თავისი აქტიურობისა და სიტუაციური ვითარების შემწეობით თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის როლი დღითი დღე იზრდება. უკრაინაში ომმა ერდოღანს რეგიონალური ლიდერის ფუნქცია დააკისრა, რომლის ამბიციაც მას ყოველთვის ჰქონდა. ასეთი აქტიური იყო ერდოღანი აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირების დროსაც, როცა მისი მხრიდან მკვეთრი პოზიციის დაკავებამ მთიანი ყარაბაღის ბედი აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყვიტა, სხვა ფაქტორებთან ერთად.
ერდოღანმა მაშინ სომხეთს „ბანდიტი“ სახელმწიფო უწოდა და პირობა დადო, რომ აზერბაიჯანელ ძმებს დაეხმარებოდა, რადგან თურქეთი აზერბაიჯანს „ერთი ერისა და ორი სახელმწიფოს“ პრინციპით განიხილავდა.
ამჯერადაც ანკარამ შუამავლის ფუნქცია იკისრა კიევსა და მოსკოვს შორის. გაგანია ომის დროს ერდოღანი კიევს ესტუმრა და დრონების ქარხნის მშენებლობაც დააანონსა უკრაინაში. ამით მან პუტინს და მთელ მსოფლიოსაც უჩვენა, რომ არა მხოლოდ კავკასიაშია „მეპატრონე“, არამედ მთლიან რეგიონშიც. ერდოღანის იარაღის ჟღარუნი კი რუსეთმა თავის თავზე უკვე იწვნია. უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სწორედ თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები-დრონები აღმოჩნდა, რომლებსაც „ბაირაქტრებად“ მოიხსენიებენ. ამ იარაღის გამომგონებელი რეჯებ ერდოღანის 42 წლის ბიზნესმენი სიძე სელჩუკ ბაირაქტარია, რომელმაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ უკრაინას თავისი კომპანიის მიერ წარმოებული ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი მიჰყიდა. თურქული დრონები შედარებით იაფიცაა და ფრენის მაღალი სიჩქარითაც გამოირჩევა. ამ იარაღით უკრაინელებმა რუსეთის ჯავშანტექნიკას დიდი ზარალი მიაყენეს.
გამორიცხული არ არის, რუსეთ-უკრაინას შორის თურქეთის მედიატორობა იმითაც აიხსნას, რომ თურქეთს სურდეს, სავაჭრო კარტი ჰქონდეს რუსეთთან სირიაში გამოსაყენებლად.
ერდოღანის როლი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ „აზოვსტალის“ მებრძოლებს. „აზოვსტალიდან“ გამოსვლამდე ისინი სწორედ თურქეთის ლიდერს სთხოვდნენ, დაესრულებინა რუსული კოშმარი, გაეყვანა „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეები და დაშავებულები, რადგან თურქეთიდან სულ რაღაც 263 კილომეტრში რუსები ხალხს ანადგურებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების პროცესში გარღვევა არ ჩანს, ერდოღანი არ აპირებს მედიატორის როლის დათმობას, მას „სატელეფონო დიპლომატია“ აქვს ორივე მხარესთან - ზელენსკისთანაც და პუტინთანაც.
თურქეთის ლიდერმა სხვა მხრივაც წარმოაჩინა თავისი წონა. ფინეთის და შვედეთის, ანუ მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ამ ტერორიზმის ბუდის“ ბედი ახლა მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მხარს დაუჭერს თუ არა ნატოში მათ გაწევრიანებას და მოიმდურებს თუ არა პუტინს. ყოველ შემთხვევაში, ფინეთისა და შვედეთის ლიდერები მზად არიან, ერდოღანს პირადად ჩააკითხონ და მის გადარწმუნებას ანკარაში შეეცადონ.
რამდენად გამოუვა ერდოღანს რეგიონის ლიდერობა?
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ შუამავლის როლი ნებისმიერი ქვეყნისთვის სასურველია, რადგან ამით მისი საერთაშორისო პრესტიჟი მატულობს. ამიტომაც ერდოღანი ამბობს, რომ არ აპირებს გაწყვიტოს კონტაქტი არც პუტინთან, არც ზელენსკისთან.
