უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო დაპირისპირება კვლავ გრძელდება და უფრო სასტიკი და დაუნდობელი ფორმა მიიღო. რუსულ მხარეს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გასვლა საბოლოოდ გადაწყვეტილი აქვს და ამ მიზნის მისაღწევად თავს არ ზოგავს. უკრაინა იბრძვის, მაგრამ ძალა აღმართს ხნავსო და დაკავებული ტერიტორიების დატოვება თანდათან უწევს.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ე.წ. „ლენდ ლიზის“ კანონს ხელი მოაწერა და უკრაინისაკენ უახლოესი სამხედრო შეიარაღება უკვე დაძრულია. სანამ ამ ტექნიკას უშუალოდ სამხედრო დაპირისპირების ველზე ვიხილავთ, გარკვეული დრო გაივლის. რუსების ბოლოდროინდელი გააქტიურება ამ ფაქტორით არის გამოწვეული და გარკვეულწილად დასწრებაზე თამაშობენ.
უკრაინის ეროვნული სამხედრო შენაერთები დონეცკი-ლუგანსკის ოლქების მხოლოდ 10 პროცენტს აკონტროლებს. რუსული არმიის დაწოლა დღითიდღე უფრო ძლიერდება და უახლოეს დღეებში როგორ განვითარდება მოვლენები ამისი პროგნოზირება რთული საქმეა.
მაინც რამდენიმე ხანი გაგრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი? რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა საინტერესო მოსაზრება გამოთქვა: „რუსებმა დაიკავეს გარკვეული ტერიტორია, რამაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა უკრაინის ეკონომიკას. ბლოკავენ მარცვლეულის ექსპორტს. წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა, მაგრამ არც ერთ მათგანს არ შეიძლება ეწოდოს რუსეთის გამარჯვება, თუ გავითვალისწინებთ იმ მიზნებს, რაც კრემლმა დაისახა. გულწრფელად გითხრათ, არ მგონია, რომ რუსეთს შეუძლია გააგრძელოს ის, რასაც აკეთებს განუსაზღვრელი ვადით. ვფიქრობ, კულმინაცია იქნება ზაფხულის ბოლოს, როცა მათ ამოეწურებათ რესურსი, აღარ ექნებათ ბრძოლის სურვილი და აღარ ეყოლებათ პერსონალი“.
რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Times“ საყურადღებო ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც თუ რეალურად, პრაქტიკაში განხორციელდა, რუსეთი დანარჩენი მსოფლიოს ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს.
„The Times“-ის მტკიცებით, დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად მსჯელობს შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნაზე, უკრაინული მარცვლეულის გადამზიდავი ტვირთების დასაცავად.
„ოდესის პორტის ბლოკადის გამო მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შიმშილი ემუქრება. უკრაინა ხორბლის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, ომის გამო კი ეს მარაგები ლპება. „მსურველთა კოალიცია“ მიზნად ისახავს რუსეთის ბლოკადის გარღვევას შემდეგი კვირების განმავლობაში, ოდესიდან ბოსფორის გავლით „დამცავი დერეფნის“ მიწოდებით. ამის გარდა, მსოფლიოს სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად, შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა სურვილი, რომ რუსული გემების გასაყვანად უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გაგზავნის. უკრაინული საზღვაო პორტების დებლოკადის ოპერაციაში შეიძლება მონაწილეობა ეგვიპტემაც მიიღოს, რომელიც ხორბლის დეფიციტით განსაკუთრებით დაზარალდა“.
ჯერჯერობით უცნობია ამ გავრცელებულ ინფორმაციაზე რუსეთის რეაქცია. საინტერესო იქნება თურქეთის პოზიციაც, გაუხსნის თუ არა ბოსფორის გასასვლელს მოკავშირეთა სამხედრო ხომალდებს. როგორც ჩანს, მსოფლიოში არსებული სამხედრო დაძაბულობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება და დიდი ალბათობით, ახალ მასშტაბსაც მიაღწევს.
თავად რუსეთში „განსხვავებული აზრის“ მატარებელ ადამიანებს კვლავ სასტიკად სჯიან. გამოცემა „ბი-ბი-სის“ მტკიცებით, აპრილიდან დღემდე, პრეზიდენტ პუტინის ქვეყანაში ციხის კედლებში 2029 ადამიანი, სხვადასხვა ვადით გამოამწყვდიეს. ეს რუსეთის ის მოქალაქეები არიან, რომლებმაც გაბედეს და უკრაინაში მიმდინარე საომარი დაპირისპირება საჯაროდ დაგმეს.
