„უკრაინაში დიდი კაპიტალდაბანდება ხდება ჩვენი მეომრების სახით“

„უკრაინაში დიდი კაპიტალდაბანდება ხდება ჩვენი მეომრების სახით“

უკრაინას ვეხმარებით ყველაფრით, მაგრამ მაინც საომარ მდგომარეობაში მყოფი ამ ქვეყნის ლიდერთა გული ვერ მოვიგეთ. უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთებით საქართველო პირველ ადგილზეა, გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 3000 ქართველი იბრძვის ამ ქვეყანაში, ზოგიერთი მათგანი დაიღუპა კიდეც, ასევე, უკრაინას ვეხმარებით საერთაშორისო დონეზე 250 რეზოლუციით და განცხადებით, ვეხმარებით ფინანსურად...

ომი რომ დასრულდება, ჩვენ მოგვიწევს ამ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირების დამყარება, ამიტომ რამდენად პირნათელი ვიქნებით მასთან, ეს შემდგომ ურთიერთობებს განაპირობებს.

კიდევ რისი გაკეთება შეეძლო 3,5- მილიონიან ქვეყანას უკრაინისთვის და რა დავაკელით?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ რაც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებშია, ყველანაირად ვეხმარებით უკრაინას, მათ შორის, მორალურ-ზნეობრივი თვალსაზრისით. ერთია ვალდებულება და მეორეა ვალდებულება ჩვენი მორალის წინაშე. რუსეთი აგრესორი, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპის უხეში დამრღვევია და, ბუნებრივია, ასეთ დროს ჩვენ სამართლის მხარეს ვდგავართ.

„უკრაინას მხარს ვუჭერთ, როგორც მეგობრები, ასევე, სამართლიანობის მხარეს ვართ. ვერ გავაკეთებთ მხოლოდ იმას, რომ ჩვენი თავი ჩავიყენოთ უარეს დღეში, ვიდრე უკრაინაა, ამით ვერც უკრაინას დავეხმარებით და ჩვენს თავსაც ნგრევის და ზიანის მეტს ვერაფერს მოვუტანთ. ამიტომაც აქტიურობდნენ სააკაშვილის დამქაშები, პირდაპირი განცხადებები იყო ხატია დეკანოიძის და სხვათა მხრიდან ომში ჩართვის თაობაზე. უკრაინელების ცნობილი განცხადებები კი ომში შეხიდებასთან დაკავშირებით, უტიფრობის ყოველგვარ ზღვარს სცილდება, რადგან არ შეიძლება მოკავშირე ქვეყანას ამ სიტყვებით ელაპარაკო“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა for.ge- სთან საუბრისას.

მანვე განმარტა, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო ფორმატში, უნდა ვეცადოთ საერთაშორისო ტრიბუნის გამოყენებას სოლიდარობის გამოსახატად, რუსეთის ფედერაციის მოქმედების დასაგმობად ყველგან, სადაც კი ჩვენს ხმას ისმენენ, ამასთან, ფიზიკური და მატერიალური დახმარება არ უნდა შევუწყვიტოთ უკრაინას.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ჩვენი მომავალი პოლიტიკა ახლავე უნდა შევუთავსოთ ომის შემდგომ რეალობას. ღმერთმა ნუ ქნას, ქართული დიპლომატია მოტყუვდეს ომის შედეგებში, ეს ძალიან ძვირად დაგვიჯდება. ამდენად, საჭიროა ზომიერი სიფრთხილე. ზღაპარია, რომ საქართველომ ომი გამოუცხადოს რუსეთს, რადგან სანამ ამერიკაში გაიგებენ, საქართველოს ომი გამოუცხადებიაო, რუსეთი ნახევარ საქართველოს მიწასთან გაასწორებს.

„ზომიერი სიფრთხილე გვმართებს და არა გადაჭარბებული სიფრთხილე, რადგან ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე უნდა იყოს, ამიტომ დღესვე ისეთი საფუძველი უნდა ჩავუყაროთ ომის შემდგომ რეალობას, რომ უკრაინა იმაზე უკეთესად იყოს ჩვენთან, ვიდრე ომამდე იყო. ამ მხრივ დიდი კაპიტალდაბანდება ხდება ჩვენი მეომრების სახით. ჩვენი არაერთი მებრძოლი დაიღუპა. განსაკუთრებით, უნდა აღინიშნოს ერთ-ერთი უკანასკნელი შემთხვევა - რატი შურღაიას დაღუპვა, ბიჭი კლინიკაში იწვა, 10 დღე უნდა წოლილიყო, ხუთი დღის შემდეგ ფანჯრიდან გადახტა, გაიქცა საომრად და დაიღუპა. ქართულმა დიპლომატიამ ეს კაპიტალი უნდა გამოიყენოს პრაგმატიზმით და ზომიერი სიფრთხილით, რადგან სულ სხვანაირი იქნება სამყარო ომის შემდეგ“, - აღნიშნავს სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ევროპა დღეს უკვე სხვანაირია. გუშინდელი ევროპა დღევანდელი ევროპისგან განსხვავდება. ამერიკის პრიორიტეტებიც შეიცვალა და ჩნდება კითხვა, რატომ ეხმარება ამერიკა ასე ძლიერ უკრაინელებს მაშინ, როცა ავღანეთში გუდა-ნაბადი აიკრა და წავიდა? ეს იმიტომ, რომ ამერიკელებმა ნახეს, ავღანელებს ომი არ უნდათ, ამიტომაც შეუკურთხეს ავღანელებს და წავიდნენ მათი ქვეყნიდან, სამაგიეროდ, ამერიკელები ხედავენ, რომ უკრაინელები იბრძვიან.

