კავკასია - რუსეთის ველური დასავლეთი

კავკასია - რუსეთის ველური დასავლეთი

[მანფრედ ქიურინგი; Die Welt]

ძალადობა, სიღატაკე და ცოტაოდენი იმედი – მოგზაურობა მშფოთვარე კავკასიურ რესპუბლიკებში: დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში

დაღესტნის დედაქალაქში გოგონები მოკლე ქვედაკაბებში დადიან – იმ ადგილას, რომელიც ჩეჩნეთიდან 170 კილომეტრშია ეს წარმოუდგენელია. ოპონენტებს მიაჩნიათ რომ მკაცრი კურსი შეცდომაა, რადგან ადგილზე სისხლის აღების წესის გამო, ერთ მოკლულ მებრძოლს კიდევ ხუთი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

ნაზრანი/გროზნო/მაჰაჩკალა

მაჰაჩკალას მიმდებარე ტერიტორიას სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, კარგად შეიარაღებული ადამიანები აკონტროლებენ. ისინი ყურადღებით აკვირდებიან იმას, რაც ჩეჩნეთისკენ მიმავალ მეზობელ ქუჩაზე ხდება. ბეტონის ბლოკების გვერდით ჯავშანმანქანა დგას და მასზე დამაგრებული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი საბრძოლო მზადყოფნაშია. ზოგიერთ გუშაგს შავი ნიღაბი უკეთია და მათი მზერა განსაკუთრებით გამჭოლია. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იციან, რომ ისინი რუსეთის გენერალური შტაბის სადაზვერვო განყოფილების (“გრუ“) მებრძოლები არიან.

დაღესტანი

ადგილობრივი მცხოვრებლები ამგვარ სცენებს იმდენად არიან შეჩვეულები, რომ საკუთარ საქმეებს ისე აკეთებენ, თითქოს ეს ავტომატიანი ხალხი იქ არც დგას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მივარდნილი პროვინციული ქალაქი სატრანსპორტო კვანძად იქცა. ქალაქის შემოგარენში აღმართულ ბლოკ-პოსტებს თუ არ ჩავთვლით, შუადღით კავკასიასა და კასპიის ზღვას შორის მდებარე ამ რესპუბლიკაში ფეთქებადსაშიშ სიტუაციაზე არაფერი მიუთითებს, თუმცა სინამდვილეში ადამიანებს აქ ყოველდღიურად ხვრეტენ, აფეთქებენ ან სხვა ფორმით კლავენ და გარდა ამისა იატაკქვეშეთში მოქმედ მებრძოლთა ჯგუფები მუდმივად ჩამოდიან მთიდან და ბომბების საშუალებით აქ საკუთარი ისლამური ცხოვრების წესის დამკვიდრებას ცდილობენ.

ქუჩებში მოკლე ქვედაკაბებში ან ჯინსებში გამოწყობილი გოგონები სეირნობენ და თავსაბურავი არც ერთს უკეთია. გროზნოდან 170 კილომეტრში მდებარე ქალაქისთვის ეს ძალიან უჩვეულოა. მაღაზიებში თავისუფლად ყიდიან ლუდს, ღვინოს და არაყს. თეატრში გადის პიესა „ფიგაროს ქორწინება“. მაჰაჩკალა – კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქია, რუსეთის შემადგენლობაში შემავალი დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქი.

უცბად საოცარი სისწრაფით გვერდით მსუბუქი ავტომანქანა ჩაგიქროლებს, საიდანაც ავტომატებით შეიარაღებული ოთხი წვერიანი ახალგაზრდა ცეცხლს ხსნის იმ მაღაზიის ვიტრინის მიმართულებით, რომელიც ალკოჰოლით ვაჭრობს. შეშინებული გამყიდველები და მყიდველები გარბიან. ერთი დღის შემდეგ, მთაში სალაფიზმის ერთ-ერთი იდეოლოგი მიხსნის: „ეს თავად ამ ადამიანების ბრალია, მათ ხომ აფრთხილებდნენ. ალაჰი ალკოჰოლის მიღებას კრძალავს“.

