„არც უკრაინა, არც მოლდოვა და არც საქართველო არ არის კანდიდატობის ღირსი, მაგრამ ვინაიდან უკრაინა ომშია, შესაძლოა, მან მიიღოს ის, რაც ჩვენ შეიძლება არ მოგვცენ“

„არც უკრაინა, არც მოლდოვა და არც საქართველო არ არის კანდიდატობის ღირსი, მაგრამ ვინაიდან უკრაინა ომშია, შესაძლოა, მან მიიღოს ის, რაც ჩვენ შეიძლება არ მოგვცენ“

საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველო უკვე ბრიუსელისგან ელოდება, ამაზე 27 ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებები იმსჯელებენ, მანამდე კი, თვეზე ნაკლები რჩება. ამ ფონზე დაიძაბა ურთიერთობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ აგიტაციას ახორციელებენ, რაც დამაზიანებლად მოქმედებს მიმდინარე პროცესებზე. კობახიძის თქმით, საქართველო ყველა პარამეტრით წინ უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას და, შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for-ge სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია ხელისუფლების დასაზიანებლად. მისი თქმით, საქართველო სტატუსის მისაღებად ამ ეტაპზე მზად არ არის.

პაატა ზაქარეიშვილი: საქართველო არ არის ჯერ მზად, მაგრამ უკრაინიდან გამომდინარე, შეიძლება ევროკავშირმა რაღაცებზე თვალი დახუჭოს, რაშიც ეჭვი მეპარება, ბევრი სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგად არის, მაგრამ საქართველო 2008 წლიდან რუსეთთან ომშია, ჟენევის მოლაპარაკებები ჩიხშია, რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიაზეა, რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. ომი მარტო სროლა არ არის, ეს დაუმთავრებელი ომია. ჩვენ თვითონ ვახდენთ დისტანცირებას უკრაინისგან, ვამბობთ, რომ რაც უკარინას ეხება, ჩვენ არ გვეხება და თუ ასეა, შეიძლება უკრაინას რაღაცები აპატიონ და მისცენ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ჩვენ ხმა არ უნდა ამოვიღოთ მაშინ. ამიტომ, ამ ფონიდან გამომდინარე, არც უკრაინა, არც მოლდოვა და არც საქართველო არ არის კანდიდატობის ღირსი, მაგრამ ვინაიდან უკრაინა ომშია, შესაძლოა, მან მიიღოს ის, რაც ჩვენ შეიძლება არ მოგვცენ. ამიტომ, ეს უცნაური სიტუაციაა და შესაძლოა, ამან აჩვენოს განსხვავება სტატუსის მიღებაში.

მოლდოვა კი ამბობს რომ ჩვენ მსხვერპლი ვართო, მაგრამ მოლდოვა 90-იან წლებში იყო მსხვერპლი და ჩვენ ახლა ვიყავით 2008 წელს. ჩვენ პუტინიზმის მსხვერპლი ვართ და ამაზე ხმას არ ვიღებთ. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ დროს გაგვიწელავენ, მეტი კითხვები დაგვისვან, შესაძლოა, დაელოდონ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, ასე გაუკეთეს, მაგალითად, თავის დროზე ალბანეთს, როდესაც დაელოდნენ საპარლამენტო არჩევნებს. ანუ, უამრავი ფაქტორი იქნება, მაგრამ ის, რომ უკრაინასთან ერთად მოგვცემენ, ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ იქნება.

დღემდე არის განცდა, რომ ამ პროცესებში უკრაინაზე ვართ მიბმული და აქედან გამომდინარე, შესაძლოა, სტატუსი მივიღოთ...

- მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა მოგვცენ ეს სტატუსი. რას ვაკეთებთ ამისთვის, როგორი სასამართლო გვაქვს, როგორი პოლიტიკური პროცესები მიდის ქვეყანაში, როგორ ვერ ვაკრიტიკებთ, მაგალითად, ქართველ ნაციონალისტებს და რადიკალ ნაციონალისტებს და როგორ ვერ ვაკრიტიკებთ რუსეთის პოლიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ სამხრეთ ოსეთში როცა ჩატარდება რეფერენდუმი, მერე ვიფიქრებთ გეოპოლიტიკურად რამდენად სწორი იქნება ეს რუსეთისთვისო. ჩვენ ამაზე ხმას ვერ ვიღებთ, ხოლო, როდესაც ჩვენი მეგობარი დეპუტატები ევროკავშირიდან საქართველოზე ზრუნავენ და უნდათ იყოს საქართველო უკეთესი, საკმარისია ხმა ამოიღონ და მაშინვე პირში სჩრიან მუშტს, რა პოლიტიკაა ეს? ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროკავშირს ჰქონდეს უარყოფითი დამოკიდებულება. რუსეთს არ ვეხებით, ბოლო ორ კვირაში სამარცხვინო განცხადებები გააკეთეს, როგორც რუდენკომ ისე კარასინმა, ჩვენ ამ დროს ჩუმად ვართ, ვერაფერს ვუბედავთ. „ქართულ ოცნებას“ რაღაც ძალის ეშინია. ვისთანაც ტერიტოტიებზე გვაქვს პრეტენზიები, იმას ხმას ვერ სცემენ და ის ხალხი, ვინც გვაკრიტიკებს, იმისთვის, რომ ჩვენთვის კარგი უნდათ, იმას არ ვარჩენთ არაფერს.

სწორედ ახლა, როდესაც მართლა ერთობლივი მოქმედებაა საჭირო, განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიცია შეგნებულად ცდილობს ხელი შეუშალოს ამ პროცესებს და ევროპაში საწინააღმდეგო კამპანიას ეწევიან ცრუ ინფორმაციების გავრცელებით. ოპოზიცია თავის მხრივ ამბობს, რომ ხელისუფლების ინტერესებში არ შედის კანდიდატის სტატუსის მიღება, აქედან გამომდინარე, რა მოლოდინები უნდა გვქონდეს?

- ოპოზიციას ხელისუფლების დაზიანება არ შეუძლია. აბსურდია ოპოზიციამ რამეს მიაღწიოს. შეიძლება ოპოზიციამ თუ იმდენი ხმა აქვს, პარლამენტში ჩაუგდოს ხელისუფლებას მაგალითად, რაღაც პროევროპული გადაწყვეტილება, მაგრამ დადიან ოთახებში რაღაცას ლაპარაკობენ და მით ვინმეს ზიანს მიაყენებენ, ეს ძალიან დიდი სისულელეა. აშკარაა ღარიბაშვილს რაღაც ძალიან მწარე უთხრეს, რომ თქვენ არ გეკუთვნით კანდიდატობის სტატუსი, ჩამოვიდა და ოპოზიციას აბრალებს იმას, რაც შეუძლებელია. გამორიცხულია, ნებისმიერ სახელმწიფოში ოპოზიციამ რამე გააფუჭოს, როცა არსებობს ხელისუფლება. ხელისუფლება არის ლეგიტიმური, ხალხისგან არჩეული, აქ რა შუაშია ოპოზიცია, ის ხომ ხალხისგან არჩეული არაა?! ოპოზიცია გაერთიანდა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამ დროს მაინც აბრალებენ იმას, რასაც ვერ ამტკიცებენ. ოპოზიციამ ამაზე საერთო განცხადებაც გააკეთა პარლამენტში, რომ ემხრობიან სტატუსის მიღებას და ამ დროს, ვიღაც სამადაშვილმა ტუალეტის წინ რაღაც თქვა, ამაზე ლაპარაკი ნამდვილად არასერიოზულია. როცა ხარ მართალი, როცა აბსოლუტურად აკონტროლებ პარლამენტს, როცა შეგიძლია მართო მთვრობა, აკონტროლებ პოლიციას, სასამართლოს, ანუ, ყველაფერი შენს ხელშია და ამ დროს, ვიღაც დერეფანში რაღაცას იტყვის, ამაზე გინდა გადაიტანო მთელი პასუხისმგებლობა. ეს ძალიან უსუსური არგუმენტია, შეიძლება, ეს ვინმე მიამიტ მოქალაქეს დააჯერო შენი უუნარობის დასაფარად.

