ბიზნესმენი, შპს „მაღლივმშენის“ დამფუძნებელი კოტე კოკაია იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელს თეა წულუკიანის სახელით ის ადამიანები აშანტაჟებენ, რომლებმაც მას კუთვნილი ბიზნესი ზეწოლის შედეგად წაართვეს. ბიზნესმენი ყვება, რომ 2008 წელს მუქარისა და ზეწოლის შედეგად, მისი კუთვნილი სამშენებლო კომპანია, შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის კრიმინალური პოლიციის უფროსის, ირაკლი ფირცხალავას მეუღლის, ნინო ხვიტიას სახელზე გადაფორმდა. კოკაიას მტკიცებით, ფირცხალავასთან ერთად საქმეში მონაწილეობდა ამირან გურჩიანი. ბიზნესმენი for.ge-სთან საუბრისას იმ დეტალებზე საუბრობს, როგორ წაართვა მას ბიზნესი ირაკლი ფირცხალავამ.
ბატონო კოტე, რომელი წლიდან ფლობდით სამშენებლო კომპანიას, ძირითადად სად აწარმოებდა თქვენი კომპანია სამშენებლო სამუშაოებს?
- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოვაყალიბე სამშენებლო ბიზნესი. აშენებული მაქვს რამდენიმე სახლი. ძირითადი მშენებლობა თბილისში ვაწარმოე. წილობრივი მონაწილეობა იყო რამდენიმე ადგილას და მარტო მივიღე მონაწილეობა ქუჩიშვილის ქუჩაზე მშენებლობაზე, სადაც ავაშენე 9 სართულიანი სახლი. პრობლემები არ მქონია, ისე ვაკეთებდით ამ საქმეს. პრობლემები გაჩნდა შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის კრიმინალური პოლიციის უფროსის ირაკლი ფირცხალავას გამოჩენის შემდეგ.
კონკრეტილად რა პრობლემები შეგიქმნათ ირაკლი ფირცხალავამ?
- ჩემი შპს დაფიქსირებულია ხეივნის ქუჩა 3 ნომერში, ვერაზე, სადაც აშენებულ სახლში უფასოდ გაცემული მქონდა უკვე 6 ბინა, გვერდზე მშენებარე ბინების ხარჯზე. უნდა დამეკმაყოფილებინა ისინი საცხოვრებელი ფართით. საცხოვრებელი ფართით ნაწილობრივ დაკმაყოფილდნენ ეს ხალხი და ნაწილობრივ ბინა უნდა მიეღოთ 10 ნომერში. 80% რომლებიც დაკმაყოფილებული იყვნენ ქუჩიშვილის 16 ნომერში, ამათ აქაც ერგებოდათ რაღაცა წილი, რაზეც ჩვენ დადებული გვქონდა ხელშეკრულება. 2008 წლის მაისის თვის დასაწყისში ჩემთან მოვიდა ამირან გურჩიანი, რომელსაც, თითქოს, ბინის ყიდვა უნდოდა ქუჩიშვილის ქუჩაზე უკვე აშენებულ სახლში. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბინის მყიდველი არ იყო.
ეს ის გურჩიანია, რომელსაც საზოგადოება სვანური დაჯგუფების წევრად იცნობს?
- დიახ.
რა უნდოდა გურჩიანს, რა გითხრათ?
- მოვიდა და მითხრა, რომ ერთ-ერთ ჩემს მობინადრეს ბინა რამდენი ჰქონდა გაფორმებული.
ვინ იყო ის მობინადრე, ვისი ფართითაც გურჩიანი დაინტერესდა?
