ლარი ბოლო რამდენიმე კვირაა გამყარებას განაგრძობს, მაგრამ ფასებზე და მოსახლეობის ჯიბეზე ჯერ არ ასახულა და მოქალაქეებს პროდუქტების შეძენა კვლავ გაძვირებული ფასებით უწევთ.
როგორც for.ge-თან საუბრისას მოქალაქეები აღნიშნავენ, ლარის გამყარება მოსწონთ, მაგრამ პროდუქტებზე ფასი ისეთი მაღალია, რომ თვიდან თვემდე თავის გატანა უჭირთ.
„მიხარია, რომ ლარი გამყარდა, რადგან ბანკში სესხი ლარის ეკვივალენტში შემაქვს და ახლა, დაახლოებით, ასი ლარით ნაკლები მექნება გადასახადი. ლარი კი მყარდება, მაგრამ ფაქტია, რომ სასურსათო პროდუქტებზე ფასები არ იკლებს და პირდაპირ ჯიბეზე ურტყამს. ადრე თუ ერთი სადილის მომზადებისთვის 30 ლარი მჭირდებოდა, ახლა მინიმუმ 50 ლარი მჭირდება. პლუს, ბავშვებს ხილიც ხომ უნდა ვუყიდო. ვაშლს, ლამის, ოქროს ფასი დაედო. 500 ლარი რომ აქვს ადამიანს ხელფასი, რამდენ რამეზე უნდა გადაანაწილო? არ ვიცი, რა გვეშველება და როდემდე ვიქნებით ასე“, - გვითხრა ნანა ღონღაძემ.
„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ლარი მყარდება თუ არა, რადგან პროდუქტები ისეთი გაძვირებულია, რომ მათი ყიდვა მიჭირს. აქამდე თუ ერთ კილო კიტრს ვყიდულობდი ხოლმე, ახლა ისეთი გაძვირებულია, რომ 2-3 ცალს ვყიდულობ. რამდენი ხანია მარწყვია შემოსული, მაგრამ ჯერ ბავშვებისთვის ვერ მიყიდია. მარტო საკვები ხომ არ არის, იქ გადასახადები, წამლები და არ ვიცი თვიდან თვემდე თავი როგორ გამაქვს, მიკვირს კიდეც ხოლმე“, - განუცხადა for.ge-ს თეონა შალიკაშვილმა.
ეკონომისტები მოსახლეობას ამშვიდებენ და აცხადებენ, რომ ფასები მალე დაიკლებს. როგორც for.ge-თან ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა აღნიშნა, ლარის გამყარების შემდეგ დროა საჭირო, რომ პროდუქტზე ფასებმა იკლოს.
„ლარის კურსის გამყარება პირდაპირპროპორციულია სასურსათო პროდუქტების ფასების, მაგრამ ასე მალე არ მცირდება ხოლმე, ამას გარკვეული გადაცემის პერიოდი აქვს. ლარის გამყარება ნამდვილად მოახდენს ზეგავლენას რიგ პროდუქტებზე, მათ შორის დაწყებული ნავთობპროდუქტებიდან, დამთავრებული სასურსათო პროდუქტებით. აქედან გამომდინარე, კურსის დასტაბილურება ეტაპობრივად გადაჭრის რიგით პრობლემებს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და ჩვენი სამომხმარებლო კალათის 70% იმპორტდამოკიდებულია. ასეთ რეალობაში ნომინალური კურსის სიჯანსაღეს ფასების საერთო დონეზე მჭიდრო კავშირი აქვს ხოლმე“, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.
დაახლოებით რამდენ ხანში მოხდება პროდუქტებზე ფასების კლება, ეკონომისტი ასე განმარტავს: „კურსი ბოლო ორი თვეა მყარდება. ორი თვე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ამან ფასებზე გავლენა მოახდინოს. ლარი გამყარება უცბად ხომ არ მომხდარა, ეტაპობრივად მიმდინარეობდა. პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომ მას უფრო მეტი გადაცემის დრო სჭირდება, რათა ფასებზე გადაცემა მოახდინოს. აქედან გამომდინარე, საშუალოვადიან პერსპექტივაში, კურსის სტაბილურობის შენარჩუნების შემთხვევაში, ფასების კლება მოხდება“.