სამართალდამცავი ორგანოები სხვაგვარად ფიქრობენ. ისინი ქალაქში ტერორისტებს თავს ესხმიან. შუადღით სასტიკი ურთიერთსროლების შედეგი – შვიდი დაღუპული მილიციელი და ოთხი მებრძოლია. როგორც სჩანს ისინი, ჩეჩნეთის საზღვართან არსებული რთულად მისადგომი მთიანი რეგიონიდან ჩამოვიდნენ. მაჰაჩკალელმა მეგობრებმა გამაფრთხილეს: გამცილებლის გარეშე, რომელიც შესძლებს ადამიანებთან, განსაკუთრებით რასულ მაგომედოვთან დაკავშირებას და გადაადგილებას უზრუნველყოფს, მოგზაურობა ძალიან სარისკო იქნებოდა. ჯერ კიდევ ცოცხალია ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ თანამშრომლის არიან ერკელის და არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობას“ ხელმძღვანელის ნინა დავიდოვიჩის გატაცებასთან დაკავშირებული მოგონებები. დავიდოვიჩი მაჰაჩკალას ცენტრიდან 2002 წლის ივლისში გაიტაცეს. ერკელი 2002 წლის აგვისტოში შეიარაღებულმა ადამიანებმა ქალაქის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. დავიდოვიჩი 168 დღეში გაათავისუფლეს, ერკელს კი ლოდინი 2004 წლის აპრილამდე მოუწია, ვიდრე ის მილიონ ევროდ არ გამოისყიდეს. საბოლოო ჯამში ორგანიზაცია „დაღესტნის დედები ადამიანის უფლებებისთვის“ თანამშრომელი სვეტლანა ისაევა დაგვეხმარა. მან მაგომედოვთან დაკავშირება შესძლო, რომელიც შეხვედრაზე დაგვთანხმდა. ისაევამ სანდო გამცილებელიც მოგვიძებნა.

ბალაჰანი – მთის პატარა სოფელია 450 ეზოთი, მეჩეთითა და სკოლით. აქ ავარები ცხოვრობენ, ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნოსი დაღესტნის 50 სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან. ველს ორივე მხრიდან ციცაბო კლდე გადმოჰყურებს, მათი სიმაღლე 2 000 მეტრია. გზა იმდენად ცუდია, რომ ბალაჰნამდე მიღწევას ძალიან დიდ დროს ვანდომებთ.

რასულ მაგომედოვს თეთრი წვერი აქვს, ხშირი წარბებიდან კი დაძაბულად გიმზერს. ის რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და ამავდროულად სკოლის ფსიქოლოგია. მაგომედოვი სკოლის იმ მოსწავლეებს ეხმარება, რომლებსაც ადაპტაციის პრობლემები აქვთ. ასევე შუამავალის როლს ასრულებს იმ შემთხვევაში, თუკი კონფლიქტი იქმნება მასწავლებლებს, სკოლას და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის – ასე აღწერს 57 წლის რასულ მაგომედოვი მისი როგორც ფსიქოლოგის საქმიანობას. საბჭოთა დროს ის თავის სამუშაოს კომკავშირული ორგანიზაციის მდივნის საქმიანობას უთავსებდა.

მისი ოჯახი ტრაგიკულად ცნობილი ამ წლის გაზაფხულზე გახდა. ტერორისტი-თვითმკვლელი გოგონას ფოტოზე მან საკუთარი შვილი ამოიცნო. 28 წლის მარიამ შარიპოვამ 29 მარტს მოსკოვის მეტროსადგურ „ლუბიანკაზე“ თავი აიფეთქა. მალე 17 წლის ჯენეტ აბდურაჰმანოვამაც აიფეთქა თავი მეტროსადგურ „კულტურის პარკთან“. შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 80 მგზავრი კი დაიჭრა. მაგომედოვი ქალიშვილს გლოვობს. ის მისთვის (რაც კავკასიელისთვის უჩვეულოა) ორ ვაჟზე ძვირფასი იყო, რომლებზეც აფეთქების შემდეგ ძებნა უსამართლოდ  გამოცხადდა და დღეს ისინი იმალებიან, მაგრამ რასულისთვის მისი ქალიშვილი რწმენაში ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო. რამდენიმე წლის წინ მექაში ჰაჯი მათ ერთად განახორციელეს.

მარიამ შარიპოვა ღრმად მორწმუნე მუსულმანი და ამავდროულად განსწავლული მათემატიკოსი, ასევე ინფორმატიკის და ფსიქოლოგიის სპეციალისტი იყო. თუკი მან აფეთქება საკუთარი სურვილით განახორციელა (გამოძიებამ ჯერ ამის დამტკიცება ცალსახად ვერ შესძლო) მაშინ ის იმედოვნებს, რომ ალაჰი მას როგორც წამებულს სამოთხეში წაიყვანს, რადგან მისი თქმით, ალაჰის კანონებით მსგავსი ქმედებები დაშვებულია, თუკი ის მიმართულია მოსკოვის ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც სატანური მაფიოზური რეჟიმი მართავს და ისლამური რწმენის დამკვიდრებისკენ. „დღეს მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ბრძოლა კუფარებს ანუ ურწმუნოებს და ისლამს – რწმენის უმაღლეს ფორმას შორის“ – დარწმუნებით აცხადებს მაგომედოვი.