ეს ყველაფერი რაზეც თქვენ საუბრობთ, ხელისუფლების სუსტი მმართველობით არის გამოწვეული თუ სხვა საგარეო ფაქტორებიცაა ჩართული?

- საგარეო ფაქტორი არის ის, რომ ევროკავშირი გვეუბნება გავხდეთ დემოკრატიულები, რათა დაგვეხმარონ. დაანებონ თავი სასამართლოებში ამ გაუბედურებული სააკაშვილის აქეთ-იქით თრევას, თუ ავადაა, მიუყვანეთ ექიმები უცხოელი იქნება თუ სხვა ვინმე, დაანებეთ ამ საეჭვო დაპატიმრებებს თავი და ასე შემდეგ.

გვარამია-სააკაშვილის ფაქტორი რამდენად იმოქმედებს ამ პროცესებზე. აქვე ჩნდება ძალიან ლეგიტიმური კითხვა - რაღა მაინც და მაინც ამ პერიოდს დაამთხვიეს გვარამიას დაკავება, როცა მარტივად შეიძლებოდა პროცესის რამდენიმე თვით გადადება, ხელისუფლებამ აქაც ვერ გათვალა?

- ამას მტკიცებულებები სჭირდება, მაგრამ მგონია, რომ ხელისუფლება არ არის დაინტერესებული კანდიდატის სტატუსის მიღებით. სიტყვით ამბობენ, რომ ევროკავშირისკენ მივდივართ და საქმით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ევროკავშირმა ღირსად არ ჩაგვთვალოს, ამიტომაც ამზადებენ ესენი მეორე ვარიანტს და ამას აბრალებენ ოპოზიციის ქმედებებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ოპოზიცია, რომ იყოს სერიოზული წარმომადგენლობით პარლამენტში, ბლოკავდეს კანონებს, რეზოლუციებს, მაშინ შეიძლებოდა ამაზე ლაპარაკი, მათ ამის ბერკეტი არ აქვთ. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობა არის „ქართულ ოცნებაზე“. უმრავლესობაში ყოფნა არ არის იდეალური მდგომარეობა. ხომ უნდოდათ უმრავლესობაში ყოფნა? ახლა აგონ პასუხი ყველაფერზე.

ამ პროცესებში მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სასამართლო სისტემას, დემოკრატიულობის ხარისხს, აქ ეკონომიკური ფაქტორი ნაკლებად ჩანს. რა არის ხელისუფლების სუსტი რგოლი და რა არის ხელისუფლების ძლიერი მხარე რომელიც გადამწყვეტად იმოქმედებს?

- ყველაზე სუსტი მხარეა ჩამოუყალიბებლობა. ხელისუფლება ვერ გამოკვეთს, რა უნდა. მგონია, ხელისუფლებას არ უნდა ევროპაში ინტეგრაცია, იმიტომ რომ, მაშინ მოუწევს ძალაუფლების დათმობა; იმიტომ რომ ეს ნიშნავს ნამდვილ არჩევნებს, ძალაუფლების გადანაწილებას, ეს ნიშნავს მეტ კორექტულობას ოპონენტების მიმართ. მათი მთავარი ამოცანა არ არის ევროპულობა, არც „ნატო“, მათი მთავრი ოცნებაა ძალაუფლების შენარჩუნება. დანარჩენი ყველაფერი ეს არის ფასადი და ფარისევლობა. ვითომ უნდათ ევროპულ ოჯახში, ვითომ ომი იქნება და ამ მოგონილ ომებზე აგებენ ათას სისულელეებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ უნდათ არაფრის კეთება, გამორიცხულია, რომ რუსეთმა საქართველოში საომარი მოქმედებები განახორციელოს.

