„ბორჯომში“ ვითარება სულ უფრო იძაბება. პროტესტი ფართომასშტაბიან გაფიცვაში გადაიზარდა, რომელიც მოკლე დროში არ დასრულდება. პოზიციების დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს. ამასობაში კი ორივე ქარხანა პარალიზებულია და საწარმოს პროდუქციის ნაშთიც ეწურება.
„ბორჯომის“ ქარხნის მიმდებარედ სამშაბათს დილის 6:00 საათიდან კომპანიის 400-მდე დასაქმებული გაიფიცა. აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი, გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. მედიაციის დაწყებიდან 21-ე დღეს კი დასაქმებულებს გაფიცვის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ.
„კომპანიაში რამდენიმე დირექტორია და ერთ დასაქმებულზე ერთი უფროსი მოდის. მათ რეორგანიზაცია იმ ხალხის მიმართ განახორციელეს, ვინც მათთვის მიუღებელი იყო. ამ პროცესში არც ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელი და არც რომელიმე „სტეპლერების მენეჯერი“ არ გაუთავისუფლებიათ.
სიტუაცია იმდენად დაძაბულია, არ ვფიქრობთ, რამე სახის კომუნიკაცია შედგეს ადმინისტრაციასთან. მუშებს არც ივანე მაჭავარიანთან და არც მერაბ ახმეტელთან საუბარი არ სურთ. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს დასაქმებულ მუშებს „ბორჯომში“ მტრად გადაკიდებოდნენ. ამ ჩიხიდან ეს ადმინისტრაცია ვერ გამოვა“, - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.
დიასამიძის ინფორმაციით, გუშინ დაწყებულ გაფიცვას ადმინისტრაციის თანამშრომლების გარდა, ყველა მუშა უერთდება და ქარხნის ამოქმედებაში ისინი ჩართულნი არ არიან.
„ქარხანა გაჩერებულია, ახლა ქარხნის მუშაობის იმიტაციას ცდილობენ, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის. წარმოების უფროსებმა გუშინ რამდენიმე ხაზი აამუშავეს და, ალბათ, რამდენიმე ათასი ბოთლი მინერალური წყალი აწარმოეს, თუმცა დღეს, არ მგონია, ეს შეძლონ. გაფიცულია ყველა თანამშრომელი. პირველი და მეორე ქარხანა პარალიზებულია.
ამ რეჟიმით ისინი ვერ ახერხებენ მუშაობას და საქართველოს ბაზარს კი არა, ბორჯომის მოსახლეობასაც ვერ უზრუნველყოფენ. მარაგებიც იწურება.
კომპანიაა გაჯიუტებული, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გაბედეს ეს თანამშრომლებმა. ივანე მაჭავარიანი ახდენს ყველაფრის ორგანიზებას და კომპანიის წარმომდგენლები დასაქმებულებს შორის გარკვეული დაპირისპირების შექმნას ცდილობენ“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ დიასამიძემ.
დღეისთვის გაფიცულებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:
- 50 უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება.
- ძველ სახელშეკრულებო პირობებზე დაბრუნება;
- 3-6-თვიანი და 1-წლიანი ხანგრძლივობის ხელშეკრულებების უვადოზე ხელშეკრულებებით შეცვლა;
- იძულება, შანტაჟსა და მუქარაში შემჩნეული ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება (ირაკლი სტეფნაძე და დავით აიწურაძე).
თავად კომპანიას გაფიცულთა მოთხოვნა, კრიზისის ფონზე, არარეალურად მიაჩნია. როგორც „ბორჯომის“ ჩამომსხმელი 1 ქარხნის დირექტორი, მერაბ ახმეტელი განმარტავს, ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ დაზალდეს ისედაც მინიმუმამდე დაყვანილი წარმოება და დასაქმებული ადამიანებიც.
„დღეს კომპანია არის ურთულეს ვითარებაში, გაყინულია ანგარიშები, შეჩერებულია წარმოება და ექსპორტის 80%-ზე მეტი. დღეს ჩვენი მთავარი მიზანი კრიზისის დაძლევა და წარმოების გადარჩენაა. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან, საქართველოს ბაზარზე არ გვქონდეს წყვეტა, ჩვენს ხელთ არსებული მცირედი რესურსით და მინიმალური დატვირთვით განვაახლეთ წარმოების პროცესი. გვინდა მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ თანამშრომლების იმ ნაწილს, ვინც მზადაა განახლებულ მენეჯმენტთან ერთად, იბრძოლოს ამ კომპანიის გადასარჩენად.
ჩვენ ამ ურთულეს პირობებშიც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ, მასშტაბური გათავისუფლებების ნაცვლად, თანამშრომელთა 95% შევინარჩუნეთ, ასევე უცვლელი დავტოვეთ სახელფასო განაკვეთი. შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, თუმცა ის კვლავაც ინდუსტრიაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უკეთესია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნამუშევარი საათების ანაზღაურება უცვლელი რჩება ყველა თანამშრომლისთვის“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრობლემებში გახვევის მიზეზი კომპანიის რუსი მეწილეა. ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდის მფლობელი „ალფა ჯგუფია“, რომელიც თავის მხრივ სანქცირებული რუსი მილიარდერის, მიხაილ ფრიდმანის დაფუძნებულია. „ალფა“ „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს, რუსულმა ჰოლდინგმა 60%-იანი წილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან 460 მილიონ დოლარად შეისყიდა.