„გერმანიის მიერ მიწოდებული შეიარაღება იქნებოდა დამატებით მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, უფრო სიმბოლური დატვირთვა ექნებოდა, რადგან გერმანია სერიოზული სახელმწიფოა მსოფლიოში, თუმცა გერმანია და საფრანგეთი რაღაც ფორმით თავს იკავებენ და ცდილობენ, რუსეთთან კონფრონტაციაში არ შევიდნენ“, - განაცხადა კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან ინტერვიუში.
მედიის ინფორმაციით, ბოლო 9 კვირის განმავლობაში გერმანიამ მინიმუმამდე დაიყვანა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე, როგორიც არის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები და ამის მიზეზად ნატო-ს მოკავშირეებთან შეთანხმება დაასახელა. რატომ? რითი აიხსენა ეს, როგორ ფიქრობთ?
- უკრაინას ამერიკიდან და ბრიტანეთიდან მიეწოდება სერიოზული რაოდენობის შეიარაღება, თურქეთიც აწვდის „ბაირატხარებს“. გერმანიის მიერ მიწოდებული შეიარაღება იქნებოდა დამატებით, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, უფრო სიმბოლური დატვირთვა ექნებოდა, რადგან გერმანია სერიოზული სახელმწიფოა მსოფლიოში, თუმცა გერმანია და საფრანგეთი რაღაც ფორმით თავს იკავებენ და ცდილობენ, რუსეთთან კონფრონტაციაში არ შევიდნენ.
ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გერმანელი ამომრჩევლის განწყობა, ევროპაში დემოკრატიული აზროვნებაა, იქ არ წყვეტს ყველაფერს ერთი ადამიანი. შოლცი ანგარიშს უწევს გერმანიაში არსებულ განწყობებს და ის ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს გერმანიაში არსებული განწყობებიდან გამომდინარე და არა თავის სიმპატია-ანტიპატიით. ეს არ არის მისი განწყობის გამოვლენა, ესაა მის ამომრჩეველში არსებული განწყობა. გამოჩნდა ტენდენცია, რომ გერმანიაში არ მოსწონთ უკრაინისადმი ასე ცალსახა მხარდაჭერა.
აქვს თუ არა დღეს უკრაინას საკმარისი რაოდენობის შეიარაღება, რომ გააგრძელოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა?
- უკრაინას იარაღი ჰყოფნის. დაახლოებით ერთი თვის ფარგლებში, უკრაინა მიიღებს ყველა იმ იარაღს, რაც დასავლეთმა გამოყო უკრაინისათვის და ეს საკმაოდ სერიოზული იარაღია. მგონია, რომ უკრაინა შეძლებს გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას და შეიძლება კონტრ-შეტევაც კი განახორციელოს. რუსეთი ცდილობს, რომ ტერიტორიების მინიმუმი მაინც აიღოს, დღემდე ლუგანსკის ოლქიც კი ვერ აიღო ბოლომდე და ლუგანკის შემდეგ მას დარჩება დონეცკის ოლქის ნახევარი.
ძალიან ნელა მიიწევს წინ რუსეთი, თან კატასტროფული დანაკარგით, როგორც ცოცხალი ძალის, ისე შეიარაღების. ამიტომ, თუ უკრაინას ამ ერთი თვის განმავლობაში მოუსწრო იმ შეიარაღებამ, რაც ამერიკიდან მოდის, ის შეძლებს არათუ შეაჩეროს რუსეთის ისედაც ჩაფლავებული შეტევები, არამედ შესაძლოა, კონტრ-შეტევაც კი განახორციელოს. როგორც კი, უკრაინას ხელში ჩაუვარდება ეს მთლიანი იარაღი, ამის შემდეგ რუსეთი შეიძლება დათანხმდეს მოლაპარაკებებს და ცეცხლის შეწყვეტას. რუსეთი ჩქარობს, სანამ უკრაინა მიიღებს ასეთ სერიოზულ იარაღს, რომ მანამდე, როგორმე რაღაც ტერიტორია აიღოს უკრაინაში. ბოლოს, როგორც კი ნახავს ამ ახალი იარაღის ძალას, შესაძლოა, დათანხმდეს მოლაპარაკებებს, იმ პირობებით, რაც ბრძოლის ველზე შეიქმნება.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, როდესაც უკრაინა რუსულ ძალებს 23 თებერვლის პოზიციებზე დააბრუნებს. არის თუ არა ეს შესაძლებელი და როდის უნდა ველოდოთ ამ პროცესის დაწყებას?