ქვევით სანაპიროზე, ისლამური ფუნდამენტალიზმის მიმართ შიშია გამეფებული. ზაურ გაზიევი, დაღესტანში უფლებადამცველი ორგანიზაციის „მემორიალის“ წარმომადგენელი, ქვეყნის „ძალადობრივ ისლამიზაციაზეც“ კი საუბრობს. ის ჩივის რომ „დასავლური ღირებულებების“ გაზიარება, რაც საბჭოთა დროს ნაწილობრივ ხორციელდებოდა ახლა ითრგუნება. გაზიევის მოსაზრებას ბევრი იზიარებს. ორგანიზაცია „მამულის“ თავმჯდომარე სულეიმან ულადიევს მიაჩნია, რომ დაღესტანში „თალიბანიზაცია“ ხდება. არასამთავრობო ორგანიზაციების ჭრელი პალიტრა ახალი საზოგადოებრივი ცნობიერების მხარდაჭერას ცდილობს. დაღესტანში ოთხი ოპოზიციური გაზეთი იბეჭდება და ისინი ამ სტატუსს ნამდვილად იმსახურებენ. ჩრდილოეთ-კავკასიაში ეს გამონაკლისია.

და მიუხედავად ამისა შეიარაღებულმა შეტაკებებმა აქ გამორჩეულად სასტიკი ფორმა მიიღო. ზოგჯერ რესპუბლიკაში კვირაში 40 ადამიანს კლავენ. რელიგიური, დანაშაულებრივი და სახელმწიფო ძალაუფლების ერთგვარი ნაზავი აქ ფეთქებადსაშიშ სიტუაციას ქმნის, რაც ახალგაზრდებს „ტყეში“ გაქცევას აიძულებს – მიაჩნია სვეტლანა ისაევას. „იქ ფულისთვის არავინ იბრძვის“ – აცხადებს ორგანიზაცია „დაღესტნის დედები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, რომელიც თავად 2006 წელს დაკარგულ შვილს დღემდე ეძებს. ტიპური დაღესტნური ტრაგედია ასეთია: ადამიანი ძარცვის მოწმეა, გამოძიების დროს კი მოულოდნელად ბრალდებული ხდება. სასტიკი წამების გამო მას დანაშაულის აღიარებას აიძულებენ. ასეთ სიტუაციაში ადამიანი მხოლოდ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ შეიძლება იხსნას. ჩვეულებრივ, ასეთი დამიანები უკვალოდ ქრებიან, ან მათ ცხედრებს ტყეში პოულობენ. ხელისუფლება იუწყება: მოკლულია კიდევ ერთი ვაჰაბიტი. ამიტომ, ის „ტყის ძმებთან“ გარბის. რამდენიმე თვეში მას „სპეცოპერაციის“ დროს კლავენ და ტერორისტად ასაღებენ. ახალგაზრდა მორწმუნეები, რომლებსაც მებრძოლ დაჯგუფებებთან საერთო არაფერი აქვთ, მუდმივად ამ ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლნი არიან.

დაღესტანში მილიციაც ბანდიტური სამყაროს ნაწილია – ამბობს ზაურ გასიევი. მას რელიგიური ექსტრემიზმი იმისთვის სჭირდება, რომ თავისი უზარმაზარი ბიუჯეტი მიიღოს და ის შესაძლებლობის ფარგლებში კიდევ უფრო გაზარდოს. ამავდროულად, მილიციის თანამშრომლებს ძალიან მჭიდრო კონტაქტები აქვთ მათთან, ვისაც უნდა აკავებდნენ. რაც შეეხება ექსტრემისტებს, ისინი გამოძალვით არიან დაკავებულები და მათ ფულს „მთელი სამინისტროები“ უხდიან, ამბობს „მემორიალის“ წარმომადგენელი. ზუსტად არავინ იცის სინამდვილეში რამდენი „ტყის ძმა“ არსებობს. შეიძლება მათი რიცხვი 200, 300 ან 500-იც კი არის. ქალაქის იატაკქვეშეთში 1 000 არალეგალი მოქმედებს და ვინაიდან ამ ადამიანებს შორის უხილავი კავშირებია და მათი ინტერესები ერთმანეთს კვეთს, დაღესტანი უმართავია.