ომში ჩართვაზე საუბარი მხოლოდ ჩვენი შიდა პოლიტიკური ხრიკია?

- ომში ჩათრევის მცდელობები იყო უკრაინიდან. აბსოლუტურად არაკომპეტენტური, უსუსური და წინდაუხედავი განცხადებები პოდოლიაკის, არესტოვიჩისა და არახამიას მხრიდან, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ ვინ მოუსმინა? მე დავცინე კიდეც ამის გამო და ვთქვი, რომ თუ ეს ხალხი ასეთი კომპეტენტურები არიან, მაშინ კარგად ყოფილა-მეთქი უკრაინის საქმე. მე ვამბობ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ვაქციოთ სამშვიდობო ძალებად და ოსურ და აფხაზურ მხარესათან დავიწყოთ მოლაპარაკებები. რუსეთმა უნდა შეასრულოს ვალდებულება ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. თუ ეს მოხდება, უნდა დავიწყოთ აფხაზურ და ოსურ მხარესთან ლაპარაკი იმაზე, რაც მათ ყოველთვის სურთ, დაიწყოს ძალის არგამოყენებაზე ლაპარაკი. ასევე, ვკითხოთ ევროკავშირს, როგორ ხედავენ თავის როლს ამ პროცესებში, გვითხრან, როგორ ჯობია ყველაფრის გაკეთება. ამ პოზიციას რომ გააფორმებ ომის პარტიად, ეს ნორმალურია? აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლებამ არ იცის რა გააკეთოს და ასეთ პოზიციებსაც კი ომის სურვილად აფორმებენ. როდესაც გვაქვს უნიკალური შანსები, რომ ვიყოთ ზომიერები და კორექტულები, ერთი სახანძრო ან სასწრაფოს მანქანა რომ გადაგვეცა უკრაინისთვის, ეს ომში ჩართვა იქნებოდა? ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ასევე დაზარალებულია რუსეთისაგან. ჩვენ ხმას არ ვიღებთ ამ ყველაფერზე, რაც ძალიან უცნაურია.

თქვენ აღნიშნეთ, რომ შესაძლოა, 2024 წლის არჩევნებს დაელოდონ და ეს იქნება სტატუსის მიღების განმსაზღვრელი, თუ გახსენდებათ თუნდაც ერთი არჩევნები, რომელიც დასავლეთმა დემოკრატიულად არ აღიარა?

- დემოკრატიუალად ძალიან ბევრი არჩევნები შეაფასა. 2004 - 2012 წლის არჩევნები ძალიან მკაფიო იყო. ისინი აფასებდნენ არჩევნებს, როდესაც არ მივდიოდით ევროკავშირში და ახლა უკვე მეტი მოთხოვნებია ჩვენზე. ამიტომ, ხელახლა მოხდება დაკვირვება. მე მაინც მგონია, რომ თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს 2024 წლამდე, არჩევნები ჩაივლის და მაინც არ მოგვცეს, მაშინ დავინახავდი სწორედ საგანგაშო მდგომარეობას. მე მაინც მგონია, რომ თუ ახლა არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, არც უარს არ გვეტყვიან და დაელოდებიან რაღაცას. ერთადერთი რაღაც კი, შეიძლება იყოს მომავალი არჩევნები.

 

 

 

Maverick ეს გოთვერანი თავს არ ანებებს ყვარყვარეობას, თუქსუსი პოლიტრიკსი იყო დემოკრატიულ პარტიაში ყოფნისას, მისგან "გასვლისას", მაღალი პოსტიდან გადმოყირავებისას, კონ-ფლიდ- ოლოგად გადომისას და ბოღმის ნთხევით სარზე არის ჩამოცმული!
2 წლის უკან