საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მოლოდინშია. ერთ თვეზე ნაკლებ დროში, 27 ქვეყნის ლიდერები კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. როგორ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა - ქვეყანა, რომელიც აღიარებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობას, დაცულია მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და გააჩნია ძლიერი, კონკურენტუნარიანი საბაზრო ეკონომიკა? აკმაყოფილებს თუ არა საქართველო ამ კრიტერიუმებს? დადებითი პასუხის შემთხვევაში, საქართველოს შანსი აქვს დიდი ევროპული ოჯახის წევრობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას. ის, რომ ოპოზიციის მოსაზრება ნებისმიერ საკითხზე ერთმნიშვნელოვნად კრიტიკულია, ქართული პოლიტიკისთვის უკვე ბუნებრივობად იქცა. რაც შეეხება ხელისუფლებას, მათი ბოლოდროინდელი განცხადებებიდან ჩანს, რონ საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილი. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 45%-ზე მეტი შესრულებული აქვს, რომ ამ მონაცემებით საქართველო, უკრაინასა და მოლდოვას კი არა, ბევრ სხვა ქვეყანასაც უსწრებს. რამდენად რეალური ხელისუფლების წარმომადგენელთა ეს შეფასება, რა შანსები აქვს საქართველოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი - for.ge-სთან პოლიტოლოგი, სოსო ცინცაძე საუბრობს.
სოსო ცინცაძე: ეს არც ისე დიდი პროცენტია. რაც შეეხება უკრაინას, არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილებები. მე ვფიქრობ, რომ უკრაინა ამ სტატუსს მიიღებს და ეს იქნება სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ დღეს ცივილიზებული სამყარო დაინტერესებულია უკრაინის დახმარებით, ეს უნდა გააკეთონ. დღეს, უკრაინა ომობს მთელი ცივილიზებული სამყაროს მინდობილობით. ეს არ არის ორი ქვეყნის ომი, უკრაინა ომობს მთელი ცივილიზებული სამყაროს სახელით. სამწუხაროდ, ცივილიზებული სამყარო მთელი თავისი რესურსით არ არის ჩაბმული ამ პროცესებში. რაც შეგვეხება ჩვენ, შანსები აქ არის 50/50-ზე.
საუბარი არის იმაზეც, რომ შესაძლოა, ოპოზიციამ ევროკავშირის უარი ხელისუფლების წინააღმდეგ, დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის მოსახლეობისთვის ნომერ პირველი ინტერესი, რომ ამის გამო ქუჩაში გამოვიდეს? რა პროცესები შეიძლება ამას მოყვეს?
- ამას მოყვება პრორუსული ვექტორის გააქტიურება. თუ დღეს მხოლოდ ერთი პარტიაა აშკარად პრორუსული, ხვალ უფრო მეტი იქნება. მაგალითად, ხუთი წლის წინ სულ სხვა რეალობა იყო, მაშინ ჩვენი შანსები 10% არ იყო. დღეს კი 50/50-ზეა იმიტომ, რომ აქ არის პოლიტიკური შემადგენელი. ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე და მთლიანად პარლამენტი, პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნის, მაგრამ ევროპაში, ევროპარლამენტარები, ამერიკის კონგრესმენები, სენატორები, პოლიტიკურ ამინდს ქმნიან, განსხვავება ამაშია. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს რატომღაც არ სურთ თვალი გაუსწორონ სიმართლეს. სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაფასებენ დასავლელი პარტნიორები და არა როგორ აფასებ შენს თავს. ხელისუფლების განცხადებები ხშირად არადიპლომატიურია, დიპლომატია უფრო ელასტიური და მოქნილია. ამიტომ, თუ რას ამბობს ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე, ამას მხოლოდ ქსენია-დიასახლისებისთვის თუ აქვს მხოლოდ მნიშვნელობა.
სასამრთლო სისტემის რეფორმა, ცვლილებები მოსამართლეთა შერჩევის წესში, პოლიტიკური პატიმრები, არამდგრადი ეკონომიკა, გაუმართავი განათლების სისტემა და კიდევ უამრავი მოუგვარებელი შიდა საკითხები, რაზეც დასავლეთის არაერთი კრიტიკა დაიმსახურა ხელისუფლებამ, ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპა გვერდს ვერ აგვივლის?