„ამერიკაც პრაგმატულია, არ გეგონოთ, ამერიკელებში ემოციები ჭარბობდეს. ამერიკელები ცივი გონებით წყვეტენ ყველაფერს. იმავე „ლენდ ლიზის“ კანონს რა უდევს საფუძვლად? ის, რომ ეს კანონი ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეობს. ჯორჯ მარშალმა თავის დროზე თქვა, რომ მარშალის გეგმა ევროპისთვის დახმარება კი არ იყო, ეს თავად ამერიკელთა ინტერესებში იყო, რომ ევროპა ფეხზე დაეყენებინათ, რადგან, თუ ევროპას ფეხზე არ დააყენებდნენ, მეორე დღეს სტალინი მივიდოდა და ყველას გააწითლებდა. ჩვენც ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, ჩვენ რომ დავსხდეთ, არაფერი ვაკეთოთ და ველოდოთ ომის დამთავრებას და მერე ვუთხრათ უკრაინელებს, ჩვენ თქვენი სტრატეგიული მოკავშირეები ვართო, არ გამოვა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისივე მოსაზრებით, დღევანდელი ჩვენი ჰუმანიტარული დახმარება ძალიან სწორია, 35 ტონა დახმარება გავგზავნეთ. ცხადია, უკრაინელებს ჯარისკაცებით ვერ მოვამარაგებთ, ჩვენ თვითონ 3 მილიონი ვართ, ბრძოლისუნარიანი კი რამდენი გვყავს? ამიტომ მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დახმარება, ასევე, დიპლომატიური დახმარება. მით უმეტეს, რომ უკრაინას ყველა ეხმარება იმით, ვისაც რა შეუძლია. განა ნატოს ყველა ქვეყანა ჯარს აგზავნის უკრაინაში!? ისლანდიას არმია საერთოდ არ ჰყავს, მაგრამ ნატოს წევრია. ჩვენ რომ 50-ათასიანი საექსპედიციო კორპუსი გავგზავნოთ უკრაინაში საომრად, ეს ზღაპარია, მაგრამ დიპლომატიური დახმარებაც კარგია. ჩვენ ყველა დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ვართ, ხმა გვაქვს ყველგან, უკრაინას ჩვენი ხმები სულ დასჭირდება, გაეროშიც, საერთაშორისო სასამართლოშიც. შეგვიძლია იურიდიული სამსახურის გაწევაც, რადგან ჩვენ თვითონ გამოვიარეთ ჰააგის სასამართლო. უკრაინას კი არ აქვს ეს გამოცდილება. ამდენად, უკრაინის დახმარების უამრავი საშუალებაა და ეს საშუალებები უნდა გამოვიყენოთ.

 

Aburjga Tasmanieli "ომი რომ დასრულდება, ჩვენ მოგვიწევს ამ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირების დამყარება, ამიტომ რამდენად პირნათელი ვიქნებით მასთან, ეს შემდგომ ურთიერთობებს განაპირობებს."
ხომ არ იცით როდის მთავრდება, ხვალ, ზეგ.... 1 წლის შემდგ? იქნებ უკრაინის პალესტინიზაცია მიდის?! იქნებ სულ აღარ იყოს ის ვისთანაც რაღაც მჭიდრო დავამყაროთ?! ან რატომ უნდა დავამყაროთ, ეს რა ახირებაა?!
2 წლის უკან
dimpi რისთვის წირავენ სიცოხლეს, პოროშენკომ და კოლომოისკმა და სხვებმა რომ მილიარდები ჩადონ ოფშორებში? არ უსმევენ თავიან თავს კითხვებს?
არც მივლენ მათი სისხლით ნაყიდი მაიბახებით მათვე დასაფლავებაზე
2 წლის უკან
dimpi იაფი მუშახელი მძიმე სამუშაოებსთვის, იაფი საზარბაზნე ხორცი, იაფი სისხლი თუ ხორცი, განვითარება და კაპიტალიზმი, დამოუკიდებლოაბ და თავისუფლებაა ეგ ხომ?
2 წლის უკან
dimpi და ბნელი მოსახლეობა არ გიშვებდნენ განვითარებისკენ და მაგიტომ ჩაყარეთ კონვეირში მოსახლეობა ხომ?
2 წლის უკან
dimpi ვაი თქვენ პატრონს
2 წლის უკან
ლაზი ამ ომში რეალურად ვერც ერთი მხარე ვერ გაიმარჯვებს. ძმათამკვლელ ომში, გამარჯვებული არ არსებობს! ომი ოდესმე დამთავრდება საზავო შეთანხმებით, რომელიც ისე დაიწერება, რომ ორივე მხარე იძახებს, გავიმარჯვეო. გაუგებარია, რას ნიშნავს, "დიდი კაპიტალდაბანდება ხდება ჩვენი მეომრების სახით." მაგრამ "ზომიერი სიფრთხილე გვმართებს", ეს ცხადია.
2 წლის უკან