ბაიდენმა რუსული ქალაქები დასაბომბად მაინც ვერ გაიმეტა(?) რა არის მიზეზი, რის გამოც ამერიკის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეცვალა და უკრაინელების იმედის მიუხედავად, ორშაბათს განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას არ გადასცემს სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შესაძლოა მიაღწიოს სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ Reuters იტყობინება. კონკრეტულად რა სახის შეიარაღებაზეა ლაპარაკი, ბაიდენს არ დაუზუსტებია.
გასულ კვირაში CNN და Washington Post იტყობინებოდნენ, რომ აშშ აპირებს, უკრაინას მიაწოდოს სარაკეტო სისტემები, რომლებსაც რამდენიმე ასეული მილით დაშორებული სამიზნეების განადგურება შეუძლიათ. კერძოდ, ნახსენები იყო მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემა HIMARS და ზალპური ცეცხლის სისტემა MRLS. უკრაინის ხელისუფლება ადრე სწორედ ამ სახეობის შეიარაღების მიწოდებას ითხოვდა, მაგრამ თეთრ სახლში გამოთქვამდნენ შიშს, რომ ასეთი იარაღი შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ შეტევისთვის იქნეს გამოყენებული.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა „გონივრული“ უწოდა ბაიდენის ორშაბათის განცხადებას.
„სხვაგვარად ჩვენს ქალაქებზე იერიშის შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებული ძალები შეასრულებდნენ მუქარას და დარტყმებს მიაყენებდნენ ამ დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებს“, - დაწერა გახარებულმა მედვედევმა Telegram-ში.
მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინას მიაწოდოს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, მაგრამ ისეთი რაკეტებით, რომლებსაც მცირე მანძილზე შეუძლიათ სამიზნეების განადგურება.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან აცხადებს, რომ ამერიკას კონკრეტული მიზეზი აქვს რის გამოც უკრაინას შორ მანძილზე მსროლელ რაკეტას არ გადასცემს. მაისაია ამბობს, რომ ამ რაკეტებს ერთი მხრივ ზალპური ცეცხლის გახსნა შეუძლია და მეორე მხრივ სარაკეტო კომპლექსები გამოიყენოს. მისი დაფარვის ზონა 350 კილომეტრია, რაც საკამოდ დიდ ზონაა და უკრაინას საშუალებას მისცემდა რუსეთის სიღრმეში მდებარე ქალაქებიც კი დაებომბა. სწორედ ეს არის შიში ამერიკის მხრიდან, რომ რუსებმა იგივე ქცევა ამერიკის ქალაქების წინააღმდეგ არ განახორციელოს და პირდაპირი საფრთხე თავად ამერიკას რ დაემუქროს.
„ეს არის ამერიკული ისკანდერი და აქ საუბარია იმაზე, რომ მათ 350 კილომეტრამდე ზონის დაფარვა შეუძლიათ. ხარკოვში სარაკეტო დარტყმების ზონა ბევრად ფარავს 50 კილომეტრს რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე. ფაქტობრივად, ხარკოვის მიდამოებში უკრაინელებმა ეს ამერიკული ისკანდერი რომ გამოიყენონ, მათ თავისუფლად შეუძლიათ ბელგოროდი, კურსკი და იმის იქთ არსებული სხვა ქალაქები დაბომბონ. პრინციპში ანალოგიური შეუძლიათ დონეცკის მიდამოებშიც განახორციელონ. უკრაინელები დონეცკის ზოგიერთ რაიონში ხაზის გარღვევას ვერ შეძლებენ. ეს რაკეტები კი უკრაინელებისთვის მაშველი რგოლი იქნებოდა.
თუ უკრაინა ამერიკის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ქალაქებს დაბომბავს, რა თქმა უნდა, რუსები ანალოგიურს ამერიკის წინააღმდეგ გააკეთებენ. ამერიკელებმა იციან, რომ შესაძლოა კარიბის ზღვის კრიზისის მსგავსი სცენარი გამეორდეს. როცა თურქეთში ამერიკელებმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ რაკეტები დააყენეს, ხოლო საპასუხოდ რუსებმა კუბის ტერიტორიაზე, სადღაც ამერიკიდან 50 კილომეტრის მოშორებით იგივე რაკეტები დააყენეს, ანუ - საპასუხო სროლისთვის. ეს იქნება ძალიან დიდი პროვოკაცია, რომელმაც შესაძლოა, ამერიკა და რუსეთი პირდაპირ ერთმანეთს დაუპირისპიროს. ამერიკელებმა ეს კარგად იციან, ამიტომაც არ რისკავენ“, - ამბობს მაისაია.