ჩეჩნეთი

ამ ფონზე ბევრი დაღესტნელისთვის მეზობელი ჩეჩნეთი მშვიდობისა და სიწყნარის ნავსაყუდელია. ამ შთაბეჭდილებას ამყარებს უსაფრთხოების ძალთა მასობრივი წარმომადგენლობა. ჩვენი მძღოლი იძულებული გახდა გზა დაეთმო რუსეთის სატანკო და სატვირთო ავტომობილების კოლონებისთვის. შარშანდელთან შედარებით, როდესაც ჩეჩნეთს ვსტუმრობდი და აქ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა, ქუჩებში რუსი სამხედროების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. დაბა ცენტოროი, რომელიც გუდერმესის მახლობლად მდებარეობს და სადაც კადიროვების კლანია განთავსებული, ნამდვილ ციხესიმაგრედ იქცა. „აქ შემოსვლა შეიძლება“ – სიმაყით აცხადებს 34 წლის რამზან კადიროვი, რომელმაც პრეზიდენტის ტიტული ჩეჩნეთის მეთაურის წოდებაზე გაცვალა. „თუმცა აქედან გასვლას ვერავინ შესძლებს“ – სთქვა მან თვითდაჯერებული ტონით ჩემთან საუბრის დროს მის რეზიდენციაში. ამავდროულად ამ ზაფხულს ის ისლამისტი მებრძოლების თავდასხმაზე მიანიშნებდა, რომლის დროსაც 12 აჯანყებული მოკლეს.

სინამდვილეში ცენტოროი დაცულია, როგორც მაქსიმალური უსაფრთხოების ზონა. სოფლის მისასვლელთან კარგად შეიარაღებული ბლოკპოსტებია აღმართული. ისინი მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს ატარებენ. ამ სოფელში მცხოვრები ჩვენი ნაცნობი ქალბატონი, ბლოკპოსტის გადალახვაში გვეხმარება. „ეს ჩემი სტუმრები არიან“ – ეუბნება ის გუშაგს, რომელიც მას უნდობლობით უყურებს და ამ ყველაფრის მიუხედავად კავკასიაში ჯერ კიდევ მოქმედ ჯადოსნურ ფორმულას წარმოსთქვამს. სტუმარი აქ ხელშეუხებელია.

არანაირი ფოტოგადაღება. ვცდილობთ თვალი შევავლოთ კადიროვების მეჩეთიან სახლს, რომელიც სოფლის ცენტრში მდებარეობს და მაღალი ღობითაა გარშემორტყმული. ჩეჩენი ლიდერის ამ ციხესიმაგრეს შავებში ჩაცმული ადამიანები იცავენ. შემდეგ ჩვენ სწრაფად გავივლით კიდევ ერთ ქუჩას და ყველანაირი ეჭვის თავიდან ასაცილებლად ცენტოროის ვტოვებთ.

ჩეჩნეთში რამზანის, როგორც ტერორისტებზე გამარჯვებული ლიდერის რეპუტაცია აგვისტოში ცენტოროიზე თავდასხმისა და ოქტომბერში გროზნოში პარლამენტზე შეტევის  შემდეგ შეირყა. მისი ხალხი წუხს და ბუნებრივია, მსგავსი ფაქტის გამეორება არ სურთ. ამავდროულად ის მეტი საჯაროობისკენ მიისწრაფვის, რათა ჩეჩნეთი იმ განკურნებულ რესპუბლიკად წარმოაჩინოს, რომელიც ამ ტერორისტულ თავდასხმებამდეც კი არ არსებობდა.

გროზნოს მთავრობის სახლში სამ საათს ვიცდით. შემდეგ ჩეჩნეთის ლიდერი ჩნდება და დაგვიანებისთვის ბოდიშს იხდის. რამზანი მხარბეჭიანი ახალგაზრდაა, სიმაღლით არანაკლებ 1 მ და 70 სმ და ის ძალიან რბილად გართმევს ხელს. საქმე უამრავია და უკვე ორი დღეა რაც ის სახლში არ ყოფილა. დედამ რამდენჯერმე დაურეკა და ახლა მასთან უნდა წავიდეს – ამით ხსნის ის დღეს საღამოს შეხვედრის გადადებას და საუბარს მეორე დილას გვინიშნავს.

