საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში იმყოფება. სამხრეთ-დასავლეთ რეგიონალური სარდლობის ხელმძღვანელთან, გენერალ-მაიორ უოლტერ მილერთან ერთად. თავდაცვის მინისტრმა დაჭრილი სამხედროები მოინახულა. ალასანიამ დაჭრილი ქართველების შესახებ ინფორმაცია მათი მკურნალი ექიმისგან მიიღო.
როგორც ცნობილია, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ ბაზაზე თავდასხმა მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაზასთან სატვირთო მანქანა ააფეთქა.
ეს იყო უპრეცენდენტო ტერორისტული აქტი, რომელიც თავისი მასშტაბებით ყველა წინა თავდასხმას აღემატება. ტერაქტის დროს გამოყენებული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება. შედეგად დაიღუპა 7 სამხედრო მოსამსახურე და დაიჭრა 9. 42-ე ბატალიონის სამხედო ექიმის, მაიორ ზურაბ ზაქარიას თქმით, ქართველი გმირების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ავღანეთში დაღუპული ქართველი მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. ისინი მისიის შესასრულებლად ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაემგზავრნენ.
გარდაცვლილები არიან - კაპრალი ორთავიძე თეიმურაზი თამაზის ძე, კაპრალი ადამოვი გიორგი ნუგზარის ძე, პირველი კლასის რიგითი გურგენაშვილი ზურაბი გიორგის ძე, რიგითი ნარინდოშვილი მიხეილი ვეფხვიას ძე, რიგითი ცუგოშვილი ბორისი ტარიელის ძე და პირველი კლასის რიგითი სულხანიშვილი ზვიადი სულხანის ძე. ნანგრევებშია მოყოლილი პირველი კლასის რიგითი ღუჭაშვილი გიორგი ვაჟას ძე.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში საქართველო 1600 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი. საერთაშორისო ოპერაციაში საქართველო შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი 2004 წლიდან იღებს მონაწილეობას. ოფიციალური მონაცემებით, ამ პერიოდის განმავლობაში ასეულის ქვედანაყოფი 10-ჯერ გაიზარდა. 2012 წლის სექტემბრიდან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილით, ავღანეთის საერთაოშორისო მისიაში საქართველოს წვლილი გაორმაგდა.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქარველომ ავღანეთში 29 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ყველაზე დიდი მსხვერპლი საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 2010 წლის 30 სექტემბერში განიცადა. ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში ერთდროულად 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. გუშინ განხორციელებული ტერორისტული აქტი, თავისი მასშტაბებით ყველა წინას აღემატებოდა.
ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს მთელი მსოფლიოდან სამძიმარს უცხადებენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრს, პირადად დაუკავშირდა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. ასევე, სატელეფონო საუბარში ირაკლი ალასანიას სამძიმარი გამოუცხადა ევროპის გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ფილიპ მარკ ბრიდლავმა.
ავღანეთში მყოფი ირაკლი ალასანია უკვე შეხვდა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს. ბისმელა მოჰამადმა მწუხარება გამოთქვა ქართულ კონტიგენტზე თავდასხმის შედეგად ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართველი სამხედროების თავდადებისათვის და ტერორიზმის წინააღმდეგ აქტიური და პროფესიონალური ბრძოლისთვის. ორი ქვეყნის მინისტრმა ავღანეთში ამ დროისთვის არსებული ვითარება და მოქმედების სამომავლო გეგმები დეტალურად განიხილეს.
ავღანეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში 7 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის ნიშნად მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები. ასევე, დროშები დაეშვა შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო ნაწილსა და ავღანეთში დისლოცირებულ ქართული ქვედანაყოფების ბაზებზე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამხურეების გადმოსვენება უახლოეს დღეებში მოხდება.
ბატონო ირაკლი, როგორია დაჭრილების მდგომარეობა და სად გადიან მკურნალობას?
ირაკლი ძნელაძე: ავღანეთში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 9 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ისინი სამხედროები ბაზა „ბასტიონზე“, მთავარ ჰოსპიტალში გადიან მკურნალობის კურსს. უმრავლესობას ბაროტრამვა აღენიშნება. გამომდინარე იქიდან, რომ მიყენებული ტრამვის ხარისხი მსუბუქია, დაჭრილთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი მალე დაუბრუნდებიან დისლოკაციის ადგილებს და გააგრძელებენ მისიის შესრულებას. საჭიროების შემთხვევაში კი მოხდება მათი გერმანიაში გადაყვანა.
კონკრეტულად, რომელ საათზე მოხდა თავდასხმა ქართულ ბაზაზე?
- ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ ბაზაზე თავდასხმა 6 ივნისს დღის მეორე ნახევარში განხორციელდა.
როდის მოხდება დაღუპულების საქართველოში გადმოსვენება?
- ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამხურეების გადმოსვენება უახლოეს დღეებში მოხდება, ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა მოხდეს გარდაცვილი გმირების მაქსიმალურად მოკლე დროში საქართველოში ჩამოსვენება.
რა მდგომარეობაა თვითონ ბაზაზე, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა სატვირთო მანქანა ააფეთქა?
- ავღანეთში ქართული ბატალიონების დისლოკაციის ადგილებზე უსაფრთხოების საგანგებო ზომებია მიღებული. ავღანეთიდან მოწოდებული ბოლო ოპერატიული ინფორმაციით, ქართველი სამხედროები ამ დროისთვის სრულად აკონტროლებენ სიტუაციას თავის სამოქმედო არეალში. ყველა ქართველი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია ბოლომდე შეასრულოს დაკისრებული მისია და მაქსიმალურად პროფესიონალურად დაიცვას საერთაშორისო უსაფრთხოება.
გახდება თუ არა ეს ტერაქტი იმის საფუძველი, რომ საქართველომ სამშვიდობო მისია გამოყვანოს ავღანეთიდან?
- ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამედროვე და დასავლური ორიენტაციის შეიარაღებული ძალების მშენებლობაა. ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა ნატო-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთად მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული შეირაღებული ძალების სამომავლო განვითარებასა და ნატოსთან თავსებადობის მიღწევას. ალიანსის მისიაში წვლილის შეტანით საქართველო ადასტურებს, რომ არ არის მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი ქვეყანა, არამედ აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო მშვიდობის დამყარების პროცესში.