პენტაგონში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა მშვიდობიან მოლაპარაკებებზე არ წავა, რადგან რუსეთის მმართველი ამ ეტაპზე არ ავლენს საკითხის დიპლომატიურად დარეგულირების ინტერესს. პენტაგონის პრეს-სპიკერის განცხადებით, პუტინმა აჩვენა, რომ მზად არის, გააგრძელოს ომი დონბასში, აგრძელებს ჯარების გაზრდას, აღჭურვილობის შეყვანას და ახორციელებს ავიადარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე.
მიუხედავად დაწესებული სანქციებისა, ვლადიმერ პუტინი ომზე უარს არ ამბობს და ცდილობს ევროპა დააშანტაჟოს. ევროკავშირის მთავრობებმა რუსული ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება. ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს წინადადება წარუდგინა, რომელიც საზღვაო გზით მიწოდებულ რუსულ ნავთობზე უარის თქმის შემთხვევაში, მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე შეზღუდვების დაწესების გადადებას ითვალისწინებს.
აღნიშნული წინადადება უნგრეთს, რომელიც რუსული ნავთობის აკრძალვას ეწინააღმდეგება, მეტ დროს მისცემს ტექნიკური გადაწყვეტილების მოსაძებნად მისი ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ასევე ითვალისწინებს სხვა ქვეყნების, მათ შორის სლოვაკეთისა და ჩეხეთის შეშფოთებას, რომლებიც ძლიერ არიან დამოკიდებულნი რუსულ ნავთობზე.
როგორც ცნობილია, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უნგრელმა ლიდერმა დაბლოკა შეთანხმება რუსული ნედლი ნავთობისა და რაფინირებული საწვავის იმპორტის აკრძალვის შესახებ იმ მოტივით, რომ ასეთი ქმედება მძიმე დარტყმას მიაყენებს უნგრეთის ეკონომიკას. არსებული ცნობებით, ახლა დიპლომატები განიხილავენ ვარიანტს, რომელიც შეამსუბუქებს თავდაპირველ წინადადებას რუსული ნავთობის ყოველგვარი იმპორტის სრული აკრძალვის თაობაზე და ამის ნაცვლად, დროებით მაინც, მხოლოდ საზღვაო ხომალდებით მიწოდებულ მარაგებზე გამახვილდება ყურადღება.
ეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე უნგრეთს მისცემს საშუალებას, განაგრძოს რუსული ნედლი ნავთობის ყიდვა მილსადენებით. გამოცემა „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ევროკავშირის შეთავაზებაა, რომ მოხდეს რუსეთიდან საზღვაო გზით ნავთობის იმპორტის შეზღუდვა, ხოლო მილსადენების გამოყენებით ენერგოპროდუქტების იმპორტს ჯერჯერობით ცვლილებები არ შეეხოს, რათა მოხდეს უნგრეთის წინააღმდეგობის დაძლევა.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ადასტურებს, რომ ევროკავშირი იძულებულია, იყიდოს ნავთობი რუსეთიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, პუტინი მყიდველებს სხვა ბაზრებზე იპოვის და უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებს.
„ჩვენ ყოველთვის უნდა ვიპოვოთ სწორი ბალანსი, რომ ჩვენს ეკონომიკას დიდი ზიანი არ მივაყენოთ. თუ ჩვენ დღეიდან რუსულ ნავთობზე სრულად ვიტყვით უარს, მაშინ პუტინი სავარაუდოდ, შეძლებს მის გაყიდვას მსოფლიო ბაზარზე, სადაც ფასები გაიზრდება და მეტს გამოიმუშავებს. ეს მის საომარ სახსრებს შეავსებს. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან სტრატეგიული ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
სანამ ევროკავშირის მთავრობები რუსული ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ, უფრო მზარდი ხდება გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც არანაირ კავშირში არ არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან. ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოები რუსეთისგან ამ დრომდე უშედეგოდ მოითხოვენ ბლოკადის შეწყვეტას.
საფრანგეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბარში ვლადიმერ პუტინმა სურსათის მიწოდების სირთულეების რეალურ მიზეზებად დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები და მცდარი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის გატარება დაასახელა. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა დახმარების მზადყოფნა გამოთქვა მარცვლეულის შეუფერხებლად ექსპორტისთვის სხვადასხვა ვარიანტების მოძიების მიმართულებით, მათ შორის უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის პორტების საშუალებით გატანასთან დაკავშირებითაც. თუმცა, მოითხოვს შესაბამისი სანქციების მოხსნას.