მისივე თქმით, ამის შემდეგ არაა გამორიცხული რუსებს საბაბი მიეცეთ იმისთვის, რომ ტაქტიკური ბირთვული ქობინები გამოიყენონ. რა თქმა უნდა, ეს ამერიკელებს არ აწყობთ. მაისაია ამბობს, რომ ასეთი მსხვილი ტიპის სარაკეტო დარტყმებს რუსეთი ძალიან ხისტი ძალით უპასუხებს. პუტინი ამას ყოველი ახსნა-განმარტების გარეშე გააკეთებს.
რატომ არის ამხელა აჟიოტოჟი ამ „ჰიმარსების“ მიწოდება-არმიწოდებასთან დაკავშირებით და რა საფრთხეს შეიძლება ბაიდენი ამ მიწოდების შემდეგ ხედავდეს? სამხედრო ჟუტნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის გაგებაც შეიძლება - ამერიკული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო აეროდრომის დაბომბვის სანაცვლოდ, არავინ იცის, არაპროგნოზირებადი პუტინი რას მოიმოქმედებს.
„სამწუხაროდ, რუსებს დღეს უკრაინაში მეტ-ნალებად წარმატებული ბრძოლები აქვთ. ისინი დონბასში, სევეროდონეცკისა თუ ლიმანის მიმართულებებზე გარკვეულ უპირატესობას აღწევენ. ეს კი იმითაცაა განპირობებული, რომ რუსმა გენერლებმა ფართოდ და დაუნდობლად დაიწყეს საბატალიონო და სადივიზიო საარტილერიო სისტემების გამოყენება. რუსული არტილერიის გასაჩერებლად კი უკრაინელებს მხოლოდ ორი გზა აქვთ დარჩენილი - წერტილოვანი საჰაერო დაბომბვები და კონტრსაბატარეო ზუსტი ცეცხლი.
მართალია, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებს, მძიმე დანაკარგების მიუხედავად, მაინც შემორჩა რამდენიმე ათეული საბრძოლო თვითმფრინავი და შვეულმფრენი, მაგრამ ფრონტის ხაზის სიღრმიდან მოქმედი რუსული საარტილერიო პოზიციების ადგილებამდე მისაღწევად უკრაინელ პილოტებს ეშელონირებული რუსული საჯარისო საჰაერო თავდაცვის ზღუდეების გადალახვა მოუწევთ. ამიტომ, ელემენტარულად, საჭიროა, რომ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ცოტა შორს მაინც ისროდეს, რათა მიაღწიოს ფრონტის ხაზის ზურგში მდებარე მოწინააღმდეგის საარტილერიო დანადგარების საცეცხლე პოზიციებამდე.
სამწუხაროდ, უკრაინას კატასტროფული სიჩქარით უმთავრდება რაკეტები, რადგან „ურაგანის“ 16-რაკეტიანი პაკეტის დაცლას 20 წამიც არ სჭირდება, ხოლო „სმერჩის“ 12 რაკეტის გაშვებას 40 წამიც ჰყოფნის, ანუ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მაღალი ინტენსივობით გამოყენებისას საბრძოლო მასალის - რაკეტების ხარჯი კოლოსალურია“, - ამბობს ალადაშვილი.
მისივე თქმით, უკრაინელ არტილერისტებს ამ, საბჭოთა სტანდარტის რაკეტების მარაგის შესავსები გზები არ გააჩნიათ, ამიტომაც, ლოგიკურად, ადრე თუ გვიან, დადგებოდა დრო ნატოს სტანდარტის შეიარაღებაზე გადასასვლელად. თუმცა ის მიიჩევს, რომ ბაიდენსაც უნდა გავუგოთ - რა ხიფათის წინაშე შესაძლოა ამის გამო მთელი მსოფლიო აღმოჩნდეს. ეს რისკები, როგორც ჩანს, ბაიდენის და პენტაგონის მიერ შეფასებულია. თუმცა, ალადაშვილი იმედს იტოვებს, რომ მოვა დრო და ბაიდენი უკრაინელებს ხვეწნას აქეთ დაუწყებს.