„წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ძალიან სურთ ჩანაწერების განადგურება

„წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ძალიან სურთ ჩანაწერების განადგურება"

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ ფარული ვიდეოჩანაწერების განადგურების წინააღმდეგია. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, თიკო ნიბლოშვილმა for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა განცხადება. მისი თქმით, წინა ხელისუფლების აპრობირებული მეთოდი იყო კონკრეტული პიროვნებების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გადაღება და შემდეგ ამ პირების  ჩანაწერებით დაშანტაჟება.

„მიგვაჩნია, რომ ამ ფარული ჩანაწერების განადგურება დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი გამოძიების პროცესში იქნება გამოყენებული, რადგან ეს მასალები წარმოადგენენ მტკიცებულებებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც წლების განმავლობაში ჩადიოდნენ დანაშაულს და მსგავს კადრებს იღებდნენ“, - აცხადებს თიკო ნიბლოშვილი.

მისი თქმით, ფარული ჩანაწერების განადგურებაზე აქტიურად საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც 3 მაისს სოციალურ ქსელებში პირადი ცხოვრების ამსახველი  ვიდეომასალა გამოქვეყნდა. საუბარია ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე. თიკო ნიბლოშვილის თქმით, ამ ფაქტმა საზოგადოების აღელვება გამოიწვია და სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში ფარული ჩანაწერების განადგურების საკითხი. ნიბლოშვილი ამბობს, რომ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენელი, ლევან ჩიტიძეც ცუდად ჩათრეული აღმოჩნდა ამ საქმეში მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 8 მაისს გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნდა „პრაიმტაიმის“ ყოფილი ჟურნალისტის, მარიამ გულორდავას სტატია, სადაც ჟურნალისტი ლევან ჩიტიძეზე საუბრობს. თიკო ნიბლოშვილი გულორდავას ამ სტატიას ცილისწამებას უწოდებს, რადგან იქ საუბარია ჩიტიძის მიერ გულორდავასთვის გარკვეული ინფორმაციების მიწოდებაზე, რასაც შემდეგ გულორდავა თითქოსდა გადასცემდა ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილს.

„ჩვენი შეფასება მარიამ გულორდავასთან დაკავშირებით არის ის, რომ მან ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა ლევან ჩიტიძესთან დაკავშირებით, რითაც დაარღვია „საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ (მე-17 მუხლი). ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ეს ადამიანი არის ჟურნალისტი და ამ სტატიით მან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მესამე მუხლიც დაარღვია, სადაც წერია, რომ ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია, ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ლევან ჩიტიძე ამ ფაქტებთან არანაირ კავშირში არ არის და ეს მხოლოდ ცილისწამებაა და მეტი არაფერი“, - ამბობს თიკო ნიბლოშვილი.

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ არ გამორიცხავს, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებით მარიამ გულორდავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიდეს.

ორგანიზაციის დამფუძნებელი, ლევან ჩიტიძე ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საუბარი არ არის იმ ადამიანების რაიმე სახის ბრალეულობაზე, რომლებიც ამ ფარულ ვიდეოჩანაწერებში ფიგურირებენ. მისი თქმით, საქმე ეხება იმ პირებს, ვინც ამ ჩაწერებს ახორციელებდა, ხოლო ვინაიდან ეს მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო არქივში ინახებოდა, გამოდის, რომ ეს ოფიციალური მონაცემებია.

„ვინც ამ ჩანაწერებს აკეთებდა, აარქივებდა და შემდეგ კონკრეტული პირების დასაშანტაჟებლად იყენებდა, ამ პირების წინააღმდეგ ეს ჩანაწერები სერიოზულ მტკიცებულებას წარმოადგენს. ხოლო თუ ეს მასალები განადგურდება, ამ პირების წინააღმდეგ სამხილები აღარ იარსებებს და მათი პასუხისმგებლობის საკითხიც აღარ დადგება“, - ამბობს ლევან ჩიტაძე.

მას მაგალითად მოჰყავს მეგიზ ქარდავა, რომელიც ორგანიზებას უწევდა ამგვარი ჩანაწერების გაკეთებას და შემდეგ შანტაჟისთვის გამოყენებას. ჩიტიძე აცხადებს, რომ თუკი არ იარსებებს ეს ჩანაწერები, მაშინ როგორ უნდა მოხდეს მეგიზ ქარდავასთვის ბრალის წარდგენა და მისი პასუხისგებაში მიცემა, გაუგებარია. ჩიტიძის თქმით, ფარულ ჩანაწერებში ასახული პირები არიან მნიშვნელოვანი მოწმეები, რომლებიც სავარაუდოდ არაერთხელ იყვნენ ქარდავას და მისი თანამზრახველების მიერ დაბარებულები და დაშანტაჟებულები. ეს ერთი მთლიანი საქმეა და შესაბამისად, ამ ჩანაწერების განადგურება გამოიწვევს ასეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გაქრობას და ვეღარ დადგება იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც ამ ჩანაწერებს აკეთებდა.

„წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ძალიან სურთ ამ ჩანაწერების განადგურება, რადგან ეს მასალები მათ დანაშაულებრივ საქმიანობას ააშკარავებს. აქვე გეტყვით, რომ მარი გულორდავა არის პირი, რომელიც არ სარგებლობდა ნდობით და შესაბამისად, ის განცხადება, რაც მან გააკეთა, სრული სიცრუეა. არათუ როგორც ნაცნობთან, არამედ როგორც ჟურნალისტთანაც კი „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრს“ გულორდავასთან არანაირი ურთიერთობა არ გვქონია, რადგან ჩვენთვის ცნობილია, რომ მას გარკვეული კავშირები აქვს მეგიზ ქარდავასთან, რომლის ორგანიზებითაც იყო გადაღებული გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები“, - აცხადებს ჩიტაძე.

მისი თქმით, მარიამ გულორდავას სურდა ჩიტიძის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მარგინალიზაცია. ასევე ჩიტიძე ამბობს, რომ იმ დღეს, როდესაც გულორდავამ „ალიაში“ სტატია გამოაქვეყნა, იგი ჩიტიძეს ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ მასზე მთელი დღის განმავლობაში ზეწოლა ხორციელდებოდა და ბოლოს მან ეს სტატია გამოაქვეყნა. „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ დამფუძნებლის თქმით, ორგანიზაცია იკვლევს, რა კავშირები აქვს მარიამ გულორდავას კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებთან და სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ, თუმცა მანამდე ლევან ჩიტიძე ელოდება, რომ ამ საქმეში გარეულმა პირებმა ღიად დააფიქსირონ, რა მოხდა რეალურად, მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების გამო ღიად მოიხადონ ბოდიში. ასეთ შემთხვევაში, ჩიტიძე სასამართლოში სარჩელს აღარ შეიტანს.