6 დაღუპული და 9 დაჭრილი - „სააკაშვილის შურისძიება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ“

6 დაღუპული და 9 დაჭრილი - „სააკაშვილის შურისძიება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ“

ავღანეთში 6 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. დაჭრილია 9 სამხედრო მოსამსახურე. ოფიციალური ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

გარდაცვლილები არიან:

კაპრალი ორთავიძე თეიმურაზი თამაზის ძე,

კაპრალი ადამოვი გიორგი ნუგზარის ძე,

პირველი კლასის რიგითი გურგენაშვილი ზურაბი გიორგის ძე, რიგითი ნარინდოშვილი მიხეილი ვეფხვიას ძე,

რიგითი ცუგოშვილი ბორისი ტარიელის ძე,

პირველი კლასის რიგითი სულხანიშვილი ზვიადი სულხანის ძე. ნანგრევებშია მოყოლილი პირველი კლასის რიგითი ღუჭაშვილი გიორგი ვაჟას ძე. მიმდინარეობს მისი ძებნა. რაც შეეხება დაჭრილებს, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილ სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. 

„დიდი მწუხარებით მინდა გაცნობოთ, რომ თავდაცვის სამინისტროსა და ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი დღეა. ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან მოხდა ტერორისტული თავდასხმა. თვითმკვლელმა ტერორისტმა, მოახდინა სატვირთო მანქანის აფეთქება ბაზაზე. სამწუხაროდ, მინდა გაცნობოთ, რომ არიან დაჭრილები და დაღუპულები.

მინდა მივუსამძიმრო გმირი სამხდროების ოჯახებს. ეს დანაკლისი ჩვენთვის, მთელი შეიარაღებული ძალებისთვის უმძიმესი დარტყმაა. ისინი ჩვენი პატრიოტები არიან, რომლებიც საქართველოს უსაფრთხო მომავალს შეეწირნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, თავდასხმის დროს დაჭრილია საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე.
მიუხედავად ამ თავდასხმებისა, ქართველი სამხედროები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ საერთაშორისო მისიაში, უკან არ დაიხევენ და მოწინააღმდეგეს არ შეუშინდებიან. ყველა ქართველი სამხედრო მოსამსახურე სრულ მზადყოფნაშია, ბოლომდე შეასრულოს მასზე დაკისრებული მისია და მაქსიმალურად პროფესიონალურად დაიცვას საერთაშორისო უსაფრთხოება,“ - აღნიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი დღეს ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. აპატურაიმ სამძიმრის წერილი საკუთარი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ღრმა მწუხარებას ვუცხადებ ქართველ ხალხს იმ დანაკარგისთვის, რომელიც დღეს განიცადეს. საშინელებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ეს ხდება ამასწინანდელი მსხვერპლიდან ცოტა ხანში. სრულ სოლიდარობას გიცხადებთ ნატო-სგან,“ - წერს ჯეიმს აპატურაი.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი ტრაგედია პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტის 26 მაისის ცნობილ განცხადებასთან და ინტერნეტით თალიბების მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან.

„ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოში, დღესაც ამ ტრაგედიაში დანაშაული მიუძღვის საქართველოს პრეზიდენტად წოდებულ სააკაშვილს. იმიტომ, რომ 26 მაისს შემაძრწუნებელი კადრები გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტარციამ, მან ფაქტობრივად სამიზნედ გახადა სრულიად მიზანმიმართულად ავღანეთში დისლოცირებული ქართული საჯარისო ფორმირებები. თალიბების განცხადების გარეშეც ცხადი იყო რაც მოხდებოდა. დღევანდელმა დღემ ეს დაადასტურა. მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი ჯარისკაცები, ისევე როგორც ეს მას თავისი სახელისუფლებო კარიერის მანძილზე არაერთხელ გაუკეთებია, განადგურების სამიზნედ  აქცია“. - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

For.ge-ს კითხვაზე, რატომ უნდა გაეკეთებინა ეს სააკაშვილს, ექსპერტი პასუხობს: „იმიტომ, რომ სააკაშვილი დაკავებულია პირდაპირი შურისძიებით საკუთარი მოსახლეობის მიმართ იმისათვის, რომ მათ არ აირჩიეს მისი პარტია 1 ოქტომბერს რეჟიმის გასაგრძელებლად. შურისძიების აქტს ის ახორციელებს საკუთარი მოსახლების წინააღმდეგ. მაგრამ, რაც ასევე თვალსაჩინოა, შურისძიების აქტს ის ასევე ახორციელებს აშშ-ის ადმინისტრაციის წინააღმდეგაც, რადგან ამერიკის ადმინისტრაციამ არ მისცა მას უფლება საკუთარი პარტია უკანონოდ დაეტოვებინა ხელისუფლებაში 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.

ეს მისი მხრიდან არის ორმაგი შურისძიების აქტი და შებამისად მას პასუხი ორმაგად უნდა მოეთხოვოს. ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობისგან და მეორე მხრივ, ამერიკის ადმინისტრაციისგან. აქ დგება ის საკითხი რაზეც ხშირად საუბრობენ ბოლო პერიოდში, რომ ყველაზე მეტად თუ ვინმე ახორციელებდა საქართველოში რუსეთის ინტერესებს, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი. ანუ მან ჩააბარა სამხრეთ ოსეთი, ჩაბარა კოდორის ხეობა და ახალგორის რაიონი. დღეს კიდევ ერთ გამანადგურებელ დარტყმას აყენებს საქართველოსა და დასავლეთის პარტნიორობას.

იმიტომ, რომ ის რაც ავღანეთში ტრიალებს, ამხელა მასშტაბის ტრაგედია, მე არ ვიცი ამას რა გამოხმაურება მოჰყვება საქართველოს მოსახლეობის მხრიდან და იქნება თუ არა ამ ყველაფრის შედეგი ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ მოითხოვოს ავღანეთში დისლოცირებული ჯარების გამოწვევა. თუ ეს მოხდა, პირდაპირ ვამბობ, რომ ეს იქნება სააკაშვილის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც უპირველეს ყოვლისა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

მისივე განცხადებით, ეს საკითხი საჭიროებს სერიოზული გამოძიებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.  მისივე თქმით, ეს აუციელებელია იმისათვის, რომ სააკაშვილმა დარჩენილ პერიოდში, სანამ მას კონსტიტუციით მიკუთვნებული აქვს პრეზიდენტობის ვადა, დარჩენილ პერიოდში არ განახორციელოს მსგავსი შურისძიების აქტები ქართველი ხალხის წინააღმდეგ.