ასოცირებულ ტრიოში საქართველო ყველა კრიტერიუმით პირველ ადგილზეა. ქვეყანა ახლა გადაწყვეტილების მოლოდინშია. ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თუ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველომ არ მიიღოს და ამ გზით შეეცადოს ქვეყანაში სიტუაციის რადიკალიზაციას.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, სწორედ ახლა დგება დრო, ევროპელმა პარტნიორებმა და მოკავშირეებმა ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღონ და ხელშესახები შედეგები გვაჩვენონ. ირაკლი ღარიბაშვილმა „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ამით ბედნიერი მხოლოდ რუსეთი იქნება.
„ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ამ მოტივაციის, ამ წახალისების მიცემა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის - მოლდოვა, საქართველო, უკრაინისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? - მხოლოდ რუსეთი. რა გზავნილს უგზავნიან ისინი სხვა ქვეყნებს, ჩვენ სამეზობლო ქვეყნებს, რომ ესენი იყვნენ ლოიალური ქვეყნები უვიზო ხელშეკრულება გვქონდა, ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ამჟამად ამას ყველაფერს ასრულებენ, შეიტანეს განაცხადი და ევროკავშირმა მიიღო უცბად გადაწყვეტილება, რომ არ მიანიჭოს სიმბოლური კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება შეცდომა. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულებამ ევროპა ყველაზე დიდი მასშტაბით ჩართო ჩვენს ცხოვრებაში და ყველა სფეროში ვხედავთ, რა მნიშვნელობა შეიძინა ევროკავშირმა. როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, 45% ასოცირების შეთანხმებისა უკვე შესრულებულია, რაც საამაყო მაჩვენებელია.
„იმ აგრესიამ, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ ვიხილეთ და ჯერ კიდევ მოწმე ვართ, ბევრი რამ სხვანაირად დაანახა თავად ევროკავშირს, მათ შორის, მისი როლი ევროპაში, უსაფრთხოების სისტემაში, სხვა ყველა სფეროში, რომელიც პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანია. ამ ომმა ბევრი რამის გადააზრებისკენ გვიბიძგა. რუსული აგრესია საქართველომ 90-იან წლებში და ახლახან, 2008 წელსაც გამოიარა. დღემდე, 2008 წლის ომი დაგმობის საგანია ევროპის მხრიდან, თუმცა, ვნახეთ, რომ მაშინ, სამწუხაროდ, ბოლომდე ჯერ კიდევ არ იყო გააზრებული, თუ რასთან გვქონდა საქმე.
ამ შეცვლილმა ვითარებამ ევროკავშირი დააყენა იმ მდგომარეობაში, რომ, როგორც ჩანს, არის გააზრებული, რომ საჭიროა უფრო და უფრო მკაფიო, პირდაპირი და ცალსახა ნაბიჯები იმ სამი ქვეყნის მიმართ, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებზე. ვფიქრობ, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა მიიღოს თამამი და მკაფიო გადაწყვეტილებები და საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას დაანახოს საკუთარი სოლიდარობა, ვინაიდან სამივე ქვეყანა განგრძობითად არის რუსული აგრესიის ობიექტი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რომან გოცირიძე ამბობს, რომ კანდიდატის სტატუს ქვეყანა იმსახურებს და არა მისი ცუდი მთავრობა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ფიქრობს, რომ ხალხი არ უნდა დაისაჯოს ცუდი მთავრობის მიერ.
„ეს მთავრობა წავა და ევროკავშირში გაწევრიანებას უნდა 10-წლიანი პროცესი და სხვა ხელისუფლება შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რისი ღირსიცაა ჩვენი ქვეყანა, ხალხი და რაც საჭიროა დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის, რათა ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
სალომე სამადაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ევროპარლამენტში საქართველოს წინააღმდეგ მუშაობა, ამბობს, რომ ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვის მიმართ გააკეთა პოლიტიკური განაცხადი, რომ მხარს უჭერს ევროკავშირში მხოლოდ მათ გაწევრიანებას.
„ჩვენ რომ გვაქვს სურვილი ევროკავშირში გავწევრიანდეთ, გასაგებია და ჩვენ ნამდვილად გვაქვს ეს სურვილი და ქართველ ხალხსაც, მაგრამ ევროპაში ვინმეს აქვს სურვილი თქვენი ხელისუფლების პირობებში რომ მოგვცეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? სად არის საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია?“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიციის წევრი ხათუნა სამნიძე პარტნიორებს უხსნის, რომ შესაძლოა, ხელისუფლება იყოს უვარგისი, მაგრამ ევროკავშირი ქართველი ხალხის არჩევანია. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება არ არის პარტნიორებთან კომუნიკაციის პროცესში აქტიური, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციის აქტიურობა, ოპოზიცია კი, თავისი მანდატის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ამ მიმართულებით.
