საქართველომ მიაღწია იმ დონეს, როდესაც ნატოს წევრობას მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება აშორებს, მაგრამ სწორედ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება წლებია ძნელდება. შვედეთის და ფინეთის სავარაუდო გაწევრიანება ნატოში არის კიდევ ერთი ძალიან კარგი მოვლენა, რადგან ისინი, დიდი ალბათობით, MAP-ის გარეშე იქნებიან დაშვებული ალიანსში, რაც ქმნის პრეცედენტს, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტად მოითხოვოს ალიანსში დაჩქარებული გაწევრიანება.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ივნისის სამიტზე უნდა ველოდოთ ძირეულ გარდატეხას ჩვენს საკითხში, მით უფრო, რომ გეოპოლიტიკური ვითარება ძალიან დაძაბული და რთულია. ამის ფონზე რუსეთის შეჭრა უკრაინაში, კონსენსუსის მიღწევა, საქართველოს და მით უმეტეს უკრაინის დაუყოვნებლივ წევრობაზე აშკარაა, რომ ძალიან გაჭირდება და გარდა ამისა, არც ნატოს წევრ ქვეყნებში არ არის კონსენსუსი.
ცნობილია, რომ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს. საქართველო სრულად იზიარებს დემოკრატიის, პიროვნების თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს და ფასეულობებს, რომლებსაც ემყარება ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლის შესაბამისად, ალიანსის უმთავრესი ამოცანაა წევრი ქვეყნების დაცვა აგრესიისგან და ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად.
საქართველო ნატოს კოლექტიური თავდაცვის ერთადერთ ორგანიზაციად განიხილავს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი პოლიტიკური, სამხედრო და სხვა რესურსი, რათა უზრუნველყოს მისი წევრების უსაფრთხოება და შეინარჩუნოს მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში. თუმცა, საქართველოსთან მიმართებაში ალიანსი გადაწყეტილების მიღებას არ ჩქარობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მადრიდის სამიტიდან ისევ დაპირებებით დაბრუნდება.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, კონგრესმენი ჯერი კონოლა აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, თუმცა აქვე დასძენს, რომ ნატოს გაფართობა ყოველთვის არის ალიანსში დებატების საგანი. თუ ადრე დებატების მიზანი რუსეთის მგრძნობელობა იყო, დღეს მისი თქმით, სიტუაცია შეცვლილია.
„რუსეთი უკრაინაში აწარმოებს სასტიკ ომს, კლავს ბავშვებს, ქალებს, ხანდაზმულებს, მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავს სოფლებს, საცხოვრებელ სახლებს. ჩემი აზრით, დღეს რუსეთის სენტიმენტები არაფერს ნიშნავს. ეს დაეხმარება ასპირანტებს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ომმა ბევრი რამ გვასწავლა. ომმა ყველას აჩვენა, რომ რუსეთი წარმოდგენს სოციოპათიურ საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის, მსოფლიო წესრიგისთვის, ალიანსისთვის, დემოკრატიული ღირებებულებისთვის. ჩვენ არანაირი ილუზიები აღარ უნდა გვქონდეს პუტინის მიმართ“, - აღნიშნა ჯერი კონოლმა.
ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილის, მირჩა ჯოანას თქმით, ნატო აღარ არის ვალდებული წარსული ვალდებულებებით თავი შეიკავოს აღმოსავლეთ ევროპაში თავისი ძალების განლაგებისგან. მისი თქმით, უკრაინაზე თავდასხმითა და ალიანსთან დიალოგის შეწყვეტით, მოსკოვმა თავად გააუქმა ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტი.
„მათ მიიღეს გადაწყვეტილებები, აიღეს ვალდებულებები, რომ არ განახორციელებდნენ აგრესიას მეზობლების წინააღმდეგ და რომ ალიანსთან რეგულარულ კონსულტაციებს გამართავდნენ, რასაც არ აკეთებენ. ასე რომ, ვფიქრობ, რეალურად, ეს დამფუძნებელი აქტი, ძირითადად, არ ფუნქციონირებს რუსეთის გამო. რუსეთი ფაქტობრივად ჩამოშორდა 1997 წლის შეთანხმების პირობებს“, - აღნიშნა მირჩა ჯოანამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ნატოს სამიტის წინ აქვს სრული მხარდაჭერა, არანაირი შეკითხვები, დამატებითი მოთხოვნები საქართველოს მხრივ არ არსებობს.
„სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ყველაზე მაღალი საპარლამენტო ფორუმია. ამ წუთისთვის შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ საქართველოს ნატოს სამიტის წინ აქვს სრული მხარდაჭერა, არანაირი შეკითხვები, დამატებითი მოთხოვნები საქართველოს მხრივ არ არსებობს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ივნისის სამიტზე უნდა ველოდოთ ძირეულ გარდატეხას ჩვენს საკითხში.
ასამბლეის დროს მკვეთრად დაისვა ასეთი შეკითხვა, როდის დაანებებს თავს ნატო რუსეთის აზრის გათვალისწინებას ახალი წევრების მიღებისას. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ძალიან მკაფიო შეკითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ არის. თუმცა, თუ ოდესმე ალიანსი ყოფილა მზად იმისთვის, რომ უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების აუცილებლობა ეღიარებინა, არა მარტო ჩვენი, არამედ ალიანსისთვისაც, ეს სწორედ დღეს არის და სწორედ უკრაინის კატასტროფის პერიოდში დადგა ეს მომენტი“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
სამხედრო ანალიტიკოსი, ვახტანგ მაისაია არ არის დარწმუნებული, რომ ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - MAP-ის გარეშე მიიღონ, რადგან ვაშინგტონის 1999 წლის სამიტის გადაწყვეტილებით ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს ეს გზა. როგორც მაისაია ამბობს ისეთემა ძლიერმა სახელმწიფებმა, როგორიც იყო ბალტიის სახელმწიფოები, სლოვენია და ხორვატია, MAP-ის გზა გაიარეს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდნენ ნატოს წევრი სახელმწიფოები.
„გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ფინეთისა და შვედეთთან მიმართებაში არის პრობლემები. იგივე თურქეთი და კიდევ სხვა სახელმწიფოებიც თავს იკავებენ. საბოლოო გადაწყვეტილება ადვილად არ იქნება მიღებული. ამიტომ, მაღალი ალბათობით, ამ ქვეყნებს შეიძლება მისცენ MAP-ის კანდიდატის წევრობის სტატუსი. თუ ასე მოხდა, მაშინ მაღალია ალბათობა იმისა, რომ შეიძლება საქართველოს და უკრაინასაც მისცენ MAP-ის კანდიდატის წევრობის სტატუსი.
ასე მიმაჩია, იმიტომ რომ მაშინ ოთხი სახელმწიფო ერთ კალათაში გაწევრიანდება, რომლებსაც უნდათ ნატოში გაწევრიანება და მერე უკვე ამ ოთხიდან ვინ როგორ წავა, ეს უკვე თითოეულის ინდივიდუალური გზა არის. ასევე, ეს დაკავშირებულია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან, შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი საკითხი ბმაშია ერთმანეთთან. პრინციპში, ნატო და ევროკავშირი დღეს არის ერთი საერთო გეპოლიტიკური დილემის წინაშე“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი ქვეყნებისგან გვესმის პოზიტიური განცხადებები, გადაწყვეტილების მიღება საქართველოს სასარგებლოდ არ ხდება, რითაც ანალიტიკოსის განცხადებით, ალიანსი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
„2008 წლიდან მოვდივართ ასე. ჩვენთვის ნატოს კარი კვლავ ღია რჩება, მაგრამ ვერ შევდივართ. ბალკანეთის სახელმწიფოები არ იყვნენ ჩვენზე წინ და ჩვენზე მაღლა, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი უფრო ადრე მიიღეს, ვიდრე ჩვენ, იმიტომ რომ მაშინ დღის წესრიგში იყო ბალკანეთის ქვეყნების ათვისება. ანუ, ევროპის გეოპოლიტიკური დღის წესრიგი იყო ასეთი.
მაშინ, ჩვენ ვიყავით ევროპის განაპირა ტერიტორიებზე. ახლა, თანდათანობით შავი ზღვის აკვატორიის კონტექსტში ნატო უკვე მოუახლოვდა სივრცეს და უკრაინაში ომმა აჩვენა, რომ რუსეთთან თამაშს უკვე აზრი არ აქვს. რუსეთი არის პირდაპირი მტერი, მაგრამ ამის მიუხედავად, როგორ მიიღებენ გადაწყვეტილებას ნატოში, ესეც გაუგებარია. მაგრამ, თუ შვედეთს და ფინეთს მისცეს MAP-ის სტატუსი, საქართველოს და უკრაინასაც უნდა მისცენ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ომშია. თუმცა, MAP-ის სტატუსი არ ნიშნავს გაწევრიანების სტატუსს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.