„შარლ მიშელის დოკუმენტზე დაბრუნება არის „ლელოს“ ძალიან გულუბრყვილო მოთხოვნა და მას არანაირი პოლიტიკური ფასი არა აქვს, რაც ამ პარტიამაც კარგად იცის“

„შარლ მიშელის დოკუმენტზე დაბრუნება არის „ლელოს“ ძალიან გულუბრყვილო მოთხოვნა და მას არანაირი პოლიტიკური ფასი არა აქვს, რაც ამ პარტიამაც კარგად იცის“

არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ხელისუფლება შარლ მიშელის ხელშეკრულებას დაუბრუნდეს და იქონიებს თუ არა ეს ევროკავშირის კანდიდატი წევრი სტატუსის მიღებაზე გავლენას? „ლელოს“ ამ ინიციატივას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ 19 აპრილის შეთანხმების დაბრუნებისკენ მოუწოდებს, დიდი ენთუზიაზმით, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ შეხვდა. პირიქით, მაგალითად გიგა ბოკერიამ ეს უგუნურ და გულუბრყვილო ინიციატივად შეაფასა. ხელისუფლებამ კი „ლელოს“ უპასუხა, რომ 19 აპრილის შეთანხმება, ეს არ იყო შეთანხმება ევროკავშირთან, ეს იყო შეთანხმება ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელზეც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი არ მოაწერა და ამით თავისთავად დააზიანა ეს შეთანხმება.

 „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თანაპარტიელებთან ერთად პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, ამაზე ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც პარტიამ 5-პუნქტიანი ხედვა წარადგინა.

„ევროკავშირი რამდენიმე კვირაში მიიღებს ისტორიულ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის თაობაზე. ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ ჩვენს ქვეყანას მისცა უპრეცედენტო შანსი, მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვებამ შეიძლება კიდევ დიდ ხანს დატოვოს საქართველო გეოპოლიტიკურ გაურკვევლობაში.

„ლელოს“ მთავარი პოლიტიკური ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფა.

შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია: შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე; 19 აპრილის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შეთანხმებული პოლიტიკური შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლამ, უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. სწორედ მიშელის შეთანხმების დატოვება იყო მთავარი პრობლემა, რომელიც ბრიუსელში ჩვენი შეხვედრებისას დღის წესრიგში დააყენა ევროპულმა მხარემ, შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში. ეს ყველაზე ნათელი პოზიტიური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის დარჩენილ მოკლე დროში, ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე; მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მიშელის შეთანხმების პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ყველა უფლება იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში; ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ერთი მხრივ, დარჩენილ გადამწყვეტ კვირებში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად და მეორე მხრივ, მიშელის შეთანხმებაში მმართველი გუნდის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარ​ე შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ მოთხოვნას უმალვე გამოეხმაურა: „ევროკავშირთან ურთიერთობის მხრივ ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება და ასოცირების დღის წესრიგით, 19 აპრილის შეთანხმება, ეს არ იყო შეთანხმება ევროკავშირთან, ეს იყო შეთანხმება ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის - უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი არ მოაწერა და ამით თავისთავად დააზიანა ეს შეთანხმება.

ჩვენ ვნახეთ, რომ ამ შეთანხმების ინსტრუმენტალიზაციას ცდილობდა, მათ შორის, ოპოზიცია, 100 დღე გავიდა და 8 ოპოზიციური საპარლამენტო პარტიისგან მხოლოდ 4-ს ჰქონდა ხელი მოწერილი, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰქონდა ხელი მოწერილი. როდესაც მთავარი პოლარიზატორი „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერდა ამ შეთანხმებას და თავს ვალდებულად არ თვლიდა, რომ ყოფილიყო ნაწილი დეპოლარიზაციის, შესაბამისად, ეს შეთანხმება ვერ აღწევდა მიზანს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა არანაირი მოტივი და სიტუაცია არა აქვს ქვეყანაში, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს დაუბრუნდეს. ძაბირაძე ფიქრობს, რომ თუკი ხელისუფლება ამას გააკეთებს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ქვეყნის შიგნით, საკუთარი ამომრჩევლის თვალში ის დაზიანდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ევროპის და დასავლეთის თვალში ცუდი ნაბიჯი არ იქნებოდა. რაც შეეხება „ლელოს“, ანალიტიკოსი, ვარაუდობს, რომ ეს განცხადება მათ დასავლეთისთვის გააკეთეს და ძალიან კარგად იციან, რომ მსგავს ნაბიჯს ხელისუფლება არ გადადგამს.

