„რეალურად, რუსეთს არც არაფერი შეუძლია ფინეთსა და შვედეთთან მიმართებით, რუსეთს რაც შეეძლო, უკრაინასთან „გამოჩნდა“

„რეალურად, რუსეთს არც არაფერი შეუძლია ფინეთსა და შვედეთთან მიმართებით, რუსეთს რაც შეეძლო, უკრაინასთან „გამოჩნდა“

რუსეთი შერჩევითი პოლიტიკის გზას ადგას. ის არაფერს ერჩის ფინეთსა და ნატოს, მაგრამ ერჩის უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას. დაახლოებით ეს იმის მსგავსია, რომ რუსეთმა ვერაფერი შეჰკადრა თვითგამორკვევის პროცესში მყოფ ბალტიისპირეთს, რომელსაც ზურგს დასავლეთი უმაგრებდა, სამაგიეროდ, 9 აპრილს ყველას მაგივრად დასაჯა საქართველო და სამაგალითო დასჯის პრინციპი არც მომდევნო წლებში დააკლო ჩვენს ქვეყანას.

ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ პრობლემა არ აქვს შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან, თუმცა ამ ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოებას უპასუხოდ არ დატოვებს.

სამაგიეროდ, უფრო ხისტია ამ საკითხის მიმართ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. ის პირდაპირ იმუქრება, რომ ნატოს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთი უბრალოდ შეეგუება შვედეთის და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას, რადგან ამით სამხედრო დაძაბულობის საერთო დონე გაიზრდება და ამ სფეროში პროგნოზირებადობა შემცირდება.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ რიაბკოვმა ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე თავისი მილიტარისტული განცხადებებით თავი გამოიჩინა, როგორც ქორებს შორის პირველმა ქორმა. თუმცა ფინეთის პრეზიდენტი პუტინს რომ ესაუბრა, ძალზე დამაჯერებლად და გაგებით აუხსნა ის, რომ მე თქვენს წინააღმდეგ არაფერს ვგეგმავ, ეს არ არის რუსეთის წინააღმდეგ ომი, მაგრამ რეალობა შეიცვალაო. უბრალო ენაზე რომ ვთქვათ, ფინეთის პრეზიდენტმა აუხსნა პუტინს, ჩვენ გიჟები არ ვართ, 200 წელი ვიყავით ნეიტრალური პოლიტიკის მომხრე, მაგრამ რაღაც მოხდა ისეთი, რომ დღეს გადავწყვიტეთ, ნეიტრალიტეტი აღარ გამოგვადგება.

მეტიც, სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ დღეს ისეთი ვითარებაა მსოფლიოში, საეჭვოა, ნეიტრალიტეტი საერთოდ ვინმეს გამოადგეს.

„როგორც ჩანს, ნეიტრალიტეტის ეპოქა დასრულდა. შვეიცარია ნეიტრალურია, მაგრამ შვეიცარია კბილებამდე შეიარაღებულია. შვეიცარიის მოსახლეობა ამერიკელებზე უფრო მეტად შეიარაღებულია. თანაც, ერთია განაცხადის შეტანა ნატოში გაწევრიანების შესახებ, მეორეა ხანგრძლივი ეტაპი. თურქეთს თავისი ინტერესები აქვს ფინეთთან და შვედეთთან, თავი დაანებეთ ქურთების მუშათა პარტიის დახმარებასო. სხვათა შორის, ის პარტია ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული აქვს გაერთიანებულ ორგანიზაციას, აშშ-ს და ევროკავშირს. თუმცა ეს არ არის პრინციპული მოთხოვნა თურქეთის მხრიდან, მანდ მოიძებნება კომპრომისი“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას და დასძენს, რომ არაფერს ნიშნავს რიაბკოვის ტრაბახი, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ პუტინი უფრო თავშეკავებულია, პუტინი ამბობს, რომ ნატოში შესვლა უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობებზეო.

რეალურად, რუსეთს არც არაფერი შეუძლია ფინეთსა და შვედეთთან მიმართებით. რუსეთს რაც შეეძლო, უკრაინასთან „გამოჩნდა“ და ნატოსთან გამოჩნდება? ეს ხომ ზღაპარია?

პოლიტოლოგის თქმით, მომავალ კვირას უკვე მთავარ თემად პირველად უკვე უკრაინა აღარ იქნება, არამედ შვედეთი და ფინეთი. პუტინმა რომც გაიმარჯვოს უკრაინასთან ომში, მაინც დამარცხებული გამოვა თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ფინეთის და შვედეთის გამო 1300 კილომეტრით გაიზრდება საზღვარი ნატოსა და რუსეთს შორის. ამ 1300 კილომეტრს სჭირდება 1300 მილიარდი დოლარი, ტრილიონი თუ არა, რომ გამაგრდეს ეს საზღვარი, ჯარი უნდა დააყენონ, რაკეტები, სამხედრო ინფრასტრუქტურა, თავდაცვა, ბირთვული იარაღი განალაგონ, რუსეთს უკვე ამის ფული აღარ ექნება, რადგან ევროპელები მალე გაზსა და ნავთობს აღარ შეიძენენ. რუსეთს მყიდველი ეყოლება მხოლოდ ჩინეთი, რომელიც ახლავე ამბობს, რომ იაფად უნდა რუსული ენერგორესურსები. თანაც, ჩინეთისთვის ენერგორესურსების მისაწოდებლად ტანკერებია საჭირო, დღემდე რუსეთს საბერძნეთისგან აქვს ნაქირავები ტანკერები. ევროკავშირს ჯერ ამ ტანკერებზე სანქციები არ დაუდია, მაგრამ თუ აკრძალა ტანკერებით სარგებლობა, მერე რუსეთი კანისტრებით წაიღებს საკუთარ ნავთობს ჩინეთში?!

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ფინეთ-შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთს რეაქცია უნდა ჰქონოდა. ფინეთთან მიმართებით ეს გამოიხატა იმით, რომ რუსეთმა მას შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება. ალბათ, რუსეთის მხრიდან ფინეთთან სავაჭრო ურთიერთობებიც გართულდება. თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, ნატოში გაწევრიანების გამო რუსეთმა ფინეთსა და შვედეთში ომი გააჩაღოს. სხვა გზა რუსეთს არ აქვს.

„რიაბკოვის მუქარანარევი ნათქვამი ეს არის განცხადება, სადაც დაკონკრეტებული არაა, რა მექანიზმი აქვს რუსეთს ფინეთსა და შვედეთთან მიმართებით. ძირითადად რუსეთი ორმაგ ომს აწარმოებს, ერთი ეს არის უკრაინაში ცხელი ომი, სისხლისმღვრელი ომი, მეორე ომია ენერგორესურსებით დასავლეთის დაშანტაჟება. მე არ ვიცი, რუსეთს შვედეთთან რა დამოკიდებულება აქვს ენერგორესურსების მხრივ, მაგრამ, ალბათ, სავაჭრო ურთიერთობებში შეუქმნის შვედეთს პრობლემას, შეჭრას ვერ გაუბედავს. გამორიცხულია, რუსეთმა ფინეთს და შვედეთს გაუხსნას მეორე ფრონტი. სხვათა შორის, ფინეთი საკმაოდ ძლიერადაა შეიარაღებული, მყარი თავდაცვის საშუალებებიც გააჩნია იმდენად, რომ 1939 წელს სტალინმა ვერ შეძლო ფინეთის ოკუპაცია. მით უმეტეს, დღევანდელი რუსეთი ამას ვერ შეძლებს. რუსეთის მხრიდან განცხადებები უფრო დიპლომატიური იქნება“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ ჩვენთან საუბრისას.