„შავ ხვრელში“ გაჭედილი ხლისტები და სტატუსის მაძიებელი ქვეყნის მტრობის მორიგი მაგალითი   

„შავ ხვრელში“ გაჭედილი ხლისტები და სტატუსის მაძიებელი ქვეყნის მტრობის მორიგი მაგალითი   

„გაკოტრებული ხართ, არაფერი არ გაგაჩნიათ, ერთადერთი, რაც გქონდათ დარჩენილი ბერკეტი, ომში ჩვენი ქვეყნის ჩართვა იყო, მაგრამ ვერ მოახერხეთ“, - პრემიერმა ოპოზიცია 27 მაისს პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა.

რამდენიმესაათიანი გამოსვლის დროს, რომელიც კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, პრემიერმა არესტოვიჩი, დანილოვი, გლუკსმანი, დეკანოიძე, ნაცვლიშვილი, სააკაშვილი, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაში ამხილა. ღარიბაშვილის მწვავე გამოსვლა ოპოზიციის კითხვებს მოჰყვა, რომელიც საქართველოში არსებულ „შავ ხვრელებს“ ეხება, რომლის მეშვეობითაც რუსეთი დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებას ახერხებს. პრემიერმა ამ ბრალდებებს სიცრუე უწოდა და ოპოზიცია ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა.

ენმ-ის წევრებსა და პრემიერს შორის დებატებს მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. „ნაციოანლური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ მას „ ივანიშვილის მონა“ უწოდა და ტრანსპარატი  გაშალა წარწერით: „ირაკლი კადიროვი“, რასაც პრემიერის რეაქცია მოჰყვა: „შე საცოდავო, გაეთრიე დარბაზიდან“.         

ღარიბაშვილი პარლამენტში „ფიგაროს“ სტატიასაც შეეხო, რომელსაც შეკვეთილი უწოდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველო ევროპას შორდება და მოსკოვის ორბიტაზე ბრუნდება. ღარიბაშვილმა სიტყვის შეჯამებისას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის სამხედრო მრჩეველის არესტოვიჩის სიტყვები გაიხსენა, სადაც ის ამბობს, რომ ამ ხელისუფლებას რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის თავი არ აქვს. მისი თქმით, საქართველოში მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში, როგორც განუბაჟებელი საქონელი ისე ჩამოვიდა და მას „ოცნების“ ხელისუფლების დამხობა ჰქონდა განზრახული.

მთავრობის მეთაურის მხრიდან ოპოზიცია პასუხს ერთადერთ კითხვაზე ითხოვდა, რა სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორია რუსეთმა სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის არ გამოიყენოს? მთავარი კითხვა, პარლამენტის მთავარი ტრიბუნიდან პარტია „ლელოს“ სახელით სალომე სამადაშვილმა დასვა. სწორედ ამ პარტიამ მიიწვია ინტერპელაციის წესით ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში.

კითხვის ავტორის პასუხად პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა არ დაუშვებს საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას არც ერთი სანქცირებული ინდივიდის თუ კომპანიის უკანონო საქმიანობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მეგობარი ქვეყნის დასახმარებლად ჰუმანიტარულთან ერთად, საქართველომ საერთშორისო ასპარეზზე არაერთი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა.

ოპოზიციის გამოსვლების შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიკავეს. მმართველმა გუნდმა ოპონენტებს სტრატეგია დაუწუნა.  

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ოპოზიციის მიერ დასმული კითხვების ნაწილი შესაძლოა, არგუმენტირებული და ლეგიტიმიური იყო, ვინაიდან ოპოზიცია ითხოვდა, რუსეთისთვის საქნციების თავის არიდების გამოსარიცხად საკანონმდებლო და მარეგულირებელი აქტები დაწესებულიყო.

ეს კი ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთად გაამყარებდა იმ აზრს, რომ საქართველო არ გახდება რუსეთისთვის საქნციებისთვის თავის არიდების „შავი ხვრელი“. რაც შეეხება სასამართლო სისტემას და მის ირგვლივ ატეხილ ხმაურს, ანაჯაფრიძე ამბობს, რომ ოპოზიცია სიტუაციის მუქ ფერებში დახატვას ცდილობს, მაშინ, როცა ასეთი ტრაგიკული სიტუაცია არ არის. ხელისუფლება კი ცდილობს, რომ არსებული პრობლემები წინა პლანზე არ გამოიტანოს.