„ჩვენი მანდატის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვხვდებით პარტნიორებს და ვუხსნით, რომ შესაძლოა, ხელისუფლება იყოს უვარგისი, მაგრამ „ევროკავშირი“ ქართველი ხალხის არჩევანია! საქართველოს ძალიან ბევრი ნაბიჯი აქვს გადადგმული, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე მოგვიანებით. ეს არ არის რომელიმე ხელისუფლების დამსახურება. ამ არჩევანის გზაზე უნდა იაროს ყველა ხელისუფლებამ. პარტნიორებს ვუხსნით, თუ რა გზა გამოიარა ქვეყანამ, რა არის ჩვენი ფასეულობები. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ქვეყანას ჰქონდეს პერსპექტივა“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია თვლის, რომ თუ ევროპელობას დაგვიფასებენ, ეს ჩვენი წარსულია. როგორც პარლამენტის წევრი აცხადებს, ოკუპანტთან ბრძოლაში საქართველოს არავისზე ნაკლები სისხლი არ დაუღვრია - „გნებავთ აზრობრივი წარსული, ანუ ის წარსული, იმ იდეებით, რომელიც ქართველებს ჰქონდათ და ძალიან ქართულია და შინაარსობრივად ძალიან ევროპულია და ის დაღვრილი სისხლი, რომელიც არავისზე ნაკლები არ დაგვიღვრია ოკუპანტთანა ბრძოლაში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის შანსი 50/50-ზეა. დავით ზარდიაშვილის განცხადებით, საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული წევრი. არსებობს ასოცირების ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს და ევროკავშირის ოფიციალური პოლიტიკა არის ურთიერთდაახლოება. მისი თქმით, ეს არაფრით არ შეიცვლება იმისდა მიუხედავად, კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ არა ქვეყანა.
„რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს, ჩვენს დაახლოებას ევროპასთან, ან რასაც ეძახიან - ასოცირების დღის წესრიგს, თუ შეიცვლება კანდიდატის დღის წესრიგი, შეიძლება დაახლოებისთვის უფრო ფართო შესაძლებლებები გაჩნდეს, პოლიტიკაში რაღაცა ცვლილებები მოხდეს, მაგრამ პრინციპულად ეს რაიმე სიახლეს არ ნიშნავს. მთავარი პოლიტიკა - საქართველოს ევროპასთან დაახლოება უცვლელია.
ოპოზიციას რა უნდა, გასაგებია. ოპოზიციას უნდა ხმაურის შექმნა, მორიგი ტყულის გამოძერწვა აქედან, რომ საქართველო ევროკავშირს შორდება. ყველაფერს გამოიყენებენ იმისთვის, რომ დესტრუქცია მოხდეს. წინასწარ ქმნიან ისეთ ვითარებას, რომ თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული, ხან რას აბრალებენ და ხან რას. არაფერი ახალი და მოულოდნელი ოპოზიციის ამ ქცევაში არ არის, 2012 წლიდან ივანიშვილს და ხელისუფლებას რას აღარ აბრალებენ, რაც მოსაბეზრებელიც არის, უკვე დაგვღალეს.
ევროკავშირს თავისი პროცედურები აქვს. ზოგიერთ ქვეყანას ამისთვის წლები სჭირდება და ჩვენ ძალიან სწრაფად მოგვცეს ამის შესაძლებლობა. ის, რომ უკრაინის მოვლენების გამო პროცესი დაჩარდა, ეს თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ დაჩქარებული პროცესია, პოლიტიკური ვითარება არის ასეთი, რომ, ალბათ, ამ სტატუსს მოგვცემ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მისი თქმით, სამეულისთვის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, რაც განპირობებული იყო იმ საერთაშორისო ვითარებით, რაც გამოიწვია უკრაინაში რუსეთის შეჭრამ.
„აქედან იქნა გადაწყვეტილება მიღებული. შესაბამისად, გამოდის, რომ ზოგადად, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს ხელისუფლება, ან ოპოზიაცია, ვფიქრობ, რომ, დიდი ალბათობით, ჩვენ ამ სტატუსს მივიღებთ და ამ სამეულიდან არ ამოვვარდებით. რაც შეეხება ბრალდებებს, ცხადია, რომ ხელისუფლება თავს იზღვევს და თუ რაღაცა მოხდება, ოპოზიციას დააბრალოს. ოპოზიციაც, ამ შემთხვევაში, თავის მართლების პოზიციაშია.
თუ რამე პრეტენზიები აქვთ დასავლელ პარტნიორებს, ეს ხელისუფლებამაც კარგად იცის, ოპოზიციამაც და საზოგადოებამაც. ახალი და მოულოდნელი არაფერი არ ხდება, ყველაფერი საკმაოდ გარკვეულია. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ჩვენც მივიღებთ ამ სტატუსს. თუ ეს სტატუსი ვერ მივიღეთ, ხელისუფლებას არ უშველის რაღაცების ოპოზიციაზე გადაბრალება. ხელისუფლება არის ყველაფერზე პასუხისმგებელი და ყველა მექანიზმი ჰქონდა იმისთვის, რომ თუ რამე პრობლემები ჩნდებოდა, ეს პრობლემები მოეგვარებინა. ოპოზიცია ბრიუსელშიც იმას ლაპარაკობს, რასაც აქ, აქ ახალი და მოულოდნელი არაფერია. 2012 წლიდან ამას ვუყურებთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.