- ჯერ ამის პირობა არ არსებობს. პრეზიდენტები მაშინ სხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, როდესაც მხარეები რაღაცაზე შეთანხმებული არიან და გარანტიისთვის საჭიროა მაღალი დონის ხელმოწერები. ამასთან, სულ არ არის აუცილებელი პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ, ასე თავს არ დაიმცირებს პუტინი, რადგან ეს მოხდება რუსეთის წარუმატებლობის და უკრაინის წარმატების ფონზე. ზელენსკის ამ რიტორიკაში არის გარკვეული პროპაგანდა, მას ამ ფორმით უნდა მსოფლიოს მუდმივად აჩვენოს, პუტინი რამდენად არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის.
ხელის მოწერა შეიძლება მოხდეს არა შეხვედრით, არამედ ონლაინ. ამ ტიპის შეთანხმება მოხდება მას შემდეგ, რაც პუტინი მიხვდება, რომ წარუმატებელია ეს ყველაფერი. ყველაფერი ერთ-ორ თვეში უნდა გამოიკვეთოს.
რამდენად იზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ უკრაინაში რუსეთის მარცხის შემთხვევაში, პუტინმა ერთგვარი „კუდის მოქნევა“ შესაძლოა საქართველოში ან მოლდოვაში დაასრულოს, სწორედ იმისთვის, რომ მან „სახე შეინარჩუნოს?“
- მოლდოვაში ვერ მოახერხებს ამას, თუ ოდესა ვერ აიღო. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან აღებული აქვს 2008 წელს. ამ ყველაფერს არავითარი საფუძველი არ გააჩნია, მხოლოდ ქართული მოსახლეობის დასაშინებლად ხდება ამ ტიპის განცხადებები. ჩვენთან აღებული აქვს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, სხვას რას უნდა მიაღწიოს? ეს არის აბსურდის აბსურდი, არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას. თუ რუსეთი დამარცხდება, მას ყველანაირად უკან დახევა მოუწევს. მაშინ, როდესაც რუსეთს მოუწევს უკრაინის ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა, შეიძლება მოლდავეთიდანაც კი, ამ დროს ჩვენ ჩუმად ვართ.
მე უფრო მეტად მეშინია არა რუსეთის მიერ „კუდის მოქნევის,“ არამედ იმის, რომ რუსეთმა უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს, საქართველოდან კი არა, რადგან ჩვენ არ ვითხოვთ ამას.
თქვენი აზრით, რუსეთის მარცხი ავტომატურად ნიშნავს თუ არა, პუტინის თანამდებობიდან გაქრობას? შესაძლოა თუ არა ამას რუსეთში მოჰყვეს არეულობა?
- რა არის მარცხი და რა გამარჯვება, პირობითი იქნება. ჩვენ რასაც ჩავთვლით მარცხად, პუტინმა შეიძლება გააფორმოს გამარჯვებად. რუსეთი შეეცდება შეიარაღებული ძალები შეინარჩუნოს დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონში ოლქში, შემდეგ ჩაკეტოს აზოვის ზღვა. მისი მთავარი ამოცანაა, დონეცკისა და ლუგანსკის აღება და შენარჩუნება, ამის შემდეგ კი შესაძლოა, შეთანხმებას ხელი მოაწეროს, ეს არის პროგრამა მინიმუმი.
მსოფლიომ მაინც არ უნდა აპატიოს და სანქციები გააგრძელოს, ვიდრე პუტინი ხელისუფლებაში იქნება. თუ უკრაინა გამოხატავს კმაყოფილებას, მთელი მსოფლიო დამშვიდდება. ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინაზე. თუ უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას, პუტინს მოუწევს წასვლა. მეორე ვერსიის თანახმად, თუ უკრაინა ქართულ ვარიანტზე წავიდა, მაშინ ხელისუფლებაში დარჩება პუტინი და ამ ყველაფერს გააფორმებს, როგორც წარმატებას.