- ეს იყო ქეთევან ჩახაია. სხვათაშორის მას შევატყობინე, რომ კითხულობდნენ მის ბინას. დაინტერესედა ვინ იყვნენ. მოგვიანებით ჩახაია წაიყვანეს ლელა გაზდელიანის ნოტარისუსში და ამ ქალბატონის ბინა ამათმა სხვას გადაუფორმეს. შევატყვე, რომ ეს ბინა მას იძულების წესით გადააფორმებინეს. გარეთ დარაჯობდნენ, რომ იქნებადა არ მოეწერა ხელი, გარედანაც იყო მუქარა. ამის შემდეგ მოვიდა ჩემთან ირაკლი ფირცხალავა, ამირან გურჩიანი და გია მხეიძე. ფირცხალავამ წარმომიდგინა თავი, მე ვარ კრიმინალური პოლიციის უფროსი და შენ რომ სახლს აშენებ ქუჩიშვილის ქუჩაზე, ეს ობიექტი უნდა დამითმოო.
არ ჰკითხეთ რატომ უნდა დაგეთმოთ?
- წართმევა უნდოდა. პირდაპირ მითხრა, რომ ეს ობიექტი მისთვის უნდა დამეთმო. ვუთხარი როგორ დაგითმო, ხარჯი მაქვს გაწეული, ხალხისგან ფული მაქვს აღებული დავუსახელე ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის მარიკა მარგიშვილის დედამთილის სახელი. სხვა თუ არაფერი, პროექტში მაქვს თანხა დახარჯული. არ ვიცი რამდენი გაქვს დახარჯული, ეს ობიექტი მე მინდაო. ვუთხარი რაც იყო დახარჯული - 50 ათასი დოლარი. მითხრა, პირობას გაძლევ ამ თანხას გადავიხდიო. როდის გადაიხდიდა ეს არ მითხრა. იმით შემოიფარგლა, რომ უმოკლეს დროში გადაიხდიდა და მე უნდა მივყოლოდი მას მობინადრეებთან.
იმ შემთხვევაში თუ მობინადრეებთან არ მივიდოდი და არ ვეტყოდი, რომ მე ამ ბინის მშენებლობას ვერ შევძლებ, მაგრამ ეს კაცი ააშენებს ბინას-თქო, ირაკლი ფირცხალავა სიკვდილით და ოჯახის განადგურებით დამემუქრა. პირდაპირ მითხრა - „ოთხი ტრუპი მყავს და მეხუთე შენ იქნები, თუ ისე არ გააკეთებ, როგორც მე გეტყვიო“.
2 დღის მერე დავთქვით შეხვედრა. დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ეს ხალხი გავაფრთხილე.
ეს პროცესები ირაკლი ფირცხალავას ზეწოლის ფონზე მინდინარეობდა?
- რა თქმა უნდა, კრიმინალური პოლიციის უფროსი მეუბნება, რომ 4 ტრუპი მყავს და მეხუთე იქნები შენო და რა მექნა, ოჯახი მყავდა. არც იმის იმედი მქონდა, რომ სამართალს მივაღწევდი.
ცალკე პოლიცია, ცალკე კრიმინალური ჯგუფი მაშანტაჟებდა. ამ ირაკლი ფირცხალავზე გაგებული მქონდა კორტებთან მომხდარ ისტორიაში მის მონაწილეობაზე, მაგრამ ეს სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. თვითონვე აღიარებდა, რომ ის იყო პოლიციის მაღალჩინოსანი, არ სრცხვენოდა ამისი.
არ ჰკითხეთ პოლიციის მაღალჩინოსანს რა კავშირი ჰქონდა გურჩიანთან?
- არ მიკითხავს, მაგარამ ეჭვი მაინც გამიჩნდა. როგორც გითხარით, ავედით მობინადრეებთან და ვუთხარი რაშიც იყო საქმე. თამარ ქაშიბაძეს ვუთხარი, რომ თამარ არ ღირს ამაზე ბრძოლა, მე გთხოვ დათმო-თქო. ვინაიდან, გაგებული ჰქონდათ სად ჰყავდა შვილი (ბიჭი ყავდა), - ემუქრებოდნენ. ამ ქალბატონმა მითხრა, კი ბატონო, დავთმობო. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ამიყვანეს კუ ტბაზე. საჭესთან ამირან გურჩიანი იყო, მანქანაში იჯდა ირაკლი ფირცხალავა.
