„დღესაც იმპერიას ვებრძვით, ეს იმპერია არის იდეოლოგიური მასა, რომელიც მოდებულია მთელს პლანატაზე, ხოლო საქართველოში მისი წარმომადგენლები არიან ძმები ბერძენიშვილები“

„დღესაც იმპერიას ვებრძვით, ეს იმპერია არის იდეოლოგიური მასა, რომელიც მოდებულია მთელს პლანატაზე, ხოლო საქართველოში მისი წარმომადგენლები არიან ძმები ბერძენიშვილები“

„ქართული ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა“ - ასეთი შეფასება მისცა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილის და ოპოზიციის მცდელობას ქართველი მეფეებისა და წმინდანების დაკნინებას - „ასევე ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის და ხალხის იდენტობა დაანგრიონ“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდების წიგნშიც შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო, რომლის განცხადებები არის ერთი, ზიზღით განმსჭვალული ადამიანის, უსამშობლო და უღმერთო კაცის გაუკუღმართებული საუბარი.

„ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან აღმაშენებელს უწუნებენ შვილებისა და შვილიშვილების აღზრდას. ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ერთგვარი ყინულმჭრელის როლს ასრულებენ. ესენი არიან პირველ რიგში, ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც ქართველი ხალხის და ამ ქვეყნის მიმართ გამორჩეული ზიზღი აქვთ. საიდან მომდინარეობს ეს ზიზღი არ ვიცით, მაგრამ სამწუხარო ფაქტია.

ისინი, უბრალოდ, აგრძელებენ იმ კამპანიას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, ვიდრე ისინი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ იდენტობის შესარყევად ყველაზე წმინდას უნდა შეეხო, რაზეც ეს იდენტობა დგას. ეს არის, პირველ რიგში, დიდი წინაპრები, სარწმუნოება და სწორედ აქედან გამომდინარე არის ამ შეტევისა და შტურმის მთავარი ობიექტები ჩვენი წინაპრები, სარწმუნოება და ეკლესია. იმისთვის, რომ ადამიანი გადააგვარო, მას უარი უნდა ათქმევინო პირველ რიგში, საკუთარ დედაზე და საკუთარ მამაზე. ეს მათ იციან და ძალიან მარტივია მათი სტრატეგია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის ამ განცხადებას ხმაური მოჰყავა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც რესპუბლიკელმა ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, იდენტობას და ამ ქვეყნის მომავალს ებრძვის მმართველი გუნდი, როდესაც რეალურ პრობლემებზე არ ლაპარაკობს და ცდილობს ეს საზოგადოება კიდევ უფრო დააპირისპიროს ერთმანეთს ფსევდოპატრიოტიზმის გამო.

„არავის შეგვეშინდება ამ ქვეყანაში მარტო სიარულის. ამას გვემუქრებოდნენ გუშინ სწორედ ისინი, ვინც თქვენ წაახალისეთ! ასეთ მოძალადეებს ახალისებდა მის გამოსვლაში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ფრთხილად, ბატონო ირაკლი! ასეთი მეთოდებით იბრძოდნენ ყველა ხელისუფლების დროს და არ შეიძლება ქვეყანაში, სადაც ასეთი სიღრმე აქვს პოლარიზაციასა და დაპირისპირებას, კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ადამიანს, რომ თავს დაესხას სხვა ადამიანს განსხვავებული პოზიციის გამო. ფრთხილად და ილაპარაკეთ რეალურ პრობლემებზე, რეალურ გამოწვევებზე ამ ქვეყანაში! ილაპარაკეთ იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესებს აზიანებთ თქვენ, თქვენი არაფრის კეთებით, ძალადობისკენ მოწოდებით და თავდასხმებით ევროპულ პარტნიორებთან, წახალისებით, იმ მოძალადეების, რომლებიც თავს ესხმიან ქვეყანაში თქვენგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„სად ერეკლე და სად „ქართული ოცნება“, - გიორგი ვაშაძის განცხადებით, ფსევდოპატრიოტი კობახიძე, ეს არის რეალური სახე ამ ადამიანის და მთლიანად „ქართული ოცნების“. მისი თქმით, ივანიშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი ვერ აირიდებენ თავიდან იმ მძიმე პასუხისმგებლობას, რომელსაც მათ ქართველი ხალხი დააკისრებს. როგორც ვაშაძე ამბობს, „ქართული ოცნების“ ანტიოპოზიციური კამპანია წარმატებული ვერ აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ წამოსწიეს ხელოვნურად ერეკლე მეფის საკითხზე დისკუსია.

„ფსევდოპატრიოტიზმი გვესმის, სად ერეკლე და სად „ქართული ოცნება“, ან სად საქართველოს ისტორია და სად „ქართული ოცნება“? გგონიათ სამშობლო უყვართ? თავიანთი თავი, ბევრი ფული და კორუფცია უყვართ, მეტი არაფერი, თორემ ასეთი დაჩაჩანაკებული არ იქნებოდა ქვეყანა. როცა არგუმენტი არ აქვს დარჩენილი მმართველ პარტიას, რაზე მიდის ხოლმე - ფსევდოპატრიოტიზმზე. გგონიათ ღარიბაშვილმა იცის ერეკლე მეფის ქმედებების შესახებ, ან სამშობლო უყვარს? მაშინ დღე და ღამე იშრომებდა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ჩვენს გულშემატკივრებს თავს კი არ დაესხმებოდა. ხალხი გიჟს ჰგავს, ნაბიჯი გადმოდგითო ეუბნებიან და ესენი პირიქით, თავს ესხმიან“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კობახიძის განცხადების შემდეგ, პარლამენტში მივიდა დავით ბერძენიშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ შეეშალა ერეკლეს, კატასტროფული შეცდომა დაუშვა, რომელიც დანაშაულზე მეტია.

