„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ისედაც კაცნაკლული იყო და ახლა საპარლამენტო მოედანს დროზე ადრე ზაალ უდუმაშვილი ტოვებს. ოპოზიციონერი კვლავ ძველ პროფესიას უბრუნდება და მალე ტელევიზიაში ვიხილავთ.
როგორც for.ge-თან ანალიტიკოსები აცხადებენ, უდუმაშვილის ეს გადაწვეტილება მიღებული იქნა იმიტომ რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილებაა. ასევე ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკაში საკუთარი თავი ვერ იპოვა, მაგრამ ჟურნალისტიკიდან „ნაციონალური მოძრაობის“ პიარს გააგრძელებს.
ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაჯგუფებები და დაპირისპირებაა, სწორედ ამიტომ მიიღო ზაალ უდუმაშვილმა მედიაში დაბრუნების გადაწყვეტილება. ბოჟაძე ასევე დასძენს, რომ უდუმაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილებით ამომრჩეველს პატივი არ სცა.
„ზაალ უდუმაშვილის გადაწყეტილების მიზეზი რაც არ უნდა იყოს, არის მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის მიმართ უპასუხისმგებლობა და უპატივცემულობა. გახსოვთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მსგავსი შემთხვევა უკვე მეორეა, აქამდე ნიკანორ მელიამ დატოვა მანდატი და პარლამენტში მისი მონაცვლე ვერ შევიდა. ახლა, ეს უკვე უდუმაშვილმა საკუთარი ნებით გააკეთა. მით უფრო მძიმეა ეს გადაწყვეტილება, როდესაც შენ იცი, რომ შენი პარტიიდან მანდატს სხვა ვერ მოიპოვებს.
რაც შეეხება მედიაში მის დაბრუნებას, ალბათ, მიზეზი არის ის, რომ ვხედავთ რა პროცესები მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ - გარკვეული დაჯგუფებებია, გარკვეული დაპირისპირებებია და ალბათ, მის გადაწყვეტილებას ესეც უკავშირდება. რა თქმა უნდა, მისთვის უფრო კომფორტული იქნება მედიაში ყოფნა, ვიდრე პოლიტიკაში. კარგად გვახსოვს მისი პოლიტიკაში შემოსვლა და კარგად გვახსოვს 2017 წელს მერობის არჩევნების დროს, რომ მესამე ადგილზე გავიდა. ერთმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა მოუგო. შემდეგაც, უდუმაშვილი ლიდერი არ იყო და პარტიას ვერც თავის გავლენა ვერ დაატყო. სავარაუდოდ, ის „მთავარ არხზე“ დაბრუნდება. პოლიტიკურ ბრძოლას გააგრძელებს, მაგრამ უკვე მედიაში. ამით დადასტურდება ის, რომ რეალურად, ოპოზიციასა და მათ მედიას შორის არანაირი ზღვარი არ არსებობს. კრიტიკულ მედიაზე ვერ ვილაპარაკებთ, როდესაც ყოფილი პარლამენტის წევრები მიდიან თავისუფალ თუ კრიტიკულ მედიაში. ვინ დაიჯერებს, რომ როდესაც პოლიტიკიდან მედიაში მიდიხარ, მიუკერძოვებელი იქნები? ეს კიდევ მიაყენებს ჩრდილს მედიის იმ ნაწილს, რომელსაც თავისუფალ მედიაზე პრეტენზია აქვს. „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერი გადადის აღნიშნული პარტიის პრესამსახურში, რათა ინფორმაციის სიცრუე უფრო გაძლერდეს“, - განუცხადა ბოჟაძემ for.ge-ს.
მისივე თქმით, გამორიცხული არ არის უდუმაშვილმა „მთავარ არხზე“ გვარამია ჩაანაცვლოს და მის ნაცვლად გააჟღეროს „ნაციონალური მოძრაობის“ ქება-დიდება.
