„ალიანსში უნდა შევიდნენ ქვეყნები, რომლებსაც ბრიუსელის მიმართ უნდობლობა და რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გერმანიის რეაქცია აერთიანებთ“

„ალიანსში უნდა შევიდნენ ქვეყნები, რომლებსაც ბრიუსელის მიმართ უნდობლობა და რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გერმანიის რეაქცია აერთიანებთ“

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკის ახალი ეკონომიკური და სამხედრო ალიანსის შექმნა შესთავაზა, რომელიც ევროკავშირის ალტერნატივა იქნება.

„დიდი ბრიტანეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ალიანსში უნდა შევიდნენ ქვეყნები, რომლებსაც ბრიუსელის მიმართ უნდობლობა და რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გერმანიის რეაქცია აერთიანებთ“,- წერს იტალიური გამოცემა Corriere della Sera.

გამოცემის თანახმად, ხალი ალიანსის წევრები უნდა იყვნენ დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. შემდგომში ამ გაერთიანებას შეიძლება შეუერთდეს თურქეთი.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, ახალი ალიანსი შეიქმნას, თუმცა ის ევროკავშირს კონკურენციას ვერ გაუწევს.

როგორც for.ge-თან საგარეო საქმეთა ურთიერთობის ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ აღნიჩნა, ის მომხრეა ახალი ალიანსის შექმნის. მისივე თქმით პატარა ალიანსები უფრო მოქნილია, თუმცა დასძენს, რომ ახალი ალიანსი ევროკავშირს ვერ ჩაანაცვლებს.

„ერთმანეთისგან ორი რამ უნდა გავმიჯნოთ, პირველი - ახალი ალიანსის შექმნის შესაძლებლობა და მეორე - თავად ევროკავშირის თემატიკა. ახალი ალიანსი შესაძლბელია შეიქმნას. ცნობილია, რომ ახალი ალიანსებზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს, არა მხოლოდ უკრაინის კონტექსტში, არამედ მსოფლიო კონტექსტში. უკრაინასთან დაკავშირებით შეგახსენებთ სამმხრივ შეთანხმებას, რომელიც დიდ ბრიტანეთს, პოლონეთსა და უკრაინას შორის ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დაიდო და რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ასე რომ, ახალი ალიანსის შექმნას არ გამოვრიცხავ, თუკი ეს დაეხმარება ე.წ ფრონტისპირა ქვეყნების გაძლიერებას. ფრონტისპირა ქვეყნებში ვგულისხმობ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთის სამეზობლოში მდებარეობენ. ასევე მცირე ალიანსები უფრო მოქნილია გადაწყვეტლების მიღების კონტექსტში, ვიდრე დიდი ალიანსები. მეორე საკითხია, რამდენად შეიძლება ეს განვიხილოთ ევროკავშირის ალტერნატივად? ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ალტერნატივა ვერ იქნება. შეიძლება ეს იყოს ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანებამდე დახმარების, გაძლიერების შესაძლებლობა. ევროკავშირი თავისი ფუნქციით იმ ტიპის ორგანიზაციაა, რომელსაც სხვა ვერ ჩაანაცვლებს“, - ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირი უკონკურენტოა.

„რა თქმა უნდა, ვერანაირი ალიანსი ევროკავშირს კონკურენციას ვერ გაუწევს. ვფიქრობ, ეს შეიძლება უკრაინას დაეხმაროს შემდგომ ევროკავშირში ინტეგრაციაში. ევროკავშირი თავისი შინაარსით არის ის უნიკალური წარმონაქმნი, რომლის კონკურენტის შექმნა ძალიან ძნელია. პრინციპში ამის აუცილებლობა არც არის“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

რატომ არ არის დასახელებული ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველო, ანალიტიკოსი ასე განმარტავს: „ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა განვსაზღვროთ თუ რა გვინდა და თუ გადავწყვეთ, რომ გვინდა, შემდეგ უკვე პარტნიორებთან უნდა ვიმუშაოთ. ჯერ არც ერთი, არც მეორე არ გაგვიკეთებია“.

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს ალტერნატივა არ აქვს. მისივე თქმით, თუ დასახელებულ ქვეყნებს ახალ ალიანსში გაწევრიანება მოუნდებათ, მაშინ მათ ევროკავშირი უნდა დატოვონ. ევროკავშირისგან კი დიდ სარგებელს იღებენ და მას არ დატოვებენ.

„ევროკავშირის ალტერნატივა ვერანაირად ვერ შეიქმნება. მაშინ აღნიშნული ქვეყნები ევროკავშირიდან უნდა გამოვიდნენ. ევროკავშირის წევრი ქვეყანა ეკონომიკურ ალიანსს ვერავისთან შექმნის, მაშინ ევროკავშირიდან უნდა გამოვიდეს და ეს წარმოუდგენელია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს იქ ყოფნა იმხელა სარგებელს აძლევს, რომ ისინი იქიდან არ გავლენ. რაც შეეხება ალიანსის მსგავსი რამის ჩამოყალიბებას, შეიძლება ეს იყოს ღრმა სტრატეგიული პარტნიორობის ფორმა და ასეთი რამ დასაშვებია. შეიძლება სამხედრო ალიანსიც კი შექმნან, კი ბატონო. მეორე მხრივ ნატო არსებობს, რომლის წევრია ყველა ეს ქვეყანა. ასე რომ, აღნიშნული შეთავაზება ჯერჯერჯობით ცოტა ბუნდოვანია. ალბათ, საჭიროა კარგად ჩამოაყალიბონ რას გულისხმობენ ალიანსის ქვეშ“, - განუცხდა კახა გოგოლაშვილმა for.ge-ს.