მეორე დღეს გვიან საღამოს ის ჩვენი რეზიდენციაში მიყვანის ბრძანებას გასცემს. შემოსაზღვრულ წმინდა ადგილამდე მისასვლელი ორი კილომეტრის მანძილზეა და ის ძალიან კარგადაა დაცული. შემდეგ ზღაპრის „ათასერთი ღამის“ მსგავსად ჩნდება კარიბჭე. მცველების გვერდით შესასვლელში ლომების უზარმაზარი ქანდაკებები დგას. კადიროვი საშინაო სამოსშია გამოწყობილი და ისეთ ატმოსფეროში გვიღებს, რომელიც აღმოსავლელი მმართველის მოსასვენებელს მოგაგონებთ. ინტერიერში თეთრი, ოქროსფერი და ალისფერი დომინირებს. რამზანი (ის გვთხოვს, რომ ასე მივმართოთ) ხელისუფლებაში თითქმის ოთხი წელია და ამ ხნის განმავლობაში (მოსკოვის ფულისა და ადგილობრივებზე ზეწოლით მიღებული დოლარებით) მან შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია. ჩეჩნეთში ჩრდილოეთ-კავკასიისთვის (და მისთვისაც) უჩვეულო სამშენებლო ბუმია. რამზანი ზანტად გადაადგილდება თავის ფეშენებელურ სახლში. გარეთ, სიბნელიდან მკვეთრი ფერადი ნათურებით ამონათებულია უზარმაზარი ხელოვნური კლდე, მის უკან კი გალიებში ზანტად გადაადგილდებიან ვეფხვები და ლეოპარდები. უკანა შესასვლელთან მდებარე გამთბარ ავტოფარეხში ორი ავტომანქანა მერსედესი (600) და Porsche Cayenne დგას. როდესაც კადიროვი თავის სამფლობელოს ტოვებს და გროზნოში სამუშაოდ მიემგზავრება, მას ქალაქის ქუჩებში ორი ათეული დაჯავშნული ძვირფასი ავტომანქანა მიაცილებს, რომელიც მზადაა გადაუაროს ყველას ვინც კი გზაზე გადაეღობება.

დროთა განმავლობაში რამზანი გათავისუფლდა თავდაპირველი მოუქნელობისგან. ის უფრო თავისუფლად საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი რუსულის ცოდნა  სრულყოფილებით არ გამოირჩევა, ხოლო გაუნათლებლობას ზედმეტი თვითდაჯერებულობის უკან მალავს. ის მშვიდად საუბრობს და ჩვეულებრივ გაწონასწორებულია, მაგრამ ორ კითხვაზე აგზნებით რეაგირებს. მას არაფრის გაგონება არ სურს იმის შესახებ, რომ მისი ხალხი ძალადობს უდანაშაულო თანამემამულეებზე, „საეჭვო“ ტერორისტის განადგურებისთვის პრემიის მისაღებად. ადამიანების მოულოდნელი „გაქრობა“ ჩეჩნეთში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. „ამ ტყუილს ცუდი ადამიანები ფულის სანაცვლოდ ავრცელებენ“ – გაღიზიანებით ამბობს ჩეჩნეთის მეთაური.

ის წონასწორობას კარგავს, როდესაც საუბარი აჰმედ ზაკაევზე იწყება, ლონდონში მცხოვრებ ჩეჩნეთის მთავრობის დევნილ თავმჯდომარეზე. რამზანის აზრით ზაკაევი „ნომერ პირველი ტერორისტია“, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერ ცუდზე რაც ჩეჩნეთში ხდება. კადიროვი მუქარანარევი ხმით ამბობს, რომ ზაკაევს სამართლიანად ელოდება სისსხლის აღების წესი, მათ შორის იმის გამოც, რომ სიტყვის კაცი არ არის, რადგან ზაკაევმა პირობა დადო რომ ჩეჩნეთში დაბრუნდებოდა, მაგრამ დღემდე არ დაბრუნებულა. „ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მას ამის უფლება არ მისცეს“ – მიაჩნია მოსკოვის დანიშნულ ჩეჩნეთის ლიდერს, რომლის გონებრივი შესაძლებლობების დიაპაზონი სოფლის მილიციელისას უტოლდება. როდესაც მოგვიანებით ზაკაევს ტელეფონით კითხვა დაუსვეს, მას მხოლოდ გაეცინა. „ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში მე მხოლოდ მოსკოვის წარმომადგენლებთან მისაუბრია და არც ერთხელ კადიროვთან“ – განაცხადა ზაკაევმა მხიარულად ყოფილი მსახიობის ხმით. მას მიაჩნია რომ ჩეჩნეთში სიტუაცია, რომელსაც კადიროვი სტაბილურს და პერსპექტიულს უწოდებს, სინამდვილეში ფეთქებადსაშიშია. საშუალოვადიან პერსპექტივაში აფეთქება გარდაუვალია. ჩეჩნეთს მორჩილებაში დიდხანს ვერ ამყოფებ და ისტორიამ ეს დაადასტურა.

