„თუ რუსეთის სიღრმეში მოხდება შეტევების განხორციელება და ინტენსივობა მოიმატებს, ამის გათვლისწინებით, რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ტაქტიკურ-ბირთვული იარაღი“

„თუ რუსეთის სიღრმეში მოხდება შეტევების განხორციელება და ინტენსივობა მოიმატებს, ამის გათვლისწინებით, რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ტაქტიკურ-ბირთვული იარაღი“

სერბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტი გაუქმდა, რადგან სერბეთის სამმა მეზობელმა ქვეყანამ, ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და მონტენეგრომ რუსი დიპლომატის თვითმფრინავისთვის თავიანთი საჰაერო სივრცე დახურეს.

აღნიშნულს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და განაცხადა, რომ სერბეთში მისი ვიზიტის გარშემო შექმნილი ვითარება წარმოუდგენელია: „რა თქმა უნდა, მოხდა წარმოუდგენელი რამ - სუვერენულ სახელმწიფოს ჩამოერთვა საგარეო პოლიტიკის გატარების უფლება. დაბლოკილია სერბეთის საერთაშორისო აქტივობები რუსეთის მიმართულებით. თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასავლეთში აღიქმება, როგორც თითქმის გლობალური მასშტაბის საფრთხე, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთში საქმე საკმაოდ ცუდადაა“.

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკი და თქვა, რომ კრემლი კიდევ ერთხელ იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით. მისი თქმით, ქვეყნები, რომლებიც ინახავენ რუსულ კაპიტალს, უნდა დაფიქრდნენ.

„რუსეთი კიდევ ერთხელ იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით, ემუქრება მონტენეგროს ლავროვის თვითმფრინავის საჰაერო სივრცეში არშეშვების გამო და ბრალს სდებს რუსეთისა და მონტენეგროს „საერთო ისტორიის“ ღალატში. რუსეთისა და მონტენეგროს საერთო ისტორია? გულისხმობთ ოფიციალური პირების ვილებს ადრიატიკის სანაპიროზე ან იახტებს ნავსადგურებში? ქვეყნებს, რომლებიც ინახავენ რუსულ კაპიტალს, დაფიქრება მართებთ“, - წერს პოდოლიაკი.

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ არსებობს შანსი, პროცესები ისე განვითარდეს, საბოლოოდ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ტაქტიკურ-ბირთვული იარაღი. თუმცა, მისი თქმით, იმ სამხედრო დოქტრინის მიხედვით, რასაც რუსეთი უკრაინაში იყენებს, წესით, ვლადიმერ პუტინი ამაზე არ უნდა წავიდეს.

„სცენარი შეიძლება ასე განვითარდეს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რადგან თავისი სამხედრო დოქტრინის კლასიფიკაციით, რომელსაც ის ახლა უკრაინაში აწარმოებს, ბირთვული იარაღის გამოყენებას არ ითვალისწინებს. რუსეთი ძალიან შეცბუნდა, როდესაც საუბარი დაიწყო უკრაინისთვის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო იარაღის მიწოდებაზე. თუ რუსეთის სიღრმეში მოხდება შეტევების განხორციელება და ინტენსივობა მოიმატებს, ამის გათვლისწინებით, რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ტაქტიკურ-ბირთვული იარაღი, თუმცა ეს ჰიპოტეტურ დონეზე და სხვა შემთხვევაში, მან შეიძლება არ გამოიყენოს ეს იარაღი“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი პუტინი მართლაც გადაწყვეტს ბირთვული იარაღის გამოყენებას და იგივე იარაღით დასავლეთი უპასუხებს, მესამე მსოფლიო ომს მივიღებთ.

„ამით ჩვენ მივიღებთ ევროპაში ბირთვული ზამთრის ეფექტს. ასე რომ, ეს უკვე მესამე მსოფლიო ომია. რუსების მიზანია, დაიკავონ დონბასი, შემდეგ შეტევა განახორციელონ ნიკოლაევში, ხერსონისა და ოდესის მიმართულებით, ასევე, განავითარონ შეტევა დნეპრისა და ხარკოვის მიმართულებით. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთისგან განხორციელდეს ასეთი ტიპის სცენარი. ამ ეტაპზე მიდის პოზიციური ბრძოლები და არის ოპერატიული პაუზა. ყველაზე აქტიურია, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.

„რაც უფრო გრძელი იქნება უკრაინისთვის მიწოდებული სარაკეტო სისტემების მოქმედების რადიუსი, მით უფრო მეტად დავახევინებთ ნაცისტებს იმ ხაზიდან, საიდანაც შეიძლება მომდინარეობდეს საფრთხეები რუსულენოვანი მოსახლეობისა და რუსეთის ფედერაციის მიმართ“, - განაცხადა ლავროვმა.

თუმცა, უცნობია, კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმა იგულისხმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აქვე შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემების პირველ პარტიას გააგზავნის.

 

Aburjga Tasmanieli ტაქტიკური ბირთვული იარაღით არაფერი გამოვა სერგეი ვიკტოროვიჩ ! ოფიციალურად გააფრთხილეთ აშშ და ბრიტანეთი, რომ კიდევ თუ მიაწოდებენ იარაღს უკრაინას პირველივე 48 საათის განმავლობაში თითო 100 მეგატონიან წყალბადის ბომბს დააჯახებთ ვაშინგტონს სადაც მდებარეობს დოლარის მბეჭდავი ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველი საბჭოს მთავარი ოფისი. ალბათ საბეჭდი "სტანოკიც" სადმე ახლო მახლოა და ლონდონს როგორც მსოფლიოს მტარვალ მეკობრეთა ბუდეს, დრეიკის და მორგანის სამშობლოს, და ამჟამად მსოფლიო ინტრიგანს!
2 წლის უკან