„როგორიც არ უნდა იყოს ევროკომისიის დასკვნა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, იგი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება“

„როგორიც არ უნდა იყოს ევროკომისიის დასკვნა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, იგი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება“

საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინშია. სულ რამდენიმე დღეში უნდა გაირკვეს მიიღებს თუ არა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსს. მანამდე კი თბილისში პოლიტიკური განცხადებები კეთდება. ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა ამ სტატუსს იმსახურებს, რადგანაც ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ზედმიწევნით შეასრულა. ასევე მთავრობის წარმომადგენლებმა და პირადად პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპაში ვიზიტისას არ დააკლო ძალისხმევა დაერწმუნებინა ჩვენი პარტნიორები, რომ საქართველო და მისი მოსახლეობა ევროპულ ოჯახში მიღებას წლების განმავლობაში ელის, ხოლო ეს ქართველმა ხალხმა ბრძოლით და არაერთი სისხლისღვრით დაიმსახურა.

ხელისუფლება აქვე დასძენს, რომ ოპოზიციის ნაწილი ისევ ცდილობს ხელისუფლების დისკრედიტაციას და ჩვენი ქვეყნის დაზიანების ხარჯზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს არწმუნებენ, რომ ამ სტატუსს არ ვიმსახურებთ.

„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული ჰქონდა ევროკავშირთან.

 „ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საკმაოდ აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ. ჩემი დავალებით, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ილია დარჩიაშვილი აქტიურად ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს. მან, უკვე დღეის მდგომარეობით, გამართა 20-ზე მეტი შეხვედრა 17 კოლეგასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე, მას ამ კვირაში და მომავალ კვირაში აქვს დაგეგმილი შეხვედრები. გვქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, რა რეფორმები განვახორციელეთ და ზოგადად, მთელი ეს ინფორმაცია სრულად არის მიწოდებული.

ასევე, მე მქონდა ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა, ძალიან ბევრი ვიზიტი განვახორციელეთ, მათ შორის ვიყავი ბრიუსელში ჩასული, მქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს და რაც მთავარია, ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული გვქონდა ევროკავშირთან, დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას. რომ არა ჩვენი მთავრობა, ჩვენ არათუ ევროკავშირში, არამედ ძალიან რთულ პირობებში ვიქნებოდით დღეს. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს, ევროპაშიც, ქვეყნის შიგნითაც, ყველას, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ახლა უკვე პატივი გვხვდა წილად, რომ შეგვეტანა უკვე განაცხადი ოფიციალურად წევრობისთვის. ასევე მინდა განმარტება გავაკეთო ჩვენი მოქალაქეებისთვის: ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი. ჩვენ გვაქვს საუბარი მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე და ეს არ არის წევრობა. წევრობამდე ძალიან დიდი და რთული გზა არის გასავლელი, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ. საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ეს სტატუსი მივიღოთ ჩვენ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ“, - განაცადა პრემიერმა.

ლიბერალ-დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვან პარტიებს აერთიანებს, მხარს უჭერს ტრიოს ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. „ალდემ“ ოპოზიციის ნაწილის მიერ მომზადებულ რეზოლუციას მხარი ყრილობაზე დუბლინში დაუჭირა. ქვეყანაში დაბრუნებულმა პარტიებმა დღეს ვიზიტი შეაჯამეს.

პარტიები, რომელთა ავტორობითაც შემუშავდა ტექსტი, ამბობენ, რომ „ალდეს“ მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს ორგანიზაცია არის ყველაზე დიდი და აერთიანებს ევროკავშირის ქვეყნების წამყვან პარტიებს. შესაბამისად, იმ დროს, როდესაც საქართველო ელოდება ევროკავშირისგან პასუხს, ეს მნიშვნელოვანია.

ოპოზიციის წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ ამ რეზოლუციამ გააქარწყლა ის ბრალდებები, რაც ხელისუფლებას ოპოზიციის მისამართით ჰქონდა, საქმე ეხება მმართველი გუნდის მოსაზრებას, თითქოსდა ოპოზიცია ქვეყანას ხელს უშლის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაში.

„ამ რეზოლუციის დამტკიცება არის დასტური, რომელსაც მხარი დაუჭირა „ალდეს“ კონგრესის მონაწილეების უმრავლესობამ. ჩვენი მანდატის ფარგლებში, ოპოზიციური პარტიები ვაკეთებთ ყველაფერს. ეს რეზოლუცია არის დასტური, რომ ოპოზიცია მუშაობს იმისთვის, რომ ევროპელი პარტნიორები დავარწმუნოთ“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ გასაგებია პრემიერის სურვილი, რომ ქვეყანამ კანდიდატი წევრის სტატუსი უნდა მიიღოს, მაგრამ დიპლომატიურ ენაზე არ არის სწორი, როდესაც ვამბობთ, რომ ეს სტატუსი აუცილებლად გვეკუთვნის, რადგან ყველამ კარგად იცის ევროპა რასაც გვედავება.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ბევრად უკეთესია განაცხადო, რომ შენს ქვეყანას აქვს ნაკლოვანებები და მათ გამოსწორებაზე იმუშავებ.