„ივანე ჯავახიშვილს არ მოსწონდა, არაფერი კარგი არ მოუტანია ტრაქტატსო, შაჰ-აბასის მერე ასეთი უბედურება არ დაგვმართნია საქართველოსო, მე ვიცი, ვის ვეყრდნობი. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მოფერებული პატარა კახი, აბა დავით აღმაშენებლის ძეგლებს კი არ დგამდნენ საბჭოთა კავშირში. მებრძოლი კაცი იყო, ძალიან მაგარი მებრძოლი იყო, მაგრამ ცუდი პოლიტიკოსი იყო.

პრორუსული ორიენტაცია, რუსეთთან სუვერენიტეტის გასხვისება დაიწყო, ანუ რუსეთმა დაამტკიცოს ტახტის მემკვიდრეო. მერე მისმა პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მისმა შვილმა გიორგიმ ისეთი სათხოვარი პუნქტები დაწერა, რომ თქვა, მთლიანად შეიერთე ქართლ-კახეთი, ოღონდ მე და ჩემს შვილს დაგვიტოვე სამართავად აქაურობა და ჯამაგირი დაგვინიშნეო“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, ბერძენიშვილების მავნებლობას საზღვარი არ აქვს, რომლებიც ამ გამოხტომებით და საქართველოს ისტორიული სიამაყის წინააღმდეგ ბრძოლით, ცდილობენ უნდობლობა ჩასახონ ახალგაზრდების გულში. იმ თაობაზე მუშაობენ, რომლებიც ხვალ და ზეგ მათი აზრით უნდა გახდნენ ამ იდეოლოგიის და საერთაშორისო კორპორაციის ამომრჩეველი ძალა.

„ბერძენიშვილები რა საერთაშორისო კორპორაციასაც წარმოადგენენ, რა იდეოლოგიურ ფრონტზე თამაშობენ და ებრძვიან საქართველოს, ჩემთვის გასაგებია. ამ ფრონტს არ ჰყავს ბერძენიშვილების მხარდასაჭერი ის კრიტიკული მასა, რომელმაც შეიძლება კოლექტიური ბერძენიშვილები დააბრუნონ საქართველოს სათავეში, ეს არის გამორიცხული, ეს არის უკვე ჩატარებული 9 არჩევნების გზით დამტკიცებული ფაქტი, რომელსაც ვერ გაექცევი.

ჩემს თაობაზე ისინი ვერ მუშაობენ, ეს არის გამორიცხული. გარდა აგრესიისა და მიუღებლობისა, ვერაფერს ვერ აღწევენ. ამიტომ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ამოცანა არის ის, რომ ახალგაზრდების გულებში, რომლებიც სამწუხაროდ ნაკლებად არიან გათვიცნობიერებული საქართველოს ისტორიაში და ნაკლებად აზროვნებენ ანალიტიკურად, მათ გულებში დათესონ ანტიტრადიცული, ანტიქართული თესლი და დაელოდონ რა გამოვა აქედან“, - აცხადებს ქართველიშვილი.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ჩვენი ისტორიის ნებისმიერ პერიოდში გვიწევდა ამა თუ იმ იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლა. დღესაც იმპერიას ვებრძვით, უბრალოდ, ამ იმპერიას არ აქვს გამოკვეთილი გეოგრაფიული ლოკაცია, ეს არის იდეოლოგიური მასა, რომელიც მოდებულია მთელს პლანატაზე, ხოლო საქართველოში ამ იმპერიის წარმომადგენლები არიან ძმები ბერძენიშვილები, ბოკერიები და მათი თანაგუნდელები.

„ეს არის მაზოხიზმი იმიტომ, რომ მსგავსი შეხედულებების გამო ბერძენიშვილებს არა მარტო კახეთში არ ჩაესვლებათ, თბილისის ქუჩებშიც არ გაესვლებათ და მე მგონია, რომ საქართველოს ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში იგივე ვითარებაა. ახლაც, თითქოს იწვევენ საზოგადოებას, რომ შემდგომში მსგავსი ლოგიკური შეურაცხოფა საკუთარ თავთან მიმართებაში გააპიარონ, როგორც არატოლერანტული, ანტიდემოკრატული, პოლიტიკოსებზე თავდასხმის ფაქტები და შეეცადონ საქართველოს ზიანი მიაყენონ საერთაშორისო არენაზე. თუმცა, ეს არაა მათი ქვეყანა, ეს არაა მათი სამშობლო. მათი სამშობლო არის ზოგადპლანეტარული მასშტაბის ფსევდო იდეოლოგიური მეტასტაზები, რომლებიც სამწუხაროდ, მოდებულია მთელს პლანეტაზე, სადაც ეს მეტასტაზები მომძლავრებულია, იქ არის მათი სამშობლო. ისინი, უბრალოდ, აქ ფიზიკურად იმყოფებიან, მაგრამ რეალურად იმ მეტასტაზების და საერთაშორისო კორპორაციის დავალებებს ასრულებენ ზედმიწევით. ეს არის 21-ე საუკუნის რეალობა და უბედურება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.