„სტატუსს თუ მიიღებს - სამივე მიიღებს, თუ უარს ეტყვიან, ამ შემთხვევაში სამივეს ეტყვიან უარს“

„სტატუსს თუ მიიღებს - სამივე მიიღებს, თუ უარს ეტყვიან, ამ შემთხვევაში სამივეს ეტყვიან უარს“

ხელისუფლება ოპოზიციის, კერძოდ კი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ გეგმაზე ალაპარაკდა, რაც მათი მტკიცებით, ქვეყანაში არეულობას მოწყობასა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას ემსახურება. როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რადიკალური ოპოზიციის გეგმის მიხედვით, ივნისის ბოლოს საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც მოჰყვება მღელვარება, „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში ჩართვა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლება საზოგადოებას აძლევს პირობას, რომ „ბაკურიანის შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების, ახალი შულავერის კომიტეტის, ომისა და ღალატის პარტიის ეს სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება“.

„როგორც მოგეხსენებათ, რადიკალური ოპოზიცია კვლავაც განაგრძობს საჯაროდ საუბარს იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. როგორც ცნობილია, იგივე გზავნილით ესაუბრებიან ისინი უცხოელ კოლეგებსაც. მათი მიზანი და გათვლა მარტივია: ივნისის ბოლოს საქართველომ, მათი გათვლით უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც, მათი გეგმის მიხედვით, მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიაღწია ყველა ხელშესახებ შედეგს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. საქართველო ყველა შესაბამისი პარამეტრით წინ უსწრებს ორივე აპლიკანტ ქვეყანას, რასაც ვერავინ უარყოფს. მათ შორის, საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 45 პროცენტი, რაც უპრეცედენტო შედეგია. ამ მონაცემებით, საქართველო არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს. გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს საქართველოზე არ ეხარჯება არც ერთი ევროთი მეტი. როგორც მოგეხსენებათ, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს საქართველოსთვის არავითარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის ვალდებულებას არ აკისრებს“, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი ტიპის განცხადება პირველი არ არის „ქართული ოცნების“ ლიდერის მხრიდან, ეს მანამდეც მოგვისმენია. თუმცა, საინტერესოა რამდენად არსებობს იმის ალბათობა, რომ ეს გეგმა მართლაც შემუშავებული იყოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, თუ გავითვალისწინებთ ამ პარტიის ლიდერების ზოგად რიტორიკას? ამ შემთხვევაში კი, ამ სცენარს რამდენად უწერია სისრულეში მოყვანა?!

აღნიშნულს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აბსურდს უწოდებენ და ასევე ბრალდებებით პასუხობენ ხელისუფლებას. მათი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. მსგავის ტიპისი განცხადებებიც სწორედ ამას ემსახურება და ხელისუფლება გადაბრალების პოლიტიკას აწარმოებს.

ანალიტიკოსთა წრეებში მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ მხირდან ადგილი აქვს გარკვეულწილად ნიადაგის შემზადებას. იმის ფონზე, როდესაც არსებობს მცირე შანსი მაინც იმისა, რომ საქართველომ ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხელისუფლება ცდილობს შექმნას ფონი, რომ ამ შემთხვევაში წარუმატებლობა ოპოზიციას გადააბრალოს, წარმატება კი მის ანგარიშში ჩაიწეროს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ძალიან მცირეა იმის ალბათობა, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, თუმცა, ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ცდილობს, წინასწარ შექმნას დღის წესრიგი. მისი თქმით, უარის შემთხვევაში, ხელისუფლებამ იცის, რომ ამ პროცესს ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვება.

„კანდიდატის სტატუსს საქართველოს ოპოზიცია არ ანიჭებს, მას არანაირი გავლენა და უფლება არ აქვს. კანდიდატის სტატუსს ანიჭებს ჯერ კომისია და შემდეგ ამას განიხილავენ ევროკავშირის ქვეყნები, სწორედ ისინი ღებულობენ საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ კობახიძეს იმის თქმა უნდა, რომ დასავლეთში, ჩვენს პარტნიორებთან ოპოზიციას უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ხელისუფლება, მაშინ ეს ხელისუფლების ბრალია და არა ოპოზიციის, რომელიც იმას აკეთებს, რასაც საჭიროდ თვლის, მაგრამ პროცესებსა და შედეგებზე პასუხისმგებელი ხელისუფლება არის და არა ოპოზიცია.

ალბათობა იმისა, რომ სტატუსი არ მოგვანიჭონ, მაინც არსებობს. მგონია, რომ ეს განცხადებები არის წინასწარ თავის დაზღვევა. თუ სტატუსი მიიღეს მოლდოვამ და უკრაინამ, ხოლო ჩვენ არა, ამას აუცილებლად მოჰყვება პროტესტი. სხვა თემა არის რამდენად იქნება ეს გრანდიოზული, პერმანენტული და ა.შ. მაგრამ პროტესტი აუცილებლად მოჰყვება. შესაბამისად, ხდება დაზღვევა. ხელისუფლება წინასწარ ქმნის გარემოს მისი წარმატების თუ წარუმატებლობის შესახებ.

ვფიქრობ, ეს სტატუსი უნდა მივიღოთ, რაც არ იქნება არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის დამსახურება. ყველაფერი გამომდინარეობს ზოგადად, არსებული პოლიტიკური ვითარებიდან, რამაც დღის წესრიგში დააყენა სტატუსის მიცემის საკითხი უფრო ადრე, ვიდრე ველოდით. ომი რომ არ ყოფილიყო, ეს საკითხი არც დადგებოდა დღის წესრიგში. ამ სტატუსის მიღების ალბათობა ძალიან მაღალია“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე დადგა და არა შიდა პოლიტიკური მოვლენებით. როგორც საყვარელიძემ For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, შესაძლოა სამივე ქვეყანამ - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ეს სტატუსი ერთად მიიღონ, რადგან სამივე ქვეყანა ერთ ბედ ქვეშ არის.

„განცხადებები ბევრია და ბევრნაირი, მაგრამ რამდენად რეალურია? თუ გავითვალისწინებთ, რომ რევოლუციაზე ხშირად არის ლაპარაკი, მათ შორის სააკაშვილის მხრიდან, „რა დროს არჩევნებია, უნდა დავამხოთ!“ არ არის გამორიცხული, მსგავსი აზრები ამ ჯგუფს ჰქონდეს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პროცესს ხალხი სჭირდება, არ მგონია, რეალური იყოს მსგავსი სცენარის აღსრულება.

ამ საკითხის დაყენებას ხელი შეუწყო უკრაინის მოვლენებმა, ჩვენი შიდა თემებიც კი არ იყო განმაპირობებელი, რაც სამივე ქვეყანას ერთნაირად ეხება. ამიტომ მგონია, რომ თუ მიიღებს, სამივე მიიღებს, თუ უარს ეტყვიან, ამ შემთხვევაში სამივეს ეტყვიან უარს. თუ სამივე ერთ ბედ ქვეშ ვიქნებით, რუსეთის მხრიდან საფრთხე სამივესთვის თანაბარი უნდა იყოს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.