ამერიკა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა „ჰაიმარსს“, თურქეთი უპილოტო საფრენ აპარატ „ბაირაქტარს“, სლოვაკეთი „ჰაუბიცებს“, ბრიტანეთი კი სარაკეტო სისტემებს მიაწვდის უკრაინას, რომლითაც უკრაინა 80 კილომეტრამდე გაანადგურებს სამიზნეს.
პარალელურად, აშშ იღებს გარანტიებს უკრაინისგან, რომ მათ მიერ გადაცემულ შეიარაღებას უკრაინა რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მედვედევის მუქარა ძალაშია, რომ თუ კიევი აშშ-სგან მიღებულ შეიარაღებას გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზე, მოსკოვი მიზანმიმართულად დაარტყამს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრს კიევში.
რამდენად გადაწყვეტს ომის ბედს უკრაინის სასარგებლოდ დასავლეთისგან მიწოდებული შეიარაღება?
უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ, ცხადია, ასეთი შეიარაღების მიწოდებით უკრაინა უფრო გაძლიერდება. შემთხვევითი არაა, რომ დასავლეთი ზუსტად იმ ტიპის შეიარაღებას აწვდის უკრაინას, რაც ახლა სჭირდება ამ ქვეყანას და არა იმდენს, რომ შეძლოს რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელება, რაც შეიძლება მსოფლიო ომის დაწყების საფუძველი გახდეს.
„უკრაინას აძლევენ იმდენ იარაღს, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს და შორიდან მოახერხოს რუსული შემღწევი ძალების განადგურება. იმიტომაცაა ეს 70-80 კილომეტრი რადიუსი, რომ ის ზუსტად მიწვდეს ფრონტის ხაზს იქით მდებარე ტერიტორიას, რაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მოგეხსენებათ, ბაიდენმა თავშეკავებით ისაუბრა უკრაინისთვის იმ ტიპის იარაღის გადაცემაზე, რაც რუსეთს პრობლემებს შეუქმნიდა. ამერიკის პრეზიდენტის ეს განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ რუსეთისთვის არ მიეცა საბაბი, სხვა ქვეყნებიც ჩაეთრია ამ ომში, რადგან რუსეთისთვის ერთ-ერთი შესაძლებლობა საკუთარ მოსახლეობასთან თავის მართლებისთვის არის ის, თითქოს მათ ტერიტორიას ბომბავენ. პუტინი ცდილობს, რაღაცნაირად სამამულო ომის ალუზია შექმნას“, - აცხადებს ანდრო გოცირიძე.
უსაფრთხოების ექსპერტი ფიქრობს, რომ ამერიკა ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთს არ ჰქონდეს სპეკულაციის საშუალება. თორემ ლავროვი გამოვიდა და თქვა, ჩვენს ტერიტორიებს ბომბავენო. ამას წინ უძღოდა რუსების განცხადება, თითქოსდა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ეს იყო ომის გაგრძელების საფუძველი. ამ ყველაფრის გასანეიტრალებლად მოწოდებულია დასავლეთი და 70-80 კილომეტრიც ზუსტად ის რადიუსია, რაც უკრაინის საზღვრამდე გასვლას ჰყოფნის.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საბრძოლო მოქმედებების ზონებში მდგომარეობა გაწონასწორებულია, უკრაინელებმა ბრძოლისუნარიანობის კუთხით გაათანაბრეს თავიანთი შესაძლებლობა რუსულ საოკუპაციო ძალებთან მიმართებით, ამას ემატება სერიოზული ტიპის შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის, რაც, რა თქმა უნდა, გაზრდის უკრაინელების ბრძოლისუნარიანობის დონეს, შეიძლება იმ მასშტაბით არა, როგორც ეს ვინმეს უნდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ გავლენას ნამდვილად მოახდენს ომზე.
„რუსული პრესა ამასთან დაკავშირებით უკვე ერთგვარი სიფრთხილითა და შიშნარევი ტონით საუბრობს, განსაკუთრებით, ყურადღებას ამახვილებს ზალპურ საარტილერიო სარაკეტო სისტემაზე-M 142-ზე, რომელიც ეფექტური იარაღია, ზუსტი ტიპის იარაღს წარმოადგენს, რამაც შეიძლება წარმატება მოუტანოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას.