სწავლის დამთავრებისთანავე სკოლებში უფასო წიგნებს შეიტანენ

სწავლის დამთავრებისთანავე სკოლებში უფასო წიგნებს შეიტანენ

რამდენმე დღეში სკოლები და მოსწავლეები მარგველაშვილის უფასო ნობათს მიიღებენ საუბარია 1,5 მლნ სასკოლო სახელმძღვანელოზე, რომელიც უკვე დაბეჭდილია და სკოლებს 15 ივნისიდან გადაუნაწილდებათ.

გუშინ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ის სასაწყობე მეურნეობა დაათვალიერა, სადაც დაბეჭდილი სასკოლო წიგნები ინახება.

როგორც შპს “დმგ ვესტლაინის” დათვალიერების შემდეგ მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, სასწავლო სახელმძღვანელოების სკოლებისთვის გადანაწილება დაახლოებით 10 დღეში დაიწყება.

შპს “დმგ ვესტლაინის” ხელმძღვანელის მამუკა ფრიდონაშვილის თქმით, სხვადასხვა სტამბიდან შემოსული სასწავლო სახელმძღვანელოების დასაწყობება ხდება აღნიშნულ ტერიტორიაზე, შემდეგ კი მოხდება გადახარისხება და რეგიონების მიხედვით რესურსცენტრებში გადანაწილება. რესურსცენტრები, საჭირო რაოდეობის სასწავლო სახელმძღვანელოებს სკოლებს მიაწვდიან.

სახელმძღვანელოების დაბეჭდვას “გაერთიანებული ქართული სტამბა ფავორიტი და მვპ” უზრუნველყოფს. როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, ამ დროისთვის უკვე დაბეჭდილია 1,5 მლნ სახელმძღვანელო.

“გაერთიანებული ქართული სტამბა ფავორიტი და მვპ” ოთხქართული პოლიგრაფიული საწარმოს (შპს “ფავოროტი პრინტი”, შპს”ფორმა”, შპს “სეზანი” და შპს “მვპ” - 24 საათის სტამბა) და მასთან არსებული მცირე პოლიგრაფიული წარმოებების გაერთიანებით შეიქმნა და 9 ქართული სტამბა მუშაობს სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე.

ტენდერი სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე განათლების სამინისტროს არ გამოუცხადებია. როგორც მინისტრმა აპრილის თვეში განაცხადა, მოლაპარაკებების საფუძველზე შეირჩა 4-5 სტამბა. მათი შერჩევის კრიტერიუმი კი, როგორც მარგველაშვილი ამბობს, წიგნის ბეჭდვის ფასი იყო.

განათლების სამინისტროს ინიციატივა სასკოლო სახელმძღვანელოების დაბეჭდვასთან დაკავშირებით გამომცემლობების მუშაობაზე უარყოფითად აისახა. წიგნის გამომცემლების თქმით, განათლების მინისტრის ბრძანებამ მათ მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას ხელი შეუშალა.

გამომცემლობა “ინტელექტის” დირექტორი ახმედ კუდავა აცხადებს, რომ ჯერჯერობით სამართლიანობის აღსადგენად იბრძვიან და ბიზნესის განვითარების გეგმებზე საუბარს ნაადრევადაც კი მიიჩნევენ.

„მაქსიმუმი 2 წელიწადი ვიარსებოთ ინერციით. ჩვენ შიდაბრუნვაში სასკოლო სახელმძღვანელოებს 68% ეკავა. ნაშთის სახით 625 ათასი ეგზემპლარი გვაქვს შემორჩენილი. გაკოტრდებიან წიგნის მაღაზიებიც, რადგან სახელმძღვანელოებს პირდაპირ სკოლებში დაურიგებენ. ამ ეტაპზე შევეცდებით ჩვენი კუთვნილი თანხა მივიღოთ. მინისტრის დაპირებული თანხა 1 ავტორისთვის წიგნზე 1 თეთრის გადახდის შესაძლებლობას არ გვაძლევს, რაც წარმოუდგენელია.

მინისტრისგან ვითხოვთ, გონიერების ფარგლებში გადაუხადოს თანხა გამომცემლობებსა და ავტორებს. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ ქონების დაბრუნებაზე, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი”, - აცხადებს კუდავა.