დავით უსუფაშვილმა, ეტყობა, „საშიშ კაცებს“ თავი „ოცნებიდან“ წამოსვლის შემდეგაც ვერ დააღწია

დავით უსუფაშვილმა, ეტყობა, „საშიშ კაცებს“ თავი „ოცნებიდან“ წამოსვლის შემდეგაც ვერ დააღწია

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან, პოლიტიკური დებატებისას კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს „ქვეყნის საქმე ძალიან ცუდად არის“, რადგან დემოკრატიულ სამყაროს საქართველოს ხელისუფლებისადმი ასეთი დაბალი ნდობა არასდროს ჰქონია. დავით უსუფაშვილის შეფასებით, ევროპასთან შეუთავსებელია ის, რაც ახლა საქართველოში ხდება.

მან ასევე ისაუბრა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეზე, ირაკლი კობახიძეზე და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე ირაკლი კობახიძეს „საშიშ კაცად“ აფასებდა. 

„ისიც კარგად მახსოვს გაოგნებული რომ იყავით, ეს რა საშიში კაცია მგონიო – მაგიდის გარშემო გამალებულ დებატებში ვსხედვართ და შეუძლია 3 საათი იყოს აბსოლუტურად ჩუმად და აბსოლუტურად უემოციო სახითო, საშიში კაცია ესო.

ახლა განსხვავება ისაა, რომ დღეში 3 საათი ლაპარაკობს ეს კაცი, ოღონდ იგივე კაცია და ყოველდღე იფრქვევა მარგალიტები, რომელიც ნაცთმოძულე ქართველებს გულს ფხანს და სიამოვნების ექსტაზიდან არის ეს ხალხი გამოსაყვანი და ევროპას, საითაც მივდივართ, შოკში აგდებს ყოველდღიურად, მუდმივად, კონვეიერულ რეჟიმში. გვიკვირს, რომ ვინმე იქიდან კითხვებს სვამს და აღარ გვენდობა, ვერ გაიგო რა ხდება და რა უნდა ამ პატარა ქვეყანას, რომელსაც შანსები მიეცა. დღეს გვაქვს შანსი, მაგრამ ამ შანსს სჭირდება გამოყენება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

აღნიშნულს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე: „ჯაყოებში თუ არის ჩემპიონი ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თეიმურაზ ხევისთავებში ჩემპიონი ნამდვილად დავით უსუფაშვილია“.

უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ომის თემასთან დაკავშირებით, უსუფაშვილისგან საზოგადოებამ მორიგი აღიარება მოისმინა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ძალიან მძიმეა, როდესაც დღეს საქართველოს პარლამენტსა და ქართულ პოლიტიკაში ასეთი ადამიანები არიან“.

„მორიგი აღიარება მოვისმინეთ უსუფაშვილისგან ომის თემასთან დაკავშირებით. „ომის პარტიას“ გვეძახიან და ეს კომპლიმენტადაც შეგვიძლია მივიღოთო. ეს არის აღიარებითი ჩვენება. ძალიან კარგად ვიცით, რა არის საბოლოო მიზანი, რაც ამ ხალხს ამოძრავებს და ამას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. შანსები გაგვიჩნდაო, ამის კონტექსტში ახსენა ბატონმა დავითმა. ძალიან მარტივია, თუ რა არის მათი რეალური განზრახვა და მიზანი.

ბატონ დავითზე დიდხანს არ ღირს საუბარი, თან დღეს არ არის, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც დღეს საქართველოს პარლამენტსა და ქართულ პოლიტიკაში ასეთი ადამიანები არიან. ქართულ პოლიტიკას ჰყავს გამორჩეული ჯაყოები და თეიმურაზ ხევისთავები. ჯაყოებში თუ არის ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილი, თეიმურაზ ხევისთავებში ჩემპიონი ნამდვილად არის დავით უსუფაშვილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იმის ფონზე, როდესაც საუბარია, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად პოლიტიკიდან არ წასულა და ის სცენის მიღმაა, საიდანაც ქვეყანას მართავს, ჩნდება კითხვა: დღეს „საშიში კაცი“ ხელისუფლებაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა რატომ არის და საერთოდაც, რატომ საუბრობს ამ კოალიციისა და გუნდის ყოფილი წევრი მომხდარზე ახლა?!

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი აღნიშნულს უსუფაშვილის მხრიდან ჭორაობას უწოდებს და For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში საშიში არაფერი ხდება.

„ნაწყენი, დაბოღმილი კაცის საუბარია, უფრო ჭორაობას ჰგავს, ვიდრე ფაქტობრივ საუბარს. ვიღაცას მოსწონს თუ არა, ირაკლი კობახიძე არის პარტიის თავმჯდომარე და ძალიან წარმატებით უძღვება თავის საქმიანობას. ყველას ვურჩევდი, რომ თავიანთ პარტიებს და რეიტინგებს მიხედონ, სანამ სხვისკენ გაიშვერენ ხელს, მით უმეტეს, 2%-იანი „ლელოსგან“ საუბარი ვინმეს რეიტინგზე და შესაძლებლობებზე, არასერიოზულია.

არაფერი საშიში არ ხდება ამ ქვეყანაში. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. რაც შეეხება ბატონი ივანიშვილის ჩართულობას, არავითარი ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს. ვერავინ დაასახელებს კონკრეტულ ფაქტს, რომ ის სადმე რამეში ერევა. ეს არის წმინდა წყლის ჭორაობა“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან.

ანალისიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ერთი ფრაგმენტით მთლიან სცენარზე საუბარი რთულია.

„ცოლ-ქმარშიც სულ ერთნაირი არ არის ხოლმე ურთიერთობა და ჩნდება პრობლემები. ამ შემთხვევაში ერთი ფრაგმენტია გამოტანილი და ვვარაუდობ, რომ შეიძლება ასეთი ფრაგმენტი ყოფილიყო, მაგრამ ერთი ფრაგმენტიდან მთლიან ხაზზე საუბარი ძნელია.

რაღაცაში საშიშია კობახიძე, რაღაცაში საყრდენი, მაგრამ იგივე ივანიშვილისთვის, პარტიისთვის აქტიური და მებრძოლია. ამდენად, მგონია, რომ წარსულიდან ერთი ფრაგმენტის ამოტანა დიდად სერიოზული არაა. შეიძლება საშიში ჩანდეს იმით, რომ (კობახიძე) გამონათქვამებში ხშირად თავს უფლებას აძლევს, აუწონელი სიტყვა თქვას“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

 

Aburjga Tasmanieli ირაკლი კობახიძე საქართველოს პოლიტიკაში იგივეა რაც მაიკ ჯორდანი იყო ნბა-ში, მაგნუს კარლსენი რომაა მსოფლიო ჭადრაკში! კიდევ ცოტა მეტი ეროვნული იდეოლოგია, ცოტა მეტი ტრადიციულობა და იდეალური ფიგურა იქნება!
2 წლის უკან
დემეტრე 100 % გეთანხმებით ბატონო Aburjga Tasmanieli, მისი და კიდევ ქალბატონი თეა წულუკიანის მოსმენა ერთი სიამოვნებაა!
2 წლის უკან