„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიიჩნევენ, რომ მთავრობა სიტუაციის არევას და საპრეზიდენტოსთან ერთად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას შეეცდება. ამის შესახებ განცხადება პარტიის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
ვაშაძე არევაში გულისხმობს იმას, რომ უმრავლესობის მხრიდან პარლამენტის დათხოვნაზე დაიწყო საუბარი და სხვადასხვა კვლევებში, რომელიც ასოცირებულია „ქართულ ოცნებასთან“ უცებ გაჩნდა პარლამენტის დათხოვნის თემა - მისაღებია თუ არა ეს საზოგადოებისთვის.
„თუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდა, ეს იქნება, პირდაპირ რომ ვთქვათ, ხელების გადაგრეხვის მეთოდით, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და შეუძლებელია სხვა გზით პარლამენტის დათხოვნა. მე ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს სტაბილური განვითარების საშუალებას ხელს შეუშლის და ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის საბოლოოდ დასამარების გზა იქნება. რა რეაგირება მოჰყვება ამას ჩვენი მხრიდან და რას მიიღებს საპასუხოდ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ სტრატეგიულად ვფიქრობთ და მოვემზადებით ამ რეალობისთვისაც“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ხელისუფელბა ფიქრობს, რომ მას ჰყავს სუსტი საპრეზიდენტო კანდიდატი და აქედან გამომდინარე, მას ურჩევნია წავიდეს ერთდროულად საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე, რათა როგორმე საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი გაიყვანოს.
ფაქტია, დღევანდელი პარლამენტი საზოგადოების განწყობას ვერ ასახავს და მასში წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა რაოდენობა ბევრად მეტია იმაზე, რაც მართლაც სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში იქნებოდა. მართალია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე (და განსაკუთრებით) საქართველოს გარეთ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ, რომ გასული წლის ოქტომბერში საქართველოში ხელისუფლების გადაბარება სამართლიანი არჩევნების გზით მოხდა, თუმცა ფაქტები სხვაზე მეტყველებს.
ბუნებრივია, ამ ყველაფრის ფონზე საზოგადოებაში არსებობს განცდა იმისა, რომ პარლამენტი მის განწყობას ვერ ასახავს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაც განიხილება, თუმცა რამდენად სწორი იქნება ამ არჩევნების დანიშვნა იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში და რამდენიმე თვეში, სავარაუდოდ, სწორედ მმართველი გუნდის კანდიდატი გახდება პრეზიდენტი. ამ დროს ხელისუფლების ერთადერთი შტო, რომელსაც მმართველი გუნდი მთლიანად ვერ აკონტროლებს, სწორედ პარლამენტია, ხოლო პარლამენტის ხელახალი არჩევა სავარაუდოდ, ერთპარტიულ მმართველობამდე მიგვიყვანს.
მართლაც განიხილება თუ არა მმართველ გუნდში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თემა და სამართლებრივად ეს რამდენად შესაძლებელია, ამ კითხვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს მივმართეთ.
დეპუტატი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ამ შესაძლებლობას არც განიხილავს და ვერც განიხილავს, რადგან სამართლებრივად ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნებამდე უკვე 6 თვეზე ნაკლები დროა დარჩენილი, პარლამენტის დათხოვნის უფლება უკვე პრეზიდენტსაც აღარ აქვს და სხვა არანაირი ბერკეტი, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, უბრალოდ არ არსებობს.
„სცენარი, რომელიც ბატონმა ვაშაძემ დახატა, არარეალიზებადია, რადგან პრეზიდენტი პარლამენტს ვერ დაითხოვს. სხვა ბერკეტი კი უბრალოდ არ არსებობს. მე ასევე ბატონი ვაშაძის იმ ლოგიკის ახსნაც მიჭირს, როდესაც იგი ამბობს, რომ მმართველ გუნდს სუსტი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს და ამიტომ სურს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. თუკი ჩვენი კანდიდატი სუსტია, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩანიშვნის შემთხვევაში ის გაძლიერდება?“, - აღნიშნავს ვახტანგ ხმალაძე.
იგი მიიჩნევს, რომ დღევანდელი პარლამენტი მართლაც არ ასახავს საზოგადოების განწყობას, თუმცა ახლა რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, შესაძლოა „ქართული ოცნების“ გარდა პარლამენტში ვერც ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ვერ მოხვდნენ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ასეთი რამ ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს შექმნის. ამიტომ ხმალაძეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ გიორგი ვაშაძის განცხადება ღიმილის მომგვრელია. ექსპერტი ფიქრობს, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე არა, მაგრამ მომავალში არ გამორიცხავს, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დღის წესრიგში დადგეს.
რამაზ საყვარელიძე: ამას არ გამოვრიცხავ რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი მიზეზი არის ის, რომ შეიძლება ჭირვეული გახდეს ის 40%, რომლითაც დღეს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარმოდგენილი, თუმცა, ეს მეეჭვება და მგონია, რომ რაც დრო გავა, ისინი უფრო და უფრო ხავერდოვანები გახდებიან. მეორე მიზეზი არის ის, რომ დროის გასვლასთან ერთად, უფრო ჭირვეული გახდება პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია.
თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის უკმაყოფილება ძალიან გაძლიერდა, ეს შეიძლება მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილსაც გადაედოს, ხოლო ამ უკმაყოფილების ჩაქრობის ერთ-ერთი საშუალება იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ ძალებს მიეცემათ პარლამენტში მოხვედრის შანსი. ქვეყნის სტაბილურობას ეს ხელს შეუწყობს, თუ არადა არასაპარლამენტო ოპოზიციამ შეიძლება ქვეყანაში ძალიან მძიმე პოლიტიკური კლიმატი შექმნას.
ამ მოტივით ვვარაუდობ, რომ შეიძლება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დადგეს დღის წესრიგში.
ბატონო რამაზ, დღესდღეობით მმართველ გუნდს ფაქტობრივად მოსახლეობის სრული მხარდაჭერა აქვს და თუკი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ხომ არ აღმოვჩნდებით ერთპარტიული მმართველობის საფრთხის წინაშე?
- რა თქმა უნდა, ეს საფრთხე არსებობს. სხვათაშორის, ეს საფრთხე ზოგადად საპარლამენტო რესპუბლიკაში არის ჩადებული. ამიტომ, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მე არ მინდა საქართველოში საპარლამენტო მმართველობა იყოს. ის პარტია, რომელიც პარლამენტში ხმების უმრავლესობას იღებს, ფაქტობრივად აკომპლექტებს მთავრობას. ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ხიდი იდება და უკეთეს შემთხვევაში, რჩება ხელისუფლების ერთი დამოუკიდებელი შტო - სასამართლო. ამდენად, საპარლამენტო რესპუბლიკა ხელისუფლების ამ სამი შტოს ერთმანეთისგან დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველჰყოფს.
ამიტომ არის, რომ ამერიკელებმა ამ მოდელზე უარი თქვეს და საპრეზიდენტო რესპუბლიკა აირჩიეს, რადგან დემოკრატიაში მათ იშვიათად ეშლებათ ხოლმე.
თუ პრეზიდენტიც ამავე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იქნება (და დიდი შანსია, რომ ეს ასე იყოს), რჩება მხოლოდ სასამართლო კორპუსი, რომელიც საქართველოში საბჭოთა ტრადიციებიდან მოყოლებული აქეთ ურეკავს ხოლმე აღმასრულებელ ხელისუფლებას - რამე ხომ არ გნებავთ, რით მოგემსახუროთო? გვყავს კომფორმისტული სასამართლო კორპუსი, რომელსაც არ ჰქონდა დამოუკიდებლად არსებობის დრო, რათა ეს დამოუკიდებლობა ძვალსა და რბილში გასჯდომოდა და შემდეგ ამ დამოუკიდებლობისთვის ებრძოლა. პირიქით, ის იბრძვის ხოლმე იმისთვის, რომ ხელისუფლების სხვა შტოებში მფარველი იპოვოს. ასე რომ, დიდი შანსია ჩვენ ისევ ერთპარტიულ ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ.
გამოსავალი რა შეიძლება იყოს?
- ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის ერთადერთი გასაღები დევს ივანიშვილის დანაპირებში, რომ რაღაც ეტაპზე კოალიცია დაიშალოს და დამოუკიდებელი პარტიების სახით იმოქმედოს, თუმცა, ამის დიდი შანსიც არ არის, რადგან სავარაუდოა, რომ თუკი კოალიცია დაიშლება და ივანიშვილის პარტია ცალკე იქნება, მაშინ ხალხი სწორედ ამ პარტიას მისცემს ხმებს, ხოლო დანარჩენები ან საერთოდ ვერ აიღებენ ხმებს, ან უმნიშვნელო რაოდენობით. ასე რომ, ისევ ერთპარტიულობისკენ წავალთ და ეს მოხდება არა იმიტომ, რომ ივანიშვილის პარტიაა ძლიერი, არამედ ივანიშვილის მიმართ არის საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა.
ეს ვითარება, რომ ქართველ ამომრჩეველს ერთ ადამიანზე აქვს ორიენტაცია, ხოლო დანარჩენ პარტიებს ვერ აფასებს, მათი იდეოლოგიის დიდად შემფასებელი ვერ არის და არც გვაქვს პოლიტიკურ სპექტრში იდეოლოგიით განსხვავებული პარტიების მრავალფეროვნება, ეს ვითარება მიუთითებს იმაზე, რომ სადავოა, გამოგვადგება თუ არა საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელიც პარტიების მრავალფეროვნებას უნდა დაეყრდნოს, თუ პირიქით, ქვეყანას ერთპარტიული მმართველობისკენ წაიყვანს.
თვითონ მოსახლეობაშია ერთპარტიული მმართველობისკენ წასვლის ტენდენცია და არამდიდარ პოლიტიკურ სპექტრში ეს ტენდენცია კიდევ უფრო მყარდება.
ამდენად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მიზანშეწონილი არ იქნება?
- ამ არჩევნების დანიშვნა მიზანშეწონილი იქნება იმ შემთხვევაში, თუ არასაპარლამენტო პარტიებმა შექმნეს ის ფონი, რომ პოლიტიკური დისპროპორცია საზოგადოებასა და პარლამენტს შორის აუტანელი გახდა. ამის პრეტენზია, რომ დისპროპორცია არსებობს და მოთხოვნა, რომ ეს პროპორცია აღდგენილი იყოს, უნდა ჰქონდეს იმას, ვინც ამ აღდგენაში დაინტერესებულია და ასეთები არიან არასაპარლამენტო პარტიები.