ზაკაევი „პოლიტიკურ წარმატებად“ აფასებს იმ ფაქტს, რომ მებრძოლებმა ჯიჰადის იდეოლოგიაზე უარი სთქვეს. ახლა ბრძოლის ცენტრში კვლავ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის საკითხია. „დევნილი მთავრობა ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობის გადაწყვეტილებას მიესალმება“ – ამბობს ზაკაევი, თუმცა მისი თქმით, თავად იგი პოლიტიკურ ბრძოლას ეწევა. ამიტომ ის „ნომერ პირველი ტერორისტი“ ვერ იქნება, რადგან სპეცსამსახურები მას მუდმივად უთვალთვალებენ. სამაგიეროდ ის ადასტურებს იმ ვარაუდს, რომ კადიროვის ორგანიზებული „სიკვდილის ბრიგადები“ ჩეჩნეთის მიღმა მოქმედებენ. „ნებისმიერი ვინც კადიროვს გადაეღობება საფრთხეშია, ჟურნალისტებიც კი“ – მიაჩნია ზაკაევს. ვენაში უმარ ისრაილოვის მკვლელობა, ასევე ანა პოლიტკოვსკაიას და ბევრი სხვა ჩეჩენის მკვლელობა მისთვის ამგვარი ქვედანაყოფის არსებობას ადასტურებს.

გროზნო

თუმცა ჩეჩნეთის დედაქალაქში ახალგაზრდა კადიროვი მილოცვებს იღებს. „რამზან, გმადლობ გროზნოსთვის“ – ვკითხულობთ უზარმაზარ წარწერას ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სახლზე, თუმცა სულ სხვა ისტორიას ვკითხულობთ სახლების კედლებზე მიკრულ პატარა ფურცლებზე: „ვინმეს ხომ არ უნახავს რუსლანი? დაიკარგა 30 სექტემბერს“ – კითხულობენ დაკარგული ადამიანის ოჯახის წევრები.

ვლადიმერ პუტინის სახელობის გამზირი, რომლის ერთ-ერთ სახლზეც არჩევის შემდეგ უმალ პრეზიდენტ მედვედევის პორტრეტიც გამოსახეს სამაგალითო ქუჩაა. ქალაქს კვლავ აღუდგა ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მიწოდება. აჰმედ კადიროვის სახელობის მეჩეთის უკან, რომელიც რამზანის თქმით ევროპაში ყველაზე მასშტაბურია, გროზნო-სითის ბიზნეს-კვარტალი შენდება. გოგონები და ქალები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავსაფრით დადიან. ქუჩაში თავსაბურავის გარეშე სიარული სახიფათოა. ახლახანს რამდენიმე ქალს, რომელმაც ეს წესი დაარღვია, პეინტბოლის იარაღით სროლა აუტეხეს, თუმცა ჩეჩენ ქალებს ფანტაზია აქვთ. ისინი თავსაფრის იმიტაციას თმაზე გაკეთებული ლენტებით ახდენენ. ჰიჯაბი (ტრადიციული სამოსი, რომელიც სახის გარდა, მთელს სხეულს ფარავს) მიმზიდველი დიზაინის და იმის გამო, რომ იქიდან მაღალი ქუსლებიც მოსჩანს, კონსერვატიული მოლები მას ხშირად ნამდვილ პროვოკაციად აღიქვამენ.

„ერთი შეხედვით გროზნო შესანიშნავად გამოიყურება“ – ამბობს თამარა მეზობელი ქალაქ არგუნიდან – „მაგრამ რა ემართებათ აქ ადამიანებს – ეს არავინ იცის. ეს ყველაფერი სტალინის პერიოდს ჰგავს და აქ არავინ არაფერს ამბობს, მაგრამ რამე მაინც უნდა სთქვან, ვინმემ სიმართლე ხომ უნდა სთქვას“ – ასე ხსნის ის უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მზადყოფნას. ქალიშვილს მისთვის ხელის შეშლა სურს. „დედა, არ არის საჭირო იქ წასვლა, ისინი ხომ ყველას მოგვკლავენ“ – ემუდარება იგი, მაგრამ პასუხი ასეთია – „ისინი მაინც მოგვკლავენ“.

