პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაიძაბა. სალომე ზურაბიშვილმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ უმრავლესობიდან დაუფიქრებელი და არასაჭირო განცხადებები ისმის.
„ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა“, - აღნიშნავს პრეზიდენტი და დასძენს, რომ „რაღაცები არ ითქმის, რადგან ზრდილობის საკითხია“. ამასთან, როგორც მან ინტერვიუს დროს განაცხადა, ვოლოდიმერ ზელენსკი საქართველოს პარლამენტში უნდა მიეწვიათ.
პრეზიდენტის განცხადებას უპასუხეს, როგორც მმართველ გუნდში, ისევე ოპოზიციაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტში ჩართვის სურვილი არასდროს გამოუთქვამს.
„მგონი, ყველას დაავიწყდა, პრეზიდენტს ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი პარლამენტს ჩართვოდა. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა გახლდათ. ასე რომ, მე არ ვიცი საერთოდ ეს საკითხი საიდან დადგა, ვინაიდან არ ყოფილა არც ერთი მომენტი, როდესაც მას ასეთი სურვილი ჰქონდა გამოთქმული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის თქმით, როცა ზურაბიშვილი პარლამენტში ზელენსკის მოწვევის აუცილებლობაზე საუბრობს, უმჯობესია, ახსნას რას ნიშნავს, ელჩის დაუსაბუთებლად გაწვევა ქვეყნიდან.
„ნება მიბოძეთ, დავიტოვოთ უფლება და არ დავეთანხმოთ პრეზიდენტს მთელ რიგ საკითხებში. დიახ, დემოკრატია ეს არის, რომ პრეზიდენტს ცალკეულ საკითხებზე თავისი შეფასებები აქვს და ჩვენი შეფასებები არის განსხვავებული. ობიექტური რეალობა არის ის, რასაც ჩვენ ვიძახით. თუ ქალბატონი პრეზიდენტი სიღრმისეულად შეხედავს სურათს, ძნელი დასანახი არ უნდა იყოს, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანა ჩართული იყოს საომარ მოქმედებებში, საქართველოში მოეწყოს მეორე ბუჩა და გაიხსნას მეორე ფრონტი. ამასთან, ვფიქრობ, ქალბატონმა პრეზიდენტმა კარგად იცის დემოკრატიის არსი და მნიშვნელობა და ის, რომ სასამართლოს წინააღმდეგ გახსნილი ორკესტრირებული ცეცხლი და შტურმი არ არის დემოკრატია. ქალბატონმა პრეზიდენტმა, როგორც ყოფილმა დიპლომატმა, უმჯობესი იქნება, აუხსნას საზოგადოებას და კარგი იქნება განმარტებები, თუ რას ნიშნავს ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნიდან ელჩის გაწვევა მაშინ, როცა არც ერთი სხვა ქვეყნიდან, იმ ქვეყნებიდანაც კი, საიდანაც პირდაპირ ცეცხლი მიემართებოდა უკრაინის მისამართით, ელჩი არ გაუწვევია და ამ დროს გაუგებარი და მცდარი გადაწყვეტილების ფონზე, ჩვენი ქვეყნიდან გაგყავს ელჩი. ეს ნაბიჯი რამდენად არის მეგობრული, კონსტრუქციული? ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ და ამ ფონზე, როცა პრეზიდენტი გვიწუნებს და იძახის, რატომ არ ჩავრთეთ თურმე ზელენსკი, უმჯობესია ვითარება სრულად წარმოადგინოს. შეფასებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ზრდილობის ხარისხზე გვაქვს რაიმე პრობლემა, ეს არის ცალკეული პირების და ამ შემთხვევაში პრეზიდენტის აზრი, მას აქვს საკუთარი აზრის გახმოვანების უფლება, მაგრამ ეს შეფასებები არის სუბიექტური და, როცა ჩვენ ვაკეთებთ პრინციპულ განცხადებებს, რომლის მიზანია ჩვენი ხალხის გაძლიერება და ამას ვინმე ეძახის ზრდილობის ნაკლებობას, ეს მისი პრობლემაა. ყველას ვპირდები, არც ერთი ნაბიჯი ქვეყნის საზიანოდ უკან არ იქნება“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით კი, სალომე ზურაბიშვილიც „ქართული ოცნების“ წევრია და გუნდში დაპირისპირება შეიძლება მოხდეს.
„ქართული ოცნების“ შიგნით არსებული დაპირისპირებები და გაუგებრობები მე მგონი, „ქართული ოცნების“ შიდა სამზარეულოა, არ მინდა ამაში ჩავერიო. მე ეჭვი არ მეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილიც „ქართული ოცნების“ ნაწილია. გუნდში ხშირად ხდება გარკვეული კონფლიქტები და გაუგებრობები, მაგრამ მას მე სერიოზულ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, რადგან სალომე ზურაბიშვილს საქმით არასდროს გამოუხატავს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წასვლა“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
საკანონდმებლო წარმომადგენლეის მოსაზრებას გარკვეულწილად ანალიტიკოსებიც იზიარებენ.
ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო მეთაურის როლში შეიჭრა, თუმცა ის ხელისუფლებას ქმედებებით არ უპირისპირდება.
„ქართულ პოლიტიკაში პრეზიდენტმა გარკვეული ნიშა დაიჭირა. გარკვეულ დისტანცირებას ახდენს ხელისუფლების შეცდომებისგან. როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამოდიან და ხან ერთ ევროპელს გალანძრავენ, ხან მეორეს „ნაცებს“ ეძახიან, ამ დროს პრეზიდენტი პოზიციონერობს, როგორც პროევროპელი პოლიტიკოსი. კი, აკრიტიკებს, მაგრამ ქმედებებზე არ გადადის. თითქოს ზეპარტიულ ფიგურად წარმოადგენს საკუთარ თავს და რეალურ სახელმწიფო მეთაურის როლში შეიჭრება ხოლმე, მეტი არაფერი. ამით „ქართულ ოცნებას“ ვერ აზიანებს. ეს მისი ამოცანაც არაა. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიური პრანჭიაობა“, - განაცხადა for.ge-თან გია ხუხაშვილმა.
