„ადამიანი, რომელსაც არაფრის მსხვერპლად გაღება არ შეუძლია თუნდაც თავისი მცდარი საქმისთვის, პოპულარობას მოკლებულია. სააკაშვილი რევოლუციას აპირებს და ციხის ატანა არ შეუძლია. რევოლუციაც გინდა და ბადენ-ბადენში გრიალიც? ეს არ მოსულა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
რა აკლია ჩვენს ქვეყანას, რომ გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი? მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ გვაკლია ის, რომ ოპოზიცია გვყავს ასეთი სუსტი და უშინაარსო და როგორც კი გათავისუფლდება პოლიტიკა სააკაშვილისა და გვარამიას მსგავსი კრიმინალებისგან, მაშინ გავხდებით სრულად ევროპული ქვეყანა.
- სჯულის ერთგულება აკლია ჩვენს ქვეყანას, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. თანამედროვე პირობებში რომ წარმოვიდგინოთ, სჯულიერება ეს არის კონსტიტუციურობა, სამართლის უზენაესობა და სამართლის პატივისცემა. თორემ ოპოზიციას არავინ აკრიტიკებს იმის გამო, რომ მას სხვა პოლიტიკური გემოვნება აქვს და სხვა პოლიტიკური შეხედულებები გააჩნია. ოპოზიციას ვაკრიტიკებთ უსჯულოების გამო, რომ ყველაფერს კადრულობენ, შეუძლიათ, სამართალს გადააბიჯონ, სიცრუით და უსჯულოებით აპირებენ თავიანთი პოლიტიკის გატარებას. მთავარი პრინციპია, ჩვენ თუ გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები, სამართლის უზენაესობაა მთავარი, კანონის კი არა, რადგან კანონი სამართლის ნაწილია, სამართალი კი მოიცავს მართალი სამართლის იდეას. ეს იყო მაგისტრალური მიმართულება ჩვენი სახელმწიფოებრიობისა ოდითგანვე. ქართული სახელმწიფოებრიობა ამას ნიშნავდა ყოველთვის, ეს გვაკლია დღეს და ეს ოპოზიცია სანამ არ შეიზღუდავს თავს, ერთმანეთის მიმართ შური და მტრობა მუდამ იქნება. ამით უფრო დავშორდებით ევროპას.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობას“ არ სურს, საქართველომ მიიღოს კანდიდატი წევრობის სტატუსი. გოგიჩაიშვილი იმასაც იხსენებს, როცა ჩადიოდა ამერიკაში კონგრესმენებთან შეხვედრაზე და მას თან ახლდნენ ოპოზიციონრები, ჰქონდა განცდა, რომ ის იყო არა ქართველებთან, არამედ ავის მოსურნეებთან ერთად. არიან „ნაცები“ ამის გამკეთებელნი, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ჩაშლას შეეცადონ?
- რა თქმა უნდა, არიან ამის გამკეთებელნი და ეს არაერთხელ გაუკეთებიათ. გავიხსენოთ ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესი, ასოცირების ხელშეკრულების დადება, გასაჯაროვდა კიდეც გიორგი კანდელაკის მიმოწერა. მათი ყოველდღიური ურთიერთობა რამდენიმე პარლამენტართან და მათგან რიკოშეტივით უკან წამოსული გამოთქმები ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეს იმ მტრობის შედეგია, რასაც „ნაცმოძრაობა“ საკუთარ სახელმწიფოს უკეთებს.
სალომე სამადაშვილზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ ევროპარლამენტარებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ეს ქალბატონი მიზანმიმართულად მტრობს საქართველოს, ასევე, სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი რაფაელ გლუკსმანი ახსენა, რომელიც „ლე ფიგაროში“ დაბეჭდილი ტენდენციური წერილის დამკვეთია. ასე მარტივია ევროპარლამენტარებზე გავლენის მოხდენა სამადაშვილების და გლუკსმანების მეშვეობით?
- გლუკსმანი ცნობილია, როგორც სააკაშვილის მეგობარი და ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, ნაცლიბერალური მიმართულების პოლიტიკოსი, ის საქართველოს კი არა, „ნაცების“ მეგობარია. მას საქართველოში ის რეჟიმი სჭირდება, რომელიც უალტერნატივოდ მიაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალიზმი შემწყნარებლობას ნიშნავს, ნეოლიბერალიზმის თანამედროვე გაგება შეუწყნარებლობაა. სწორედ, იმიტომ რომ ისინი არ არიან ხელისუფლებაში, მიუღებლობა აქვთ დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, გლუკსმანისა და სამადაშვილისთვის საქართველოს არ ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათთვის მისაღები იქნებოდა, ამიტომ, მათი გაგებით, საქართველო არაფრის ღირსი არ არის, არც ევროკავშირის ღირსი.
