ოპოზიცია ბოლო შანსს ებღაუჭება - იქნებ, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს

ოპოზიცია ბოლო შანსს ებღაუჭება - იქნებ, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს

საქართველო ევროკავშირიდან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხის მოლოდინშია, მაგრამ ოპოზიციის ნაწილი უკვე აქციებით იმუქრება. ოპოზიციუტრი ლიდერების ნაწილი ამბობს, რომ ევროპის უარყოფითი პასუხი იქნება ნიშანი იმისა, რომ საქართველო რუსეთისკენ იყურება.

რა მოხდება თუკი მართლაც ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხი უარყოფითი იქნება? ამ კითხვით ანალიტიკოსებს მივმართეთ, თუმცა ისინი დარწმუნებულები არიან, რომ პასუხი უარყოფითი არ იქნება. ამას კი იმით ხსნიან, რომ საქართველო ასოცირების ასპექტში მოლდოვასაც და უკრაინასაც ყველა ასპექტში უსწრებს.

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, ევროკავშირისგან პასუხი მთლად უარყოფითი არ იქნება. მისივე თქმით, შეიძლება ჩვენ ქვეყანას შუალედური სტატუსი მიანიჭონ, მაგრამ ეს საგანგაშო არაა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობამ“ დესტრუქციას მიმართოს.

„არ ველოდები, რომ ევროკავშირი უარს გვეტყვის, თუმცა შესაძლოა, შუალედური ვარიანტი მოგვცენ. თუკი ევროკავშირი საქართველოს უარს ეტყვის და მოლდოვა-უკრაინია თანხმობას მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელს ჰკრავს. საქართველოს მოსახლეობაშიც ასე იქნება აღქმული, რადგან ყველა პარამეტრებით, მათ შორის ასოცირების შეთანხმების კუთხით, ჩვენ უკრაინასა და მოლდოვას ვუსწრებთ. განსხვავება არის ის, რომ უკრაინა ახლა ომობს და ამის გამო ევროპის სიმპათიები მისკენ გადაიხარა. თუ უარი გვითხრეს, პირადად ჩემთვის და საზოგადოების ნაწილისთვის ეს არ იქნება სასიაოვნო მოსასმენი, მაგრამ ცხოვრებას გავაგრძელებთ. საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, ამ უარს გამოიყენებს ქვეყანაში საპროტესტო აქციების ასაგორებლად, როგორც უკრაინაში მაიდანი მოეწყო, რადგან იანუკოვიჩმა ევროპასთან ასოცირებას ხელი არ მოაწერა და ეს ჩაითვალა ევროპული მისწრაფებების ღალატად, დაახლოებით ასეთი შოუს მოაწყობენ, თითქოს საქართველომ გადაუხვია ევროპის გზას და რუსეთისკენ მიდის. რთული გამოსაცნობი არ არის, რას გააკეთებენ, მაგრამ მეორე საქმეა რამდენად გამოუვათ“-განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსის განცხადებით, ოპოზიცია იმ შემთხვევაში შეძლებს ხალხის გარეთ გამოყვანას, თუკი სახელწიფო ინსტიტუტები ისე ვეღარ იფუქციონერებს, როგორც ეს „ვარდების რევოლუციის“ დროს იყო.

 „აქციების მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, სახელმწიფო ინსტიტუტები რამდენად მდგრადი და ეფექტური იქნება. „ვარდების რევოლუცია“ როდესაც მოხდა, მაშინ, დაახლოებით, 30 ათასი კაცი იყო გამოსული, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილი იყო და ეს დაეხმარათ იმაში, რომ ხელისუფლება ამოეყირავებინათ. მათ მიტინგების ჩატარებას არავინ უშლით, მთავარია, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში არ გადავიდნენ, როგორც ეს 2019 წლის 20 ივნისს გააკეთეს. ვფიქრობ, აქცენტი იმაზე იქნება გაკეთებული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპას ზურგი აქცია და რუსეთს მიუბრუნდა, პრინციპში, ამ ნარატივს ახლაც ავითარებენ“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, თუკი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ოპოზიციას აღარ დარჩება საშუალება იმისა, რომ რევოლუციაზე იფიქროს და სააკაშვილ-გვარამიას გათავისუფლების საკითხიც აქტუალობას დაკარგავს.

„თუ შუალედური სტატუსს მოგვცენ, ამას სათავისოდ გაოიყენებენ. მაგრამ, საქმე როგორ არის - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველომ რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ფაქტობრივად, ოპოზიცია რჩება პოლიტიკურად განიარაღებული. მათ საზოგადოებისთვის შესათავაზებელი არაფერი ექნებათ - არც ვადამდელი არჩევნები, რადგან საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება, მით უმეტეს, არც რევოლუციის საკითხი დადგება, შესაბამისად, სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლების საკითხებიც აქტუალური აღარ იქნება. ახლა ყველაფერს აკეთებენ და ვნახეთ, რომ „ევროპის სახალხო პარტიაში“ სპეციალური განცხადება მიაღებინეს. ცდილობენ, როგორმე გადაწყვეტილების მიღების წინ, ევროპაში შექმნან ისეთი განწყობითი ფონი, რომ საქართველოს მიმართ მიიღონ არასასურველი გადაწყვეტილება. შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე ძალიან დიდი ფული იხარჯება“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა for.ge-თან საუბრისას.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ თუკი ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე საქართველოს უარი უთხრა, ეს თავად ევროკავშირის მარცხი იქნება.

„ევროკავშირიდან თუ პასუხი უარყოფითი მოვა, ეს იქნება უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის მარცხი. მარცხში ვგულისხმობ იმას, რომ მათ საერთაშორისო პოლიტიკაში წააგეს. ევროკავშირი თავად უნდა იყოს დაინტერესებული, თუნდაც კანდიდატის სტატუსით, ისეთი პროევროპული ქვეყნის მიღებით, როგორიც საქართველოა. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობასა და ხელისუფლებასაც მასში გაერთიანება სურს“, - განუცხადა ანალიტიკოსმა for.ge-ს.

მისივე თქმით, უარის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციაზე დაიწყებს ფიქრს.

„ევროკავშირიდან უარის პასუხის შემთხვევაში, რა თქა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის აყირავებასა და რევოლუციაზე ფიქრს დაიწყებს. რაც მთავარია, მათ საზოგადოების ნაწილი აჰყვება, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ რევოლუცია მოახდინონ და ქვეყანა გადაატრიალონ“, - აღნიშნა გვენეტაძემ.