ერთ დროს ვლადიმერ პუტინს მესამე მსოფლიო ომის დაწყების შესაძლებლობაზე კითხვა დაუსვეს. მან კი, მშვიდობის მანტიამორგებულმა, ალბერტ აინშტაინის სიტყვებით უპასუხა: „არ ვიცი, როგორი იქნება მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ მეოთხე ჯოხებითა და ქვებით მოხდება“. როგორც ჩანს, პუტინს გააზრებული ჰქონდა, რომ მესამე მსოფლიო ომი ბირთვული იარაღის პირობებში კაცობრიობის დასასრულს ნიშნავდა და კაცობრიობას ხელახლა მოუწევდა „დაბადება“, ანუ პირველყოფილი პერიოდის გავლა, როცა ერთადერთ იარაღს ჯოხები და ქვები წარმოადგენდა.
დღეს პუტინმა თავად დააყენა მსოფლიო ჯოხებისა და ქვების გამოყენების ალტერნატივის წინაშე და უკვე ძალიან ხშირად ისმის კითხვა- რა შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი? იქნებ, უკვე მესამე მსოფლიო ომში ვიმყოფებით და ვერ ვხვდებით ამ საფრთხეს, რადგან დიდი ქვეყნები ირიბად ჩართულნი არიან ამ ომში და უკრაინას იარაღს აწვდიან?!
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ასკვნის, რომ, თუკი უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, მაშინ გარდაუვლად დაიწყება მესამე მსოფლიო ომი, რადგან „რუსეთს გაცილებით მეტად შევზიზღდებით იმიტომ, რომ ჩვენ ისინი დავამცირეთ“. პოდოლიაკის შეფასება ემყარება იმ არგუმენტს, რომ უკრაინამ დაამტკიცა, რომ რუსეთი არ არის მეორე ჯარის მქონე მსოფლიოში, რის გამოც რუსები მოისურვებენ სამაგიეროს გადახდას. ამდენად, რევანშიზმი და რუსული შოვინიზმი სულ უფრო მოიმატებს ძალას.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეჭვობს, რომ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო კიდეც, რადგან არა მარტო უკრაინის, მთელი კაცობრიობის ბედი დგას სასწორზე.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მესამე მსოფლიო ომის დაწყებას არ ელის. For.ge- სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ პოდოლიაკის ასეთი რიტორიკა ბირთვული აპოკალიფსის ომის შესახებ ძალიან საშიშია. ამიტომ სიტუაციიდან გამოსავლის ძებნაა საჭირო.
„ზუსტად ამას ამბობდა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერიც, რომელიც დღევანდელ პოლიტიკოსებთან შედარებით გამოიყურება, როგორც გულივერი ლილიპუტებთან. ჰენრი კისინჯერმა და მისმა თაობამ იპონით (ძიუდოს ტერმინი) მოიგეს ცივი ომი რუსეთთან, ბერლინის კედელი ისე დაინგრა, მერე საბჭოთა კავშირიც, ეს უზარმაზარი მონსტრი ისე დაიშალა, რომ ერთი თოფი არ გავარდნილა. ამ ლილიპუტებმა კი 20 წლის განმავლობაში ვერ შეაჩერეს ისეთი იდიოტი, როგორიც პუტინია და საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს ეგზისტენციალური კრიზისი. თვითონვე ლაპარაკობენ, უკრაინაში ომი შეიძლება გადაიზარდოს ბირთვულ აპოკალიფსშიო, რაც წარმოუდგენელი იქნება“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
მისივე განმარტებით, ეს მხცოვანი კაცი - კისინჯერი ჩავიდა დავოსში, თავი გაუყადრა ლილიპუტებს, რომლებიც ამის ღირსნი არ არიან, ჭკუა დაარიგა, გამოსავალი ეძებეთო. თქვა კიდეც კისინჯერმა, ორი თვის ვადა არსებობს ამ კრიზისის ამოწურვისთვის და ამ ორ თვეში დეესკალაცია, მოლაპარაკების პროცესი უნდა დაიწყოსო. თორემ ესკალაცია თუკი შეუქცევადი გახდა, გამოსწორება შეუძლებელია.
დავით ზარდიაშვილი იმასაც შენიშნავს, რომ უკრაინისთვის დახმარების რესურსები ამოწურვადია, ყველაფერი ფული ღირს. ამხელა ინფლაციაა დასავლეთში უკრაინის დახმარების გამო და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინფლაციისა უკრაინაა. ეს დახმარებები არასრულყოფილი ეკონომიკური მეთოდებით მიიღწევა. მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკა ჩარხავს ამდენ ფულს. აქედან გამომდინარე, კისინჯერის წინადადებაც ეს არის, იქნებ, შეიცვალოს ვითარება, გარდატეხა მოხდეს, უაზრო, ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტა პოლიტიკურ პროცესში გადავიდეს.
ანალიტიკოსის აზრით, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, გინდა თუ არა, უკრაინამ დათმოს, მაგრამ იარაღით კი არ უნდა ილაპარაკონ, არამედ ცივილიზებული მეთოდებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევენ მოვლენებს - მესამე მსოფლიო ომს, თუ მის წინარე მოვლენას. მთავარია, რომ მსოფლიოში გლობალური კრიზისია დაწყებული, მათ შორის, დაწყებულია ამ კრიზისის საომარი კომპონენტი და ამის უარყოფა არ ნიშნავს, რომ სიტუაცია გამოსწორებულია. შესაბამისად, მესამე მსოფლიო ომით აპელირება გადაჭარბებულია.
ჰოოოდა გაისვრის აბა რას იზამს ??? რა აააქვს დასაკარგავი??
მერე იტყვიან რად ისროლაო .
იმიტომ იმიტომ ----------------გააანებეთ თავი და არ გაისვრის, ნუ უჩხიკინებენ
თუ ცოტას კიდევ გააგრძელებენ ისინი დემოკრატიიის თამაშს-----------------------ეს აუცილებლად გაისვრის ..
.ერთი კი ნაღდია არ წააგებს ------- ანუ გაისვრის