ეს იმიტომ რომ, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა მათთვის გადის სააკაშვილ-გვარამიაზე?
- რასაკვირველია, მათ სჭირდებათ ისეთი საქართველო, როგორიც მხოლოდ მათ წარმოუდგენიათ. მათ არ სჭირდებათ კონსტიტუციური, სამართლებრივი სახელმწიფო, მათთვის მთავარია მათივე პოლიტიკური მიზანშეწონილობა, მათი მიზანია მატერიალური თუ არამატერიალური მოგება, მათთვის ყველაფერი დასაშვებია მეტი სარგებლის მისაღებად. ეს ანტიქართული, ანტისამართლებრივი მოვლენაა. სამართალს არ აქვს ის თვისება, რომ წუთიერი სარგებლიანობით იმოქმედო. სამართალი ადამიანში სინდისისა და ნამუსისგან მომდინარეობს.
თქვენ პირადად როგორი მოლოდინი გაქვთ, მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, თუ სააკაშვილის გათავისუფლებაზეა ეს დამოკიდებული?
- ძალიან დიდი იმედი მაქვს და დიდი ალბათობაცაა, რომ მივიღებთ ამ სტატუსს. თუ არ მივიღებთ, ამას მოჰყვება დიდი იმედგაცრუება საქართველოში ევროპის იდეის მიმართ და სერიოზული ანტიდასავლური განწყობები. ამით ევროპა არ გარისკავს. თუ ჩვენ გვჭირდება ევროპა, ევროპასაც, ასევე, სჭირდება საქართველო. ამ რეგიონში დასავლური ღირებულებებისთვის ყველაზე მყარი დასაყრდენია სწორედ საქართველო და საქართველოს დაკარგვა ვის რაში უნდა აწყობდეს? მით უმეტეს, ეს არ არის ისეთი სტატუსი, რომელსაც ევროპელები ვერ გაუმკლავდებიან, ეს არის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირისკენ გზა ჯერ კიდევ შორია, ბევრი რამ იქნება კიდევ გასაკეთებელი. უბრალოდ, ოპოზიციას არ შეუძლია სამართალზე დაყრდნობით, კონსტიტუციურად შეცვალოს ხელისუფლება და უსამართლობით ცდილობენ ამის გაკეთებას.
ისე, პრეზიდენტის ტონშიც იყო სამართლიან სასამართლოზე საუბარი, რომელიც „საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის, მაგრამ მის მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ“.
- ძალიან დასანანია, აქამდე გულშემატკივარი ვიყავი და ახლაც ვგულშემატკივრობ საქართველოს პრეზიდენტს და ძალიან მტკივა, როდესაც სრულიად დაუსაბუთებლად საუბრობს სამართლიანობის საკითხზე.
რას უნდა ეფუძნებოდეს ზურაბიშვილი, სამართლიანობა რა კონტექსტში დააკლდა მას, სააკაშვილის შეწყალებასთან მიმართებით მან ერთხელ უკვე თქვა „არა და არასოდეს“, ახლანდელი მისი განცხადება თავისი სიტყვების უკან წაღება ხომ არ არის? იქნებ, გვარამიას უთანაგრძნობს თავისი ნათქვამით?
- ეს არის სწორედ იმ ზეწოლის შედეგი, რაც ასეთი სქემის სახით არსებობს ლიბერალური ინტერნაციონალი საზოგადოების მხრიდან, „ევროპის სახალხო პარტია“ იქნება თუ სხვა, ცხადია, ზემოქმედებს ასეთ განწყობებზე.
თუკი ასე ფიქრობს პრეზიდენტი და მასზე ზეწოლას ახდენენ, ხომ შეიძლება უკანვე წაიღოს თავისი სიტყვები - „არა და არასოდეს“?
- სააკაშვილთან დაკავშირებით გამორიცხულია, თავისი სიტყვები უკან წაიღოს, გვარამიასთან დაკავშირებით კი რას იზამს, თავს ვერ დავდებ. თუმცა აქ მეორე მხარეცაა, თვითონ გვარამიას აწყობს ციხიდან გამოსვლა? უზარმაზარი პრობლემები აქვს გარეთ.
