თურქეთმა სირიაში მეხუთე სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად მზადება დაასრულა. საბოლოო გადაწყვეტილება სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ 26 მაისს დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული. სახმედრო ოპერაციის შესაძლო სამიზნეები არიან ტალ რიფატი, აინ-ელ არაბი (კობანი), აინ ისა და მანბიჯი, რომლებსაც ქურთული სამხედრო ჯგუფები აკონტროლებენ.
აღსანიშნავია, რომ სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, თურქეთმა ქვეყნის ჩრდილოეთში რამდენიმე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია განახორციელა, რის შემდეგაც ორი, ერთმანეთისგან გამოყოფილი ბუფერული ზონა შექმნა. გარდა ორი ბუფერული ზონისა, სირიაში, თურქული ჰათაის ოლქის მეზობლად, შექმნილია სირიელი მეამბოხეებისა და რადიკალურ-ტერორისტული ორგანიზაციების ანკლავი ქალაქ იდლიბის მიმდებარედ, სადაც ასევე არიან თურქეთის მოკავშირე სირიული გასამხედროებული ორგანიზაციები, რომლებიც წარსულში მონაწილეობდნენ თურქეთის მიერ წამოწყებულ სამხედრო ოპერაციებში.
თურქული მედია წერს, რომ სირიაში ოპერაცია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყება. გამოცემა „იენი საფაკი“ წერს, რომ ოთხივე რეგიონის გაწმენდით, მთელი რეგიონი რასულაინიდან აფრინამდე გათავისუფლდება ტერორიზმისგან. ამ ოპერაციაში ქალაქ ტალ რიფატს აქვს ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტია“ ბაზად იყენებს. გამოცემის ინფორმაციით, სწორედ აქედან იგეგმება თავდასხმები ქალაქებში, აფრინში, აზაზსა და ჯარაბლუსის რაიონებში, რომლებიც თურქეთმა გაასუფთავა ტერორიზმისგან.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა გეგმავს სირიის საზღვართან ახალი ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნას, რომლის სიგანე 30 კილომეტრი იქნება. ერდოღანის თქმით, ეს აუცილებელია ამ რეგიონებიდან მომავალი ტერორისტული საფრთხის ჩასახშობად.
„ჩვენ უახლოეს ხანში ახალ ნაბიჯებს გადავდამთ იმ სამუშაოში, რომელიც დავიწყეთ და, რომელიც გულისხმობს თურქეთის სამხრეთ საზღვრებთან 30-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონის შექმნას, - იმ ტერიტორიებზე, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენ ქვეყანაზე მუდმივი თავდასხმების ცენტრს და ამიტომაც უსაფრთხოების ზონების შექმნა ჩვენი ოპერაციული პრიორიტეტია ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და დაზვერვისთვის. ეს ოპერაციები დაიწყება მაშინ, როდესაც უსაფრთხოების ძალების მომზადებას დაასრულებენ“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ერდოღანის გადაწყვეტილებით, სირიის სამხრეთ საზღვართან ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ შეშფოთებულია აშშ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი ახალი ოპერაცია სირიაში რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის და რისკის ქვეშ დააყენებს ამერიკის ჯარებს.
„შეშფოთებული ვართ ჩრდილოეთ სირიაში პოტენციურად გაზრდილი სამხედრო აქტივობებით. ვაღიარებთ სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თურქეთის ლეგიტიმურ წუხილს, მაგრამ ნებისმიერი ახალი შეტევა კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს რეგიონის სტაბილურობს და საფრთხეს შეუქმნის ამერიკის სამხედრო ძალებს და „აისისის“ წინააღმდეგ არსებულ კამპანიას“, - განაცხადა ნედ პრაისმა.
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ამჯერად თურქეთის მხრიდან სირიაში მეხუთე სამხედრო ოპერაციის დაწყება ერთგვარი შანტაჟის სახეს იძენს. მსოფლიო იძულებული ხდება გადაერთოს მეორე, ასევე მნიშვნელოვან კონფლიქტთან მიმართებაში.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ თურქეთის ყველა მოქმედება, რა თქმა უნდა, გათვლილია თურქეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ და სარგებლის მისაღებად.
„იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო გარდართულია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისკენ, გარკვეულწილად, თურქეთის ქმედება ამ აწყობილი/კონტროლირებადი პროცესის ნეიტრალიზაციას შეუწყობს ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო უნდა გადაერთოს მეორე, მნიშვნელოვანი კონფლიქტისკენ. პროცესის ამ კუთხით განვითარება, გარკვეუწილად, შეაფერხებს, ალბათ, იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ნავარაუდევი იყო უკრაინის დაცვისა და რუსეთის ფედერაციის დასუსტებისათვის“, - აცხადებს კუხალაშვილი.
