ვინ იცის, რამდენი პატიმარია საქართველოში?

ვინ იცის, რამდენი პატიმარია საქართველოში?

რატომ არ არსებობს ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო? რატომ არ დაუტოვეს სახალხო დამცველს თავისი მოვალეობის შესასრულებლად რეალური ბერკეტები „ნაცებმა“? რამდენი პატიმარი გვყავს საქართველოში? ჩვენ შევეცადეთ, დეპუტატთან ერთად შეგვეფასებინა გასული წლის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული საკანონმდებლო, თუ სამართლებრივი საქმიანობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებების დაცვასთან.

ამავე დასახელების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან საუბრისას, კიდევ უფრო მიმძაფრდებოდა განცდა, რომ ამ ქვეყანაში არავინ იცავს არც ადამიანის უფლებებს და არც თავისუფალია ვინმე. ინტერვიუს მეორე ნაწილს  ორშაბათისთვის შემოგთავაზებთ და ვეტერანთა აქციის დარბევისა, თუ სასამართლო სხდომის შესახებ ბევრ „გასაიდუმლოებულ“ ინფორმაციას შეიტყობთ. იმასაც გაიგებთ, როგორ იჭერდნენ აღმასრულებლები პარლამენტარს, რომელსაც სასამართლოს დარბაზში შესვლა უნდოდა.

გთავაზობთ ინტერვიუს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან.

2010 წელს თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზე ირღვეოდა ადამიანების უფლებები. ირღვეოდა მასწავლებელის, მოსწავლის, ბიზნესმენის, ჟურნალისტის, პატიმრის და კიდევ უამავი პროფესიის წარმომადგენლის ფუნდამენტური უფლებები. ამ ფაქტებს არავინ აფასებს. არც ის ვიცით, რა ანგარიშს დადებს სახალხო დამცველი, რომელიც გასულ წელს პარლამენტმა „შეიბრალა“ და საკანონმდებლო ორგანოში წელიწადში 2-ჯერ ანგარიშის წარდგენის ნაცვლად,  მხოლოდ ერთხელ წარსდგება თავისი მოხსენებით დეპუტატების წინაშე... როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი, როგორ შეაფასებთ 2010  წელს?

დიმიტრი ლორთქიფანიძე: „რადგან პოლიტიკური ორგანოს წარმომადგენელი ვარ,  ვფიქრობ, 2010 წელი,  მაინც უფრო პოლიტიკური კუთხით უნდა შევაფასოთ, ვიდრე სამართლებრივად. ის, რაც სამართლებრივი  კუთხით ხდებოდა, (ვგულისხმობ საკანონმდებლო აქტებს, რომელიც პარლამენტმა მიიღო და შედეგად მნიშვნელოვნად  დამძიმდა საზოგადოების სოციალური ყოფა) სწორედ იმ პოლიტიკიდან გამომდინარეობდა, რასაც ხელისუფლება ატარებდა მტელი წლის განმავლობაში.

პოლიტიკური შეფასება მინდა, დავიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენით, რომელიც 2010 წელს მოხდა. ეს არის რეფომორებული კონსტიტუცია. მე არ მიმიცია ახალი ცვლილებებისთვის ხმა.  ვასაბუთებდი, დღესაც დავასაბუთებ და ყოველთვის შემეძლება არგუმენტები მოვიყვანო, თუ რატომ არ მივეცი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა. როცა მეკითხებიან, რატომ არ დავუჭრე ცვლილებებს მხარი, ვამბობ ძალიან მარტივ არგუმენტს, რომ სახელისუფლებო შტოთა შორის დარღვეულია ბალანსი.  

ჩვენი უმრავლესობის „ტრიუმფატორი“ წარმომადგენლები და მათ შორის - პარლამენტის თავმჯდომარე გამარჯვებული რადამესივით ყველგან აცხადებენ, უპრეცენდენტო ნაბიჯი იქნა გადადგმული დემოკრატიისკენ, როცა ხელისუფლების წყარო, ანუ ხალხი გახდა ამომრჩეველი აღმასრულებელი ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის დამნიშვნელიც ისააო. აქ ერთ მარტივ კითხვას დავსვამ: სად არის ახალ ცვლილებებში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი?