ფინანსურ პრობლემებს გულისხმობთ?
- ფინანსური პრობლემები ერთია და მეორეც, გვარამია ისეთ თამაშში მონაწილეობს, მან შესანიშნავად იცის, ეს იმთავითვე წაგებული თამაშია და ძალიან დაიღალა ამით.
დაიღალა მიშას ადვოკატობით?
- დიახ, ამ თამაშიდან ცოტა ხანს გასვლა უნდა. ძალიან მძიმე რეჟიმშია, უწევს მუდმივად ყალბი როლის და ყალბი ნიღბის მორგება, უნდა ამტკიცოს, შავზე თეთრია, უსამართლობა სამართალია, ბოროტი კეთილია, ეს ძალიან რთული საქმეა, მით უმეტეს, ისეთი ადამიანისთვის, როგორიცაა გვარამია. ვერ ვიტყვით, რომ ის სულელი ან ხეპრეა, ის სულ სხვა კატეგორიის ადამიანია, ციხეში ახლა წყნარად არის, მოპარული მილიონები აქვს, ერთი სამი წელი იჯდება და დაისვენებს.
მაგრამ მემუარების წერა ნაადრევია მისთვის ასეთ ახალგაზრდულ ასაკში.
- წიგნებს წაიკითხავს, ეგ ისეთი ადამიანია, გასართობს ყოველთვის მონახავს. მას არ ექნება ადაპტაციური აშლილობა, რომელიც სააკაშვილს აქვს, კარგად შეუძლია ადაპტირება ციხის გარემოსთან.
გიული ალასანია წუხს, რომ საქართველოში თურმე არავინ ყოფილა კმაყოფილი მიშათი. მართლაც, გამოდის, მიშას მმართველობის დროს ადამიანები იყენებდნენ სააკაშვილს, მის ფინანსებს, თანამდებობებზე ყოფნის პრივილეგიებს, მაგრამ მიშასგან მიღებული სარგებელი დაავიწყდათ, ახლა არ ჩანს საზოგადოების აქტივობა მის მიმართ. ამ შემთხვევაში, რამდენად მართალია გიული ალასანია?
- თვითონ სააკაშვილის ფსიქოტიპია მადისკრედიტირებელი, როცა ციხეში ადამიანი ასეთნაირად იქცევა, მას ფუნდამენტურად აქვს ადაპტაციური აშლილობა, ის ვერ ეგუება ისეთ მდგომარეობას, სადაც თავად არ არის ვითარების ბატონ-პატრონი. ის სასჯელს ვერასდროს ვერ მიიღებს, არ ჭამს, იმიტომ კი არა, რომ ფიზიკურად აქვს ჭამის პრობლემა, არამედ საჭმელთან ერთად მას აქვს განცდა, რომ საჭმელს კი არა, სასჯელს იღებს წვეთწვეთობით. ამის ატანა არ შეუძლია. როცა ასეთი ადამიანი ცდილობს გახდეს ვინმეს ლიდერი, რომელსაც არ შეუძლია ელემენტარული მსხვერპლის გაღება, ცხადია, ეს გულაცრუებას იწვევს. ეს არის კაცი, რომელსაც ციხის ატანა არ შეუძლია და რევოლუციას აპირებს, რევოლუციაც გინდა და თან ბადენ-ბადენში გრიალიც, ეს არ მოსულა. სხვას სთხოვს მსხვერპლის გაღებას. დედამისიც ამას ამბობს, არადა, მის შვილს ციხეში ნიავსაც არ აკარებენ, გამორჩეულად უვლიან და პატრონობენ, არც მოშივდება, არც შესცივდება, უბატონოდ ხმას არავინ გასცემს, 800 ვიზიტორი ჰყავდა, ციხეა თუ სანატორიუმი?! მაინც ვერ ეგუება ახლანდელ პირობებს, იმდენად ვერ ეგუება, საჭმელსაც ვერ ჭამს. ადამიანი, რომელსაც არაფრის მსხვერპლად გაღება არ შეუძლია თუნდაც თავისი მცდარი საქმისთვის, პოპულარობას მოკლებულია. სხვას სთხოვს დახმარებას და თვითონ პირველი გარბის, ეს არის მისი დამახასიათებელი თვისება.
აუფ, ნახე აგერ შარიის მაგ ლუდმილაზე რა ინფო აქვს ბმული