ცალკეული რუსი ანალიტიკოსი, ვისაც ოდესღაც ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობა ჰქონია, ამტკიცებენ, რომ პუტინის პირველი ორი პრეზიდენტობა საუკეთესო იყო, იმ დროს მას არა მხოლოდ რუსეთში, თვით უკრაინაშიც აღმერთებდნენ, მაგრამ დღეს ძველი პუტინისგან აჩრდილიღა შემორჩა, ახლანდელ პუტინს საუბრის მანერაც განსხვავებული აქვს.
რამ შეცვალა ყოველთვის პრაგმატული, ლიბერალურ-კონსერვატიული პუტინი და რამ აქცია აგრესიულ ლიდერად? რატომ ცდილობს, უკრაინისგან ქვა ქვაზე აღარ დატოვოს? რატომ უმტყუნა მას ჩეკისტურმა ინტუიციამ და ვერ განჭვრიტა, რომ ზელენსკი უბრალო მსახიობად კი არა, მასთან მებრძოლ გმირად გადაიქცეოდა, ხოლო მისი ვითომცდა მოკავშირეები პუტინს განერიდებოდნენ და უკრაინასთან ბრძოლაში ბელარუსელი „ბატკაც“ არ გამოადგებოდა?!
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე არ გამორიცხავს, პუტინის პრეზიდენტობის პირველი წლები იმიტომაც მოსწონდეთ ცალკეულ რუსებს, რომ პუტინმა ჩეჩნეთში, რუსების გაგებით, წესრიგი დაამყარა. გარდა ამისა, პუტინის დროს სასწაულებრივად გაიზარდა ფასები რუსულ ენერგორსურსებზე და ეს მაშინ, როცა „საწყალი ელცინის“ დროს კაპიკები ღირდა გაზი და ნავთობი.
პოლიტოლოგის განმარტებით, 2000 წლის შემდეგ 10-ჯერ და 20-ჯერ გაძვირდა ენერგორესურსები. ამით პუტინმა ბევრი ფული იშოვა და ამ ფულით ორი ძირითადი ქალაქი, ცენტრები-მოსკოვი და პეტერბურგი გააუმჯობესა. თორემ შორეული აღმოსავლეთი, როგორც ადრე იყო, ანუ ვლადიმერ პუტინის სამივე პრეზიდენტობის დროს, იგივე დარჩა.
„იქაურ ხალხს მეტი მოთხოვნილება არც აქვს, იქ დაბეჩავებული მასა ცხოვრობს. მე მინახავს იქაურობა, საშინელებაა, კარტოფილს ჭამენ და სვამენ კიდეც, კარტოფილისგან „სამაგონს“ აკეთებენ და სვამენ. პუტინის დროს ფული რომ გაჩნდა რუსეთში, უცებ წარმოიშვა საშუალო კლასი, ოლიგარქებიც გაჩნდნენ, რუსეთში უცებ შევიდა ტექნიკა, მერე დასავლეთშიც თქვეს, რა კარგი ყოფილა ეს რუსეთი, უკვე თურმე დემოკრატიააო, გაზი აქვთ, ნავთობი აქვთ, ვაჭრობენ, პუტინი დიდი შვიდეულის წევრიც გახდა, ევროპაშიც დადიოდა, ბუშთან ერთად თევზაობდა, ამერიკაშიც ჩადიოდა, გადატვირთვა, გადმოტვირთვაც იყო, მაგრამ ბოლოს პუტინმა ნამდვილი სახე მაინც გამოაჩინა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ ფიქრობს, რომ პუტინის პირველი ორი ვადა დადებითი იყო, რადგან მისი მმართველობის დროს რუსეთში დასუსტდა დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩეჩნეთის მეორე ომის შედეგად მოხდა ჩეჩენი ერის გენოციდი, საერთო ჯამში, ჩეჩნეთში წარმოებული ორი ომის შედეგად ჩეჩნეთში დაიღუპა 160 ათასიდან 200 ათასამდე ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები. ეს სწორედ პუტინის პოლიტიკის შედეგი იყო. მართალია, მის დროს დაიწყო ეკონომიკური ზრდა რუსეთში, მაგრამ ეს იმის გამო არ მომხდარა, რომ პუტინი ძლიერი მენეჯერია, უბრალოდ, ობიექტურმა ფაქტორმა შეუწყო ამას ხელი, ნავთობზე ფასები გაიზარდა. 2000 წელს ერთი ბარელი ნავთობის ფასი იყო 30 დოლარი, 2008 წელს გაიზარდა 147 დოლარამდე. ამან გამოიწვია ის, რომ რუსეთის სავალუტო რეზერვებმა 600 მილიარდს გადააჭარბა. ამის შემდეგ რუსეთი უკვე დაუპირისპირდა დასავლეთს, ანუ როგორც კი პუტინი მოძლიერდა, მაშინვე დაუპირისპირდა დასავლეთს.
„შეიძლება, რუსი მოქალაქის თვალში პუტინი თავიდან მართლაც იყო წარმატებული პრეზიდენტი, რადგან მან აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა, ჩეჩნეთზე კონტროლი დაამყარა და ნავთობის გაზრდილი ფასის ხარჯზე რუსეთის ეკონომიკა ააღორძინა, ასევე, ბუნებრივ აირთან დაკავშირებით სარფიან ენერგეტიკულ კონტრაქტებს მოეწერა ხელი პუტინის დროს დასავლეთის წამყვან კომპანიებთან, რამაც ხელი შეუწყო პუტინის ძალაუფლების გამყარებას, მაგრამ, მეორე მხრივ, 2007 წელს პუტინი აშკარად დაუპირისპირდა დასავლეთს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. რაც შეეხება დემოკრატიას, პუტინის ბევრი ოპონენტი ციხეში აღმოჩნდა, პუტინმა შეზღუდა ავტონომიების უფლებები რუსეთში, კერძოდ, არ შეიძლება ავტონომიის ხელმძღვანელის დანიშვნა რუსეთის პრეზიდენტის თანხმობის გარეშე. როდესაც პუტინი იყო პრემიერი, 2008 წელს, ის დე ფაქტო ხელმძღვანელობდა აგრესიულ ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ for.ge-სთან საუბრისას.
ეგრეა ეგრე .....
დაჟე ორაგულს აღარც ჭამდნენ.................5-7კგ--იან ორაგულებს გაფატრავდნენ, იკრას აცლიდნენ და დანარჩენს ისევ ამურში ყრიდნენ
ჩვენ კიდევ იქაურ ბრაკონიერებს მოველაპარაკებობით ხოლმე და ჭაჭის სანაცვლოდ იმ ორაგულებს, ამურში გადაყრის ნაცვლად ჩვენ ვართმევდით ..... 30--40 კგ 1--ლ ............... მოკლედ ესეთი ბარტერი იყო ხოლმე....