ის გვიყვება რომ მისი შვილი ვალიდი, იატაკქვეშელ მებრძოლთა შორისაა, სადაც ის 18 წლის ასაკში მოხვდა. მათ ვალიდს საკუთარი თავდასხმების ვიდეოები უჩვენეს რაც მისთვის გამოწვევა იყო. ორ თვეში მას ეს ყველაფერი მობეზრდა. ამნისტიაზე კადიროვის სიტყვების სჯეროდა და უკან დაბრუნდა. თამარა ახალგაზრდა კაცის ფოტოს გვიჩვენებს. მას ჭკვიანი თვალები აქვს. ვალიდი უმალ დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა კარგი ქცევისთვის დროზე ადრე გაათავისუფლეს. ტანჯვა-წამებაც ამის შემდეგ იწყება. „ნიღბიანი ადამიანები მუდმივად მოდიოდნენ, სცემდნენ მას, მე, ჩემს ქალიშვილს და ბავშვებს“ – ჰყვება იგი – „მე ვტიროდი და მუხლებზე დაჩოქილი ვევედრებოდი მათ. მეტი რა გინდათ? ის ხომ ამნისტირებულია!“ ბოლოს ოჯახი შეეცადა ვალიდი უსაფრთხო ადგილას თურქეთში გაეგზავნა, მაგრამ გზაში ის დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს.

ახლა მას ყალბი ბრალდებით უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. თამარას ეშინია, რომ მის შვილსაც იგივე დაემართება რაც მეზობლის შვილს. ისიც ამნისტირებული იყო, შემდეგ დაიჭირეს. როდესაც წვერი გაეზარდა კამუფლიაჟში გამოაწყვეს, ტყეში წაიყვანეს და იქ მოკლეს. „ტელევიზიით ის აჩვენეს როგორც მოკლული მებრძოლი“ – გვიყვება ვალიდის დედა. არგუნში ამნისტირებული 18 მებრძოლიდან ცოცხალი მხოლოდ 3 დარჩა. „ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩეჩნები ჩეჩნებს ასე მოექცეოდნენ“ – ამბობს თამარა.

ინგუშეთი

სლეპცოვსკი გროზნოდან აღმოსავლეთით, დაახლოებით ოც კილომეტრში მდებარეობს. ამ ადგილის სახელწოდება ინგუშეთში მუდმივად იქნება დაკავშირებული ჩეჩენი დევნილების უზარმაზარ ბანაკთან, რომელიც აქ ორი ომის განმავლობაში არსებობდა. მოსაღამოვდა, რუსტამი მანქანას ნელა მართავს, ცდილობს რა აჰმედის პოვნას პატარა ბნელ ქუჩებში, მაგრამ კაცის ჭაჭანება არ არის. აჰმედი პატარა და ჯერ კიდევ დაუსრულებელი მეჩეთის იმამია. ის მოულოდნელად ჩნდება სიბნელიდან. აჰმედი გვიამბობს მილიციელთა დარღვევებზე, ცემაზე, სასულიერო პირის მიმართ მუქარებზე, რომელიც იფიცება და აცხადებას, რომ ისლამის მშვიდობიანი მიმდინარეობის წარმომადგენელია. „როდესაც ბოლოს მოვიდნენ, დამემუქრნენ: მათ ზუსტად იცოდნენ, როგორ მაქცევდნენ ტერორისტად“ – ამბობს იგი. მას მიაჩნია რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები შიშის და სისასტიკის ატმოსფეროს ქმნიან. „აქედან მოდის ტერორიზმი, ვაჰაბიზმი, რომლებსაც ჩვენს რწმენასთან არანაირი კაშირი არა აქვს“ – ამტკიცებს იმამი.

ამ მოსაზრებას მისი ოპოზიციურად განწყობილი თანამემამულეებიც იზიარებენ. მოძრაობა „სამართლიანი ინგუშეთის“ თავმჯდომარე მაგომედ ჰაზბიევს მიაჩნია, რომ ადამიანების დაღუპვასა და „გაქრობაზე“ პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. ის ნაზრანის შემოგარენში თავის ნახევრად დანგრეულ სახლს გვიჩვენებს. „ეს სამთავრობო ჯარების ნახელავია. რამდენიმე კვირის წინ მათ ავტომატებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ჩემს სახლს ცეცხლი გაუსხნეს. ჩვენი შეშინება სურდათ“ – ამბობს უფლებადამცველი – „ჩემთვის ტყვია უკვე გამზადებული აქვთ“ – აღნიშნავს ელეგანტურ ევროპულ კოსტუმში გამოწყობილი ღრმადმორწმუნე მუსულმანი. როდესმე ეს ტყვია მიზანს მოხვდება, მაგრამ მან არ იცის როდის.

თავად ნაზრანშიც კი სასტუმრო „ასსა“, ფოიესა და სართულებზე განთავსებული ავტომატიანი მცველების წყალობით, ყველაზე უსაფრთხო ადგილია. როდესაც ახლომახლო სროლის ხმა გაისმა, დაცვის თანამშრომლები არც განძრეულან. „ეს ყოველდღე ხდება“ – ამბობს ერთ-ერთი მათგანი. მშვიდობიანი ატმოსფერო ბაზარში, სადაც ადგილობრივი ხილ-ბოსტნეულის გარდა უცხოური სარეცხი და საწმენდი საშუალებები, შოკოლადები „მარსი“ და „სნიკერსიც“ კი იყიდება, საოცრად კონტრასტულ სურათს ქმნის.

ნაზრანში, ორგანიზაცია „მემორიალის“ წარმომადგენლის თემურ აკიევის აზრით, ამ პატარა რესპუბლიკაში, სადაც 500 000 ადამიანი ცხოვრობს, შეიარაღებული წინააღმდეგობა რელიგიასთან დაკავშირებული არ არის. მას მიაჩნია რომ დიდწილად საქმე ეხება მოსახლეობის გარკვეული ჯგუფის ბრძოლას პოლიტიკურ სისტემასთან. „მთელს ჩრდილოეთ-კავკასიაში ბრძოლა გაჩაღებულია ფედერალური ხელისუფლების მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს შორის“ – დარწმუნებულია აკიევი. მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს, პუტინმა „სახელისუფლებო ვერტიკალი“ განამტკიცა, რომლის პირობებშიც კრემლი ბრძანებებს აძლევს დაქვემდებარებულ უწყებებს, რეგიონალურ წარმომადგენელთა არჩევა კი ფაქტობრივად შეწყვეტილია. „პრეზიდენტი იუნუს-ბექ ევკუროვი ამ სისტემის ნაწილია“ – მიაჩნია აკიევს.

პრეზიდენტის სასახლე ზედმიწევნით დაცულ სამთავრობო კვარტალში მდებარეობს. ყოფილი პროფესიონალი ოფიცერი გენერლის რანგში მოკრძალებულია. აცვია მუქი ფერის კოსტიუმი, საუბრობს ნელა და დაფიქრებულად. ის მყარად მიჰყვება მის მიერ გამოცხადებულ კურსს, რაც ძალადობის მსხვერპლთა და მებრძოლთა ოჯახებთან საუბარში მდგომარეობს. მისი მეზობლისგან რამზან კადიროვისგან განსხვავებით, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით არ სარგებლობს, ევკუროვს სწორად არ მიაჩნია იატაკქვეშელი მებრძოლების მოკვლა. „ჩვენთან სისხლის აღების წესი მოქმედებს. თუკი ჩვენ ერთ ბანდიტს მოვკლავთ, შეიძლება ამას სხვა ხუთი ადამიანის სიკვდილი მოჰყვეს“ – ამბობს იგი.

მიუხედავად ამისა ინგუშეთში რეალობა ასეთია: მებრძოლები აფეთქებენ ალკოჰოლით მოვაჭრეთა ჯიხურებს და კლავენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, ამიტომ სიტუაცია კვლავ უკიდურესად დაძაბულია, ისევე როგორც ჩეცნეთში, დაღესტანსა და ყაბარდო-ბალყარეთში. ჩრდილოეთ-კავკასია რუსეთისთვის დღეს უდიდეს გამოწვევად იქცა და არსებობს იმის საფრთხე, რომ შეიძლება მოსკოვმა ეს რეგიონი დაკარგოს. რელიგიური შეფერილობის კონფლიქტის უკან იმალება ბრძოლა სასოწარკვეთილ მოქალაქეებსა და ცინიკურ და დაუნდობელ სახელმწიფო ბიუროკრატიას შორის, რომელიც ძალაუფლებისა და საკუთრების ინტერესებიდან გამომდინარე სასტიკად სდევნის ოპონენტებს და ამით აღრმავებს იმ პრობლემებს, რომლებსაც თავად უნდა ებრძოდეს. საბოლოო ჯამში ჩრდილოეთ-კავკასია რუსეთის სარკეა, ქვეყნის სადაც ძალაუფლების მქონე ადამიანთა ინტერესების რეალიზაცია დაქვემდებარებული მოსახლეობის ხარჯზე ხდება. 2014 წელს სოჭში დაგეგმილი ოლიმპიადის მოახლოვებასთან ერთად, სიტუაცია მხოლოდ გამწვავდება. რადგან იმ დროისთვის პუტინს, რომელიც შეიძლება პრეზიდენტიც იყოს, ნებისმიერ ფასად შეეცდება იმის ჩვენებას, თუ როგორ წარმატებულად ვითარდებოდა ქვეყანა მისი ხელმძღვანელობით.

foreignpress.ge