მისივე თქმით, პრაქტიკულად, თურქეთის ქმედებებით რუსეთის ფედერაცია, გარკვეულწილად, შვებას იგრძნობს.
„ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში მსოფლიოს თანამეგობრობის ფინანსური, სამხედრო, სადაზვერვო, პროპაგანდისტული რესურსის გადანაწილება გახდება საჭირო მეორე მიმართულებაზე, რაც პირველს აუცილებლად დაასუსტებს და რუსეთის ფედერაციისათვის უპირატესობის მიღების საფუძველი გახდება უკრაინასთან საომარ მოქმედებებში. გამოდის, რომ თურქეთის ქმედების შედეგად, არა მარტო ამ სახელმწიფოს, არამედ რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ინტერესების განხორციელებაც იგეგმება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ეს იქნება ლოკალური ტიპის სამხედრო ოპერაცია, რომელსაც თურქეთი პრეფერენციული და პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე ატარებს. მისი თქმით, თურქეთი ასეთ ოპერაციებს ახორციელებს წლების განმავლობაში. თუმცა, სირიაში არსებული ვითარება ხელს შეუწყობს საომარი მოქმედებების ესკალაციას.
„თურქეთი არავის თამაშსს არ თამაშობს, არც რუსეთის, არც დასავლეთის და არც ამერიკის, საკუთარ თამაშს თამაშობს. იცით, რომ ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთმა ულტიმატუმი წაუყენა ნატოს და აშშ-ს. როგორც ჩანს, თურქეთის ეს ულტიმატუმი არ იქნება აღსრულებული, ამიტომ, ბუნებრივია, თურქეთი საკუთარ კარტს ათამაშებს.
აქ საკითხი დადგა შავი ზღვის აუზის დებლოკაციასთან დაკავშირებით, რომ თურქეთმა უფლება მისცეს ბრიტანეთის და აშშ-ის სამხედრო საზღვაო გემებს, შევიდნენ შავი ზღვის აუზში და იგივე სავაჭრო გემებმა გამოიტანონ უკრაინის ხორბალი. როგორც ჩანს, თურქეთისა და დასავლეთის წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ, შესაბამისად, როგორც ჩანს, თურქეთი იწყებს საკუთარ თამაშს“, - ამბობს მაისაია.
როგორც სამხედრო ანალიტიკოსი აცხადებს, თურქეთის გადაწყვეტილება მიმართულია ახლო აღმოსავლეთში ამერიკელების პოზიციების შესუსტებისკენ და ამ გზით აშანტაჟებს აშშ-ს.
„კიდევ ერთი ნიუანსია - თურქეთმა უარი განაცხადა რუსეთთან ეკონომიკური სანქციების გამოცხადებაზე და პირიქით, კიდევ უფრო გააფართოვა რუსეთთან ეკონომიკური სავაჭრო საფინანსო ურთიერთობები. თურქეთმა მიიღო რუსული ახალი საგადასახადო სისტემა „МИР“-ის თურქეთში ადაპტაციის პირობა, რომ ეს სისტემა მიღებული და განვითარებული იქნას თურქეთშიც. აქედან გამომდინარე, როგორც ედოღანი თვლის, თურქეთი არ შეეგუება იგივე დასავლეთის მხრიდან წარმოებულ დიქტატს. თურქეთი, როგორც რეგიონული ლიდერი, უდავოა, რომ ის ჰეგემონია აღმოსავლეთში, კავკასიის რეგიონში და შავი ზღვის აუზის აკვატორიაში, რა თქმა უნდა, იყენებს თავის შესაძლებლობას და როგორც იტყვიან, დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს სამივე მიმართულებით და ესეც ფაქტია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთს შვედეთისა და ფინეთისგან წერილობითი გარანტიების მიღება სურს „ტერორისტების მხარდაჭერის შეწყვეტასთან“ დაკავშირებით. ეს ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა ანკარა აღარ იყოს ამ ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი. თურქეთის 8-პუნქტიანი ულტიმატუმის გათვალისწინების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ოფიციალური თურქეთი უარს იტყვის სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ.
მთავარი რასაც თურქეთი ითხოვს, ფინეთმა და შვედეთმა აღიაროს ქურთისტანის მუშათა პარტია, როგორც საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია და შეწყვიტოს მისი დახმარება. ასევე, ამ ქვეყნებმაც მოხსნან ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგო, რომელიც დაწესებული იყო თურქეთზე.
თურქეთის ულტიმატუმის საპასუხოდ, შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ტერორისტებს არ ეხმარება - არ აფინანსებს და არ აწვდის შეიარაღებას ტერორისტულ ორგანიზაციებს.