ოფიციალურად ამ ინფორმაციას არ ადასუტურებენ, თუმცა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში არაოფიციალურად ადასტურებენ, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლილიუაშვილი დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ გუბერნატორების ინსტიტუტი პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია, ის ერთპიროვნულად იღებს გადაწტვეტილებას, მთავრობასთან შეუთანხმებლად რეგიონის რწმუნებულის დანიშვნასთან დაკავშირებით.
ვაჟა ლილუაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვებისა და შექმნის ერთ-ერთი ავტორია.
ვაჟა ლილუაშვილის საქმე ამჟამად იმყოფება მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში. გამოძიება მიმდინარეობს ორ მუხლზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე და კომპიუტერული მონაცემების უფლების გამოყენების ფაქტებზე. ლილუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 85-ე მუხლის მეორე ნაწილი კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტი - რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელი სამუშაოების ვადით 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დამ 6 წლამდე. რაც შეეხება სამსახურეობრივ უფლებამოსილების გადამეტებას 333-ე მუხლის პირველი ნაწილით - ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე.
ვაჟა ლილუაშვილი ასპარეზზე 90-იანი წლების შუალედში გამოჩნდა. იგი წარმოშობით კოჯრიდანაა. ლევან მამალაძის ერთ-ერთი უახლოესი პირი იყო. ამბობენ, რომ ის იყო მამალაძის მეჯინიბე. შემდგომში გახდა „კუდ“-ის უფროსის მოადგილე, სადაც ლილუაშვილმა გააგრძელა ის ტრადიცია, რომელიც გამეფებული იყო საქართველოს ხელისუფლებაში.
ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ლილუაშვილმა ქვემო ქართლი მიკროფეოდალურ სივრცედ გადაქცია. პრაქტიკულად, ლილუაშვილისა და მისი თანაგუნდელების დამსახურებაა ის, რომ ქვემო ქართლი არის ერთი დიდი რეზერვაცია ადამიანებისა, სადაც სიტუაციას აკონტროლებენ ყოვლად უსახური გამგებლები და სოფლის რწმუნებულები, რომლებიც მისივე განცხადებით, უშუალოდ კავშირში არიან ლილუაშვილთან.
როგორც ექსპერტი ამბობს, დასმენა, თვალთვალი ეს არის ქცევის ნორმა ამ რეგიონში. ლილუაშვილი და მისი გუნდი უმოწყალოდ ძარცვავდა ქვემო ქართლის რეგიონს, ეს იყო მიწების დატაცება, გადაფორმება, თუ სხვებისთვის ბიზნესის წართმევა.
„იმისთვის, რომ თავი დაეზღვია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებზეც დაიწყო კომპრომატების შექმნა. მან შეადგინა ტოტალური კომპრომატული კარტოტეკა ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილ ადამიანზე, რომელიც პოლიტიკაში იყო გარეული, კომპრომატები იყო მისი ძირითადი იარაღი. ის მომავალზე ფიქრობდა და ფიქრობდა, რომ ამ კომპრომატებით თავს გადაირჩენდა. არჩევნების დასრულების შემდეგ, ლილუაშვილი პირველი იყო რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისის წინ გაჩნდა. დაახლოებით 10 ოქტომბერი იყო და მახსოვს, რომ ერთ-ერთ ხელმძღვანელთან მოინდომა რიგში ჩადგომა, თუმცა იმან გამოაგდო კაბინეტიდან.
როგორც ამბობენ, ამის მერე დაუკავშირდა ის გელა ხვდედელიძეს. ისინი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ, იმიტომ, რომ ორივე მუშაობდა უშიშროებაში. ბევრმა, ვისაც შეხება ჰქონდა „ქართულ ოცნებასთან“, იცოდა ვინ იყო ლილუაშვილი. ხვედელიძემ, ეტყობა, იცოდა ამ კომპრომატების შესახებ, ლილუაშვილმა ეს არ დაუთმო და ამის გამო მოხვდა ის ციხეში. როგორც ამბობენ, შემდეგ მოხდა გარიგება მათ შორის. ლილუაშვილი ძალიან მალე გამოვიდა ციხიდან.
ლილუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ლილუაშვილმა იმ ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს. ის ადამიანები, რომლებიც არიან სამინისტროში და დღემდე მის დაკრულზე ცეკვავენ, თანამდებობეს უნდა ჩამოშორდნენ, ან უნდა მოხდეს მათი მუდმივი კონტროლი “, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
ექსპერტი სამართლის საკითხებში კახი კახიშვილი განმარტავს, რომ ვაჟა ლილუაშვილთან დაკავშირებულია ბევრი სკანდალური ინფორმაცია და ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია „კუდ“ - ის ხელმძღვანელობასთან ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით.
„საინტერესოა პროკურატურამ რატომ არ მიიყვანა საქმე ბოლომდე ლილუაშვილთან დაკავშირებით. თუ საუბარი იმაზეა, რომ მის სახელს უკავშირდება ფარული ჩანაწერები, ახლა ამ ადამიანს პასუხისმგებაში ვერაფრით ვერ მისცემენ. ვფიქრობ, რომ აქ სხვა ტიპის პრობლემაა, ერთი მხრივ, ჩვენ ყველანი ვიძახით, რომ 9 წლის განმავლობაში ეს ხელისუფლება რას სჩადიოდა და მეორე მხრივ, სახეზე არ გვაქვს არც ერთი ადამიანი, რომელიც პასუხისგებაში იქნა მიცემული სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის.
მხოლოდ პრეზიდენტი არაა დამნაშავე იმაში, რომ ლილუაშვილი წარადგინა ამ თანამდებობაზე, მე არ ვიცი ლილუაშვილი არის თუ არა მიცემული პასუხისმგებაში. რეალურად, ჩვენ რამე ცნობას გვაწვდიან პროკურატურიდან ვინ არის ძველი ხელისუფლებიდან პასუხისმგებაში მიცემული და ვინ არა? კითვები არა მხოლოდ პრეზიდენტს უნდა დავუსვათ, არამედ პროკურატურასაც. მაინტერესებს, საბოლოოდ, ამ ქვეყანაში, 9 წლის განმავლობაში, მართლა ვიღაცა დანაშაულს სჩადიოდა თუ არა“, - აცხადებს კახი კახიშვილი.
რაც შეეხება თავად დავით კირკიტაძეს მან 2013 წლის 22 მაისს სამსახურეობრივი შვებულება აიღო და საზღვარგარეთ მეუღლესთან ერთად გაემგზავრა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ის გერმანიაში იმყოფება.
ზუსტი თარიღი, კირკიტაძე როდის დაბრუნდება შვებულებიდან, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანთან ვანო მერაბიშვილთან და კახეთის გუბერნატორთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით დაკითხეს. გარდა ამისა, კირკიტაძის პირდაპირი ინტერესები იკვეთება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობაში. სწორედ აქიდან გამომდინარე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კირკიტაძე საქართველოდან მეუღლესთან ერთად გაიქცა.