საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება. ამ დროს კი საქართველოში მის წინააღმდეგ სასამართლო დავა იწყება. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, აღმასრულებელი ხელისუფლება განმარტებას საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს. მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას და ეს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, ეს სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებთან იყო დაკავშირებული.
„როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება რომსა და ბრიუსელში, იტალიის პრეზიდენტს შეხვდა. მოგეხსენებათ, იტალია ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელსაც ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი როლის მოხდენა შეუძლია. ამ დროს, გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციიდან ინფორმაციას ვიღებთ, რომ გადაწყვიტეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილების გამიჯვნის თაობაზე. ეს პირველად არ ხდება, 14 მარტს, პრეზიდენტმა თავის საპარლამენტო გამოსვლისას ახსენა, რომ მას ვიზიტები დაგეგმილი ჰქონდა პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვარშავაში და მოუწია პრეზიდენტს ამ ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მაშინაც, იგივე პრობლემა შეიქმნა. ეს შემთხვევით ხდება, შეგნებულად კეთდება თუ დაუფიქრებელი ნაბიჯებია, ეს არის საზოგადოების გადასაწყვეტი. საკონსტიტუციო სარჩელი ჯერ არ გვინახავს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია შესული. სანამ სარჩელს არ გავეცნობით, რა მოთხოვნებია და რის დაზუსტებას ითხოვს მთავრობა, მანამდე იურიდიულ დეტალებში შესვლა რთულია. ამიტომ, დაველოდოთ, სარჩელი როდის გახდება ცნობილი და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ შემოსული იყო 12 ელჩის კანდიდატურა და 12-ვეზე დადებითი პასუხი იყო. დეტალებში კონკრეტული ელჩების საკითხი არ ვიცი“, - განაცხადა მსხილაძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, სალომე ზურაბიშვილმა ბოლო განცხადებაში თავად აღიარა, რომ კონსტიტუციის დარღვევას ადგილი ჰქონდა.
„ჩვენ არ გვითქვამს, რომ ამ სარჩელის შედეგი იქნებოდა კონკრეტული სანქცია, შედეგი მთავრობის მხრიდან არის მოთხოვნილი და ამას ჰქვია განმარტება, მოხდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა და თუ ეს საკითხი არ იქნებოდა აქტუალური, მაშინ კამათსაც არ გამოიწვევდა. რა დაშავდება იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უბრალოდ განმარტოს კომპეტენციის ფარგლები? ოპოზიცია რას მავნებლობს და ფიქრობს ეს სხვა საკითხია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კომპეტენციების გამიჯვნაზე მთავრობის საკონსტიტუციო სარჩელზე ოპოზიციაში შეფასებები გრძელდება.
როგორც „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, მისთვის შემაშფოთებელია ის არგუმენტები, რომელიც მოცემულია ამ საკითხთან დაკავშირებით.
„ძალიან მაინტერესებს თავად საკონსტიტუციო სასამართლო რას იტყვის ამის თაობაზე. სად წერია, რომ მას რაიმე განმარტებების უფლება აქვს და არ აქვს ამ თემაზე სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება? დაველოდოთ, ამას პროცესი გვაჩვენებს. არგუმენტები რომელიც მოყვანილია ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არის შემაშფოთებელი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის შეფასებით, სარჩელს პოლიტიკური საფუძველი აქვს.
„მე ქალბატონ სალომეს ღიად მივმართავ, შუალედური ხმა ამ ადამიანებთან არ ჭრის. დადგა დრო, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადადგათ იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღვირახსნილი ქმედებები, რასაც ის აკეთებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, შეაჩეროს. ეს არ არის მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი დავა. ეს არის დიდი პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება“, - აცხადებს ვაშაძე.
იმოქმედებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საკითხის განხილვა ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ამ კითხვით ანალიტიკოსებს მივმართეთ.
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილისა და მმართველი გუნდის სასამართლო დავა ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ნეგატიურად აისახება. მისივე თქმით შესაძლოა, კანდიდატის სტატუსზე არა, მაგრამ ევროკავშირმა ხელისუფლებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მისცეს.
„შეიძლება კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე არ აისახოს, მაგრამ შენიშვნებში რეკომენდაციის სახით იყოს წარმოდგენილი. ფაქტობრივად, ეს არის მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა და გარკვეულწილად ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. მეორე მხრივ, აღნიშნული საკითხი პრეზიდენტისა და უმრავლესობას შორის ურთიერთობაზე აისახება. შესაძლებელია, ეტაპობრივად, სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილის გზას დაადგეს. პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მიხედვით მას აქვს უფლებამოსილება, რომ ელჩები დანიშნოს. აქედან გამომდინარე, უმრავლესობისთვის ელჩების დაბლოკვის თემა მხოლოდ საბაბია, რადგან „ქართულ ოცნებას“ რეალურად არ მოსწონს ის, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელ პოლიტიკოსად ყალიბდება“, - განუცხადა for.ge-ს ნიკა ჩიტაძემ.
მისივე თქმით, უმრავლესობამ სალომე ზურაიშვილში ურჩობა დაინახა და ვინაიდან პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით მოვიდა, სწორედ ამ ურჩობას არ პატიობენ.
„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს ურჩობას არ პატიობს, ამის გამო კი ევროპა საქართველოს თითს დაუქნევს“, - აღნიშნა ჩიტაძემ.
როგორც for.ge-თან საუბრისას ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წამოწყებული დავა, ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს. მისივე თქმით, მართლმსაჯულება და პოლიტიკური პროცესები უნდა გაიმიჯნოს და ამის მაგალითად, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბინიამინ ნეთანიაჰუ-ს ამბავი მოჰყავს, როდესაც ის პრემიერი იყო და ამ დროს მის წინააღმდეგ საქმეები იყო აღძრული.
„მართლმსაჯულება და სამართალწარმოება სულ სხვა განზომილებაშია, საქართველოს ევროინტეგრაცია სულ სხვა განზომილებაშია, მით უმეტეს პრეზიდენტის საგარეო ვიზიტები კიდევ სულ სხვა განზომილებაშია. მოვისმინე მისი საპარლამენტო მდივნის განცხადება, რომ იტალიაში ვიზიტისას ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. უკაცრავად და შევხედოთ საერთაშორისო პრაქტიკას როგორ არის? ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბინიამინ ნეთანიაჰუ პოსტზე ყოფნისას ჩვეულებრივ აგრძელებდა პოლიტიკურ საქმიანობას, ამ დროს მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა სხვადასხვა საქმეები. თუნდაც, ბორის ჯონსონი, რომლიც დედოფლის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობდა, მაგრამ ორშაბათს მისი პარტიას იმპიჩმენტი დაემუქრა. ამიტომ, ერთმანეთში ნუ გავაიგივებთ მართლმსაჯულებასა და პოლიტიკურ პროცესებს“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.
ის რომ ევროკავშირი მართლმსაჯულებას დიდ ყურადღებას აქცევს, ამ საკითხს ანალიტიკოსი ასე აფასებს: „ევროკავშირი და ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყურადღებას აქცევენ სასამართლო სისტემის რეფომირებას. თუ ცალკეული ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ თურმე სააკაშვილი პოლიტპატიმარია და გვარამია მედიამენეჯერობის გამოა დაკავებული, ეს ევროკავშირის ხმას არ ნიშნავს. ევროკავშირი ინსტიტუციურად უყურებს საქართველოში სასამართლო სისტემა როგორია. რასაკვირველია მეტი რეფორმა უნდა განხორციელდეს, რადგან სასამართლო სისტემა მეტ დახვეწას საჭიროებს“.