„ნაწილობრივ ჩაანაცვლებს, ბიოკრატიულ საკითხებში ვერ ჩაანაცვლებს, რადგან დირექტორად გაბუნია გაამწესეს. უდუმაშვილის გადაწყვეტილებაში ორი მიზეზია - ერთია, მისი წარმუმატებელი პოლიტიკოსობა. მეორე მიზეზია - ის განაჩენი, რომელიც სასამართლომ გამოიტანა გვარამიასთან მიმართებაში და თვლიან, რომ ასეთი წონიანი, გამოცდილი და მცოდნე ჟურნალისტი „მთავარ არხს“ გააძლიერებს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც არხის დირექტორი, წამყვანი და იდეოლოგი გამოაკლდათ. თუმცა რამდენად გააძლიერებს „მთავარს“ უდუმაშვილის ჟურნალისტური გამოცდილება, ესეც მალევე გამოჩნდება“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მიიჩნეს, რომ ზაალ უდუმაშვილი როგორც პოლიტიკაში იყო ხელმოცარული, ასევე ხემოცარული იქნება მედიაშიც.
„უდუმაშვილმა პოლიტიკაში რა მიიტანა, ან რა მიაქვს, თავადაც არ იცის. როგორი ხელმოცარულიც პოლიტიკაში იყო, ასეთივე ხელმოცარული დარჩება მედიაშიც. მედიაში სუფლიორის გარეშე არავის უნახია, მაგრამ მის პროფესიულ საქმიანობას ამ შემთხვევაში არ შევეხები. რაც შეეხება თავად „ნაციონალურ მოძრაობას“, იქ კრიზისი დიდი ხანია არსებობს, განხეთქილება არა. განხეთქილება გუნდში არის ხოლმე და ამ პარტიაში გუნდურობა არ არსებობს - ვინ მიდის, ვინ მოდის, გადაწყვეტილებას ვინ იღებს, კაცმა არ იცის. არ ვიცი ნიკა მელია როგორი თავმჯდომარეა, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება. სრული ქაოსი სუფევს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს ზაალ უდუმაშვილი იქნება თუ არა პოლიტიკაში. ერთია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი მანდატი დააკლდება და პარლამენტში ერთი დესტრუქციული პარლამენტარით ნაკლები იქნებიან“, - აღნიშნა ზურა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარსულში შეცდომა დაუშვა, როდესაც სიები ჩახსნა.
„ნაციონალური მოძრაობის“ გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ობიექტურად რომ შევაფასოთ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები, არის კიდევ ერთი შეცდომა, რომელიც თავის დროზე განახორციელეს. პარტია, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს პირველი ოპოიციური ძალა, რეალურად, კიდევ ერთ მანდატს კარგავს. ზოგადად, საქართველოში არათანმიმდევრული ოპოზიცია გვყავს და ნიკა მელიამ თავის დროზე სწორად უწოდა მათ პუფები. რა თქმა უნდა, პუფებში ყველას არ ვგულისხმობ, არიან ადმიანები, ვისაც სურთ რეალურად საქმე აკეთონ, მაგრამ 90% პუფები არიან“, - განუცხადა for.ge-ს ზურა ქადაგიძემ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკურ საქმიანობას მასმედიიდან გააგრძელებს.
„უდუმაშვილს უფრო დიდი გამოცდილება გააჩნია ჟურნალისტიკაში, ვიდრე პოლიტიკაში და ამიტომ გადაწყვიტა იქ გადაენაცვლა, თუმცა შეიძლება გარკვეულწილად, პოლიტიკური საქმიანობა მასმედიიდან გააგრძელოს. პარტიაში რაიმე კონფლიქტი ჰქონდა თუ არა, ეს არ ვიცი“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ჩიტაძე უდუმაშვილს სუსტ პოლიტიკოსად არ მიიჩნევს და დასძენს: „არ ვთვლი, რომ სუსტი პოლიტიკოსია, მაგრამ მასმედიაში უფრო წარმატებული იყო. აქ სისუსტეებზე არ არის საუბარი. სავარაუდოდ, ჩათვალა, რომ ახლა მისი ადგილი მედიაშია“.
მისივე თქით, ოპოზიციონერის პარლამენტიდან წასვლა მმართველი გუნდის წისქვილზე დაასხამს წყალს.
„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება სიების ჩახსნასთან დაკავშირებით შეცდომაა. თუკი პარლამენტში შესვლას აპირებდნენ, სიები არ უნდა ჩაეხსნათ. მათ ერთ წარმომადგენელი უკვე დაკარგეს და ამან საქმე გაურთულათ. ახლა უდუმაშვილის წასვლა მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება და მათ წისქვილზე დაასხამს წყალს“, - განუცხადა ჩიტაძემ for.ge-ს.