- აქ პოლიტპატიმრებზეც არ არის საქმე. მნიშვნელობა სულაც არ აქვს რას ფიქრობს მაგალითად ზარქუა, არიან თუ არა პოლიტპატიმრები. მთავარია, რას ფიქრობენ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, ამ ელემენტარულს ვერ იგებენ ჩვენთან და ეგაა პრობლემა. პრობლემაა ის, რომ ძალზე ბევრი შეუარცხმყოფელი განცხადებები ისმის დასავლელი პოლიტიკოსების მისამართით. ჩვენ გვინდა თუ არა ეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, თავისი გავლენით მსოფლიოში ნომერ პირველი დიპლომატიური უწყებაა და ჩვენი ოპოზიცია, რომელსაც მოსახლეობაც კი არ აძლევს ხმას, ამბობ შენ, რომ მათ ამერიკელი დიპლომატები უჯერებენ, ეს იმათთვის შეურაცხყოფაა. ამიტომაცაა, რომ ისინი აღარ პასუხობენ ამ ბრალდბებს, მათ თავისი აზრი უკვე აქვთ. თუ ჩვენ სტატუსი მივიღეთ, აქ ლომის წილი ექნება პოლიტიკურ შემადგენელს. როდესაც ამბობენ, რომ არ არიან არც პრორუსული და არც პროდასავლური, არიან მხოლოდ პროქართული, ეს უკვე არის სულელური დემაგოგია. რა თქმა უნდა, პროქართული უნდა იყო, მაგრამ მტკიცე მოკავშირის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. ეს კანდიდატის სტატუსიც, დიდი არაფერი ბედენაა, ათი წელი შეიძლება ვიყურყუტოთ კანდიდატად. ჩემი აზრით, ევროკავშირის წევრობა უფრო რთულია მისაღებად, ვიდრე „ნატო“-ში გაწევრიანება. „ნატო“-ში გაწევრიანება არის პოლიტიკური შემადგენელი, თურქეთი მიიღეს ისე, რომ იქ არც დემოკრატია იყო და არც სხვა რამ. ევროკავშირში გაწევრიანება კი, ეს არის პირველ რიგში - ფული. ევროკავშირს უნდა, რომ მდიდარი ქვეყნები მიიღონ შემადგენლობაში. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მძიმე ტვირთად დააწვება ევროკავშირის ფინანსებს უკრაინის აღდგენა, ამ დროს კი, კიდევ ერთი ღატაკი ქვეყანა სულაც არ სჭირდებათ, მით უმეტეს, რომ პოლიტიკური კულტურითაც ვერ დავიკვეხნით. ჩვენთან არჩევნები ხდება ემოციით და არა ფასეულობებითა და ღირებულებებით. ჩვენთან სტაბილური აზრი არ არსებობს, ევროპაში კი, სულ სხვა კრიტერიუმით ირჩევენ ადამიანებს. ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ და აფასებენ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თქვენ რა მოლოდინები გაქვთ?
- მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს. მთავრი არის ორი მომენტი: საარჩევნო სისტემა და სასამართლო. ჩვენ რაც არ უნდა ვამტკიცოთ გვარამიას დანაშაული თუ უდანაშაულობა, ევროპელებისთვის გვარამია პირველ რიგში, არის ოპოზიციური არხის სახე. კანონის უზენაესობაზე დემაგოგიის ჩვენ მოსახლეობას აღარ სჯერა უკვე და ევროპელებს დააჯერებ? ამერიკას რად უნდა იმხელა საელჩო რომ გააკეთა? უნდა იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიღოს. გგონიათ ამერიკის ელჩი რომ ოპოზიციას შეხვდება, მელიამ რა თქვა იმას აწვდის დეპარტამენტს? სამწუხაროდ, ჩვენს მიერ სერიოზული პოლიტიკური შეცდომები იქნა დაშვებული. როგორც ეტყობა, 30 წელი ძალიან ცოტა დროა იმისთვის, რომ ქართველ პოლიტიკოსებს, ევროპელი პოლიტიკოსების ბუნება შეესწავლათ. დააკვირდით, ევროპელი პოლიტიკოსი ყოველთვის გიღიმის, თავს გიქნევს, მაგრამ გადამწყვეტი მომენტი რომ დგება, იქ უკვე სულ სხვა გადაწყვეტილების მიღება ხდება. როგორ ფიქრობთ, ევროპელების თვალში სალომე ზურაბიშვილი როგორ აისახება? მათ ყველაფერი კარგად იციან.
თუ გადავხედავთ გასულ წლებს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების უდიდესი ნაწილი დასავლელი პოლიტიკოსების მიერ, დადებითად არის შეფასებული. იგივე არჩევნები, ფაქტობრივად, ყველა არჩევნები მათ მიერ შეფასებულია დემოკრატიულად, მაშინ რატომ ხუჭავენ თვალს დარღვევებზე? რატომ შესაბამისი შეფასება არ ეძლევა მათი მხრიდან?
