ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანის მოთხოვნით, ერთგვარი კამპანია კიდევ ერთხელ გააქტიურდა. ოჯახი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, კონკრეტული სამედიცინო ჯგუფები კატეგორიულად აცხადებენ, რომ „ვივამედიში“ შეუძლებელია ყოფილმა პრეზიდენტმა შესაბამისი მკურნალობა მიიღოს. თუმცა, ხელისუფლების პოზიცია არ იცვლება, „ქართული ოცნების“ ლიდერები და იუსტიციის მინისტრი აცხადებენ, რომ სააკაშვილს შეუძლია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება საქართველოში მიიღოს და ის არ საჭიროებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანას.
რეალურად, რა პროცესები მიდის დღეს მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ, სამეციდინო მომსახურების მიღების კუთხით და პროცესების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ? - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ბოლო 8 თვეა ისმის.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია უცხოეთიდან ჩამოყვანილ იქნას სამედიცინო ჯგუფი, რომელიც რეალურად დაუსვამს დიაგნოზს მიხეილ სააკაშვილს და თუ ეს ჯგუფი შეუძლებლად ჩათვლის, რომ ამ სამედიცინო სერვისის მიღება აქ შეუძლებელია, ყოფილი პრეზიდენტი უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ.
„ამ პროცესის ფონზე, რომელიც დღეს მიდის, რომ ხელისუფლებისგან ამას ითხოვენ, ვფიქრობ, არ შესრულდება, რადგან აშკარად გამოხატული მომხრეები ითხოვენ. იმისთვის, რომ ამ საკითხს დამაჯერებლობა მიეცეს, ალბათ, პოლიტიკური ინტერესის გარეშე არსებული ჯგუფებიდან უნდა გაკეთდეს ეს დასკვნა, მათ შორის უცხოეთიდან ჩამოყვანილი ჯგუფიდან. თუ ეს ჯგუფი ჩათვლის, რომ იმ პირობებით, რაც საქართველოშია, მკურნალობა შეუძლებელია, მაშინ ბუნებრივია, ასეთი კომისიის გაცემულ რეკომენდაციას მიექცევა ყურადღება ხელისუფლების მხრიდან და არა პოლიტიკურად დაინტერესებული წრეების რეკომენდაციას“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ საბოლოოდ შესაძლოა, მართლაც მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უცხოეთის კლინიკაში.
„გამორიცხული არაფერია, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ კატეგორიულ უარს ამბობს, რომ დათანხმდეს სააკაშვილის გადაყვანას საზღვარგარეთ რომელიმე კლინიკაში. ამავე დროს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უარს ამბობს, რომ შეიწყალოს სააკაშვილი, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, არ არის გამორიცხული, რომ ის გადაიყვანონ საზღვარგარეთ, თუ იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა. არც „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს საპროტესტო ტალღის აგორება, თუ ბატონი მიხეილის ჯანმრთელობა გაუარესდა. გარდა ამისა, შესაძლოა გარკვეული მოთხოვნა იყოს დასავლეთის მხრიდან“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს პოზიცია არ შეცვლილა. პრეზიდენტის თქმით, თუკი მისი მხრიდან მსგავსი ნაბიჯი იქნება გადადგმული, ეს საზოგადოებაში დიდ დაპირისპირებას გამოიწვევს და ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას ხელს შეუწყობს.
„ჩემი პოზიცია იცით შეწყალებაზე და აღარ გავიმეორებ ამას. აქაც მთავარი არის საზოგადოების პოლარიზაციის არდამატება, რაც არსებობს. სამაგიეროდ ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, თუ ამის მიმართ არის კითხვები, ყველაზე იყოს პასუხი გაცემული, რომ სათანადო ყურადღება იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ.
იცნობთ ქართულ საზოგადოებას, იცით, რომ ეს იქნება უაღრესად დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი. მანამდე სამჯერ შევიწყალე ადამიანები სწორედ იმ მიზნით, რომ ჩაექრო პოლარიზაცია, შედეგი არ იქნა მიღწეული არც მაშინ და აქ ბევრდ უფრო მძაფრად არის გამოხატული ადამინების პოზიციები. გამომდინარე იმ ძალიან მძიმე წლებიდან, რაც საზოგადოებას ახსოვს, აქ არ შეიძლება მე ვიყო მონაწილე იმის, რამაც შეიძლება კიდევ გააღრმავოს ეს პოლარიზაცია ქვეყანაში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ არ არის გამორიცხული, ზურაბიშვილის პოზიცია სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით გადაიხედოს, რადგან გვახსოვს ასეთი ფაქტებიც.
„ამავე საკითხზე, ადრენდელი მსჯელობის დროს, მან პრინციპულად დაუშვებლად მიიჩნია შეწყალება იქიდან გამომდინარე, რა ტიპის პრობლემებიც შექმნა სააკაშვილმა საქართველოში. მისი მმართველობით უკმაყოფილო დაზარალებული ადამიანების რიცხვი დიდია და მათ წინაშე პრეზიდენტ ზურაბიშვილს პასუხისმგებლობა აქვს. სააკაშვილისგან დაზარალებული ადამიანები მოახდენენ დესტაბილიზაციას, თუკი სააკაშვილი განთავისუფლდა.
გვახსოვს ასეთი გადახედვა შეწყალების საკითხში. უკან დახევა გამოიწვია უცხოეთის რეაქციამ უგულავას, ოქრუაშვილის და რურუას პერიოდში. მან ახსნა კიდეც, რომ შეწყალებაზე მიდის საერთაშორისო ასპარეზზე ინტერესების დასაცავად და არა იმიტომ, რომ ეს ადამიანები გათავისუფლების ღირსად მიაჩნია. ამ ფაქტიდანაც უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ანალოგიური საერთაშორისო ზეწოლა ძალიან ძლიერი იქნება, შეიძლება პრეზიდენტის სიმტკიცე ისევ შეირყეს, მაგრამ ჯერჯერობით გარდა „ევროპის სახალხო პარტიისა“, სხვა სტრუქტურების და ქვეყნების მხრიდან სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვა არ არის წამოყენებული“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ზურაბიშვილის მხრიდან სააკაშვილის შეწყალება არა თუ პოლარიზაციის გაღრმავებას, ვითარების დასტაბილურებას შეუწყობს ხელს.
„ზურაბიშვილი თავის დროზე არ აპირებდა რურუას და ოქრუაშვილის შეწყალებას, მაგრამ შეიწყალა. ამიტომაც, არ არის გამორიცხული, სააკაშვილიც იქნას შეწყალებული. თანაც, დასავლელ პარტნიორებთან ზურაბიშვილს უფრო მიესვლება, ვიდრე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. ეს პოლარიზაციას არ გაამწვავებს, პირიქით, ახლა უფრო არის პოლარიზებული. თუ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება, ეს დაძაბულობა შესაძლოა, უფრო მეტად შესუსტდეს. თუმცა, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წინაშე დავალებულია და შესაძლოა, ამიტომაც ვერ ბედავს გადადგას ეს ნაბიჯი“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.