რუსეთი საკუთარი მოქალაქეების გარდა მსოფლიოსაც გადაწვდა და ამერიკის შეერთებული შტატის 963 მოქალაქეს ერთდროულად რუსეთში შესვლა აუკრძალა. გადაწყვეტილება ისეთი სისწრაფით მიიღეს, რომ ამ „საპატიო“ ჩამონათვალში ხუთი გარდაცვლილი პიროვნებაც შეიყვანეს. რასაკვირველია, სიის სათავეში ჯო ბაიდენი და ენტონი ბლინკენი მოექცნენ.
რამდენიმე კვირის წინ უკრაინაში ჩასული კინომსახიობი ანჯელინა ჯოლი „რუსულ სანქციებს“ ჯერჯერობით გადაურჩა, სამაგიეროდ რუსების „რისხვა“ სხვა არანაკლებ პოპულარულმა მსახიობმა მორგან ფრიმენმა დაიმსახურა. მიზეზი კი შემდეგი გამოდგა: „მორგან ფრიმენმა 2017 წლის სექტემბერში ჩაწერა ვიდეო მიმართვა, რომელშიც რუსეთს აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს“, – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკვე მოგვიანებით, „შერისხულთა“ ჩამონათვალი რამდენიმე ახალი პიროვნებით „შეივსო“. გამოცემა „Reuters“-ის ინფორმაციით, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ცნობილი მოჭადრაკე გარი კასპაროვი და ყოფილი ნავთობის მაგნატი მიხაილ ხადარკოვსკი იმ პირთა სიას დაამატა, რომლებიც მოქმედებენ როგორც უცხოელი აგენტები.
სამინისტროს ვებ-გვერდის ცნობით, კასპაროვი და ხადარკოვსკი რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულები არიან. ვებ-გვერდზე ხადარკოვსკის დაფინანსების წყაროდ უკრაინა იყო ნახსენები. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ კასპაროვის თანხები უკრაინიდან და ადამიანის უფლებათა ფონდიდან იყო მოპოვებული.
რუსი ხელოვანები პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ. რამდენიმე დღის წინ მუსიკოსმა ზემფირამ რუსეთ-უკრაინის ომზე ჩაწერილი ახალი სიმღერა და კლიპი წარადგინა. სიმღერა სახელწოდებით „Мясо“ გადმოსცემს უკრაინაში მიმდინარე უმძიმეს სიტუაციას. კლიპი სრულად ანიმაციურია და ილუსტრაციები თემაზე მსახიობმა რენატა ლიტვინოვამ შექმნა. ეს უკვე მეორე კლიპია ზემფირას შემოქმედებაში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის თემას მიეძღვნა.
ცნობილი უკრაინელი მომღერალი ტინა კაროლი კი იაპონიაში იმყოფებოდა. მან უკრაინის მხარდამჭერი კონცერტი გამართა, მოგვიანებით კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
კაროლმა ასევე მონაწილეობა მიიღო „Rakuten Girls Aawards 2022“-ის ცერემონიაში, სადაც ის ბრწყინავდა უკრაინის ფერებში გადაწყვეტილი ულამაზესი კაბით.
ამ ფონზე, რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალმა გრიგორი ლეპსმა რუსული კულტურის შესახებ „სპეციალური“ განცხადება გააკეთა. ის მიიჩნევს, რომ მსოფლიოს მიერ რუსული კულტურის უარყოფა, საგანგაშო სიგნალია.
„როგორ შეიძლება აიკრძალოს ჩაიკოვსკი, გლინკა, დოსტოევსკი და პუშკინი? ეს იგივეა, რომ ჩვენ ავკრძალოთ ბაირონი და შექსპირი. ასეც ვიზამთ, თუ დასავლეთი მათ აკრძალავს. ჩვენ ვსაუბრობთ დიდ რუსებზე, რომლებმაც ოქროს ასოებით ჩაწერეს თავიანთი სახელები ისტორიაში“, – განაცხადა გრიგორი ლეპსმა.
დღევანდელ წერილს გამოცემა „ბი-ბი-სის“ მიერ გავრცელებული საყურადღებო ინფორმაციით დავასრულებთ.
„როგორც აღმოჩნდა, ყველა იმ ქალაქში, რომელშიც რუსები ცდილობდნენ ილონ მასკის მიერ მიწოდებული თანამგზავრული ინტერნეტის სიგნალის ჩახშობას, სრული ფიასკო განიცადეს. ეს მთელი მსოფლიოსათვის ერთგვარად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ყველა ელოდა, რომ რუსული კომუნიკაციის ჩამხშობი აპარატები ბევრად დახვეწილი იქნებოდა, თუმცა ცდებოდნენ. ახლა უკვე მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა ხდება“.