„კრემლი ხვდება, რომ ომს აგებს და ამიტომ დაანება თავი ჩვენგან დაკარგულ ტერიტორიას“, - ასე შეაფასა აფხაზეთის უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ლევან კიკნაძემ For.ge-სთან ინტერვიუში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის გადაწყვეტილება, რომელმაც ამ რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების „განკარგულება“ შეაჩერა.
გაგლოევი ე.წ. „განკარგულებაში“ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომი ინტეგრაციის გზების შესახებ“ მიუთითებს „რეფერენდუმზე წარდგენილი საკითხის სამართლებრივი შედეგების გაურკვევლობაზე“, ასევე „იმ საკითხებზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს ეხება, რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ცალმხრივი გადაწყვეტილების დაუშვებლობაზე“. ამასთან, გაგლოევის „დოკუმენტში“ აღნიშნულია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაიმართოს კონსულტაციები რუსულ მხარესთან „სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მთელ სპექტრზე“. როგორ ფიქრობთ, რითი აიხსნება ალან გაგლოევის ეს გადაწყვეტილება და როდის უნდა ველოდოთ ხელახლა ამ საკითხის წამოჭრას მათ მიერ?
- არ ვფიქრობ, რომ ის განკარგულება, რომელიც გამოსცა, თვითონ მიიღო, რასაც კრემლი უბრძანებს, იმას გააკეთებს. ალბათ, არ არის შესაფერისი მომენტი, შეიძლება აქ სხვადასხვანაირი აზრი ჩამოყალიბდეს. კიდეც რომ ჩატარდეს ეს ე.წ. რეფერენდუმი, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რა მოსახლეობაა იქ ისეთი, რომ ამ მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. პრეზიდენტმა?! ვფიქრობ, რომ არ აწყობთ ახლა „რეფერენდუმის“ ჩატარება.
თუ „რეფერენდუმი“ ჩატარდა და მოსახლეობამ გამოაცხადა, რომ თანახმაა შეუერთდეს რუსეთს, ერთი მხრივ, კრემლის პოლიტიკაა ასეთი და რომ შეაჩერეს „რეფერენდუმი,“ მან ამით უკან დაიხია.
ომის წარმოება, რომ წაგებისკენ მიიყვანს, ამაზე უკვე ყველა საუბრობს და ლოგიკური ჩანს, ეს გადაწყვეტილება თუ რატომაც შეაჩერეს. კრემლი ხვდება, რომ ომს აგებს და ამიტომ დაანება თავი ჩვენგან დაკარგულ ტერიტორიას, ე.წ. სამხრეთ ოსეთს, მაგრამ რუსეთისგან წარმოუდგენელია ასეთი ნაბიჯი. თუკი ეს მართლაც ასეა, კრემლი რეალურად თვლის, რომ მას უკვე აღარ შეუძლია ეს კონფლიქტური რეგიონები თავისი ქოლგის ქვეშ ჰყავდეს.
რა შესაძლო სცენარია მოსალოდნელი, უკრაინაში რუსეთის წარმატება ან წარუმატებლობის შემთხვევაში, ჩვენც ტერიტორიებთან დაკავშირებით?
- რუსეთმა წააგო ომი უკრაინაში. შეიძლება საბოლოოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, მაგრამ რუსეთს რაც უნდოდა, ის ვერ განახორციელა. რუსეთს სურდა უკრაინა დაემორჩილებინა, რადგან ეს ვერ შეძლო, ე.ი. უნდა ჩაითვალოს, რომ ომი წააგო.
ასეთ შემთხვევაში, რუსეთი ვეღარ შეძლებს ამ რეგიონების თავისი ქოლგის ქვეშ მოქცევას, რომ ჰქონდეს გავლენა. ჩვენ გვეხსნება ფანჯარა არა იმ კუთხით, რომელსაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები - არ მივიჩნევ სწორად, რომ ჩვენ შევიჭრათ და ძალით დავიმორჩილოთ, არა! მნიშვნელოვანია დაიწყოს დიალოგი ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან, რომ ისინი დავაბრუნოთ და მოვახედოთ ჩვენსკენ. ამის რეალაური შესაძლებლობა იქმნება. მთელი მსოფლიოს პოლიტიკური არქიტექტურა იცვლება და რატომ არ შეიძლება ეს არქიტექტურა აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ჩვენს სასარგებლოდ შეიცვალოს?!
აქ მეორე საკითხია, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამისთვის, რომ მათში ნდობა გავაღვიძოთ. თუ ეს ასე მოხდა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დასუსტდება რუსეთი.
თქვენ პირადად რამდენად იზიარებთ მოსაზრებას ჩვენთან ომის შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით, თუკი უკრაინაში რუსეთი დამარცხდება?
- ჩვენ ცოტა საღად უნდა ვიაზროვნოთ, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს, სწორად აკეთებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ მეორე ფრონტი არ გაიხსნას. ომით ჩვენ ვერაფერს შევმატებთ უკრაინას და დავზარალდებით, როგორც დღეს უკრაინა არის დაზარალებული, ან კიდევ უარესადაც კი. შესაბამისად, ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლება, თუმცა რას ფიქრობს პუტინი, კაცმა არ იცის. არ შეიძლება რომ, რაღაცნაირად, მეორე ფრონტის პროვოცირება მოვახდინოთ.
უახლოეს კვირებში უნდა მივიღოთ პასუხი ევროკავშირისგან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხთან დაკავშირებით. თქვენ პირადად რა მოლოდინი გაქვთ, მივიღებთ ამ სტატუსს თუ არა?
- მგონია, რომ კანდიდატობა უნდა მოგვცენ. თუ ასე არ მოხდა, ეს უფრო მეტად ევროპას დაარტყამს, ვიდრე ჩვენ. კანდიდატობის მიღება არის იმის შესაძლებლობა, რომ მერე ევროკავშირში მიგვიღონ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება.