სალომე ზურაბიშვილის გზავნილები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - პრეზიდენტი ქვეყანაში ავტორიტარიზმის საფრთხეზე ალაპარაკდა. ვის გულისხმობს პრეზიდენტი და ვის გასაგონად გააკეთა ასეთი მწვავე განცხადება, როცა სასამართლოს დამოუკიდებლობას და ძალაუფლების დაბალანსების აუცილებლობაზე საუბრობდა? ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტი ავტორიტარიზმის საფრთხეზე ალაპარაკდა. „სირცხვილი“ - საპრეზიდენტო სიტყვაში ეს შეფასება ხვდა წილად სასამართლოს, რომელიც მთავარსარდალმა მის მთავარ იმედგაცურებად დაასახელა.
„ქართული სამართლის ისტორია ბევ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას, სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ“,-ამბობს პრეზიდენტი.
ზურაბიშვილის დიდხნიანი დუმილის შემდეგ, ალბათ, მისი ეს მოულოდნელი განცახდება მმართველი გუნდისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. გაჩნდა კითხვა ვის ესუბრება ზურაბიშვილი, დასავლეთს, ხალხს თუ ხელისუფლებას? რა არის მისი გზავნილების მთავარი მიზანი და აქვს თუ არა ამას ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის მიღებასთან კავშირი, რომელზეც პასუხს სულ რაღაც ორ თვეში ველოდებით?
პრეზიდენტმა ასევე აქცენტი უკრაინის ომთან დაკავშირებით გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, თუკი ევროკავშირი უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირი წვერი კანდიდატის სტატუს მიანიჭებს. თუმცა აქვე ამატებს, რომ ევროპულ ოჯახში მოხვედრისთვის საქართველოს და მის მოსახლეობას ბევრი აქვს ნაბრძოლი და სისხლი დაღვრილი.
„საერთო ფასეულობები მოიცავდა ყველაფერს, რაც დღეს ჩვენი ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს, ანუ 4 მთავარი ფასეულობა და პრინციპი: 1. სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს: ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე“, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს თუ ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ.
- ქართული კულტურის ქვაკუთხედად მიიჩნეოდა ის, რაც ევროპისთვისაც განმსაზღვრელ ფასეულობას წარმოადგენდა - შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება. დღესაც, ამ ტრადიციის გაგრძელება გვევალება ჩვენც და ევროპასაც.
- ევროპასა და საქართველოს ქრისტიანობა ერთნაირად გვკარნახობდა, ადამიანის სამყაროს ცენტრად აღიარებას და მაშასადამე, მისი ყველა უფლების პატივისცემას და დაცვას. და ადამიანს რომ ვამბობ, ქალს ვამბობ. ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე, ესეც დღის წესრიგში დგას.
- დაბოლოს, ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად. თამარ მეფის XII საუკუნეს უკავშირდება პირველი მონახაზი აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების დაყოფა და დაბალანსება, „კარავი“-ს და „დარბაზი“-ს სახით, რაც ქართული პარლამენტარიზმის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევა“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აბსოლუტურად სწორი აქცენტები იყო გაკეთებული. ძაბირაძე აცხადებს, რომ ცოტა რთული სათქმელია ზურაბიშვილი ხელისუფლების მიმართ ბოლო დროს ასეთი კრიტიკული რატომ გახდა, მაგრამ ფაქტია, რომ მას დამოუკიდებელ პოლიტიკოსად ჩამოყალიბება სურს. შესაძლოა, ეს მისი მხრიდან იმის მცდელობა იყოს, რომ ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში აჩვენოს, ხელისუფლებაში არის პოლიტიკოსი და დამოუკიდებელი ლიდერი, რომელიც დასავლური ღირებულებების მატარებელია.
„ზურაბიშვილი მას შემდეგ, რაც ევროპაში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და ხელისუფლებასთან პირველი ბზარი გაჩნდა, საკუთარი მოსაზრებების ღიად დაფიქსირებას აღარ ერიდება. ის ისეთ ტონალობაში საუბრობს, რომელიც, გარკვეულწილად, ჩვენი პარტნიორებისთვის მისაღებია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზურაბიშვილს სურს დასავლეთს აჩვენოს, რომ ის დასავლური ტიპის პოლიტიკური ფიგურაა, რომლზეც ზეგავლენას ხელისუფლება ვერ ახდენს, ცალკე მოთამაშეა და ქვეყანაში შესაძლოა, მასზე დაყრდნობა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ზურაბიშვილის გამოსვლა ხელისუფლების გამოსვლებს კარგად აბალანსებს. შესაძლოა, ეს იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივი, რომ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მოსაპოვებლად ვიბრძოლოთ.
შესაძლოა, ზურაბიშვილს დასავლეთთან უფრო პირდაპირი კონტაქტები აქვს და ამ რიტორიკით დასავლეთს ეუბნება, რომ ხელისუფლებაში არსებობს რაღაც ძალები, რომელიც უფრო პროდასავლური პოზიციის მქონეა, ვიდრე ხელისუფლება. ის, რომ პრეზიდენტი ძალაუფლების დაბალანსებაზე და ავტორიტარიზმის ხიფათზე ლაპარაკობს, ესეც გასაგებია, ჩვენი პარტნიორებიც ამაზე მიანიშნებენ“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ზურბიშვილი ახდენს იმის დემონსტირებას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არსებობს ადამიანი, პრეზიდენტის სახით, რომელსაც ესმის იმ პრობლემების, რომელზეც დასავლეთი გვესაუბრება. ამაზე ის ღიად საუბრობს და ხელისუფლებას მისი გამოსწორებისკენ მოუწოდებს.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ პრეზიდენტმა გარკვეული ნიშა იპოვა, როდესაც ძალიან მცირე დანაკარგებით ტივტივებს და დასავლეთის თვალში ძალიან კარგად პოზიციონირებს, ხოლო ქვეყნის შიგნით ობიექტურობის ილუზიას ქმნის.
„რეალურად, პრეზიდენტი რიტორიკის დონეზე, თავის თავს უფლებას აძლევს, რომ რაღაცა კრიტიკული თქვას. თუმცა მისი მხრიდან ხელისუფლებასთან კონფრონტაციული ან ოპონირებული ქმედება არავის უნახავს. შესაბამისად, თუ სიტყვას საქმე არ მოჰყვა, რეალურად, პოლიტიკურად ეს არაფერს ნიშნავს. მრჩება შთაბეჭიდილება, რომ ის დასავლეთისთვის საუბრობს. ლაპარაკობს იმას, რაც ევროპას ესიამოვნება და ხელისფლებას იმ ველზე აკრიტიკებს, რა ველზეც დასავლეთში კითხვები ისმის.
ეს არის ძალიან ბანალური, მარტივი სქემა, რომელსაც ქალბატონი პრეზიდენტი მიჰყვება. არ მგონია, ეს თავისი ჭკუით მოეფიქრებინა, მას, როგორც ჩანს, ვიღაც მრჩეველი გაუჩნდა, რომელმაც ეს ყველაფერი დაულაგა. პირველ ეტაპზე იმდენი სისულელე აკეთა, მგონია, მარტო სახლში რომ დარჩა, ცოტა აიშვა. ახლა იქ ვიღაც დაუჯდა და მისთვის სწორი ტონი დააჭერინა, სასაურველი ნიშა დააკავებინა. პოლიტიკურად ეს არაფერს არ იძლევა“, - ამბობს ხუხაშვილი.
პ.ს. ხუხაშვილს რომ ჭკუას ეკითხებით, ეს კი გამიკვირდა და მსუბუქი (მჟავე) ღიმილი მომგვარა :)