მანახეს ნატვრის ხე და მითხეს, რომ თუ ამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვან ეს ნატვრის ხე მოგენატრებაო. იქიდან წამიყვანეს ნოტარიუსში. ირაკლი ფირცხალავამ ყველაფერი მის მეუღლეზე, ნინო ხვიტიაზე გადააფორმა. ყველაფერი გადავუფორმე, მაგრამ ფირცხალავამ ის ვალდებულება, რომელიც მას უნდა შეესრულებინა და 50 ათასი დოლარი გადაეხადა ჩემთვის, არ შეასრულა. შესაბამისად, მობინადრეებს გია კაპანაძეს და მარიკა მარგიშვილს ვერ შევუსრულე პირობა. ამას მოჰყვა ის, რომ ორთაჭალაში საკუთარი ოფისიდან როგორც კი გამოვედი დამაკავეს.
დაკავების მიზეზი თუ განგიმარტეს?
- არაფერი უთქვამთ. გადამიყვანეს მეორე მაქანაში, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა 66 წლის კაცს დამიწყეს ცემა. მაგინებდნენ, რატომ იმალებიო.
არ განუმარტეთ, რომ თქვენ არ იმალებოდით?
- არ ვიმალებოდი, პირიქით დავდიოდი ჩვეულებრივად, ან რატომ უნდა დავმალულვიყავი? თუ იცოდნენ, რომ ვიმალებოდი რატომ ოფისში არ შემოვიდნენ და არ დამაკავეს?. მითუმეტეს ამ მარიკა მარგიშვილთან მქონდა მე ურთიერთობა. ვინაიდან ფირცხალავა ფულს არ მაძლევდა, მე შევთავაზე სხვა ადგილას დამეკმაყოფილებინა ის, მის მხარეს ვიყავი და ამ დროს მარიკა ეხმარებოდა თურმე ფირცხალავას. ვინაიდან თანხას არ მაძლევდა, ირაკლი ფირცხელავას ორჯერ შევხვდი და ვთხოვე, რომ დაებრუნებინა ჩემი თანხა.
მან კი, იმისათვის, რომ ეს 50 ათასი დოლარი არ გადაეხადა, სხვა ხერხს მიმართა, დამიპირისპირა მარიკა. მიმიყვანეს ქალაქის სამმართველოში. მოგვიანებით შემიყვანეს საგამომძიებლოს უფროსის, იაშვილის ოთახში, სადაც დამხვდა ქალბატონი მარიკა. მან მითხრა, რომ სად დამემალებოდი ბატონო კოტეო. პოლიციის განყოფილებაში დამადებინეს პირობა, რომ მარიკას დავაკმაყოფილებდი და გადავუხდიდი ფულს. ფირცხალავამ იაშვილის დახმარებით ისე გააკეთა, რომ ფული არ მოეცა ჩემთვის.
მაიძულებდა მარიკასთვის თანხის გადახდას, ან ფართის 200 კვადრატულის მიცემას. რადგან ირაკლი ფირცხალავამ იცოდა, რომ მე კიდევ ვაწარმოებდი მშენებლობას და ამით სარგებლობდა. გამოდის ახლა და ამბობს, რომ კოტეს ბევრი ვალები აქვსო. მე თუ ვალები მაქვს, სწორედ ირაკლი ფირცხლავას დამსახურებაა. ეს არის მისი ყაჩაღობით ჩადენილი დანაშაული, რომელზედაც შევიტანე სარჩელი პროკურატურაში. დღემდე არანაირი რეაგირება არაა.
როგორც ვიცი, თქვენს საქმეში ფიგურირებენ „კუდ“- ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და მისი სიმამრი ავთო ბენიძე...
- ავთო ბენიძე მას შემდეგ გააქტიურდა, როგორც კი მისი სიძე, დათა ახალაია „კუდ“- ს უფროსი გახდა. პირადად, არ შევხვედრივარ ახალაიას, მაგრამ სადაც დაპროექტებული მქონდა 9 სართულიანი სახლის აშენება, ახლა აშენებულია 12 სართული, ეს ყველაფერი ბენიძემ გააკეთა ჩემთვის წართმეული ქონების ხარჯზე. დათა ახალაიას სიმამრმა დამაზარალა 1 მილიონი დოლარით.
გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ კრიმინალები, რომლებიც განთავისუფლებულები არიან ციხიდან, რომლებიც გაქცეულები არიან საზღვარგარეთ და იქიდან იმართებიან მათი წიწილები, ახდენენ ზეწოლას. ჩასაფრებულები არიან, სად და როგორ გადავადგილდები. შეგნებულად არ ვასახელებ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, თუ იქნება იმის შესაძლებლობა, რომ შევხვდე იუსტიციის მინისტრს, მას ამის შესახებ ვეტყვი.
ანუ, ეს გათავისუფლებული კრიმინალები თეა წულუკიანის სახელით გაშანტაჟებენ?
- დიახ, მოქმედებენ მისი სახელით. როცა მასთან მექნება შეხვედრა, დეტალურად ვეტყვი ვინ არიან ესენი, გამოიძიონ და ნახავენ.
კონკრეტულად რაში გამოიხატება წულუკიანის სახელით შანტაჟი?
- იმაში, რომ ეს პიროვნება წულუკიანის მამის ძმაკაცია, ასევე იუსტიციის მინისტრის ძმაკაცია და ტრაბახობენ იმ მთავრობაშიც და ამ მთავრობაშიც კარგად ვართო.
ბატონო კოტე, რამდენს შეადგენს ის ქონება, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ წაგართვათ?
- დაახლოებით, ეს არის 1 მილიონი. საეთოდ კი ამ „კუდ“ - ის, პოლიციის თუ კრიმინალების გამო დაკარგული მაქვს 10 მილიონის ქონება. პროკურატურაში შევიტანე განცხადება. ის რისი გაკეთებაც შეეძლოთ - დაბარება და კითხვა, რა ხდებაო, ამ მინიმალურსაც არ აკეთებენ. ეს ცოტა არ იყოს ადამიანის უფლებების შელახვაა. 3 თვეა განცხადება შევიტანე და არავითარი რეაგირება არაა. ისიც არ ვიცი ვის აწერია ჩემი განცხადება.
ფირცხალავას არგუმენტად მოყავს ის ფაქტი, რომ თქვენ გაქვთ ბევრი ვალი...
- მე ვალი თუ მაქვს, იმ მევალეებთან მე ვაგებ პასუხს. მას რა ვალდებულებაც ჰქონდა, მართალია სიტყვიერი, მაგრამ კაცური კი არა არაკაცური, ყაჩაღური, ის შეასრულოს. ჩემი მომჩივანი გახადა და დამიპირისპირა მარიკა მარგიშვილი. ირაკლი ფირცხალავას სიკვდილის ბოლომდე არ შევეშვები. ირაკლი ფირცხალავას გამო ქირით ვცხოვრობ. პროკურატურაში მთელი დოკუმენტებით მივალ. არც ერთი წუთით უკან არ დავიხევ. კაცს, რომელსაც ფული არ აქვს შემოტანილი, ორი დღის წინ დამიკავშირდა და ითხოვს ფართს.
როგორ ფიქრობთ, ამის უკან ფირცხალავა დგას?
- არ გამოვრიცხავ. იმიტომ, რომ ფირცხალავა, „კუდ“-ა, „სოდ“-ა თუ კრიმინალია, ესენი იმ მთავრობაში ერთიანი გუნდი იყვნენ და მიმაჩნია, რომ დღესაც ერთიანი გუნდი არიან.
არ გიცდიათ ირაკლი ფირცხალავას მეუღლესთან დაკავშირება?
- არა, არ მიცდია. მხოლოდ, ჩემს თვალწინ გააფრთხილა ნინო ხვიტიამ თავისი მეუღლე, რომ ზედმეტ შარში ფეხები არ ჩამაყოფინოო, ეს არის ის, რაც მე გავიგე. მინდა გითხრათ, რომ ჩემს საქმეში ფიგურირებენ სხვა მაღალჩინოსნები. მათ შესახებ, მხოლოდ მას შემდეგ ვისაუბრებ, რაც შევხვდები იუსტიციის მინისტრს და გენერალურ პროკურორს.