სასამართლო ახალი კონსტიტუციით კვლავ აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატად რჩება. ეს თავისთავად, ყველანაირი კონტროლის მექანიზმის გამორიცხვის საფუძველია.

და  პირდაპირ უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვას...

-პირდაპირ უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს... უფრო მეტიც, დაკნინებულია საკონსტიტუციო სასამართლოს როლიც. როცა ნებისმიერი ფიზიკური, თუ იურიდიული პირი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რაიმე საკანონმდებლო აქტს, ან  კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო აქტს, უნდა არსებობდეს მათი გადახედვის კანონიერი გზა. თავის დროზე ეს ჩადებული იყო პროექტში, რომელიც  იხილებოდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში.

ამ იდეის გარშემო დაირაზმნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგნლები, მაგრამ ცვლილებების  საბოლოო ვარიანტი ისე დაიდო, რომ კაციშვილს არ გაუკეთებია კომენტარი,  რა იქნა ის პირობა, რომელსაც ისინი ხმამაღლა დებდნენ და ამბობდნენ: სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლს საკონსტიტუციო სასამართლო განახორციელებსო. მაშინ ისინი ამბობდნენ, რომ აღნიშნული პუნქტი უპირობოდ შევიდოდა ახალ კონსტიტუციაში. რაც არ მოხდა.

როცა ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ საქართველოში და უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მე მათ დავუსვი კითხვა, მოქმედებს თუ არა აღნიშნული პუნქტი ევროპაში ეფექტურად, მათ დაადასტურეს, რომ გერმანიაში ის ეფექტურად მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ შესული საჩივრების 100%-დან მხოლოდ 2% კმაყოფილდება გერმანიაში, ეს მექანიზმი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მექანიზმად ითვლება იქ. აქვე იმასაც გავუსვამ ხაზს, რომ გერმანიაში მართლმსაჯულების ხარისხი ძალიან მაღალია და ეს 2% აქედან გამომდინარეობს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში თითქმის იდეალური მართლმსაჯულებაა, 2% მაინც არსებობს ცდომილების სახით, უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით..

ჩვენთან არამცთუ დარღვეულია ადამიანის უფლებები, იმდენად ხშირია უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებები, როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მე თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებათა 50% მაინც, თავიდან არის გადასახედი. საკონსტიტუციო სასამართლო კი, ფაქტობრივად, კასტრირებულია.

1999 წლამდე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა ეძლეოდათ გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. მათ შეეძლოთ, შეეტანათ ეჭვი გადაწყვეტილების სისწორეში და თავიდან დაეწყოთ საქმის წარმოება. 1999 წელს, როდესც ქვეყანას მოევლინა ე.წ. რეფორმატორთა ჯგუფი, ბატონი სააკაშვილის მეთაურობით (მაშინ იუსტიციის მინისტრი გახლდათ) დაიწყო სასამართლო რეფორმა და ამ რეფორმამ პირველი დარტყმა მიაყენა ამ საკანონმდებლო რეგულაციას.  შემდეგ კი - საბოლოოოდ აიკრძალა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვა, გარდა ახლადაღმოჩენილი და ახლადგამოვლენილი გარემოებებისა.

ქვეყანაში სამი დონის სასამართლო ინსტანციაა. უზენაესი სასამართლო უკვე აღარ იღებს საჩივრებს პირველი და მოერე ინსტანციების გადაწყვეტილებების თაობაზე, ზეპირი მოსმენით ტოვებს ძალაში და დაუშვებლად სცნობს ამ საჩივრებს.  ანუ ორი ინსტანციის სასამართლოს განსჯადობის შედეგად დგება ის გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.  აქვე ვიტყვი, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის უფლებათს დაცვის საერთაშორისო სასამართლო, ჩვენთვის ინსტანციას არ წარმოადგენს.