„რა თქმა უნდა, თუკი ევროპას უნდა ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, ქვეყანაში არსებული ბევრი პრობლემის მიუხედავად, ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებენ. ჩვენმა ოპოზიციამაც, ხელისუფლებამაც და ხალხმაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ამ სტატუსს მივიღებთ, ეს იქნება მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. დასავლეთი საქართველოს ამ სტატუსს გარკვეული დათქმებით მაინც მგონია, რომ მიანიჭებს. რაც შეეხება „ლელოს“ ამ ინიციატივას, ეს არის ძალიან გულუბრყვილო მოთხოვნა, რომელსაც ხელისუფლება არ დაუბრუნდება. ეს თავად ამ პარტიამაც ძალიან კარგად იცის, მაგრამ პოლიტიკურად რაღაცა ხომ უნდა თქვან, იაქტიურონ და ა.შ. ეს უფრო დასავლეთისთვის გაკეთებული განცხადება მგონია, რომელსაც არანაირი პოლიტიკური ფასი არა აქვს. ახლა ხელისუფლებისთვის ეს პოლიტიკურად ქვეყნის შიგნით, არცთუ მომგებიანი ნაბიჯია. ამას არ გადადგამს და ეს თემა ვნახეთ, რომ თავად ოპოზიციურ სპექტრშიც აქტუალური არ არის. არ ვიცი, ბრიუსელში შარლ მიშელთან შეხვედრაზე პრემიერ ღარიბაშვილს ეს შეახსენეს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მიშელი ამაზე საჯაროდ აღარ საუბრობს. ჯერ ერთი, ეს თემა უკვე დასრულდა და მეორეც, ამ კაცსაც აქვს თავმოყვარეობა. იმდენჯერ ჩამოვიდა და წავიდა, რომ ახლა ამ დოკუმენტის ხელახლა აღდგენაზე საუბარს არ დაიწყებს“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ამ ხელშეკრულებიდან გავიდა, როცა 100 დღის განმავლობაში მას ხელი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მოაწერა. შემდეგ უკვე ევროპიდან, როცა ენმ-ზე მეგობრული ზეწოლა იყო, მათ მოვალეობის მოხდის მიზნით, ხელი მოაწერეს. ანალიტიკოსი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ამ ვადაგასულ დოკუმენტს საქართველოსთვის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზე არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. ეს ხელშეკრულება იყო შიდა პოლიტიკისთვის განსაზღვრული და არა საგარეო პოლიტიკისთვის.

„პოლიტიკაში თანმიმდევრულობა უნდა იყოს, რაც ოპოზიციას არ ახასიათებს. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ეს უკვე ძალიან დაძველებული დოკუმენტი პოლიტიკურად გაცოცხლდეს. ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ქვეყანაში არ არის საარჩევნო პერიოდი და არჩევნები არც გუშინ არ ჩატარებულა. ამის პოლიტიკური აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას. „ლელოს“ აქვს ხოლმე ისეთი ინიციატივები, რომელიც პოლიტიკურ რეალობას მოწყვეტილია.

პრემიერი ღარიბაშვილი ბრიუსელში რამდენიმე დღის წინ იყო. ის შარლ მიშელს თავად შეხვდა და მსგავს საკითხზე მასთან არანაირი საუბარი არ ყოფილა და ავტორისთვის ეს თემა აქტუალური არ არის. მიშელს ამ დოკუმენტის გაცოცხლება რომ უნდოდეს და ფიქრობდეს, სტატუსის მინიჭებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, მაშინ ამას ხმამაღლა იტყოდა და ამის თქმა არ მოერიდებოდა. როდესაც რაღაცა აქტუალურია და ყურადსაღებია, დასავლელ პოლიტიკოსებს ამაზე საუბარი ღიად არ უჭირთ“,-ამბობს გია აბაშიძე.

მისივე თქმით, ახლა ოპოზიცია არ არის იმ სიტუაციაში, რომ პოლიტიკურად მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება აწყობდეს. აბაშიძე ამბობს, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არანაირ მეორე ფრონტს არ გახსნის, ხელისუფლების რეიტინგმა სადღაც 60%-მდე მოიმატა. ამიტომ მისთვის გაუგებარია რაში უნდა სჭირდებოდეს ოპოზიციას, რომ ხელისუფლებამ შარლ მიშელის დოკუმენტი გააცოცხლოს.