ამერიკა უკრაინას შეზღუდვებს უწესებს

ამერიკა უკრაინას შეზღუდვებს უწესებს

ყველა ომი და მით უმეტეს რუსეთ-უკრაინის ომი არაპროგნოზირებადია, თუმცა ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ, ისევე როგორც ყველა ომი რაღაც მომენტში მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება, უკრაინის ომიც აუცილებლად მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებისთვის მოსამზადებლად სერიოზულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

სანამ დასავლეთი სანქციების დაწესების სერიებით არის დაკავებული, რუსულმა საოკუპაციო ჯარმა მთელი უკრაინული დონბასი თითქმის გაანადგურა. ასევე, კონტროლი მოიპოვა სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილზე. თუმცა მთავარ გზას კვლავ უკრაინა აკონტროლებს, რუსეთი სტაბილურ ლოკალურ მიღწევებს აგრძელებს. ეს არ ყოფილა დანაკარგების გარეშე და რუსულმა ძალებმა ამ პროცესში დანაკარგები განიცადეს.

რუსულ მხარეს წინსვლის გასაგრძელებლად მდინარის გადალახვა უქმნის ბარიერს. მდინარე სივერსკი დონეცკის გადაკვეთა, რომელიც მათი წინსვლის ღერძებისთვის ბუნებრივი ბარიერია, რუსული ძალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი დონეცკის ოლქზე გადასვლისთვის ემზადებიან. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ რუსეთს ხანმოკლე ტაქტიკური პაუზა დასჭირდება, მდინარის გადალახვისა და შემდგომი შეტევებისთვის დონეცკის ოლქში, სადაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვითი პოზიციები მოამზადეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი აცხადებს, რომ რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება და რაკეტების წარმოების გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის. მისივე თქმით, რუსეთი როგორც დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალას, ისე სამხედრო ტექნიკას კარგავს, ამიტომ იძულებულია, რომ წარმოება გაზარდოს.

„ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მთავარი მიზანი, რომელიც რუსეთმა დაისახა, არის უკრაინის სახელმწიფოებრიობის ნგრევა. იგი უარს არ ამბობს თავის მიზანზე და ემზადება გრძელვადიანი ომისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი გადადიან როგორც მცირე იარაღის, ასევე რაკეტების წარმოების გაზრდაზე. მათი წარმოება ახლა გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს“, - განაცხადა ჰანა მალიარმა.

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ახალი პაკეტი არის ზუსტად ის, რაც მათ სჭირდებათ. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მთავარია არა იმდენად რუსეთის შეკავების საკითხი, არამედ ის არის, რომ უკრაინას ჰქონდეს აღჭურვილობა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. შესაბამისად, ძლიერი პოზიციები ჰქონდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ამასთან ერთად, ამერიკა უკრაინას შეზღუდვებს უწესებს. როგორც ენტონი ბლინკენი აცხადებს, უკრაინელებმა გარანტიები მისცეს, რომ ამერიკის მიერ მიწოდებულ იარაღის სისტემებს არ გამოიყენებენ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების გასანადგურებლად.

„რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და არა პირიქით. მარტივად რომ ვთქვათ, ესკალაციის ასარიდებლად რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს აგრესია და ომი, რომელიც წამოიწყო. რაც შეეხება იარაღის სისტემებს, რომლებსაც მივაწვდით, უკრაინელებმა მოგვცეს გარანტიები, რომ არ გამოიყენებენ ამ სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების გასანადგურებლად. უკრაინასა და აშშ-ს შორის არის დიდი ნდობა, ისევე, როგორც ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, როდესაც თანამედროვე ომში ჯარს არ აქვს მანევრირების საშუალება, ხოლო მოწინააღმდეგეს აქვს უპირატესობა შეიარაღაებაში, ბუნებრივია, რომ ის არმია განწირულია დამარცხებისთვის. მისივე თქმით, აუცილებელია თავდაცვისა და თავდასხმის იარაღის გამიჯვნა იმ პირობებში, როდესაც უკრაინის არმიას უჭირს, ვინაიდან რუსული არმია გაცილებით უკეთ არის შეიარაღებული და სარაკეტო დარტყმებს აყენებს უკრაინელებს.

„ჯერ ერთი, განუწყვეტილი თავდაცვის რეჟიმში ყოფნა მორალის დაცემას იწყებს. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ ასეთი სტრატეგია და ტაქტიკა გამოიწვევს იმას, რასაც იწვევს. განუწყვეტლივ უკრაინის არმია ექცევა ალყაში. ჯერ მარიუპოლში მოექცა ალყაში, ახლა ვხედავთ რა ხდება სევეროდონეცკში. საერთოდ, საქმე მიდის დონბასის დაჯგუფების ალყაში მოქცევაზე და შესაბამისად, მისი როგორც საბრძოლო ერთეულის განადგურებაზე.

ამ დროს, უკრაინის შეზღუდვა, რომ იარაღს მოგაწვდით, მაგრამ არ უნდა იქნას გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების გასანადგურებლად, ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარია, იმ დროს, როდესაც რუსეთი დარტყმებს აყენებს უკრაინას სხვადასხვა ოლქებში. გასაგებია, რომ ასეთი გამიჯვნა ნიშნავს უკრაინის არმიის გაწირვას დამარცხებისთვის, რის სურათსაც სამწუხაროდ ყოველ დღე ვხედავთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინამ სამიზნედ აირჩია რუსეთის ტერიტორია, კონფლიქტი გადავა რუსულ-ამერიკულ ჭრილში. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების ფონზეც კი, უკრაინა ძალიან ფრთხილად მოქმედებს, თუ არ ჩავთვლით სასაზღვრო ზონაში რამდენიმე ინციდენტს, როდესაც რამდენიმე სამხედრო ობიექტები აფეთქდა.

„უკრაინელები ამტკიცებდნენ, რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართო. იმათაც შეეშინდათ იმიტომ, რომ პუტინმა იცის ასეთი რამე. სწორედ ასე წამოიკიდა ჩეჩნები ომზე, თვითონ ააფეთქა და მერე ჩეჩნებს დააბრალა. უკრაინა არ უნდა გადავიდეს რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან მერე უკვე რუსეთს ეხსენება ხელი და აგრესორის მაგივრად, თავდაცვის სულისკევეთებით იბრძოლებს, რაც მისთვის ხელსაყრელი იქნება. ანალოგიურად დგება საკითხი, თუ უკრაინა გამოიყენებს ამერიკულ იარაღს რუსეთის სამიზნეების წინააღმდეგ. მაგრამ, ამას ემატება ისიც, რომ ეს იარაღი ამერიკულია და რუსეთს ხელი გაეხსნება საიმისოდ, რომ ამერიკა დაადანაშულოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთია, რომ ამერიკა ეხამრება უკრაინას და ამაზე ჯერჯერობით სიტყვიერი რეაქცია აქვს რუსეთს და მეორე იქნება რეალობა, თუკი დარტყმები განხორციელდება რუსულ ობიექტებზე, რაც მოამწიფებს კონფლიქტს ამერიკასა და რუსეთს შორის, რაც ბუნებრივია, ამერიკას არ უნდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.