„კი ბატონო, მესმის პრემიერის სურვილის და იმაზე საუბრის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ სტატუს იმსახურებს, მაგრამ ბევრად სჯობს ვთქვათ, რომ ჩვენ ვიცით, გვაქვს ნაკლოვანებები, მაგრამ ასევე ვიცით, როგორ უნდა გამოვასწოროთ ისინი. ასეთი ფორმულა ბევრად უფრო მისაღებია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ის ბევრად უფრო დამაჯერებელია და ნდობის ხარისხსაც გაზრდის, ვიდრე გამოდიხარ და ამბობ „ჩვენ ყველაფერი გაკეთებული გვაქვს და ახლა ჯერი თქვენზეა“.

ევროკავშირი 27 ქვეყნისგან შედგება, ყველა მათგანს თავისი ინტერესი და შეხედულებები გააჩნია - მნიშვნელობა არა მხოლოდ მთავრობების შეხედულებებს აქვს, არამედ მოსახლეობა როგორ უყურებს ამ საკითხს. ამიტომ მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ამ დროისთვის ამაზე საუბარი დაზუსტებით არავის შეუძლია“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, თუ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, როგორც მინიმუმ, იქნება ნათქვამი, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა იმსახურებენ ევროკავშირის წევრობას და იღებენ ევროპულ პერსპექტივას, ევროკავშირის წევრი ქვეყნები თანხმდებიან, რომ ეს ქვეყნები უნდა მიიღონ ევროკავშირში, მაგრამ როდის და როგორ, არ იქნება ნათქვამი.

„ჩვენ, ქართველები, ემოციური ხალხი ვართ და სწრაფად გვიყვარს საქმის გავლა. ასეთ ვითარებაშია ჩვენი საზოგადოება დღეს. ვფიქრობ, რომ ასეთი პერსპექტივა პრობლემას არ წარმოადგენს და ჩვენთვის ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომ ემოციურობა საჭირო არ არის და მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ. ახლა უკვე არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, რაც გავაკეთეთ, ამაზე მეტს უკვე ვეღარ გავაკეთებთ“, - ამბობს გოგოლაშვილი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება მაინცადამაინც დიდ ცვლილებებს არ განიცდის, რადგან მისი ძირითადი აქტორები, ოპოზიცია და ხელისუფლება ისევ ისე არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული და ისევ ისე რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ეს ევროკავშირთან ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობის პროცესის დაწყებამდე. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ პირიქით, ამ თემამ მათ შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაზარდა. თუმცა მისი აზრით, ოირვემ - ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც კანდიდატი სტატუსის მინიჭებაზე რიტორიკა შეცვალეს.

„ორივე მხარე მიხვდა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საუბარი უნდა შეეცვალათ და ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილებაა. ოპოზიციამ ლაპარაკი დაიწყო იმაზე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ისინი ეცდებიან დაარწმუნონ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ საქართველოს მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ვხედავთ, რომ ამ საკითხში ხელისუფლებამაც შეცვალა სასაუბრო ენა. პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები ბრატისლავაში რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რაზეც ის თებერვლის ბოლოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან საქართველოს არმიერთებასთან დაკავშირებით ამბობდა.

აშკარაა, რომ ვითარება შეიცვალა. ყველა ხვდება იმას, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მიღების საკითხი წარმოშვა უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებამ. ამ შემთხვევაში როგორც დასავლეთში, ისე რუსეთში პოზიციები გარკვეულია. ამიტომ ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ამ საკითხში ოირვე მხარე ერთ პოზიციაზე უნდა იდგეს“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის თემა უკრაინისთვის შემოვიდა, ამიტომ, რა თქმა უნდა, დასავლეთი ამ თემაზე მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ხოლო მაღალია იმის ალბათობა, რომ კანდიდატის სტატუსს საქართველოც მიიღებს.

„ახლა ყველაზე საინტერესო ის იქნება, თუ როგორ აისახება ეს პროცესი ჩვენს საშინაო პოლიტიკაზე. ოპოზიცია ეცდება ეს თავის დამსახურებად წარმოაჩინოს, ბუნებრივია, რომ ხელისუფლებაც შეეცდება მომხდარი თავის დამსახურებად მიიჩნიოს.

მთავრობა ამბობს, რომ საქართველო ქვეყანაში რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, უფრო წინაა, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ზოგადად, ეს სიმართლეა, შესაბამისად, თუ საუბარია იმაზე, რომ თუ რამდენად გვაქვს შესრულებული ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, ღარიბაშვილი აქ მართალია, რადგან საქართველოს უპირატესობა აქვს.

შესაძლოა, ჩვენ მართლაც წინ ვიყოთ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, მაგრამ დღეს ევროკომისია გადაწყვეტილებას ჩვენს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება-არშესრულების გათვალისწინებით არ მიიღებს. ამიტომ როგორიც არ უნდა იყოს ევროკომისიის დასკვნა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, იგი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება“, - ამბობს ძაბირაძე.