მისივე თქმით, ფასები დაიკლებს, როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივ წარმოებულ პროდუქტებზე. უბრალოდ, იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასების დაკლება უფრო თვალსაჩინოა.
„ნებისმიერ პროდუქტზე ეროვნული ვალუტის დასტაბილურება, ფასების მიმართულებით პოზიტიურად უნდა მოქმედებდეს. იმპორტირებულ პროდუქციაზე ამას თვალსაჩინო შედეგი აქვს, რადგან ძირითად შემთხვევაში, იმპორტი დოლარში ხორციელდება. ამის გარდა ეროვნული ვალუტის დასტაბილურება, ადგილობრივ პორდუქციაზეც დადებითად აისახება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადგილობრივი პროდუქციაზეც იმპორტირებულ ნედლეულს იყენებენ, მინიმუმ ლოჯისტიკურ მიმართულებით მაინც. აქედან გამომდინარე, გაჯანსაღებული კურსი, როგორც იმპორტზე, ისე ადგილობრივ წარმოებაზე დადებითად მოქმედებს. უბრალოდ, იმპორტირებულთან მიმართებაში ეს უფრო თვალსაჩინოა“.
თუკი ლარის გაუფასურების შემთხვევაში პროდუქტებს ფასები უმალვე ემატება, გამყარების შემთხვევაში დაკლებას დრო რატომ სჭირდება, პაატა ბაირახტარი ასე გვპასუხობს: „ამ საკითხზე ეკონომისტები და იმპორტიორები ძალიან ხშირად დავობენ. ბიზნესის კუთხით თუ შევხედავთ, ბიზნესი ამაზეა ორიენტირებული. რაც უფრო მაღალი მოგება დარჩება ბიზნესს, ესაა მისთვის მთავარი, მაგრამ კონკურენტული გარემო ამას არეგულირებს, ანუ ამის საშუალებას კომპანიებს კონკურენტული გარემო არ აძლევთ. საბედნიეროდ, ეს კონკურენტული გარემო არსებობს.
ეკონომისტი ანდრეა გვიდიანიც მოელის, რომ ფასების კლება მოხდება. მისივე თქმით ლარის გამყარება დამოკიდებული არ არის იმაზე, რომ საქართველოს სატრანზიტო დერეფანი დაიტვირთა.
„ზოგადად, კურსის ფაქტორი სამომხმარებლო ფასებზე რომ აისახოს, ამას დრო სჭირდება, მყისიერად არ ხდება. იმპორტიორებს შესაბამისი მარაგი გარკვეული კურსით აქვთ შეძენილი. როდესაც იმპორტიორები საქონლის შეძენას ახალი ფასით შეძლებენ, ფასების კლებაც მაშინ დაიწყება. დღეს და გუშინ თუ კურსი გამყარდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფასები დღესვე დაიკლებს, ამას დაახლოებით ორი თვის ვადა სჭირდება, რომ ახალი ფასები დადგინდეს.
რაც შეეხება ლარის კურსის გამყარებას, კურსი ბევრი ფაქტორისგან შედგება. ძირითადი ფაქტორია უცხოური ვალუტის შემოდინება. სატრანზიტო ფუნქციის გაზრდა, ზოგადად, ქვეყანას უფრო მიმზიდველს ხდის. ამას გრძელვადიანი ჭრილი აქვს და გრძელვადიანი კუთხით უნდა შევხედოთ. რა თქმა უნდა, სატრანზიტო ფუნქციის გაზრდა თავიდან ბოლომდე ემსახურება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. განვითარებული ეკონომიკა კი ინვესტორებისთვის არის მიმზიდველი“, - განუცხადა for.ge-ს ანდრეა გვიდიანმა.