ხუხაშვილი განმარტავს პრეზიდენტი მმართველ გუნდს ქმედებებით რატომ არ უპირსპირდება.
„ის „ქართული ცონების“ წინაშე თავს ვალდებულად თვლის. „ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად ვინ აირჩევდა? შესაბამისად, ეს არის მისი პოლიტიკური სეგმენტი. „ქართული ოცნების“ შიგნითაც შეიძლება მოხდეს ისე, რომ ვიღაცამ ვიღაცა გააკრიტიკოს, მაგრამ ამით რა იცვლება? პოლიტიკა რიტორიკა არაა, პოლიტიკა ქმედებებია. ქმედებებში ის ხელისუფლებას არ დაუპირისპირდება“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დალაგდება და ერთ აზრზეც მივლენ.
„ცოტა რთული საკითხია პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის არბიტრი იყო. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ორ უწყებას შორის საკითხი დალაგდება და ერთ აზრზე დადგებიან. მთავრობა რასაც უკრაინის მიმართ თვლის საჭიროდ, იმას აკეთებს, პრეზიდენტს კი ამ საკითხზე თავისი ხედვა აქვს. ნუ, რა ვქნათ ახლა, აღმასრულებელი მთავრობაა და მთავრობის ხელშია იმ ღონისძიებების განხორციელება, რომელსაც თავად თვლის საჭიროდ. პრეზიდენტს შეუძლია საკუთარი სურვილი გამოთქვას და ამით ქვეყანა არ იქცევა“, - განუცხადა for.ge-ს ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სურს, რომ საზოგადოებას დაანახოს თითქოს ის ზეპარტიულია. მისივე თქმით, ის, რომ უკრაინის პრეზიდენტი პარლამენტში ვირტუალურად არ ჩაერთო, ამის შესახებ ოფიციალური მიმართვა არ ყოფილა და მხოლოდ ქართული ოპოზიციის სურვილი იყო.
„პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაქსიმალურად ცდილობს წარმოჩნდეს როგორც ზეპარტიული პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ მას არჩევნების დროს „ქართული ოცნება“ ედგა გვერდში. ვერც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ვერ იქნება უმაღლესი ჭეშმარიტება და სიტუაციების უაპელაციოდ შემფასებელი, რასაც ჰქვია თუნდაც უკრაინის თემა. დავიწყოთ იქიდან, პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციას საქართველოს პარლამენტისთვის ოფიციალურად არ მოუმართავს, რომ სიტყვით გამოსულიყო. ეს იყო მხოლოდ „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული პოლიტიკოსების განაცხადი. მეორე - რაც ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ გვაკადრა, ვგულისხმობ დაუმსახურებელ შეურაცხყოფებს და დაუმსახურებელ კრიტიკას, ასევე უაზროდ ელჩის გაწვევას, ამ ყველაფრის ფონზე, თავადაც მიხვდა, რომ მისი პარლამენტში ვირტუალური ჩართვა აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა არა მხოლოდ მმართველი გუნდისთვის, არამედ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მეორე ბრალდებას, რომ ნიკა გვარამიას დაკავება არასწორი პოლიტიკური დროს მოხდა, ძალიან დიდი ბოდიში მომითხოვია, მაგრამ მართლსაჯულება ცალკე რელსებზე დგას და პოლიტიკა ცალკე რელსებზე. ეს ორი პროცესი ერთმანეთთან შეხებაში არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის. ასე რომ, თუ ზურაბიშვილი ცდილობს ნეიტრალურობით დაიმკვიდროს ქულები, მას არ გამოუვა“, - განაცხადა აბაშიძემ.
სურს თუ არა, რომ პრეზიდენტმა საზოგადოებას თავი შახსენოს, რათა ის არ დაივიწყონ, ანალიტიკოსი ამ საკითხს ასე აფასებს: „ვერ ვიტყოდი ასე, რადგან ქალბატონი ზურაბიშვილი საჯარო სივრცეში საკმაოდ აქტიურია. მას თითქმის ქართული საზოგადოების სხვადასხვა ნაწილთან ყოველდღიური შეხვედრები აქვს, ასევე უცხოელ აქტორებთან მართავს საუბრებს. მისთვის ყურადღების ნაკლებობაზე ვერ ვიტყოდი, განსხვავებით გიორგი მარგველაშვილისგან, რომელიც პრეზიდენტობის დროს ხანდახან ყურადღების მიღმა იყო ხოლმე“.
გია აბაშიძე გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილს, ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მსგავსად ხელისუფლებასთან ურთიერთობა ისე დაეძაბოს, რომ საერთოდ გაწყვიტოს კავშირი.
„მარგველაშვილისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი პოლიტიკოსი და გამოცდილი დიპლომატია. ასე რომ, მას ეს საშიშროება არ ემუქრება, განსხვავებით ყოფილი პრეზიდენტისგან. მარგველაშვილთან დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც მან უაზროდ ვეტოების დადება დაიწყო და შიეწყალა ის ადამიანები, რომლებიც მოკლე დროში შესაწყალებლები არ იყვნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ აპირებს არც სააკაშვილის და არც გვარამიას შეწყალებას, რადგან არ სურს საზოგადოებაში მორიგი პოლარიზაციის ტალღის შემოტანა“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.