„მე მაგალითად მივესალმები გიორგი ვაშაძის რეკომენდაციას, რომ ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე მაინც ქვეყანაში არსესბული პოლარიზაცია ცოტა ხანს შეჩერდეს. ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ერთმანეთის კრიტიკისგან თავი შეიკავონ და ამ საერთო, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში მაინც ერთნი ვიყოთ. მართალია, ერთიანობის შენარჩუნება რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე ამ საქმის გარშემო ერთიანობა ევროპელებს მაინც დაენახათ. როდესაც ჩვენ ევროპისკენ სატატუსის მონიჭებას ვითხოვთ, ყოველთვის ის წუხილი და კრიტიკა უნდა გავითვალისწინოთ და ეს რაღაცით უნდა გავანეიტრალოთ.

შარლ მიშელის დოკუმენტში რაც ეწერა, ის პუქტები მაინც შეგვესრულებინა, რომ ევროპას ეთქვა, მართალია, ამ დოკუმენტიდან ხელისუფლება გამოვიდა, მაგრამ ეს სულისკვეთება შენარჩუნებულია. რაც შეეხება ძირითად შენიშვნებს, რომელიც „ნაციონალებისგან“ მოდიოდა, მათი განხილვა სერიოზულად არც შეიძლება. ისინი პირდაპირ მიმართული იყო იმისკენ, რომ პრემიერ-მინისტრის რაღაცნაირად გაშავება მოეხდინათ. ეს სერიოზულ დისკუსიას აზრს უკარგავს და ჩვენი პოლიტიკური სპექტრის დაბალ კულტურაზე მიუთითებს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, რაც შეეხება ღარიბაშვილის პასუხებს, მან უპასუხა ოპოზიციას იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც მას ჰქონდა. შესაძლოა, რაღაც საკითხებზე უფრო კონკრეტულად ეპასუხა და ეთქვა რა ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ უკრაინასთან სიტუაცია გამოსწორდეს, თუმცა როცა პრემიერი ცეცხლის გახსნის ობიექტი ხდება, ის იძულებულია, საპასუხო ცეცხლით უპასუხოს.

რაც შეეხება პრემიერის ოპოზიციის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, ევროკავშირში ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიაზე და იმაზე, რომ ოპოზიცია ჩვენს პარტნიორებს ურჩევს წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მოგვანიჭონ, ანჯაფრაიძე ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან ასეთი საქციელი და ქმედება გასაკვირი არ არის.

„რა თქმა უნდა, სალომე სამადაშვილი რომ ევროკავშირში თავისი კავშირების გამოყენებით წყლის ამღვრევას შეეცდება, გასაკვირი არ არის. ეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. რამდენიმე დღის წინ სამადაშვილმა თავად აღიარა, რომ ბრიუსელში ღარიბაშვილის ვიზიტამდეც და ვიზიტის შემდეგაც იყო. ამიტომ არავის აქვს იმის ილუზია, რომ ის ხელისუფლების სასარგებლოდ ისაუბრებდა - ან თუნდაც „ლელოს“ სხვა დელეგაციის წარმომადგენლები. იგივეს აკეთებენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები და მათი სიტუაციური მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი დაკავებულები არიან იმით, რომ ჩვენი პარტნიორები დაარწმუნონ საქართველოში დემოკრატია ჩამოიქცა, ხელისუფლება ოლიგარქ ივანიშვილს აქვს მითვისებული და თუ სანქციები არ დაადეთ, ქვეყანა დაიღუპება. გასაგებია, ჩვენს პარტნიორებს საკუთარი წყაროებიც ჰყავთ ინფორმაცია გადაამოწმონ. თუნდაც ოპოზიციამ 10-დან 3-ადამიანამდე რომ დაარწმუნოს, მათთვის ესეც შედეგია“, - ამბობს ანჯაფარიძე.

კითხვაზე რატომ აკეთებს ამას ოპოზიცია და რა არის მათი რეალური მიზანი, ანჯაფარიძე ამბობს, რომ ამას ოპოზიცია პირადი მოტივით აკეთებს. თუკი „ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მიიღო, ხელისუფლება ამას საკუთარ აქტივში ჩაიწერს, ისე, როგორც უვიზო რეჟიმი ჩაიწერა.

