ამ ინდუსტრიის მომგებიანობას ადასტურებს. 10 უმსხვილესი იარაღის მწარმოებელი კომპანიიდან ზოგი ამერიკას ეკუთვნის, ზოგი საფრანგეთს, იტალიას და სხვა ქვეყნებს. ასევე, იარაღის იმპორტიორობით ლიდერობენ ინდოეთი, საუდის არაბეთი, ჩინეთი და სხვა.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას არ გამორიცხავს უკრაინისთვის გადაცემული იარაღი მავანთა მიერ სავაჭროდ იყოს გამოყენებული, ეს სიახლე არ არის და ასეთი რამ ომების დროს ჩვეულებრივი ამბავია.
ანალიტიკოსის განმარტებით, სავსებით შესაძლებელია, იარაღით ვაჭრობაში ჩართულნი იყვნენ უკრაინის მაღალ ეშელონებში მოკალათებული პირებიც.
„არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ გაჩნდა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის გადაცემული ჯაველინები სირიაში იყიდება 15 ათას დოლარად. ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია ისევე, როგორც რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში ზოგიერთი შეიარაღება სად გადაადგილდებოდა, როგორ გადაადგილდებოდა და როგორ გახდნენ მაშინდელი თავდაცვის მინისტრი და მისი ხელქვეითები ერთი წლის შემდეგ საკმაოდ შეძლებული ადამიანები, ესეც ბევრ კითხვას აჩენს. სამწუხაროდ, ეს საქმეებიც არ გამოძიებულა და მთავარი პროკურატურა ამ საქმეებით თავს არ იკლავს. ჯერ ეს საკითხი დასადგენია, მართლაც ხდება თუ არა უკრაინისთვის მიწოდებული იარაღით ვაჭრობა, თუმცა ინტერპოლმა გააკეთა განცხადება, რომ უკრაინისთვის მიცემული შეიარაღება შეიძლება ხელში ჩაუვარდეთ კრიმინალებსა და კრიმინალურ დაჯგუფებებს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისივე თქმით, გასაგებია, რომ ინტერპოლში განიცდიან ამ საკითხს, რადგან ომია და ომის პერიოდში ყველა სცენარია გასათვალისწინებელი. საბოლოოდ ძნელია იმაზე საუბარი, ამ ომის შედეგად რა გამოიკვეთება და რა დადგინდება, ჯერჯერობით ასეთი დანაშაულის ფაქტები არ იყო დადგენილი, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციას თუ არ ჩავთვლით, რომლებიც რუსებმა გაავრცელეს. ამიტომ ამ ეტაპზე რთულია ვისაუბროთ, რამდენად შეიძლება დაუკავშირდეს იარაღით ვაჭრობის თემა კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს თუ ხელისუფლებას, მაგრამ იარაღით ვაჭრობის ალბათობა საკმაოდ მაღალია და ეს არც არის გასაკვირი.
ექსპერტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის გადაცემული იარაღის ცხელ წერტილებში გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რუსული პროპაგანდაა. რუსეთს სურს, ამ პროპაგანდით ეჭვი შეატანინოს დასავლეთს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მიზანშეწონილობაში და პრობლემები შეუქმნას უკრაინას. სინამდვილეში, დასავლეთი უკრაინას აწვდის ისეთ იარაღს, რომელიც კონტროლზეა აყვანილი.
„უკრაინის დღევანდელი გენშტაბი ბოლომდე აკონტროლებს თავის შეიარაღებულ ძალებს. გამორიცხულია, უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი სადმე გაიყიდოს. უკრაინის არმიაში მკაცრი ზომებია მიღებული და ასეთი რამ არ მოხდება. ეს იარაღი არ ბარდება შემთხვევით. აფხაზეთის ომის დროს ხდებოდა ასეთი რამ, რადგან მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო, აფხაზეთში იყო ლაშქარი, უკრაინაში კი არის ჯარი“, - აღნიშნა აკია ბარბაქაძემ for.ge-სთან საუბრისას.
უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინაში რა ხდება და იყიდება თუ არა მათთვის მიცემული იარაღი, ამის თქმა რთულია, მაგრამ რუსები რომ ორივე მხარეს გვაიარაღებდნენ, ჩვენც და აფხაზებსაც, 1992-93 წლების ომის დროს, ეს ფაქტია.
„ამერიკის მიერ გადაცემულ იარაღს ათასი შემმოწმებელი მიჰყვება, როგორ შეიძლება ის სადმე გაიყიდოს?! ამიტომ გამორიცხული არ არის, რუსები განგებ ავრცელებდნენ ასეთ ინფორმაციას, თითქოს უკრაინისთვის გადაცემული იარაღი იყიდება. რუსების ხელწერა სწორედ ეს არის, თბილისის ომის დროს ისინი ერთ მხარესაც აწვდიდნენ იარაღს და მეორე მხარესაც. აფხაზეთის ომის დროსაც იგივე ხდებოდა, ორივე მხარეს აწვდიდნენ შეიარაღებას, რომ ეთნოკონფლიქტები გაეღრმავებინათ“, - გვითხრა ანდრო გოცირიძემ.
აქ რომ 2012 წლ ცეერუს უფროსი იყო ჩამოსული (სამი დღით)...მაშინ მისი ჩამოსვლის ერთერთი მიზეზი, 2008 წლის მერე ჩვენთვის გადმოცემული ჯაველინები, კეზერამ ჩერეზ უგანდა რომ გაყიდა ის იყო . ამ საქმეში რუსები ჩალიჩობდნენ.................ხოოდა სწორედ რუსების საშუალებით ის ჯაველინები ავღანეთში მოხვდა..... იქ კიდევ იმ ჯაველინებით ამერიკელების ვერტმფრენები(სამალიოტი) ჩამოაგდეს.......
.ატყდა იქ ერთი ამბავი ----.ჩვენი ჯაველინებით ავღანელებმა ჩვენი ვერტალიოტ-- სამალიოტი საიდან და როგორ ჩამოაგდესო?? ...გამოჰყვნენ კუდს და მოადგნენ მიშა--ალასანია --კეზერას....
მაშინ ცეეერუს უფროსი პანკისში რომ საწვრთნელი ბაზა ჰქონდათ მოწყობილი კიდევ იმის გამო იყო ჩამოსული და და ტრაილერით ნარკოტიკები რომ დაჭირეს კიდე იმის გამოც
ესენი ჯეფრისაც ეწერა ამ საიტზე