თუმცა, მხოლოდ ამ ორ ინსტანციის მიერ დაკანონებული საბოლოო გადაწყვეტილებების გამოც გარბის ხალხი სტრასბურგში სამართლის საპოვნელად. რეალურად, ევროპული სასამართლო „შიდამოხმარების“ უწყებად ვაქციეთ...  

-ეს იმიტომ, რომ ხალხს აღარც სასამართლოს იმედი  აქვს და აღარც სამართლის პოვნის ამ ქვეყანაში. თქვენს პირველ კითხვაში სახალხო დამცველი ახსენეთ. სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის 22-ე მუხლში შევიდა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც სამწუხაროდ, საზოგადების ყურადღების მიღმა დარჩა.

2010 წლამდე საქართველოს სახალხო დამცველს ჰქონდა უფლება (თუ ის მიიჩნევდა, რომ  კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროს უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებები) მიემართა  რეკომენდაციით სასამართლოს თავმჯდომარისთვის, რათა მას გადაეხედა ამ გადაწყვეტილებისთვის. დღეს ეს ნორმა აღარ არსებობს და სახალხო დამცველს შეუძლია, მხოლოდ წერილობითი ინფორმაციით მიმართოს სასამართლოს, ხოლო სასამართლო აღარ არის ვალდებული გაიზიაროს სახალხო დამცველის რეკომენდაცია.

ეს ხდება მაშინ, როცა ორგანული კანონი იერარქიულად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჩვეულებრივი კანონი, მაგალითად, როგორიცააა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.  საპროცესო კოდექსი წინააღმდეგობაში მოდიოდა იერარქიულად მასზე უფრო მაღლა მდგომ ორგანულ კანონთან სახალხო დამცველის შესახებ. ეს გაითვალისწინა საპარლამენტო უმრავლესობამ და სასწრაფოდ, ხმათა უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება - დააკნინეს სახალხო დამცველის უფლებები, მოუხსნეს პასუხისმგებლობა და მხოლოდ ბელეტრისტიკული შესაძლებლობები დაუტოვეს. სასამართლოს შეუძლია, საერთოდ არ დაინტერესდეს სახალხო დამცველის წერილით და არც წაიკითხოს ის. ბუნებრივია, ისმის კითხვა, მაშინ რა უფლებები დარჩა სახალხო დამცველს?

და რაღაში გვჭირდება ეს „პოსტი“ საერთოდ, თუ მის მფლობელს რეალური ქმედებების განხორციელების საშუალება გასულ წელს უკვე კანონის ძალით მოუსპო ხელისუფლებამ, აღარაფერს ვამბობ პოლიტიკურ ნებაზე...

-დიახ და უფრო მეტსაც გეტყვით, მკითხეთ კიდეც ამაზე, 2010 წლამდე სახალხო დამცველს საქართველოს პარლამენტში 2-ჯერ ევალებოდა საანგარიშო მოხსენებით წარდგენა, ახლა ის მხოლოდ წელიწადში ერთხელ მოგვახსენებს პარლამენტარებს თავის საანგარშო მოხსენებას. ესეც, ბუნებრივია, აკნინებს წარმოდგენილი ანგარიშის ხარისხს. ამას ემატება ისიც, რომ სახლხო დამცველის საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება. რეკომენდაციები კი, ჩვენი კანონმდებლობით, გათვალისწინებული არ არის და სავალდებულო ძალაც არ აქვს, ანუ მისი ანგარიში, უბრალოდ, ბელეტრისტიკაა.

თუმცა სახალხო დამცველის კარგი ანგარიში ოპოზიციას საშუალებას უნდა აძლევდეს, რომ ამ ანგარიშით იხელმძღვანელოს და დააყენოს პოლიტიკური მოთხოვნები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში სახალხო დამცველის ანგარიში ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ დღევანდელ დღეს, პოლიტიკური  ოპოზიციის არარსებობის პირობებში, ეს არის წერე და იკითხეს პრინციპი. რაც არ უნდა ობიექტური იყოს ანგარიში, ის ხალხის ყურამდე დეტალურად მაინც ვერ აღწევს.