„ამის შემდეგ ოპოზიციას რეალურად არაფერი შანსი აღარ რჩება. დღის წესრიგიდან როგორც ვადამდელი არჩევნების თემა იხსნება, ასევე ხელისუფლების პრორუსულ ორიენტაციაზე ბრალდებები - ამასაც ყავლი გაუვა. აქედან გამომდინარე, არჩევნებზე ოპოზიცია ძალაგამოცლილი მიდის და სათქმელი არაფერი აღარ აქვს. ერთადერთი იმის იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ ქვეყანაში რაღაც რეზონანსული მოვლენა მოხდება, როგორიც თავის დროზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა იყო. სხვა ოპოზიციას ხელთ არაფერი აღარ რჩება. ამიტომ ერთადერთი შანსი აქვთ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩაშალონ, ხოლო ამის ნიადაგზე ხალხის საპროტესტო განწყობა ააგორონ, როგორც ეს უკრაინაში მოხდა. როცა იანუკოვიჩმა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა და რასაც მაიდანი მოჰყვა. დაახლოებით ოპოზიციას ეს გეგმები აქვს. მას შემდეგ რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისინი ამხილა, ბოლო 3 დღეა დაეწყვნენ, ტელეეთერებში თუ ინტერნეტში და იძახიან, რომ ამას როგორ გავბედავდითო. იქ ერთობლივი წერილი გააშანშალეს და რაღაცა სამოქალაქო პლატფორმაც კი შექმნეს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ საზოგადოების თვალის ასახვევად ხდება. ჩაშლაზე მუშაობა გრძელდება და ამის ერთ-ერთი დასტური „ფიგაროში“ გამოქვეყნებული სტატია იყო“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ისურვებდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აგრესიული არ ყოფილიყო და ის, რაც ისაუბრა, უფრო მშვიდი ტონით საზოგადოებამდე მიეტანა. თუმცა საყვარელიძე ამბობს, რომ ეს ალბათ, მისი როგორც პოლიტიკოსის სტილია და „ოცნების“ ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილში მისაღები. საყვარელიძე ამბობს, რომ თუკი ამას აქვს ეჭვი ოპოზიციის ზოგიერთი წევრისგან ქვეყნის ღალატზე, მაშინ არსებობს გარკვეული მექანიზმები რითაც ამის დამტკიცება შესაძლებელია. თუმცა პრემიერის ხელთ ეს, ალბათ, კარგი არგუმენტია იმისთვის, რომ ოპოზიციის დისკრედიტაცია საზოგადოების რაღაცა ნაწილში მოახდინოს.

„ალბათ, ეს პრემიერის ერთგვარი პოლიტიკური ტაქტიკაც არის იმის საჩვენებლად, რომ ოპოზიცია ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობით არის დაკავებული. თუმცა მე ვისურვებდი, რომ თუკი ეს რეალობას შეესაბამება და ასეთი ღალატის ტოლფას საქმეს ადგილი აქვს, ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ სამართლებრივადაც ებრძოლა. თუკი სამადაშვილი თავის ნაცნობებთან ჩვენს ხელისუფლებაზე საუბრობს და მათ აკრიტიკებს, ამას ვერაფერს უზამ, მაგრამ თუკი ხელისუფლებას უფრო მეტი მტკიცებულებები აქვს ამ ღალატის დასამტკიცებლად, სჯობს, უფრო მკაცრ ქმედებაზე გადავიდეს. სხვაგვარად ამ ყველაფერს წინ ვერ აღუდგება. კი ბატონო, საზოგადოების თვალში ეს მუშაობს, მაგრამ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას ეს ხალხი განაგრძობს. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ დეკლარაციის დონეზე მოხდეს იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთი ჩვენს ქვეყანას შავ ხვრელად არ გამოიყენებს და სანქციებს თავს არ აარიდებს, გულუბრყვილობაა, რადგანაც თუკი შესაბამისი უწყებები სათანადოდ არ იმუშავებენ, ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ იქნება, რამდენი დეკლარაციაც გინდა შეიმუშავე, სისტემა ვერ იმუშავებს“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, გაკოტრებული ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ყველაფერზეა წამსვლელი. ის თავის გადარჩენას ცდილობს, რადგან, თუკი ახლა კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი მოგვანიჭეს, ხელისუფლების წინააღმდეგ ბევრ არგუმენტს კარგავს. თუმცა ამის თავის წარმატებად გაფორმებასაც შეეცდება.