- ისინი თვალს არაფერზე ხუჭავენ. ამ დარღვევებზე ხელისუფლებებს ძალიან მტკცედ ელაპარაკებიან კონფიდენციალურად, მაგრამ საჯაროდ დარღვევების აღიარება გამოიწვევს დესტაბილიზაციას. დესტაბილიზაციის შემდეგ კი, რა ძალა მოვა ხელისუფლებაში არავინ იცის. ჩვენთან ხომ არ ჩამოყალიბდა პოლიტიკური პარტიების სისტემა. ისინი უყურებენ დღევანდელ სიტუაციას, ისინი პრაგმატიკოსები არიან და ფიქრობენ ალტერნატივაზე, მაგრამ ხელი რომ შეუწყონ ამათ წასვლას მერე ვინ მოვა? ისინი ალტერნატივას ვერ ხედავენ. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ ამას განიცდის, მათ ვერ გადაუწყვეტიათ ვის მისცენ ხმას და ალტერნატივასაც ვერ ხედავენ.
არის აზრი, რომ შესაძლოა, ოპოზიციამ ეს დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს.
- არ გამოვა. ხალხის დიდი რაოდენობა ქუჩაში გამოდიოდა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს. თავის დროზე, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც არასდროს არ ყოფილა პოპულარული და წონიანი ფიგურა, გახსოვთ რა რაოდენობის ხალხი გამოიყვანა. ხალხი მაშინ მზად იყო ქუჩაში გამოსასვლელად, მაგრამ იმ გამოსული ადამიანების უმეტესობისთვის რომ გეკითხათ, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, ვერ გიპასუხებდათ. მაშინ გამოვიდა ხალხი, მაგრამ ამ ყველაფერს შედეგი არ მოყვა, უკვე რაც დრო გადის, ოპოზიციას სულ უფრო და უფრო ნაკლები ხალხის გამოყვანა შეუძლია. ნახევარ მილიონამდე ადამიანი რომ პარტიას ხმას აძლევს და პარტიის დაძახილზე არავინ გამოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ ხმას კი აძლევს, მაგრამ მისი იმედი უკვე აღარ აქვს. გარდა ამისა, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა, მერე შესვლა, დღემდე გაურკვეველი სიტუაციები არასოლიდურია, ამ ყველაფერს ხალხი ხედავს. ასეთი სუსტი პარლამენტი ჩვენ ჯერ არ გვყოლია. ასეთი პრიმიტიული, არაპოლიტიკური, სამწლიანი პარლამენტი ჩვენ გვყავდა შევარდნაძის დროს და ესეც იყო შევარდნაძის პოლიტიკურად სუპერ სწორი გადაწყვეტილება - არავინ ქუჩაში, ყველა პარლამენტში. იმიტომ, რომ შევარდნაძე პოლიტიკოსი იყო და მან იცოდა, რომ ოპოზიციონერი ქუჩაში უფრო საშიშია, ვიდრე პარლამენტის შენობაში. დღეს კი, ხალხმა არ იცის, ვინ არიან პარლამენტის წევრები, ჩინოვნიკები. ხალხმა მინისტრების გვარებიც არ იცის. რა სკოლა აქვთ გავლილი, რა დიპლომატიური გამოცდილება აქვთ, ეგეც არ ვიცით. საკადრო პოლიტიკაა აბსოლუტურად არასწორი. გარდა ამისა, ჩვენი უმრავლესობა ვერ მიხვდა იმას, რომ მათ სულ სხვა მოვალეობა აქვთ, თმენის მეტი რესურსი უნდა ჰქონდეთ. რაც არ უნდა აბსურდული ბრალდებები წამოგიყენონ და უამრავი საპირისპირო არგუმენტიც გქონდეს, არ არის საჭირო აქ აგრესია, ირონიაში უნდა გაატარო, ეს ელემენტარული დიპლომატიაა. მაგრამ დიპლომატია კი არა, უბრალო პოლიტიკოსებიც არ არიან. ჩვენ პარლამენტში დღეს, ერთი პოლიტიკოსიც კი არ არის. არ გაინტერესებთ ჟურნალისტებს, კითხეთ ერთხელ ჩვენს პარლამენტარებს, უკანასკნელად პოლიტიკაზე წიგნი როდის წაიკითხეს? დარწმუნებული ვარ, ერთი წიგნიც კი არ წაუკითხავთ, მათ დიპლომატიური სასწავლებლის მოსამზადებელი კურსის ელემენტარული ცოდნაც არ გააჩნიათ. როდესაც ამბობენ, რომ ოპოზიცია ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს, ამას რა შეიძლება დავარქვათ, როდესაც ოპოზიცია, რომელიც არავითარ გადაწყვეტილებას არ ღებულობს, მათ როგორ შეუძლიათ ქვეყანა ომში ჩაითრიონ?! კაცობრიობის ორმოცსაუკუნიან ისტორიაში მსგავსი რამ ჯერ არ ყოფილა.