აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დიდი სტუმრიანობაა გაჩაღებული. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს ხშირი სტუმარი ე.წ. „ტყის ძმების“ ყოფილი მეთაური დავით შენგელიაა. უმაღლეს საბჭოში შენგელიას მასპინძლობას რუდიკ ცატავა უწევს. შენგელიას ვიზიტის მიზანი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვახტანგ ყოლბაიას კანდიდატურის მხარდაჭერაა. ოფიციალურად შენგელიას არანაირი თანამდებობა არ უკავია, შესაბამისად ის არაა უფლებამოსილი პირი, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩაერიოს აფხაზეთის ოფიციალური სტრუქტურების საქმიანობაში.
დათო შენგელიამ საპატიმრო 2010 წლის მიწურულს დატოვა. ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასახელდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შენგელია საერთოდ გათავისუფლდა ციხიდან, მისჯილი 24 წლის ნაცვლად, მხოლოდ 6 წელი დაჰყო. დავით შენგელიას ციხიდან გაშვების შუამდგომლობით 2010 წლის 31 დეკემბერს თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჭაკუა გამოვიდა, რაც ძალზედ იშვიათი შემთხვევაა.
რაც ყველაზე საინტერესოა, პატიმარი შენგელია ციხიდან იმავე დღეს გაათავისუფლეს, რაც ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში უპრეცედნეტო ფაქტია. ოფიციალური ინფორმაციით, დათო შენგელია კონტრაბანდის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს და 24 წლით პატიმრობა შეუფარდეს.
შენგელია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ შეიქმნა. რამდენიმე დღეში კი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოში კოალიცია „ქართული ოცნება - ერთიანი საქართველო“ შეიქმნა. რომლის წევრები არიან: რაისა ქარაია, რუდიკ ცატავა და თემურ მჟავია. ამ კოალიციის შექმნის ინიციატორი დავით შენგელიაა, ხოლო კოალიციის დაჩქარებული წესით შექმნის მიზეზი ვახტანგ ყოლბაიას მხარდაჭერაა.
ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ადა მარშანია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უმაღლეს საბჭოში კოალიცია „ქართული ოცნება - ერთიანი საქართველოს“ შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.
„არავითარი პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის გამო არ ხდება ეს პროცესი. აქ კერძო ინტერესებია. ჩვენი ფრაქციის წევრები განსხვავებული მსოფმხედველობის ხალხი ვართ, განსხვავებით ჩვენი კოლეგებისგან. ჩვენ ფრაქციის წევრები ძალიან სერიოზულად ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს და მხარს ვუჭერთ ახალ ხელისუფლებას. არის მცდელობა რაღაცა ჯგუფების მობილიზებისა და მე მინდა ყველა ის ჯგუფი გავაფრთხილო, რომ კარგად დაინახონ რა ხდება, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და ამის მერე იაქტიურონ და არა თვალდახუჭული,“ - აცხადებს ადა მარშანია.
მარშანია ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვახტანგ ყოლბაიას კანდიდატურა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით მხარს უჭერს „ტყის ძმების“ მეთაური დათო შენგელია.
„ამ პარტიზანულ მოძრაობას მინდა ვკითხო, რაში უჭერს მხარს ვახტანგ ყოლბაიას? თუ უჭერენ მხარს საჯაროდ განაცხადონ და საჯაროდ განვიხილოთ. მიმაჩნია, რომ ეს ისეთი საკვანძო თანამდებობაა, რომ ჩვენ კონსულტაციები უნდა გავიაროთ ახალ ხელისუფლებასთან. ჩემთვის მიუღებელია ბატონო ყოლბაია, მას არასოდეს არ განვიხილავდი როგორც დევნილთა გვერდზე მდგომ ადამიანს. ჩვენ გვჭირდება ახალი ხედვის ადამინი. პატიოსანი, სუფთა პიროვნება უნდა დაინიშნოს ამ თანამდებობაზე“, - აცხადებს ადა მარშანია.
ტყის ძმების ატამანი
წინასაარჩევნოდ ყოფილი ხელისუფლების და ახალაიების ხელშეწყობით სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული „ბანდიფორმირება“ შეიქმნა, ამ ბანდფორმირებას არაოფიციალურად „ტყის ძმების“ მეთაური დავით შენგელია ხელმძღვანელობდა. სამეგრელოს მაღალ ზონაში სამხედრო ფორმირებას ვახტანგ ზარანდია ხელმძღვანელონდა, დაბალ ზონაში კი ბანდფორმირების ხელმძღვანელი ანზორ ჩხაიძე იყო. სწორედ ეს ბანდფორმირებები დაუპირისპირეს ახალაიებმა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას.
„დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია აცხადებს, რომ დავით შენგელია დაახლოებული პირია ახალაიებთან.
კახა მიქაია: დათო შენგელია 6 წელიწადში გამოუშვეს ციხიდან. მას გარანტიები მისცა ხელისუფლებამ. თავის დროზე მე დავსვი ეს საკითხი რატომ გამოუშვეს დავით შენგელია ციხიდან. იმ საღამოსვე დამირეკა შენგელიამ და მითხრა, რომ კახა მე შენს წინააღმდეგ არ წავალ და არ ვიქნები ამ ზონდერ ჯგუფების წარმომადგენელიო. შენგელია მაინცდამაინც არ ფიგურირებდა ზონდერ ჯგუფებში, მაგრამ მე ვიცი, რომ როლანდ ახალაია და ბაჩო ახალაია მას აიძულებდნენ „ტყის ძმები“ გამოყენებული ყოფილიყვნენ ამ ზონდერ ჯგუფებში. დათო შენგელიას კავშირი ჰქონდა ახალაიებთან და ვანო მერაბიშვილთან.
რა კავშირი ჰქონდა ახალაიებთან და მერაბიშვილთან?
- კრიმინალს კრიმინალთან აქვს კავშირი. მათ კრიმინალური ბანდები შექმნეს. ზვიადისტები, ძველი მხედრიონელები კრიმინალებად აქცია ხელისუფლებამ და შემდეგ გამოყენებული იქნენ იმ ზონდერჯგუფებში, რომელიც მათ შექმნეს. ეს ზონდერჯგუფები იქმნებოდა იმისათვის, რომ მათ დაეტერორებინათ საზოგადოება. ზეწოლას ახდენდნენ საზოგადოებაზე. ისინი ყველა ხერხს იყენებდნენ იმისათვის, რომ შეშინებულ ადამინს არჩევნებში ხმა მიეცა როლანდ ახალაიასთვის. გარკვეულწილად მათ ეს სამეგრელოში მოახერხეს. ეს ბანდჯგუფები სამეგრელოში იყვნენ კონცენტრირებული.
დღეს რა გავლენა აქვს შენგელიას?
- დღეს შენგელიას არაფერი გავლენა არ აქვს. არც მანამდე ჰქონდა დიდი გავლენა, ის ახალაიების კონტროლს ქვეშ იყო. კაცი რომელსაც 24 წელი ჰქონდა მისჯილი, 6 წელიწადში როგორ გამოუშვეს, რომ არ ყოფილიყო დაახლოებული ახალაიებთან, ეს ხომ ისე არ ხდება?! სხვადასხვას ინფორმაცია არის იგივე ახალაიებისა და შენგელიას ერთობლივ ბიზნესზე. მე როგორც ვიცი, მთელს ბიზნესებში, რა თქმა უნდა, დათო შენგელია არ იყო გარეული, მაგრამ ის აკონტროლებდა „ტყის ძმებს“ და ამ ზონდერჯგუფებს ისე, რომ პირდაპირ არ ჩანდა. ახლა მას აქვს პატარა ბიზნესი. სათბურში მოჰყავს კიტრი და პომიდორი. ვნახე რეზინის ბოტები ეცვა, ვკითხე რას შვები-თქო და მითხრა, რომ ბიზნესი მაქვს კიტრი და პომიდორი მომყავსო.
მაგრამ მინდა გითხრათ გადამოწმებული მაქვს ინფორმაცია და ვიცი, რომ დათო შენგელიამ თქვა: „პოლიტიკაში უნდა მოვიდე, არ მივცემ ამ ხელისუფლებას ჩვენი გამოყენების უფლებას და აფხაზეთის უზენაეს საბჭოში გავლენების მოპოვების უფლებასო“. ადვილი მისახვედრია ვინ დგას ამის უკან. ამის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“.
ანუ შენგელიას მიზანია პოლიტიკაში მოსვლა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გავლენის მოპოვება?
- დიახ ასეა. მან განაცხადა - „არ მივცემ ახალ ხელისუფლებას ჩვენი გამოყენების უფლებას“. ამაში მონაწილეობას ღებულობს როლანდ ახალაია, ისევ უნდათ შენგელიას გამოყენება. ეს მიმართულია ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ. მას ამაში მხარს უჭერს სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი კანდიტ კვიციანი. მე მინდა ვურჩიო დათო შენგელიას, რომ გააგრძელოს კიტრის და პომიდვრის მოყვანა და პოლიტიკაში ნუ ჩაერევა.