„ცხადია, რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობის გამოყენებას თურქეთი ცდილობს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ როცა ნატოს ფარგლებში რომელიმე ქვეყნის მიღება-არმიღებაზეა საუბარი, ან ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, ასეთ დროს გადაწყვეტილება ეფუძნება კონსენსუსის პრინციპს. ამიტომაც თურქეთის თანხმობა საჭირო იქნება. შესაბამისად, ერდოღანი თამასას მაღლა წევს, რომ პოლიტიკური ვაჭრობა აწარმოოს დასავლეთთან“, - მიიჩნევს ნიკა ჩიტაძე, რომლის აზრითაც, ერდოღანის წონის გაძლიერებაში გარკვეული როლი ენიჭება იმ ფაქტორსაც, რომ დასავლეთი ამჟამად დაინტერესებულია, შემცირდეს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება.
ამ შემთხვევაში, თურქეთი განიხილება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყნად, როგორც სატრანზიტო, ასევე, ენერგეტიკის გამანაწილებლის, დისტრიბუტორის ფუნქციით. აქ იგულისხმება ტრანსანატოლიის გაზსადენის და ტრანსადრიატიკული გაზსადენის პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს აზერბაიჯანიდან თურქეთის გავლით ევროპაში გაზის მიწოდებას.
„ამ შემთხვევაში, თურქეთს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, გადამწყვეტი როლი ეკისრება. შესაბამისად, ამ ომმა რეგიონული ლიდერის სტატუსი გაუმყარა ერდოღანს, თუმცა არის შემაფერხებელი ფაქტორიც. დღეს თურქეთის ეკონომიკას პრობლემები ექმნება, რადგან ინფლაციის დონემ პირველი კვარტლის მონაცემებით, 300%-ს გადააჭარბა. ასეა თუ ისე, თურქეთი ანგარიშგასაწევი ძალაა, მით უმეტეს, რუსეთთან დაპირისპირების დროს დასავლეთს თურქეთი სჭირდება ისევე, როგორც ცივი ომის დროს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი არ იყო დემოკრატიული და ორი სამხედრო გადატრიალება მოხდა - 1960 წელს და 1980 წელს, დასავლეთს სჭირდებოდა თურქეთი, ამერიკას 7 სამხედრო ბაზა ჰქონდა განთავსებული თურქეთში, რადგან ამ ქვეყნის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, თურქეთის მიმართ ინტერესი მაღალი იყო. დღესაც თურქეთის მიმართ მაღალი ინტერესია იქიდან გამომდინარე, რომ, მართალია, უშუალოდ რუსეთს არ ესაზღვრება ეს ქვეყანა, მაგრამ რუსეთთან მაინც ახლოს მდებარეობს“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბარში.
ანალიტიკოსის აზრით, ახლა დასავლეთის მიზანი იქნება, როგორმე დაითანხმონ ერდოღანი, რომ მან დასტური განაცხადოს შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე და, ასევე, დაითანხმონ თურქები როგორმე, რათა შეამცირონ თანამშრომლობა რუსეთთან. თურქეთის ენერგეტიკული რესურსების, პირველ რიგში, ბუნებრივი აირის გამანაწილებლის სტატუსი იმის საფუძველს იძლევა, რომ თურქეთის, როგორც რეგიონული ლიდერის როლი გამოჩნდეს.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განმარტებით, ერდოღანის აქციები ერთი ათად გაიზარდა აზერბაიჯან-სომხეთის ომის პერიოდში. იმ დროს ერთადერთი, რაც მოახერხა რუსეთმა თურქეთის შეკავების თვალსაზრისით, იყო ის, რომ არ შესრულდა ერდოღანის დიდი სურვილი - მშვიდობისმყოფელ რუს ჯარისკაცებთან ერთად ლაჩინის დერეფანში თურქებიც ყოფილიყვნენ.
„მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით თურქეთი რეგიონალურ ლიდერად ყალიბდება. დიდი ამბიციები აქვს ერდოღანს, იგი რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის სისუსტით სარგებლობს. ამ ომის პარალელურად ერდოღანი თუ არ გაძლიერდება, არ დასუსტდება მაინც, მაგრამ რუსეთის ნებისმიერი დასუსტება ერდოღანს აძლიერებს, ეს უკვე ზიარჭურჭლის პრინციპით აისახება თურქეთზე, ანუ ერთს რაც აკლდება, მეორეს ემატება. ერდოღანი ძლიერდება მხოლოდ იქ, სადაც რუსეთი სუსტდება. სახარებაში წერია, წმინდა ადგილი ცარიელი არ დარჩებაო, რომელ ადგილსაც რუსეთი კარგავს, თურქეთი მზად არის, ის ვაკუუმი შეავსოს“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ ჩვენთან საუბრისას.