ამ მხრივ ძალიან დახურული სისტემაა სასჯელაღსრულების სამინისტრო. გამოდის ინფორმაციები, რომ სცემენ პატიმრებს, დაავადებთა რიცხვმა იმატა, მაგრამ ვერავინ დებს ფაქტებს, ერთეული გამონაკლისების გარდა. რა ხდებოდა 2010  წელს ამ  სისტემაში?

-დავიწყებ იმით, რომ ტუბერკულიოზის შემთხვევებმა კატასტროფულად იმატა, მაგრამ სასჯელაღსრულების სამინისტრო საგულდაგულოდ მალავს ამ ფაქტს, იმის ნაცვლად, რომ განგაში გამოაცხადოს. მე მოვისმინე უწმინდესისა და უნეტარესის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ქადაგება, სადაც მან აღნიშნა, რომ პირადად ჰქონდა საუბარი პოლონეთიდან ჩამოსულ პთიზიატრთან, რომელმაც განაცხადა: საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა ფილტვის დაავადებების თვალსაზრისით და მძვინვარებს ტუბერკულიოზის ეპიდემიაო.

უფრო მეტიც, სასჯელაღსრულების დაწესებულების 2010 წლის ანგარიშს თუ ნახავთ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი გამოგვაპარა ამ უწყებამ და არ გაუკეთებია აქცენტი იმ საკითხზე, თუ რამდენი პატიმარი გვყავს საქართველოში? ეს ბანალური ფაქტია და აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული ამ უწყების ანგარიშში. სხვათაშორის, ამ თემაზე ქართული მედია რატომღაც დუმს და არ აკეთებს აქცენტს. 

არც 2009 წლის ანგარიშში დაუსახელებია სასჯელაღსრულების სამინისტროს პატიმართა კონკრეტული რიცხვი. ჩვენ მხოლოდ 2008 წლის მონაცემი ვიცით, როცა 19 850 პატიმარი იყო დაფიქსირებული. დღეს იმდენად ბევრი პატიმარია საქართველოში, რომ, როგორც ჩანს, სასჯელაღსრულების მინისტრი  ვეღარ ბედავს ოფიციალურად გაამხილოს მათი რაოდენობა.

არსებობს ინფორმაცია, რომ პატიმართა რაოდენობა 30 ათასამდეა ასული...

-ჩემი ინფორმაციით, 30 ათასს უკვე გადასცდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა ვალდებული უწყება, ამ სტატისტიკურ მონაცემს არ უმხელს საზოგადოებას, აქ უკვე საუბარია აბსოლუტურად სხვა მოვლენაზე. ეს არის  კლასიკური გაგებით  ვოლუტარიზმი,  როდესაც სახელისუფლებო ძალები თვითნებურად, სათავისოდ იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას და ანგარიშს არავის უწევენ.

თუ შეიძლება, დაასახელეთ წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე რთული ფაქტები, რაზეც ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას ვერ მიაღწიეთ...

-ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, ალბათ, გახლავთ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებული ახალი გარემოებები. ახალი ვიდეომასალა ამოღებული იქნა „რუსთავი-2“-ის არქივიდან, სადაც ნათლად ჩანს, რომ მანქანის მინა ჩამტვრეული არ არის. ეს ვიდეო დავურიგეთ ყველა დეპუტატს, მოვითხოვეთ საპარლამენტო კომისიის შექმნა, დავიბარეთ იუსტიციის მინისტრი პარლამენტში, საბოლოო ჯამში - არც კომისია შეიქმნა და არც მინისტრმა ადეიშვილმა ინება ამ თემაზე პარლამენტში მოსვლა.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი და მიუთითებს იმ ვოლუტარისტულ გამოვლინებებზე, რითაც უკვე განებივრებულია ეს ხელისუფლება... თამამად შემიძლია, გითხართ, აშაკარად იკვეთება,  რომ ავტორიტარიზმი, რომელიც დიდი ხანია მძვინვარებს ქვეყანაში, გადადის ტოტალიტარულ რეჟიმში. ტოტალიტარული რეჟიმის საბოლოო გამოვლინება იყო ვეტერანების აქციის ასეთი ვანდალური დარბევა, რომელიც ათასნაირი პროვოკაციებით იყო გაჯერებული“.