საქართველოში სულ უფრო ბევრი ადამიანი რწმუნდება იმაში, რომ გარკვეულ ძალებს, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, ჩვენი ქვეყანა ცეცხლში შესაგდებ ფიჩხად სჭირდებათ, როგორც ამის შესახებ მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა. ჩვენს მოქალაქეებს სულაც არ ხიბლავთ ძალად თავსმოხვეული ომი და მეორე ფრონტის გახსნის იდეა და ამას მკაცრ პასუხს სცემენ, რაღა ჩვენი ქვეყნიდან დაიწყონ რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა, არ აჯობებს, დიდი ქვეყნები ჩართონ ამ საქმეში - ჩინეთი, იაპონია, ამერიკა? ამით ხომ უკრაინაში სიტუაცია უფრო განიმუხტებოდა?!
მართლაც, ხან არესტოვიჩმა, ხან დანილოვმა, სულ ბოლოს კი რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს და მოლდოვას საკუთარი ტერიტორიების ძალისმიერი დაბრუნებისკენ. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი უფრო შორს წავიდა და საქართველოსა და მოლდოვას პოლონეთიც მიაყოლა, დანილოვმა ისურვა, პოლონეთიც დაკავდეს საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებით. დანილოვის თქმით, მართალია, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, მაგრამ პოლონელების, ქართველების და მოლდოველების აქტიურობა უკრაინას უთუოდ დაეხმარებოდა, რადგან რუსეთს „რაღაც ექნებოდა გასაკეთებელი“.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოლდოვის მთავრობა სიფრთხილით უყურებდა დნესტრისპირეთში (ტრანსნისტრიაში) შესაძლო დაძაბულობის შექმნას. მართლაც მათი შიში ნაწილობრივ გამართლდა და ტრანსნისტრიაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. მოლდოველებმა ეს საეჭვო აფეთქებები რუსებს დააბრალეს, ტრანსნისტრიის სეპარატისტულმა მთავრობამ კი დაასკვნა, რომ აფეთქებების კვალი უკრაინამდე მიდიოდა.
საქართველოს მსგავსად, ოფიციალური მოლდოვის პოზიცია ერთია - დნესტრისპირეთში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს, მოლდოვა არ აპირებს, არმია გამოიყენოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და მეორე ფრონტი გახსნას დნესტრისპირეთში, რომელიც მოლდოვის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, კულუარული ინფორმაციით, უკრაინა მაინც სთავაზობს მოლდოვას დახმარებას დნესტრისპირეთის დაბრუნების საქმეში, ოღონდ მოლდოვისგან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას ითხოვს.
ყოფილა თუ არა შემთხვევა, ცალკეული ქვეყანა ვინმეს სასარგებლოდ ძალით ჩაერთოთ ომში?
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის მოსაზრებით, ნაკლებად წარმოსადგენია, დღეს ვინმეს იმის იმედი ჰქონდეს, საქართველო ჩართოს უკრაინის სასარგებლოდ ომში. ვინც საერთაშორისო ურთიერთობის ისტორიას იცნობს, არ გაახსენდება რომელიმე ფაქტი, ესა თუ ის ქვეყანა საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ჩართულიყო ომში. მართალია, პირველი მსოფლიო ომის დროს ამბობდნენ, რომ ეს იყო მინდობილობებით ომი, ვინაიდან გერმანიასა და რუსეთს თითქოს არანაირი წინააღმდეგობა არ ჰქონდათ, მაგრამ გერმანიას მინდობილობა ჰქონდა ავსტრიასთან, ხოლო რუსეთს-სერბებთან, მაგრამ ესეც ძალიან სადავოა, რადგან მაშინ ბისმარკის გადაყენების შემდეგ გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობა დღითიდღე უარესდებოდა.
„ამიტომ საქართველო როგორ უნდა აიძულონ, ჩაერთოს ომში? არესტოვიჩი, კულება, ზელენსკი რას იტყვიან, მნიშვნელობა არ აქვს, უკრაინა ომშია ახლა. თანაც, ისინი ნეოფიტები არიან, გამოცდილება არ აქვთ, ზელენსკი სულ რაღაც ორი წელია, პრეზიდენტია, პირველად ჩავარდა ასეთ სიტუაციაში. მიუხედავად თავისი დიდი უნარის და გამჭრიახობისა, დიდ პოლიტიკაში მაინც ნაკლები გამოცდილება აქვს. კი ბატონო, ჩვენმა 3-მილიონიანმა ქვეყანამ ომი გამოუცხადოს რუსეთს, მაგრამ უკრაინას ეს რას არგებს? ვერაფერს ვერ არგებს“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ for.ge-სთან საუბრისას.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი გიორგი კობერიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ომი არ გადმოვა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც გაცხადებულად და ღიად საუბრობდა, რომ უკრაინა იყო მისი მოკავშირე, ისტორიული საფუძვლებიც ედო ამ ყველაფერს, ამ დროს კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განაცხადები უკრაინაში აღიქვეს ძალიან სუსტად, არამეგობრულად. პრაქტიკულად, ამან შეიძლება გამოიწვიოს, თუ არ გამოიწვია უკვე, ხელისუფლებებს შორის ისეთი საფუძვლიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება, სადაც მეგობრობაზე კი არ გვაქვს საუბარი, არამედ ფარულ დაპირისპირებაზე.
„არ შეიძლება გადახვიდე მოკავშირის კრიტიკაზე, რომელიც იმყოფება ომში ჩვენსავე მტერთან, რომელსაც გენოციდი აქვს მოწყობილი საქართველოში და ახლა უწყობს უკრაინულ მხარეს გენოციდს. არ შეიძლება განაცხადო, რომ შენ ამ დროს ეკონომიკის აშენებას აპირებ რუსეთის ხარჯზე. მოკავშირე, რომელიც მუხანათურ განცხადებებს აკეთებს, არასანდო მოკავშირეა“, - აცხადებს გიორგი კობერიძე ჩვენთან საუბრისას.
ამასთან, განმარტავს, რომ მეორე ფრონტი საქართველოში აუცილებლად გამოირიცხება, არავინ ითხოვს აქ მეორე ფრონტის გახსნას, ეს სიგიჟე იქნებოდა. უფრო მეტიც, ვინც მეორე ფრონტს მოითხოვს საქართველოში, ის ვერ იაზრებს რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია, საქართველოს არც შეუძლია და არც არის ისეთი რეალობა, მეორე ფრონტზე ვინმემ ილაპარაკოს, მაგრამ საქართველოს სიტყვიერად, ვერბალურად შეეძლო ისეთი პირდაპირი განცხადების გაკეთება, რომელსაც მოჰყვებოდა სასურველი შედეგი. ყაზახეთი რომ ყაზახეთია, ბევრ შემთხვევაში, ის უფრო ხისტი იყო განცხადებში, ვიდრე საქართველო.